„ჩემი ჯილდო ისტორიული შთაბეჭდილებების ალბომია“… – „შავი ოქროს“ ქალაქის მზრუნველი ქალბატონი

დაუღალავი, ენერგიული, ენთუზიაზმით სავსე, ამაყი და საქმის დიდი მცოდნე, მუდამ სხვაზე მზრუნველი, კეკლუცი ქალბატონი ცელინა მესხი, – ასე იცნობენ მას ჭიათურაში.
მშობლიურ ქალაქში დაიბადა და აქვე მიიღო საშუალო განათლება. შემდეგ მისი გზა მუსიკას დაუკავშირდა… სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყველგან ენთუზიაზმი და საქმის სიყვარული გამოარჩევდა.
სწორედ მისი დამსახურება იყო, მეცხრე სკოლასთან სამუსიკო სტუდიის გახსნა, რომელიც ყოველთვის წარმატებულად მუშაობდა. გამორჩეული მოვლენა კი საბალეტო კლასის გახსნა იყო, რომელმაც დიდი წარმატება მოუტანა მეცხრე სკოლას.
სკოლა ყოველთვის ამაყობდა ცელინა მესხით…
მის სახელს უკავშირდება ჭიათურის ეთერ ფაღავას სახელობის ხელოვნების ლიცეუმის და საბალეტო სტუდიის გახსნაც.
ცელინა მესხის დამსახურებაა, სამთო გამამდიდრებელ კომბინატთან დაარსებული პირველი ისტორიული მუზეუმის გახსნაც, რომელიც  დაარსებიდან ათ წლისთავს ითვლის… ქალბატონი ცელინა უკვე ათწლეულებია, დაუზარლად დადის ჭიათურასა და მიმდებარე სოფლებში და ოჯახ-ოჯახ აგროვებს ქალაქის ისტორიასთან დაკავშირებულ ნივთებს… მუზეუმში  ჭიათურის გარდასულ დღეთა უნიკალური მასალაა თავმოყრილი…
„ჯორჯიან მანგანეზთან“  არსებული მუზეუმის დირექტორის – ცელინა მესხის პერსონა.

– დავიბადე და აღვიზარდე მსოფლიოში ცნობილ „შავი ოქროს“ ქალაქ ჭიათურაში. იმ ქალაქში, რომლის სახელიც გერმანელი მეცნიერის სახელს უკავშირდება. ბერლინში დაბადებულმა და აღზრდილმა აკადემიკოსმა ჰერმან აბიხმა (1805-1886 წლები) სპეციალობით გეოლოგმა, მეცნიერმა,  როგორც მისი მასალებიდან და  წერილებიდან ჩანს, 30 წელზე მეტი დრო მოანდომა კავკასიის გეოლოგიის შესწავლას. ჭიათურის მანგანუმის საბადო კი 1846 წელს აღმოაჩინა. ამის შემდეგ დაიწყო მანგანუმის მოპოვება ჭიათურისა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე.
და მეც დედის და მამის მხრიდან მრეწველთა ოჯახში დავიბადე.
ერთი თვისას მამა გარდამეცვალა, ჩემი აღზრდა დედასთან ერთად ორივე ბებომ ითავა, რომლებმაც დიდი როლი შეასრულეს ჩემს აღზრდა-განვითარებაში. დედის დედა აღიზარდა და სწავლობდა ქუთაისის ქალთა გიმნაზიაში რუსულ სექტორზე, მან შემაყვარა და მასწავლა ჩემი ქალაქის სიყვარული, ადამიანებთან ურთიერთობა და დაფასება.
ამიტომ  ჩემი ცხოვრების მიზნად რაც დავისახე, რაც ვარ დღეს და მიკეთებია, სწორედ მათი დამსახურებაა.
– სწავლობდით ჭიათურის მე-3 სკოლაში. პარალელურად –  სანდრო კავსაძის სახელობის სამუსიკო სკოლაში.   ვინ  შეგაყვარათ მუსიკა?
– ვსწავლობდი ქალაქის მე-3 საშუალო სკოლაში, დირექტორი იყო ნატო მუმლაძე, რომელმაც შემაყვარა და მასწავლა, თუ როგორ უნდა მესწავლა სკოლაში და მესწავლა საზოგადოებაში ადამიანებთან ურთიერთობა.
პარალელურად სწავლა განვაგრძე ს. კავსაძის სახელობის სამუსიკო სკოლაში, სადაც 5 წელი დავყავი. ავადმყოფობის გამო   ერთი წელი გამიცდა და ამის შემდეგ საჩხერის სამუსიკო სკოლაში ვისწავლე მე-6-7 კლასებში.
მუსიკის  სიყვარული თვითონ მოვიდა ჩემში და გადავწყვიტე, მუსიკის განხრით ჩამებარებინა.
ჩავაბარე იაკობ გოგებაშვილი პედაგოგიურ სასწავლებელში მუსიკის განხრით, საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტზე. შემდეგ კი სწავლა განვაგრძე ზ. ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში, იგივე ფაკულტეტზე.
მადლობელი ვარ, სასწავლებლის დირექტორის ედიკ სავიცკის და პედაგოგ გიორგი კაპანაძის. ამ პერიოდში მძიმე ოჯახური მდგომარეობა მქონდა, მაგრამ ორივე პიროვნებამ დიდი როლი შეასრულა ჩემს ცხოვრებაში. დამთავრების შემდეგ გაითვალისწინეს ჩემი თხოვნა და ჩემს ქალაქში  გამანაწილეს სამუშაოდ.
– ჭიათურაში აქტიურად დაიწყეთ მოღვაწეობა…
– დავბრუნდი ჭიათურაში, კულტურის განყოფილების გამგემ ვლადიმერ შუკაკიძემ დააკმაყოფილა ჩემი განცხადება სამსახურის დაწყების თაობაზე. და სანდრო კავსაძის სახელობის სამუსიკო სკოლაში დავინიშნე თეორიის პედაგოგად… პარალელურად დავიწყე მუშაობა ქალაქის მე-2 სკოლასთან არსებულ სამუსიკო სტუდიაში. რადგან ოჯახში მქონდა მძიმე მდგომარეობა, მერჩინა ერთადერთი დედა, რომელმაც მთელი ცხოვრება მე მომიძღვნა და ვარ დედისერთა.
სკოლებში დავიწყე ღონისძიებების ჩატარება, ვმონაწილეობდი ქალაქის ღონისძიებებში. ეს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ – განათლების განყოფილების მეთოდისტ ქალბატონს, დოდო აბაშიძეს, განყოფილების გამგეს გიორგი ცხადიაშვილს.
–  და ქალაქში ახლად გახსნილ მეცხრე საშუალო სკოლასთან არსებული სამუსიკო სტუდიის გამგედ ინიშნებით…  სწორედ ამ სკოლასთან დააარსეთ საბალეტო სტუდია, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო ჭიათურაში.
საინტერესო იყო შემდეგ, ქალაქის მეცხრე საშუალო სკოლის ურთიერთობა ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის შემოქმედებით კოლექტივთან…
– მეცხრე  სკოლაში ჩემი ინიციატივით აშენდა სტუდიისთვის 5 საკლასო ოთახი, მოეწყო დარბაზი და ავიხდინე ოცნება,  სკოლას გავუხსენი კლასიკური ცეკვის „ბალეტის“ კლასები. შემდეგ ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან გავაფორმე ხელშეკრულება. მოსწავლეთა ესთეტიკური აღზრდის გაუმჯობესების მიზნით  თეატრის კოლექტივი კვარტალში ორჯერ უსასყიდლოდ ჩაატარებდა კონცერტს ჭიათურის მე-9 საშუალო სკოლაში. ასევე, პრემიერაზე იწვევდნენ მოსწავლეებს ქუთაისში… მართლაც,  შემოქმედებითად საინტერესო, ნაყოფიერი წლები იყო…
ამას მოჰყვა სხვა წარმატებებიც, 1989 წელს ხელოვნების სკოლის დირექტორად ვმუშაობდი, 2000 წლიდან კი – მუსიკალური საზოგადოების ჭიათურის ფილიალის თავმჯდომარედ, ამ პერიოდში ჭიათურის ეთერ ფაღავას სახელობის ხელოვნების ლიცეუმი და საბალეტო კლასი დავაარსე, რადგან დროებით მეცხრე სკოლასთან სამუსიკო სტუდიამ ფუნქციონირება შეწყვიტა და ახალ შენობაში გადავედი…  50 მოსწავლე მუსიკალურ სკოლაში მე გამომყვა. რატომ ვუყვარდი ყველას, არ ვიცი…
– მშობლიური ქალაქისთვის ზრუნვა არასოდეს შეგიწყვეტიათ, მაშინაც კი, როდესაც დიდმა მიწისძვრამ დაანგრია თქვენ მიერ დაარსებული სკოლა…
–  დიახ, საშინელმა მიწისძვრამ დაანგრია ჩემ მიერ დაარსებული სკოლა-ლიცეუმი. ერთი თვე გონს ვერ მოვეგე, მაგრამ მერე ჩემს თავს ვუთხარი, არ შეშინდე, განაგრძე მუშაობა, შენს ქალაქს სჭირდები…
მიწისძვრის შემდეგ გადმოვედი„ ჯორჯიან მანგანეზის შენობაში“, გადავწყვიტე ჩემი ოჯახების საარქივო მასალებით გამეხსნა და დამეარსებინა პირველი, ისტორიული, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის მუზეუმი, სადაც თავმოყრილია ემიგრაციაში მყოფ ჭიათურელთა ცხოვრება-მოღვაწეობის ამსახველი მდიდარი მასალა.
ასევე დავაარსე მრეწველთა სახლი, ჭიათურის მკვიდრის,  ლევან ფაღავას და საქართველოს მთავრობის პირველი თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას ოჯახების ფოტოგამოფენების მუზეუმი.
ლევან ფაღავა ქალბატონ ასმათ ჟორდანიას მეუღლე იყო. ეთერ ფაღავა მე-20 საუკუნის პრიმა-ბალერინაა და მისი სახელობის საბალეტო სკოლის გახსნის მიზეზიც ეს იყო.
1 სექტემბრიდან უკვე ამ სკოლის აღდგენა გვინდა.  ამჟამად ეს საკითხი განიხილება და, ვფიქრობ, დადებითად გადაწყდება.

ნინოშვილის ქუჩაზე, ჯორჯიან მანგანუმის შენობაში, მუზეუმი კარს გააღებთ და თქვენ წინ გადაიშლება მთელი ქალაქის ისტორია. ისტორია ჭიათურის  დაბადებიდან დღემდე .
აქ ქალაქის 130-ზე მეტი წლის ისტორიის ამსახველი უნიკალური ფოტოსურაებია... მრეწველთა ისტორიული კერა, ემიგრაციაში მყოფ ჭიათურელთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოები.
თვალსაჩინო ადგილზეა აკაკი წერეთლის ფოტო, რომელმაც მანგანუმი ევროპას გააცნო და  მას შემდეგ დაიწყო მანგანუმის ინტენსიური წარმოება.
კედლებზე მოკრძლებულ ჩარჩოეში მოთავსებული ფოტოები – თითოეული ფურცელი ჭიათურის ისტორიისა. გამოჩენილ ჭიათურელებ…  სათუთად შენახული და მოვლილია ქალბატონ ცელინა მესხის მიერ, მუზეუმში დაცულია მანგანუმის მოპოვების დროს აღმოჩენილიქანებში განამარხებული უძველეს მცენარეთ ნაშთები, უამრავი სხვადასხვა სახის ექსპონატი, უნიკალური ბიბლიოთეკა, რომელიც ამომწურავ პასუხს იძლევა ქალაქის ისტორიაზე. მანგანუმის მადნის ნიმუშები დალაგებულია ხარისხების მიხედვით და ..
ვინ არ გაგახსენებთ ჭიათურის წარსულის სინამდვილეს – საქართველოს პირველი პრეზიდენტის ნოე ჟორდანიას სიძე – ლევან ფაღავას ოჯახის ამსახველი ფოტოები.
ლევანის ქალიშვილი, მე-20 საუკუნის პრიმა ბალერინა ეთერ ფაღავა, ჟურნალისტი ქრისტინე ფაღავა, რომელიც სტუმრობდა ჭიათურას 2003 წელს; არისტოტელე გველესიანი, ითხვისიდან, მიშა გაფრინდაშვილი მოძვიდან, ვიქტორ ნოზაძე, ნოე რამიშვილი, გრიშა და გიორგი წერეთლები თავისი ოჯახებით…

 რომ ჰკითხოთ ქალბატონ ცელინას, ჯილდოებიდან რომელს დაასახელებო, ასე გიპასუხებთ:
„ჩემი ჯილდო ის ისტორიული შთაბეჭდილებების ალბომია, რომელიც მაგიდაზე დევს და მომსვლელთა ჩანაწერები, რომლებიც აფასებენ ჩემს შრომას“….

ჰყავს 2 შვილი და 3 შვილიშვილი. უფროსი ვაჟი – ბესიკ გველესიანი, რომელმაც ბიზნესის სკოლა დაამთავრა მოსკოვში მოღვაწეობს, მეორე შვილი – ალეკო გველესიანი პროფესიით ეკონომისტია. შვილიშვილებიდან უმცროსი, ბესო გველესიანი ანსამბლ „ფესვების“ სოლისტია.

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები