“ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული დავით ქანთარია მიხეილ სააკაშვილს: გამოდი „ვივამედიდან“ და ჩაჯექი ერთი საათით, ხომ ხარ მაგარი კაცი, ნახე რა დღე გადავიტანეთ მე და ჩემებმა
“თანამდებობის პირი უნდა გამოყონ ცალკე კამერაში, მაგრამ მე ვიჯექი პირდაპირ მუდმივ პატიმრობა მისჯილებთან. გამოდი „ვივამედიდან“ და ჩაჯექი ერთი საათით რა, ხომ ხარ მაგარი კაცი, გამოდი ნახე ის რაც მე დღე გადავიტანე და ჩემებმა,” – ასე მიმართა მიხეილ სააკაშვილს „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულმა დავით ქანთარიამ, საგამოძიებო კომისიის სხდომიდან, სადაც მისი უფლებების დარღვევის ფაქტი განიხილება.
როგორც ქანთარიამ აღნიშნა, უკანონო პატიმრობის დროს სტრესისა და არასწორად დანიშნული მკურნალობის გამო, მას დაემართა დიაბეტი, რამაც თირკმელი დაუზიანა და დღეს ის პირველი ჯგუფის ინვალიდია.
„უკანონო პატიმარი ვიყავი. იქ დამინიშნეს მე „აქტრაპიდი“, „ინსულტარდი“, არც მჭირდებოდა. დიაბეტი განმივითარდა პირველ დაჭერაზე სტრესის გამო. არასწორი მკურნალობის შედეგად, ჩემი დიაბეტი 600-ს სცდებოდა, სამწუხაროდ ახლაც მაქვს, რის გამოც მე დამიზიანდა ორივე თირკმელი და წელიწად-ნახევრის წინ მე გადავინერგე თირკმელი. დღეს ვარ პირველი ჯგუფის ინვალიდი. ეს დამმართა ამ რეჟიმმა“, – განაცხადა დავით ქანთარიამ.