ამირან სალუქვაძე: ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების პროცესი ჩიხში შევიდა
ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების პროცესი ჩიხში შევიდა, რაც არაღიარების პროცესის წარმატებაზე მეტყველებს, – ამის შესახებ ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე გაზეთ „რეზონანსთან“ ინტერვიუში აცხადებს.
ის 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგებზე და დღეს არსებულ მოცემულობაზე საუბრობს.
– 2008 წლის ომის შეფასება – რა უარყოფითი შედეგი მოუტანა ამ ომმა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, თუნდაც კონფლიქტებს დარეგულირების თუ ნატო–სთან ინტეგრაციის თვალსაზრისით?
– უარყოფითი შედეგების მთელი სპექტრია: ასობით დაღუპული, დაჭრილი და გაუბედურებული ოჯახი, კონტროლის დაკარგვა კოდორის ხეობაზე, რასაც სტრატეგიული მნიშვნელობის გარდა იქ მცხოვრებთა დევნა მოჰყვა, ცხინვალის რეგიონში 100-ზე მეტ სოფელზე კონტროლის დაკარგვა, რომელთაგან 50-ზე მეტი მთლიანად განადგურდა, მოსახლეობა კი დევნილად იქცა, სამშვიდობო პროცესის შეყვეტა და ტერიტორიების ოკუპაცია, საქართველოდან წლების განმავლობაში დიდი შრომის შედეგად გაყვანილი რუსული ბაზების გაცილებით მეტი შემადგენლობით დაბრუნება, აღარაფერს ვამბობ მილიონობით დოლარის სამხედრო ქონების გატანაზე და საბრძოლო დანაკარგებზე. რაც შეეხება ნატო-სთან ინტეგრაციას, რა თქმა უნდა კონფლიქტმა დიდი გავლენა მოახდინა ნატო-ში გაწევრიანების პროცესზე, თუმცა მხოლოდ გააძლიერა საქართველოს მისწრაფება ნატო-სკენ და გაამძაფრა რუსეთის მიმართ უნდობლობა.
– 9 წლის შემდეგ ამ დამდგარი მოცემულობის შეცვლის რა შესაძლებლობები არსებობს?
– შესაძლებლობები ყოველთვის არსებობს, რადგან საერთაშორისო მხარდაჭერა ჩვენს მხარეზეა. ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების პროცესი ჩიხში შევიდა, რაც არაღიარების პროცესის წარმატებაზე მეტყველებს. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ან ვერ უნდა შევაფასოთ რაც მოხდა. მოხდა ის, რომ ოკპირებულ ტერიტორიებზე რეალობა შეიცვალა, კოდორზე კონტროლი მთლიანად დაიკარგა. რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, აქ ვითარება გაცილებით უარესადაა, გარდა იმისა, რომ უამრავი სოფელი განადგურდა, ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე დავკარგეთ გავლენა, რაც კონფლიქტამდე არსებულ პერიოდთან დაკავშირებით გაცილებით უარეს მდგომარეობაში გვაყენებს და შესაბამისად ვადებიც გაურკვეველ პერსპექტივაში გადააქვს. დღეს ვადებთან დაკავშირებით ვერავინ ილაპარაკებს სერიოზულად.
– „ქართული ოცნების“ ხაზგასმული მესიჯია, რომ რუსეთთან ურთიერთობა უნდა დაალაგონ. 8 აგვისტოს აფხაზეთში ვლადიმირ პუტინის ჩასვლა არის თუ არა პოლიტიკური დემონსრტაცია და ერთვარი მესიჯი, რომ რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება არარეალურია?
– ეს არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ მესიჯია. იგივე პოლიტიკას ატარებდა წინა ხელისუფლებაც. გავიხსენოთ სავიზო რეჟიმის გაუქმება, საზღვარზე რუსი ტურისტები დახვედრა და ა.შ. რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას გვირჩევდა და ახლაც გვირჩევენ დასავლელი პარტნიორები. მაღალ დონეზე დიალოგის შესაძლებლობა შიდაპოლიტიკური დაპირისპირებების გამო არ შედგა. ჩვენ ვერ ვაღწევთ, რომ ოკუპაციის თემა გავიტანოთ შიდაპოლიტიკური დაპირისპირებების და ვიწროპარტიული ინტერესების დღის წესრიგიდან, რაზეც ერთი წელია ვსაუბრობ, თუმცა უშედეგოდ. დღეს მაღალ დონეზე მოლაპარაკებების მზადყოფნა არცერთი მხრიდან არ არსებობს. ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ამისათვის ჯერ მზად არაა. ჩვენთან ყველა მოუწოდებს ხელისუფლებას მეტი ქმედითი ნაბიჯებისკენ, მაგრამ რეცეპტს ვერავინ სთავაზობს. რუსეთის ლიდერი კი 8 აგვისტოს სოხუმში ჩასვლით ზუსტად იმას დააფიქსირებს, რომ არსებული რეალობის შენარჩუნების მთავარი გარანტი კრემლია. თუმცა მოვა სხვა დროც. ეს არაა უბრალო სურვილი. ამჟამად ჩვენ უნდა გადავხედოთ დეოკუპაციის სტრატეგიას, რომელიც თავიდანვე იყო არასრულყოფილი. უნდა გაიწეროს დეტალური მიზნები და მათი განხორციელების გზები ყველა მიმართულებით, რაც ქართულ-აფხაზურ, ქართულ-ოსურ და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს ეხება. ამ სამუშაოში სამთავრობო სტრუქტურებთან ერთად მთელი საექსპერტო და სამეცინიერო პოტენციალი უნდა იქნას გამოყენებული.
– რამდენად არის საფრთხე, რომ რუსეთის მხრიდან პროვოკაციები ვიხილოთ კიდევ და რა სახის პროვოკაციები შეიძლება იყოს ეს?
– ჩვენს მიწა-წყალზე საოკუპაციო ძალების არსებობა უკვე წარმოადგენს საფრთხეს. მითუმეტეს, რომ მუდმივად მიმდინარეობს პირადი შემადგენლობის და ტექნიკის რიცხოვნობის ზრდა, ახალი შეიარაღების შემოტანა, სამხედრო ბაზების გაფართოება და სხვა. პროვოკაციები ყოველდღე ხდება. ეს დროში გაწელილი საოკუპაციო საზღვრის დაფიქსირება, ჩვენი მოქალაქეების გატაცებაც ხომ პროვოკაციებია? ამის მიუხედავად, რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიის დაწყება ამ ეტაპისთვის არაა მოსალოდნელი. რუსეთი დაკავებული სანქციური ომით აშშ-სთან და ევროპასთან. არა მგონია სურვილი ჰქონდეთ უფრო მეტად დაძაბონ ურთიერთობები ამერიკასთან. თუმცა, დარწმუნებული ვარ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის, ასევე ჩვენი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, რასაც რუსეთი ყოველთვის გამოწვევად აღიქვამს და რის საპასუხოდაც ჩადის პუტინი სოხუმში, რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური მართვის ორგანოებში გეგმების კორექტირება, ჩვენთან მიმართებაში სხვადასხვა სცენარების შემუშავება დაიწყეს. ამ სცენარების განხორციელება კი ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ დეოკუპაციის სტრატეგია და რუსეთთან ურთიერთობები ზუსტად ამ შესაძლო სცენარების მიხედვით უნდა ავაწყოთ. მე ყოველთვის თავს ვიკავებ და სხვებსაც მოვუწოდებ ასეთი სცენარების გაჟღერებისგან, რადგან ასეთი სამუშაოები დახურულ სივრცეში ხდება და არა საჯაროდ.