თინათინ ნიბლოშვილმა სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

დედაქალაქის საკრებულოში,  „თბილისის მეგობრობის სახლისა“ და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ღონისძიება, რომელიც თბილისის საკრებულოს ეთნიკურ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს თანადგომით ჩატარდა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა გახსნა.

თინათინ ნიბლოშვილმა კურსდამთავრებულებს წარმატებები უსურვა და პროგრამაში ჩართულ უწყებებს გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ენობრივი ინტეგრაცია ეროვნული ერთიანობის საფუძველია.

„სერტიფიკატების გადაეცემა იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ქართული ენის შესწავლით უფრო მჭიდრო მოქალაქეობრივი, საზოგადოებრივი და პროფესიული ინტეგრაციისკენ გადადგეს ნაბიჯი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა.

ქართული ენა არა მხოლოდ კომუნიკაციის საშუალებაა – ის ჩვენი ქვეყნის იდენტობისა და ერთიანობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია. ეს პროგრამა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენი სახელმწიფოს პასუხისმგებლობას და მზაობას, უზრუნველყოს თანასწორი შესაძლებლობები ყველასთვის – განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა.

თბილისის საკრებულო ყოველთვის უჭერს მხარს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც ეთნიკური მრავალფეროვნების პატივისცემასა და სახელმწიფო ენის ცოდნის წახალისებას ემსახურება“, – განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

ღონისძიების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს საკრებულოს ეთნიკურ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ, რიტა ხიდირბეგიშვილმა, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის ხელმძღვანელმა მაკა ომიაძემ და „თბილისის მეგობრობის სახლის“, სახელმწიფო ენის პროგრამის კოორდინატორმა ნანა ნიკოლაძემ.

სერტიფიკატებით დაჯილდოების ცერემონიას კურსდამთავრებულებთან ერთად ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

2017 წლიდან დღემდე „თბილისის მეგობრობის სახლში“ სახელმწიფო ენის პროგრამა ეროვნულ უმცირესობათა 1320 წარმომადგენელმა გაიარა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები