„პატივს ვცემ ადამიანებს და ვცდილობ, მაქსიმალური გავაკეთო მათი დახმარებისთვის“…

წიგნების კითხვა ბავშვობიდან უყვარდა და დიდ სიამოვნებას ანიჭებდა. ბავშვობიდანვე დაჩაგრულის ქომაგიც იყო. უსამართლობას ვერ ეგუებოდა. ამ პრინციპით მთელი ცხოვრება იცხოვრა… მოგვიანებით პედაგოგიური უნივერსიტეტი პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის განხრით დაამთავრა. პარალელურად საბავშვო ბაღში აღმზრდელად მუშაობდა.
დღესაც ამაყობს თავისი აღსაზრდელებით, იმ საქმიანობით, რასაც პედაგოგიური მუშაობის პერიოდში ეწეოდა. პედაგოგიურ საქმიანობას მოჰყვა არასამთავრობო სექტორში მუშაობის 10 წელი და საკმაოდ წარმატებული და მნიშვნელოვანი პროექტებიც განახორციელა.
დღეს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარეა.
ამბობს, რომ მთავარი პრინციპი მისი საქმიანობისა არის – სწორი სტრატეგია და შედეგზე გათვლილი კონკრეტული ნაბიჯები.
ამ პრინციპით ბევრს აკეთებს დედაქალაქისა და მისი მაცხოვრებლებისთვის. მათ ყველა კარგ საქმეში გვერდით უდგას.
უანგაროდ ეხმარება მწერლებს, ხელოვან ადამიანებს… თავადაც ბავშვობიდან წერს ლექსებს, ჩანახატებს. ახლახან მის ლექსზე – „თბილისს“ მშვენიერი სიმღერა შეიქმნა. თბილისი მისი მარადიული სიყვარულია. – გულიკო ზუმბაძის პერსონა.

– რა დაგამახსოვრდათ ბავშვობიდან? 
– ჩავფიქრდი… ბავშვობაზე ფიქრის დრო ჯერ არ მქონია, როგორი ბავშვობა მქონდა? როგორც ყველა ბავშვს, მიყვარდა თამაში და წიგნების კითხვა, რომელიც ძალიან ადრე დავიწყე. პირველ კლასში რომ შევედი, ორი წლის პროგრამა ვიცოდი და ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების ერთ-ერთი ტომი – ზღაპრები, მთლიანად წაკითხული მქონდა, მერე აღარც მახსოვს, რამდენს და რას ვკითხულობდი. მიყვარდა ზაფხულის არდადეგები, სადაც მივდიოდი, ბიბლიოთეკას ვაკითხავდი, ვკითხულობდი და ვკითხულობდი, რაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა. ამასთან, როგორც გითხარით, მიყვარდა თამაში, როცა წამოვიზარდე, სპორტის რამდენიმე სახეობაში „ვცადე ბედი“.
მშობლები ყველანაირად გვიწყობდნენ ხელს (მე და ჩემს დას), ლაღად რომ გვეგრძნო თავი. თუმცა, ადამიანების ბედი ბავშვობიდან მაღელვებდა, დაჩაგრულის ქომაგი ვიყავი და უსამართლობას თუ ვიგრძნობდი, ძალიან განვიცდიდი. არ მიყვარდნენ თანამდებობის პირები, ისინი ძალიან განსხვავდებოდნენ ჩვეულებრივი ადამიანებისგან და მეჩვენებოდა, ზევიდან უყურებდნენ უბრალო ადამიანებს. ეს ჩემში პროტესტის გრძნობას ბადებდა.
– რით იყო გამორჩეული სკოლის პერიოდი?
– მეგობრებით, თანაკლასელებით, რომლებიც ახლაც ძალიან მიყვარს და მენატრებიან… სკოლაში კულტურული და ლიტერატურული ღონისძიებები მიყვარდა, ვცდილობდი, სცენაზე ხშირად გამოვსულიყავი, ჩემი ასეთი „მცდელობები“, განსაკუთრებით დაბალ კლასებში, ახლაც ღიმილს მგვრის.
– თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტი (ახლანდელი ილიას უნივერსიტეტი) პედაგოგიკა და ფსიქოლოგიის განხრით დაამთავრეთ…
– გათხოვილი ვიყავი და ერთი შვილიც მყავდა, როცა უმაღლეს სასწავლებელში ჩავაბარე. იმ დროისათვის უკვე სწორედ პედაგოგიკა და ფსიქოლოგია მაინტერესებდა. ამავე დროს, ვმუშაობდი აღმზრდელად საბავშვო ბაღში. წინააღმდეგობებით სავსე რეალობა იყო, კრემლის მიერ მომზადებული „რეცეპტებით“ მიმდინარეობდა სწავლა-აღზრდის პროცესები, რომელიც მთლიანად აცდენილი იყო, ჩემს ხედვასთან და მიღებულ განათლებასთან. აქვე მინდა გავიხსენო და მადლობა გადავუხადო ჩემს ლექტორებს, ფსიქოლოგებს – მარინა და მანანა ჯაფარიძეებს იმ ცოდნისთვის, რასაც ისინი სტუდენტებს უზიარებდნენ და უშუალოდ ჩემ მიმართ გამოჩენილი ყურადღებისათვის.
– სხვადასხვა დროს, აღმზრდელად და ფსიქოლოგადაც მუშაობდით…
– როგორც აღვნიშნე, წინააღმდეგობებით სავსე დრო იყო, განსაკუთრებით 80-ანი წლების ბოლო, ეროვნული მოძრაობის დაწყების პერიოდი, 9 აპრილი და შემდგომი წლები… მავანთ ჩემი გამოკვეთილი პროქართულობა (აღვნიშნავ, რომ ვმუშაობდი მაშინდელი 31-ე საავიაციო გაერთიანების ერთ-ერთ საბავშვო ბაღში, რომელიც პირდაპირ კრემლს ექვემდებარებოდა) უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ და გარკვეული ზეწოლებიც ხორციელდებოდა, თუმცა მაშინ ვერც ვაცნობიერებდი, რატომ ხდებოდა ჩემთან მიმართებაში სხვადასხვა სახის შენიღბული ხელის შემშლელი მოქმედებები.
იმის მიუხედავად, რომ მძიმე პერიოდიც მქონდა, ვამაყობ ჩემი აღსაზრდელებით, იმ საქმიანობით, რასაც მე პედაგოგიური მუშაობის პერიოდში ვეწეოდი.
– სხვადასხვა დროს იყავით არასამთავრობო ორგანიზაციის „სამგორი“ თავმჯდომარე, გაზეთ „ისანი-სამგორის“ რედაქტორი, ასევე ფონდის „სამგორი-საქართველო“ აღმასრულებელი დირექტორი. რას ნიშნავდა თქვენთვის ეს პერიოდი?
– არასამთავრობო სექტორში საქმიანობის ლამის ათწლიანი სტაჟი მაქვს. ეს იყო ძალიან საინტერესო პერიოდი _ 1996-2006 წლები. ეს სწორედ ის დროა, როცა ამ სექტორმა ფეხი აიდგა და დიდი წვლილი შეიტანა სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესში. არასამთავრობო სექტორი დღესაც ძირითადად ამ ფუნქციის მატარებელია და ეს მხოლოდ მისასალმებელია.
არასამთავრობო ორგანიზაციაში ჩემი ძირითადი საქმიანობა სწორედ თვითმმართველობის თემები გახლდათ. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ორგანიზაცია საკმაოდ წარმატებული იყო და მნიშვნელოვანი პროექტებიც განახორციელა. რაც შეეხება ფონდს, ფონდმა მცირე ხნით იარსება, თუმცა საშუალება მომეცა, მრავალი ადამიანისათვის, ახალგაზრდა თაობებისათვის თანადგომა გამეწია, მათი ნიჭის წარმოსაჩენად. ასევე, დავხმარებოდი ხანდაზმულ ადამიანებს, მაღალმთიან მოსახლეობას. ეს ის პერიოდი იყო, როცა თავად სახელმწიფო ინსტიტუტები ჯერ კიდევ სათანადოდ ვერ მუშაობდნენ.
– დღეს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ხართ, რას იტყვით საკრებულოში თქვენი საქმიანობის შესახებ?
– როგორც გითხარით, ჯერ კიდევ არასამთავრობო სექტორში ვმუშაობდი თვითმმართველობის საკითხებზე, განვახორციელე ისეთი პროექტები, როგორიცაა „აქტიური მოქალაქეები და ანგარიშვალდებული საკრებულო“, სათაურშივე ჩანს მთავარი არსი ამ პროექტისა, რასაც, სხვათა შორის, მე, როგორც საკრებულოს წევრი დღეს რეალურად ვახორციელებ.
უშუალოდ საქმიანობაზე რომ ვისაუბრო, ამ სამი წლის განმავლობაში მრავალგვერდიანი ანგარიშების წარმოდგენა მომიწევს… მოკლედ შემიძლია ის გითხრათ, რომ მთავარი პრინციპი ჩემი საქმიანობისა არის სწორი სტრატეგია და შედეგზე გათვლილი კონკრეტული ნაბიჯები. პატივს ვცემ ადამიანებს და ვცდილობ, მაქსიმალური გავაკეთო მათი დახმარებისთვის, როცა ისინი ამას საჭიროებენ.
– თბილისში უსახლკაროთა რიცხვი დღითიდღე მატულობს… ამ თემას არაერთი პრესკონფერენცია მიუძღვენით… რამდენად გამოსწორდა ვითარება? თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული, როგორ საბინაო პოლიტიკას შეიმუშავებდით?
– საცხოვრისზე ხელმისაწვდომობის პრობლემა წარმოიშვა საბჭოთა კავშირის დანგრევის მომენტიდან. ახალ სახელმწიფოებრივ ვითარებაში ვერ ჩამოყალიბდა ერთიანი ეროვნული სტრატეგია ამ მიმართულებით. თუმცა ეს უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ვინაიდან საცხოვრებელი გარემო პირდაპირ განსაზღვრავს პიროვნების ქცევას სოციუმში. სპონტანურმა, არათანაბარმა ურბანულმა და სოციალურ-ეკონომიკურმა განვითარებამ ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტად ადამიანების საბინაო პრობლემები გამოიწვია. დღეს სახეზეა ათიათასობით ოჯახი, მარტო თბილისში, რომლებიც არასათნადო საცხოვრებელ პირობებში იმყოფებიან.
გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის დოკუმენტებში ვკითხულობთ, რომ პოსტსაბჭოურ ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველოს და ტაჯიკეთს არ აქვს საბინაო პოლიტიკა. სამწუხაროდ, ჯერჯერობით პოლიტიკური ნება არ არსებობს. მე მზად ვარ, გაეროს ჟენევის ქარტიის – „მდგრადი საბინაო მეურნეობის“ – შემუშავებისას მიღებული გამოცდილება გამოვიყენო სწორედ ამ პოლიტიკის შემუშავებაში.
– დიდი ლილოს ნაგავსაყრელის პრობლემა მტკივნეულია თბილისისთვის… ეს საკითხი წესით 2017 წლის ბოლოს უნდა მოგვარდეს. წლების განმავლობაში ნაგავსაყრელის კონსერვაციას მოითხოვთ… რა ვითარებაა დღეს ამ მხრივ, რა არის დამაბრკოლებელი ფაქტორი?
– ეს ძალიან ვრცელი თემაა. მთავარია, ყველაზე დიდი ეკოლოგიური საფრთხის თავიდან აცილების პროცესი დაიწყო. კომპანია „დაგი“ ასრულებს დაახლოებით რვამილიონიან სამუშაოებს. პარალელულად დაიწყება უსაფრთხო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა. მაგრამ დიდი ლილოს, ნასაგურისა და წინუბნის მოსახლეობამ ძალიან ბევრი გადაიტანა ამ ხნის განმავლობაში და ასე გაგრძელდება, სანამ პროექტი სრულიად არ დასრულდება. მე, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, განვიცდი მათ მდგომარეობას და ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ მათი მდგომარეობა მალე გამოსწორდეს.
– დედაქალაქის საგარეუბნო სოფლის მეურნეობის განვითარებას დიდ ყურადღებას უთმობთ…  როდესაც დიდი ლილოსა და წინუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ბეტონისა და ბეტონის ნაკეთობების ქარხანის აშენების საკითხი დაისვა, თქვენ მერიას და მიწათასარგებლობის განახლებულ გეგმაზე მომუშავე ჯგუფს წინადადებით მიმართეთ და საგანგებო განცხადება გაავრცელეთ… რა შედეგი მოჰყვა თქვენს გამოხმაურებას? როგორ გესახებათ თქვენ, პირადად, დედაქალაქის საგარეუბნო სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკა?
– ტერმინი – საგარეუბნო აგროპოლიტიკა – მე გავაჟღერე, ეს არის გრძელვადიანი (ამასთან, სწორი) ხედვა გარეუბნების, ძირითადად, შემოერთებული ტერიტორიების განვითარების პერსპექტივის შესახებ. ამ ტერიტორიების გადარჩენა, როგორც სასოფლო-სააგარაკე ზონებისა, სასიცოცხლოდ აუცილებელია. ამიტომ შევეწინააღმდეგე, მოსახლეობასთან ერთად, ნასაგურში ტყვიის ქარხნის მშენებლობას, წინუბანში ბეტონის ქარხნის მშენებლობას. ასეთი საწარმოები არ უნდა განთავსდეს იქ, სადაც პერსპექტივაში ფერმერული და სხვა სასოფლო-მეურნეობა უნდა განვითარდეს.

– ლექსებს და ჩანახატებს ბავშვობიდან წერთ… ახლახან ჟურნალ „ანეულში“ თქვენი ლექსები გამოქვეყნდა… როგორ წერს ლექსს გულიკო ზუმბაძე?
– გამომდინარე ჩემი მრავალმხრივი საქმიანობისა და გადატვირთული რეჟიმისა, ეს, იშვიათად ხდება, მაგრამ ვინაიდან შემოქმედებით ტკბობას თავისი ხიბლი აქვს, ამ იშვიათ „შემთხვევას“ თავს ადვილად ვერ ვაღწევ ხოლმე… მიხარია, რომ ჩემში, ხელოვნებისადმი, შემოქმედებისადმი სიყვარული უხვადაა. ვაფასებ იმ ადამიანებს, ვინც ამ მიმართულებით არის დაკავებული. მათ ძალიან უნდა ვუფრთხილდებოდეთ და ხელს ვუწყობდეთ…

– თქვენს ლექსზე „თბილისს“ ნეკა ბაკურაძემ ლამაზი სიმღერა შექმნა… როგორ დაიწერა ეს ლექსი?
– ჟურნალ „ანეულის“ იმ ნომრის პრეზენტაციაზე, სადაც ეს ლექსი დაიბეჭდა (ამ სიურპრიზისათვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა!), მახსოვს, ვიხუმრე, ამ ლექსის პირველი ნაწილი დაიწერა 17 წლის ასაკში, ხოლო მეორე – ასევე 17 წლის, მაგრამ 40-წლიანი შუალედით-მეთქი… რუსთაველის პროსპექტზე დაიწერა, ოპერის სკვერში, კარგად მახსოვს (პირველი ნაწილი..)
– ვიცი, რომ მრავალ ადამიანს – მწერლებს, ხელოვანებს ეხმარებით საკუთარი შემოწირულობით… და მაინც, როგორია თქვენი თვალით დანახული ბედი ხელოვანისა დღევანდელ საქართველოში…
– ჩვენს სინამდვილეში ძალიან ცოტა ყურადღება ეთმობა ხელოვან, შემოქმედ ადამიანებს. მათი დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, მძიმე ეკონომიურ მდგომარეობას განიცდის და ეს კატასტროფაა. სულიერი საზრდო ისევე სჭირდება ადამიანს, როგორც ფიზიკური. თუ ბალანსი ირღვევა, საზოგადოება დეგრადაციას განიცდის. ამიტომ ყველა ნორმალურ ქვეყანაში სწორედ ამ სულიერი საზრდოს შექმნისა და, ცოტა უხეშად ვიტყვი, გამოყენებისათვის, სახელმწიფო, დოტაციებს გასცემს. რაღაცა დოზით ჩვენთანაც ხდება თანადაფინანსება სხვადასხვა კულტურული და შემოქმედებითი ღონისძიებისა, მაგრამ ეს არსებულ ვითარებას არსებითად უკეთესობისკენ ვერ ცვლის.

შვილიშვილები

– ჰობი… თავისუფალ დროს რას აკეთებთ?
– მიყვარს ბუნებაში სიარული, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს იშვიათად ხდება… აქტიური დასვენება მიყვარს, ჩოგბურთი, ცურვა… წიგნებს, კარგა ხანია, მოუცლელობის გამო, ვეღარ ვკითხულობ. კარგად ვერთობი ახალგაზრდებთნ ერთად.
– ოჯახი…
– მეუღლის დაკარგვამ ჩემს ცხოვრებას მძიმე დაღი დაასვა, ის ძალიან მაკლია და ძალიან მიჭირს… ალბათ ასე გაგრძელდება მთელი ცხოვრება, ის განსაკუთრებული ადამიანი იყო..
სამი შვილი მყავს, ორი ქალი და ერთი ვაჟი. ორი შვილიშვილი, 13 და 15 წლის, ვაჟები. მათთან ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს, თუმცა სულ მენატრებიან და ხშირად ვერც მათ ვნახულობ.
– რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ თბილისში… რას შეცვლიდით?
– ქალაქი სწორად განვითარდება, თუ მოსახლეობა მაქსიმალურად იქნება ჩართული. ამ ჩართულობის უზრუნველყოფას გავაკეთებდი, დაწყებული საკანონმდებლო ცვლილებებიდან, დამთავრებული მაღალი საპასუხისმგებლო საკადრო გადაწყვეტილებით.
ყველა უბანში ადგილებზე არჩეული საზოგადოებრივი საბჭოები უნდა იყოს, მათ უნდა ჰქონდეთ საკუთარი სათემო ცენტრები, უნდა მონაწილეობდნენ ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში. ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, ყველაფერი აქედან უნდა დავიწყოთ. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს ან მიდგომებს, თუ გვინდა ვუშველოთ ქალაქს, უნდა გავხადოთ გარეუბნები პრიორიტეტული, სათანადო ინფრასტრუქტურიდან დაწყებული, ყველა სახის (სკოლა, ბაღი, პოლიკლინიკა, კულტურული დასპორტული დაწესებულება) ხარისხიანი სერვისის ხელმისაწვდომობით დამთავრებული.
– ოქტომბერში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს მორიგი არჩევნები ტარდება…
– მე მიყვარს ჩემი ამომრჩეველი. ვგრძნობ მათ წინაშე უდიდეს პასუხისმგებლობას. ვიბრძვი მათი ინტერესებისათვის, როცა არასწორი გადაწყვეტილების გამო შეიძლება მათი მდგომარეობა გაუარესდეს, ასე გავაუქმებინეთ ნასაგურში ტყვიის ქარხნის მშენებლობა, ვაუქმებინებთ ბეტონის ქარხნის მშენებლობასაც, სასოფლო და სააგარაკე მიწებზე. ვიბრძვი და ვიბრძოლებ საკუთრებისა და სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზებისათვის. მეტი განათლების, კულტურული ცხოვრებისა და ჯანდაცვის სისტემების გაუმჯობესებისათვის. ყველა დასახლება უნდა იყოს თანაბრად განვითარებული, ჩვენი მოქალაქე თავისი საცხოვრებლის გარშემო უნდა იყოს კომფორტულ და მიმზიდველ გარემოში. ისინი ამას ნამდვილად იმსახურებენ!
შემიძლია თამამად და მთელი პასუხისმგებლობით ვუთხრა ჩემს ამომრჩეველს: „მე ვარ თქვენი ძალა – უკეთესი ცხოვრებისთვის!“

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები