„და ეგრე ცოტავდების ქართველი“… – 85 წლის ფერეიდნელი ქართველი მწერლის ტკივილი და ოცნება
ფერეიდნელ ქართველებზე ბევრს უთქვამს, რომ ისინი საუკუნეების წინ დაწერილი წიგნის გაცოცხლებულ პერსონაჟებს გვანან, რომლებსაც ჩვენამდე ძველი ქართული სილამაზე და სევდა მოაქვთ…
მალექ რაჰიმი (რამიშვილი) ათასვარამგამოვლილი ფერეიდნელი ქართველია, რომელსაც დღე და ღამე საქართველოზე ფიქრით და ნატვრით არ ეძინა. 85 წლის მწერალს ფერეიდნელი ქართველების მემატიანედაც მოიხსენიებენ.
ახლახან იგი საქართველოში იმყოფებოდა მეუღლესთან ერთად და უცრემლოდ ვერ მოუსმენდით მის ნაამბობს ფერეიდნელი ქართველების ცხოვრებაზე, ძნელბედობით აღსავსე მათ გზაზე…
იგი პირველი ქართველია, რომელიც ისპაჰანში წავიდა სასწავლებლად.
სპარსული ენის პირველმა მასწავლებელმა ფერეიდანის მხარეში განათლების საქმეს შეალია მთელი ცხოვრება. ფერეიდნის მხარის განათლების განყოფილების გამგემ ახალგაზრდობის წლები ბიბლიოთეკებში, არქივებში, მუზეუმში სიარულს მოანდომა, თითქმის ყველა წყარო მოიძია, ზეპირსიტყვიერი და ქართველ მემატიანეთა ჩანაწერები, სადაც კი ქართველის გვარი და სახელი იყო ნახსენები…
როგორც ვახტანგ ონიკაშვილი აღნიშნავს, „მის ლაპარაკში საქართველოსადმი იმდენი სითბო და სიყვარული იგრძნობოდა და ისეთი პროფესიონალიზმი ჩანდა ფაქტების შედარებაში, ირანის მთავრობამ უარი ვერ უთხრა, რომ თავის წიგნში ფერეიდნელების ისტორია რეალურად აესახა და სპარსულ ენაზე გადმოეცა“.
ასე დაიწერა 3 ისტორიული მონოგრაფია ფერეიდნელ და ირანელ ქართველებზე. შემდეგ საკუთარი ლექსების კრებულიც გამოსცა სპარსულ ენაზე.
მალექ რაჰიმის მეორე წიგნი „ირანელი ქართველები“ ყველაზე რეალურად ასახავს ფერეიდნელი ქართველების ცხოვრებას, ადათ-წესებსა და ისტორიას. მოხსენიებულია ყველა ქართველი მოღვაწე, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა ფერეიდნის და საქართველოს დაახლოებაში. მას ეკუთვნის ასევე წიგნი „ირანისა და ქართველების ურთიერთობა“.
„ჩემ პაპის პაპას ხმალითა ჩხვლეტდენ და უძალებდენ, რომ გარეკონ ირანში… იმ ჩონ პაპას უკან მოუხედია თავის ქვეყანას მხარეზე, ამათ დაუწყიათ, წადი ყე, ამას მოუხედნია საქართველოშია, ატირებულა, უთქვამს, ჩემ სახლო, ჩემ სიცოცხლეო, გენაცვალე, მე კიდე მოვბრუნდები… ჩემ პაპამ თქო, ე, მიწა, მე მოვბრუნდები… გენაცვალე, მალე მოვბრუნდები… 400 წელმა გაიარნა, წინ წავედით და ჩემი პაპაის სურვილი იყო, რომ დავბრუნებულიყავით და მეც დავბრუნდი… მე მოვსულვარ იმის მაგიერა“…
ამბობს, რომ როდესაც შაჰ-აბასმა მოტყუებით მძევლად ხელთ იგდო თეიმურაზ I-ის დედა, ქეთევან დედოფალი და მისი ორი ვაჟი და ტყვედ გაგზავნა ირანში, ქეთევანის ლაშქარში იყო მისი დიდი პაპაც.
„ქეთევანი რომ ჩამოვიდა, ირანის მეფე ნახოს, ლაშქარში სხირ (დიდი) ხალხები ჰყავდა მეფის დედას, ჩონ პაპა იმათთან ყოფილა. ქეთევანთან ყოფილა ჩვენი პაპა…
ქეთევანი რომ შირაზში წამებით მოკლეს, ფერეიდანში ქართველებთან წასულა და დასახლებულა.
ამბობს, რომ დიდი პაპის სახელის მიხედვით, რამინაშვილები (რამიშვილები) არიან… ქართველებთან ერთად იქ სომხებიც ცხოვრობდნენ. პაპამ დიდი სახლი, ციხე აიშენა გალავნით შამოვლებული. ქართველების დიდი, ანუ უფროსი იყო ფერეიდანში… სახლებს ერთი ქვის კარი ჰქონიათ, ვინც ცუდი ადამიანი იყო, „შააგდებდის ციხეში, სომხების დიდიც იყო“…
ბატონ მალექმა ისტორიიდან ქერიმ-ხანის მიერ ფერეიდნის დარბევა გაიხსენა. ირანის მმართველს ფერეიდნელების დამორჩილება და განადგურება უნდოდა. ქართველებმა გეგმა შეიმუშავეს, რომ ღამით ქერიმ-ხანი მოეკლათ, რადგან ძლიერი და მრავალრიცხოვანი ლაშქრის გამკლავება იოლი არ იქნებოდა.
ეს საქმე ორ ქართველს დაევალა.
„ერთი სებილუა (ულვაშიანი) ყოფილა, თავადი თავაზაშვილი, კარგად იცოდა სროლა, მტრედი რო გაფრინდის და ესროლის, ჩამააგდის… უთხრეს თავაზაშვილს, ღამით ჩადი და ამ ირანის მეფეს ესროლე, მოკალ… მართლაც, ღამით ორნი ჩავიდნენ და ნახეს, ქერიმ-ხანი ყალიონს ეწეოდა… ის მეფე დახატული (ლამაზი) კაცია, მეორე ქართველმა ამ სებილუას უთხრა, ესროლე, მოკალო… არაო, მე ქართველი ვარ, მე კაცი ვარ, იმას ღამით ეგრე არ მოვკლავ. მე შუღლში მოვკლავო“… ანუ ზურგში არ ვესვრი, პირისპირ შევებრძოლებიო. მეორემ უთხრა, რომ ქართველები არ მოუწონებდნენ ამ საქციელს, რადგან გეგმით ასე უნდა მომხდარიყო. მაშინ თავაზაშვილმა ქერიმ-ხანის ყალიონს ესროლა. ქერიმ-ხანს ყალიონი პირში აუფეთქდა…
ეს ვაჟკაცობა ქერიმ-ხანმა ქართველებს იმით გადაუხადა, რომ ციხემთას შეფარებულ გურჯებს სისხლის კალო მოუწყო. ციხემთა, რომელიც ჩუღურეთსა და ვაშლოვანს შორის მდებარეობს, ქართველების ვაჟკაცობის უტყვი მოწმეა, სისხლის ნაკადულები მოდიოდა… ქართველებმა რომ დაინახეს ირანელთა დიდი ლაშქარი მოდიოდა, გაიქცნენ და მთას შეაფარეს თავი.
ქერიმ-ხანმა ღამით ყველა მხრიდან დაიწყო იერიში, ციხის კლდოვან მისასვლელამდე ერთკილომეტრიანი აღმართი იყო ასავლელი, შემდეგ კლდოვანი ბარიერი იწყებოდა, ქართველები აგორებდნენ ლოდებს, მაგრამ ქერიმ-ხანმა მაინც მოახერხა დასავლეთის მხრიდან გარღვევა… ქართველები ეფარებოდნენ ქალებს, მოხუცებს და ბავშვებს… და უკან იხევდნენ. ქართველთა ჯარი თითქმის მთლიანად განადგურდა. კლდიდან გადავარდნილი ქალების და ბავშვების გვამებით იყო მოფენილი ციხემთის მისასვლელები. ქალები, ირანელებს რომ ტყვედ არ ჩავარდნოდნენ, კლდიდან ხტებოდნენ და თავს იკლავდნენ…
მალექ რაჰიმის დიდი წინაპარი ურუჯუყულ პაპა ყოფილა. ურუჯუყულ-ბეგი გამოცდილი მხედარმთავარი იყო, ამ ბრძოლაში ტყვედ ჩავარდა. ტყვეების დიდი ნაწილი ქერიმ-ხანმა დახვრიტა, ეს მთავარსარდალი კი ზარბაზანს მიაკრა და ჰკითხა, ბოლო სურვილი რა გაქვსო? ზარბაზნის ლულა საქართველოსკენ მიაბრუნეთო… და, მართლაც, ასე საქართველოსკენ მიბრუნებულმა ზარბაზანმა იგრიალა…
„დაიჭირენ, დიდი თოფები იყო. ამაზე დაადეს ჩონ პაპა, აისროლეს და ჩონ პაპას ერთ ხელ დეეცემის მეფის წინ… ეს ხელი შაკრული ჰქონდა, აბა, გახსენით რა არიო, ეგონათ ოქრო რამე… გახსნეს და მუსულმანების ქეთაფი (წიგნი) ნახეს… მეფეს უთქვამს, ესენი ქრისტიანები არ არიან, არაო, ესენი, მუსულმანები არიანო და მაშინ ნუღარ შუღლობთო“…
მალექ რაჰიმმა ციხემთის სისხლიან და ტრაგიკულ ისტორიას სპეციალური წიგნი მიუძღვნა და დიდი სურვილი აქვს, რომ ეს წიგნი ქართულად ითარგმნოს. ამბობს, რომ ამ ისტორიაზე ფილმის გადაღებაც შეიძლება და იქნებ ქართველი კინემატოგრაფისტები დაინტერესდნენო.
ბატონი მალექი ციხემთის ძირში გადმოყრილი ნაომარი ქართველების, ქალების და კაცების სამკაულებსა და აღჭურვილობას მთელი ცხოვრების მანძილზე აგროვებდა…
საუბრის დროს, განვლილი გზა გაიხსენა…
„პატარა რო ვყოფილვარ, საქართველოში სპარსული არვინ არ იცოდა… სულ ჩვენებურად იყო. ერთხელ მაგონდება სპარსელ მეფის კაცებსა საქმე ჰქონდათ ჩემ მამასთან, ჩემ მამამ არ იცოდა, რო ამასთან სპარსულად იბნას… მოიდეს ჩონ სახლჩი, კარჩია და ჩემ მამა იქ არ იყო, ჩემ დედა იყო. ჩემ დედამ არ იცოდა, რას ამბობენ. სპარსული არ იცოდა, ამათაც ქართული არ იცოდენ. მთელი ხალხი იგრე ყოფილა… მე 5-6 წლისა რო შაიქენ… ჩემ მამა ჭკვიანი კაცი იყო, წარმგზავნა მოლასთან, სპარსული ასწავლეთო“.
– მამა რას საქმიანობდა?
– ჩემი მამა, ხორბლის მოხვნა იყო, ისპანიდან მოიდიან, იყიდიან ყე და სხვა რამეები მოუტანიათ, ფარჩა, რამეები გაცვალიან ყე. მამაი საქონელი ბევრი ჰქონდა, ცხორი, მუშავებელიცა (ვინც მუშაობდა), ფასს აძლევდა და მუშავებდიან ჩონ სახლჩი…
მე და ჩემი დიდი ძმა გაგვგზავნა მოლასთან, დიდ ძმაა არ უნდოდა დასწავლა, არ დაისწავლა… თამაშობდინ, არა კითხობდის ყე. მე ცოტა დაისწავლა. იმის მერე ორ-სამ წელი რო გაიარა, სკოლა გაიხსნა, ირანის ენაზე სკოლა გახსნეს და ყმაწვილი ვყოფილვარ, რო იქ შაველი.
6 წელი რო ვიკითხე, გაგვგზავნეს ისპანჩი, გამოგვკითხონ, ვის რა დოუსწავლია… ისპანი შორს იყო, მაშინ მანქანა არ იყო, თოვლებჩია ყმაწვილი გამგზავნეს მარტო…
– რამდენი წლის იყავით?
– 15 წლის. 4-ნი ვიყვნევით, რო წავედით… მე მარტო დავვარდი (დავრჩი) საქართველოსა (ფერეიდანი იგულისხმება) ყე, რო ვიკითხო… 12 წელსა ისპანში ნამა (ბევრი) დაისწავლე… მითხრენ ყე, რა გინა შაიქნა, ექიმი შაიქნა, დოქტორი შაიქნა, პოროფოსორი შაიქნა… მე ვთქვი, მე უნდა მოიდე ქართველებჩი, ხალხს ვასწავლო სპარსული…
სკოლა იყო, მე შაველ სკოლაში, ყმაწვილებს ვასწავლე ყე, თოლები აახილონ და დაისწავლონ რამე. მასწავლებელი შაიქენ.
ვასწავლიდი, ხალხი დამეტდა, სკოლა დავამეტეთ. 12 წელი მე ვასწავლე ყე. მე მაშინ საქართველოში (ფერეიდანში) სუ დიდი ვიყავ…
ასე გვიყვებოდა თავის ისტორიას… თან საკუთარ წიგნს ფურცლავდა და იქიდან ირანელ ქართველთა შესახებ გვიამბობდა…
ფერეიდანში შემონახული ძველი ქართულით… ბატონი მალექი ამაყობს, რომ ქართული ენა 400 წლის განმავლობაში შემოინახეს.
„ქართული ენა ერთადერთი ძაფია, რომელიც ფერეიდნელ ქართველობას აკავშირებს ქართულ კულტურასთან. გადაგვარებას ვერ ასცდება იგი, თუ მას არ შეენახა ეს კავშირი… მალე დაეკარგება მას შეგნება იმისა, რომ „გურჯია“, როგორც კი გამოესალმება ამ შეგნების ბურჯს, ენას. ვერ უშველის ამ მხრივ ვერც მაღალი ქართული ურემი, ვერც ბანიანი სახლი, რომელიც მას დღემდე შერჩენია“, – წერდა ცნობილი ქართველი ენათმეცნიერი, არნოლდ ჩიქობავა.
მალექ რამიშვილი ნიკა რამიშვილის და არჩილ ონიკაშვილის პაპაა.
მასთან სწორედ არჩილმა შემახვედრა. მართალია, მათმა პაპამ საქართველოში ცხოვრება ვერ შეძლო, მაგრამ შვილიშვილებს იმედი აქვთ, რომ საქართველოში იცხოვრებენ.
მალექ პაპას 4 შვილი, ერთი გოგო, სამი ვაჟი და 10 შვილიშვილი ჰყავს. შვილიშვილები ქართულ ენას სწავლობენ, ქართულად მღერიან… იმ სახლში, სადაც ვისაუბრეთ, მისი მეუღლე და არჩილის დედა – შაჰლაც იყვნენ. მალე შვილიშვილი ანდრიაც შემოგვესწრო. მასაც უნდა, რომ ქართულს კარგად დაეუფლოს და და მერე უნივერსიტეტში ჩააბაროს…
„ჯეელები უნდა მოიდენ აქა, საქართველოში… ძრიალ უნდათ რო მოიდენ, არ უყვართ ირანი“… – მეუბნება არჩილის დედა.
მარტყოფში 20 ათასი ქართველი ცხოვრობს. 19 გვარი შემორჩენილია. მათ შორის, გუგუნანი, ლაჩინანი, თავაზიანი, ასპანანი, ზუპიტაშვილი, იოსელიანი…
მთებს ქართული სახელები აქვთ. საქართველო რომ არ დაავიწყდეთ, დიდი საქართველოს ადგილების სახელებს არქმევენ. სიღნაღი თუ არის ფერეიდანში-მეთქი, ვკითხე და გაირკვა, რომ სიღნას მთა ყოფილა…
მალექ პაპას და მის ოჯახს ეამაყება, რომ ირანის ქართველებს:
ნამაი (ანუ ლამაზი) ხალხი ჰყავს;
მეკობრე (ქურდი) არა ჰყავთ;
არავის არ მიხედავენ მყრალად (ანუ არ იგინებიან);
ტყუილი არ იციან;
მათხოვრები არა ჰყავთ…
„ექმომდე არ ყოფილა და არც არის… რომ ქართველმა ქართველი მოკლას“…
„ზამთარში ისპანჩი ვართ და გაზაფხულზე და ზაფხულში წავალთ ფერეიდანში. დიდი სახლია, ბევრი საქონელი გვყავს, ზამთარჩი ვაგდებთ და წავალთ ისპანჩი. 5 თვის მერე უკან მოვალთ. და სახლი ისევ ისეა, მეკობრე არა გვყავს“, – ამბობს ბატონი მალექის მეუღლე.
ქართველების დიდი ნაწილი მთელ ირანშია მიმოფანტულიო… ის ყმაწვილი, „ვინც ირანელთან შაერთებულა, გამრუდებულა“….
„სადაც დოსტობა იყო, ესენი იყვნინ ყე, სადაც შუღლია, ესენი იყვნიან ყე… ქართველები წავლენ ყე დიდ სკოლებში, თეირანსა, ისპანსა, რო ბევრი იკითხონ, რო ექიმი შაიქნან, სხო რამე… და ქართული დაივიწყენ და ეგრე ცოტავდების ქართველი“.
…წამოსვლისას, სამჯერ მაკოცეს და ღმერთს ებარებოდეო, – ამ სიტყვებით დამემშვიდობნენ…
მე კი, ბატონი მალექის ნაჩუქარ წიგნებთან ერთად, ფერეიდნის უძველესი ქართულის სურნელი და ჩვენი ტკივილიანი ისტორიის განცდა მომქონდა…
მწერლის ოცნებაა, მისი ოთხივე წიგნი ქართულად ითარგმნოს და საქართველოში წაიკითხონ.
საქართველოში ბოლო ვიზიტის დროს იგი და საზოგადოების „ფერეიდანის“ წარმომადგენლები დედაქალაქის მუნიციპალიტეტში შეხვდნენ ჯაბა სამუშიას.
სტუმრებმა დეპუტატს მალექ რაჰიმის ოთხი წიგნის ქართულ ენაზე თარგმნასთან დაკავშირებით შუამდგომლობის თხოვნით მიმართეს.
როდესაც ეს ამბავი ცნობილ პოეტსა და მთარგმნელს, ირანისტ ნომადი ბართაიას მოვუყევი, მან ოპერატიულად თარგმნა მალექ რაჰიმ (რამიშვილის) ერთი ლექსი „ხოტბა ფერეიდუნშაჰრისა“, რომელიც ლიტერატურულ ჟურნალ „ანეულში“ გამოქვეყნდა.
დიდ მადლობას მოვახსენებთ ბატონ ნომადს, მკითხველს კი ამ ლექსს ვთავაზობთ:
ხოტბა ფერეიდუნშაჰრისა
აღემატება ყოველგვარ ძალას აღწერა შენი სილამაზისა,
ან ვინ აღწეროს ნიავი დილის და ბულბულების გალობა შენი.
ქალაქი კოხტა, საამო ჰავით, შინ არ გაჩერებს, გარეთ რომ გიწვევს,
ქალაქი წინსვლის, განვითარების, კულტურისა და კეთილდღეობის.
რა საამოა, ო, რა ტკბილია, გაზაფხული და ზაფხული შენი,
ხოლო ზამთარში, ყინვა და ქარში, ჩაღუღუნებულ სახლებში ყოფნა.
რა თვალწარმტაცად მოედინება სარაბის მთიდან ყინულის წყალი
და გაზაფხულზე მის შემოგარენს ო, რა საამოდ ელამუნება.
ან რა ლამაზად მიმოფანტულან ყაყაჩოები ლილოჭრელოზე.
ყვავილები კი როგორ ქარგავენ ნაირფერებად ფერდობებს მთისას.
ღვთის წყალობაა ფოშქუჰისა თუ, რუბარუსა თუ ნიზანის ტყენი,
მთა შაჰანისა, ათასნაირი ბალახითა და ყვავილით სავსე.
ანდა კაშხალი პიტნოვანისა და წყაროები დარბანდის ცივი,
ან სამალავი ციხე მეფისა – გამოქვაბული ეშქაფთ თელესი.
ან ჰაშთადის მთა ასე ლამაზი და ათეშქადე კიროს მეფისა,
ან მთა ფარდუნის თვალისმომჭრელი და თანგე ჰანა ყვავილოვანი.
ქოთანის მთები გასაოცარი, გულისწარმტაცი თავის გვირაბით,
ვაშლოვანში კი არაფერი სჯობს კაშხალის პირას სიცხეში ყოფნას.
რა შეედრება ან ქარუნის წყალს ო, მიმდინარეს ისპაჰანისკენ,
და ანდა კიდევ თორეზის კაშხალს, ულამზესი თავისი ხედით.
სოკო, რევანდი და ნიახური რამდენიც გინდა, იმდენი არის,
დახატულია ო, მერე როგორ ხალიჩა მიწის ფერებით მისით.
გაზაფხულობით არეულია აქ ერთმანეთში ფერები როგორ
და ყველაფერი, თვალისმომჭრელად, გახვეულია ფერებში ცისა.
ხარ კურთხეული სამოთხე მართლა, მიმოქარგული ვარდ-ყვავილებით,
ისე კარგია აქ ყველაფერი, ლამის ზღაპარში მგონია თავი.
(წიგნიდან – „გულის საიდუმლო“, ისფაჰანი, 2008)
თამარ შაიშმელაშვილი