„სიყვარული უნდა გაჩნდეს ბავშვივით ადამიანებს შორის და თანდათან გაიზარდოს“…

ძვირფასი მოგონებები ოჯახიდან და ვერის ბაღიდან იწყება… მშობლებმა და ოჯახურმა გარემომ გაულამაზა ბავშვობა. ყველაზე მეტად ხატვა უყვარდა. თუმცა პოეზიაც უმნიშვნელოვანესი იყო მის ცხოვრებაში.
შემდეგ ფილოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა და, პარალელურად,  ორი:  ფერწერის და კინოდრამატურგიის მეორადი ფაკულტეტი დაამთავრა. ფილოლოგიის დოქტორია.
ამჟამად წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტ კითხულობს ლექციებს.
საზოგადოებრივი პროექტ: „სამი სავარძელი ხელოვანთათვის“ იდეის  ავტორი და ხელმძღვანელია. ახლახან კი, art გალერეა „შავი ლომი“ დააარსა. – პოეტისა და ლიტერატურათმცოდნის  ქეთევან შენგელიას პერსონა.

– დავიბადე თბილისში და აქვე გავატარე ბავშვობა. მშობლები: ალიოშა შენგელია და თინათინ მაისურაძე ქიმიკოსები მყავს; მყავს არაჩვეულებრივი ძმა.
ბებია-ბაბუებიც თბილისში ცხოვრობდნენ, ამიტომ  ხშირად ვსტუმრობდით მათ  და უდიდესი სითბო და სიყვარული მახსოვს, ეს მთელი ცხოვრება საგზლად გამომყვა; მამის მშობლებთან უფრო ხშირად ვიყავი. მახსოვს ძველი თბილისური ეზო, ბავშვების ჟრიამული და მხიარულება. ვერის უბანში, ვერის ბაღის (მაშინდელი კიროვის ბაღი) გვერდით დედის მშობლები ცხოვრობდნენ და ეს ბაღი მოგონებების გამო ჩემთვის დღემდე ერთ-ერთი საყვარელი ადგილია თბილისში. იქ ხშირად ვსეირნობდი ბიძაშვილებთან ერთად. ბიძები და დეიდებიც მუდამ გვერდით მყავდნენ.
პირველი კლასიდანვე, სხვადასხვა წელს, დავდიოდი მუსიკაზე, ცეკვაზე, ჩოგბურთზე და ფრენბურთზე. ამან ბავშვობა გამილამაზა. მამას ხშირად დავყავდით კინოში…
ჩვენს სახლში ხშირად იკრიბებოდნენ მშობლების მეგობრები, თავისი ოჯახებით, დასასვენებლადაც მთაშიც და ზღვაზეც ხანდახან მათთან ერთად  დავდიოდით; ფიზიკა-მათემატიკაში და ქიმიაში თვითონ მშობლები მამეცადინებდნენ.
დედას ოქროს მედალზე ჰქონდა სკოლა დამთავრებული. მამა იყო და ახლაც არის ძალიან ხალისიანი და კარგი კომპანიონი, ძალიან უყვარს კითხვა, წიგნები, ერკვევა სპორტის თითქმის ყველა სახეობაში, დაუზარელი და მეგობრული კაცია. მთელი ცხოვრება სხვების პრობლემებს აგვარებდა, უფრო ხათრიან ადამიანს არსად შევხვედრივარ. უხერხული კია, მამაზე ამდენი საუბარი, მაგრამ გავბედე და დავახასიათე იმიტომ, რომ ბავშვობა მამის და ბებია- ბაბუების გამო დაუვიწყარია ჩემთვის.
სკოლის პერიოდი…

ქეთევან შენგელია მამასთან ერთად

– სკოლის პერიოდი იგივე ბავშვობაა. ოღონდ, ეს არის, 4 სკოლა გამოვიცვალე.  ჩემი თაობიდან ვინ არ იყო ჩემი თანაკლასელი… ყველაზე მეტად 61-ე სკოლა დამამახსოვრდა, იქ  დიდხანს ვსწავლობდი.
სკოლის ასაკში, გარდა იმისა, რომ დავდიოდი უამრავ წრეზე, სულ ვხატავდი. მამას მოჰქონდა სახატავი ტილოები,  ზეთის საღებავები,  მოლბერტი და რაც საჭირო იყო, ყველაფერი მქონდა. ერთი სიტყვით, სკოლის პერიოდშიც და სტუდენტობისასაც ხატვით გული ვიჯერე. ეს ყველაზე საყვარელი საქმიანობა იყო ჩემთვის. გარდა ამისა, სახლში მქონდა კარგი ბიბლიოთეკა და სასურველი წიგნი  გარეთ არასდროს მიძებნია.
მეექვსე კლასიდან ვწერდი ლექსებს. სკოლაშიც დირექტორის სურვილით გამიმართეს პოეზიის საღამო. მეგობრებთან ურთიერთობის გარეშე ერთ დღეზე მეტს ვერ ვძლებდი.  კარგად ვსწავლობდი, მაგრამ მათემატიკას ვერ ვიტანდი. დღემდე, თუ სიცხემ ამიწია, ალგებრის საკონტროლო წერა მესიზმრება.
ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრეთ… რით იყო სტუდენტობა განსაკუთრებული?
– რადგან პოეზია ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო სკოლიდანვე (და, ასეა დღემდე), ივანე ჯავხიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ეს წლები განსაკუთრებულია ჩემს ცხოვრებაში. სტუდენტობისას კიდევ ჩავაბარე და, ძირითადი პროფესიის გარდა, პარალელურად,  ორი მეორადი ფაკულტეტი: ფერწერის და კინოდრამატურგიის (ამ ფაკულტეტებზე მხოლოდ მაშინ გახვიდოდი გამოცდაზე, თუ უნივერსიტეტის სტუდენტი იყავი) დავამთავრე.
არაჩვეულებრივი ახალგაზრდობა მქონდა. ვესწრებოდი „ახალგაზრდა მწერალთა წრის“ შეხვედრებს პირველი კურსიდანვე, აქვე განიხილეს პირველად ჩემი ლექსები. მაშინ ამ წრეს რევაზ მიშველაძე უძღვებოდა.
– გავიდა ხანი და უკვე თქვენ ხელმძღვანელობდით უნივერსიტეტის „ახალგაზრდა მწერალთა წრეს“…
– მერე თავად ვხელმძღვანელობდი უნივერსიტეტში ამ საქმეს, ოღონდ სხვა სახელწოდება შევძინეთ. სტუდენტობამ შემძინა ყველა ის მეგობარი (ბავშვობის მეგობრების გარდა), რომელთა გვერდითაც გავატარე და ვატარებ ცხოვრებას. დანაკარგიც ბევრი იყო, ბევრი მტრობა ვნახე, ბევრი გულგრილობა, თან იმ ახლობლებისგან, ვინც ძალიან მიყვარდა, რომელთათვისაც მართლა ბევრი რამ გავიმეტე… ვისთან ერთადაც გავიარე ახალგაზრდობა და ზოგიერთების გვერდით შემდგომში  ვმუშაობდი კიდეც. ვინც ჩემს სახლშიც ხშირად იჯდა და მეგობრობას მეფიცებოდა.
თურმე რამხელა შეცდომა იყო და გამოუცდელობა, რომ გამიკვირდა ეს ყოველივე.  ახლა მეცინება კიდეც,  ცუდი წლები გაიარა ქვეყანამ… ყველა ვერ უძლებს, ზოგი უხეშდება….  ყველას ვერც მოსთხოვ,  შორს გაიხედოს, რომ წვრილმანებს მთავარი და მნიშვნელოვანი ფასეულობები არ გადააყოლოს.  საბოლოოდ ცოტა, მაგრამ გამოცდილი და ნამდვილი ურთიერთობა გრჩება და კარგია.
სწორედ სტუდენტობის პირველივე წლებიდან ქვეყნდებოდა თქვენი ლექსები ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში…

ემზარ კვიტაიშვილთან და ზურაბ ნიჟარაძესთან ერთად

– სტუდენტობა, ალბათ, როგორც ბევრისთვის, ჩემთვისაც ცხოვრების ძალიან ლამაზი პერიოდი იყო. ძალიან ადრე, სტუდენტობის პირველივე წლიდან გამომიქვეყნეს ლექსები ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში; მაშინ ასე ადვილი არ იყო ლიტერატურაში თავის დამკვიდრება. რა თქმა უნდა, საინტერესო იყო ეს ლიტერატურული მოვლენები და კონტაქტები მაშინ. გავიცანი უფროსი თაობის მწერლები, არ გამჭირვებია არანაირი სასიკეთო და მეგობრული  ურთიერთობა მათთან. არაფრისთვის არ მიბრძოლია, წერა მიყვარდა და ვწერდი.
პირველ კურსზე ვიყავი, სერგი ჭილაია გვიკითხავდა სპეცკურსს. მან მითრა, ამ ლექსებს მოკიდე ხელი და თავად მიდი „ცისკრის“ რედაქციაშიო. მივედი, ჯანსუღ ღვინჯილია იყო რედაქტორი. სახეზე ნანახიც არ მყავდა. თავი შევყავი კარებში, გაეცინა: მობრძანდითო… „ცისკარში“ თვეობით ელოდებოდნენ მწერლები დაბეჭდვას. მაშინვე წაიკითხა და დაუძახა ბაღათერ არაბულს („ნობათის“ რედაქტორი გახლდათ) და მასალა გადასცა, მალე დამიბეჭდეს ლექსები, რა თქმა უნდა, გამიხარდა, ერთ პუბლიკაციას სტუდენტობაში მეორე მოჰყვა, მეორეს – მესამე… ამ მხრივ, იმ პერიოდისათვის (ახლა ვხვდები) ძალიან ბედნიერი დასაწყისი მქონია.   ყველაფერი ლამაზი და უხინჯო ჩანდა მაშინ.
კურსელებთან ერთად მოვიარე და დავათვალიერე საქართველოს ყველა კუთხე. ურთიერთობები სავსე იყო სხვადასხვანაირი სიხარულით; ერთი ეს არის, ქვეყნის საზღვრებს გარეთ ასე თავისუფლად ვერ გახვიდოდი, რაც დიდი დანაკლისი იყო ახალგაზრდობისთვის.
გვიკითხავდნენ ლექციებს სპეცკურსზე (კრიტიკის და შემოქმედების სპეცილიზაციაზე) საინტერესო მწერლები, გვერდით დამიყენეს, წაიკითხეს, მომიწონეს, რასაც ვაკეთებდი,  მადლობელი ვარ მათი. ჩემზე უფროსები იყვნენ და მათგან რამდენიმე კარგა ხანია გარდაიცვალა, ამიტომ განსაკუთრებულად ვახსენებ; ნათელში იყვნენ სამარადჟამოდ: სერგი ჭილაია, ოთარ ჩხეიძე, ნოდარ წულეისკირი, ანა კალანდაძე, ბორენა ჯაჭვლიანი, მიხეილ ქვლივიძე, ჯანსუღ ღვინჯილია, ნოდარ ტაბიძე…
სტუდენტობა იყო პროფესიონალიზმისკენ მიმავალი გზის დასაწყისი, რასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.  მთელი ცხოვრება ვცდილობ, ჩემი უფროსი მეგობრების ვალი გადავიხადო, ამიტომ იგივეს ვაკეთებ მომავალი თაობისთვის. სხვა გზა ვერ მოვძებნე. საინტერესო იყო ჩემთვის ფერწერის და კინოდრამატურგიის ფაკულტეტების სპეცკურსებიც. გატაცებით ვხატავდით, ვწერდით სცენარებს, ვარჩევდით უნივერსიტეტში ფილმებს…
1993-2008 წლებში,   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  მეცნიერ თანამშრომლად მუშაობდით, აქედან ბოლო 7 წელი, სამუშაოს პარალელურად, ხელმძღვანელობდით „ლიტერატურულ სახელოსნოს“, სადაც ახალგაზრდა მწერლები იწყებდნენ თავიანთ საქმიანობას. რით იყო ის წლები გამორჩეული?
– თუ არ გიყვარს ახალგაზრდა და შენს შემდეგ მომავალი თაობა, ამ საქმეს ვერ გაუძღვები. ეს წრე ნიკო კეცხოველის მოღვაწეობის პერიოდიდან არსებობდა. აქ გაიზარდა თითქმის ყველა ის ავტორი, რომელთა სახელებთანაც არის დაკავშირებული თანამედროვე ქართული მწერლობა და მას დიდი ფუნქცია ჰქონდა. აქ იმართებოდა ოპონირების თანხლებით სტუდენტის შემოქმედების წარდგენა.
ოპონენტებიც სტუდენტები იყვნენ,  კრიტიკულ შეფასებას ეჩვეოდნენ. ასეთივე გზა განვაგრძე მეც.
ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში „ლიტერატურულ სახელოსნოში“ რამდენიმე საინტერესო პოეტმა, მთარგმნელმა და პიროვნებამ სტუდენტობიდანვე გამოამჟღავნა თავი. ვამუშავებდი გამორჩეულ ახალგაზრდებს, მაგრამ დასწრება არავის ეკრძალებოდა. მათ ნაწერებს მაშინ ვუსმენდი, როცა იწყებდნენ სამომავლო საქმეებს, რა თქმა უნდა, მისმენდნენ ისინიც.  ახლა ჩამოყალიბებული პროფესიონალები არიან, ვამაყობ მათი წინსვლით, ვგულშემატკივრობ უკვე შორიდან.
დრო გავიდა, ერთი მათგანი (ზაალ ჩხეიძე) წლების მანძილზე ჟურნალ „ლიტერატურულ პალიტრას“ ხელმძღვანელობდა, კარგი მთარგმნელია, მეორე, უკვე შემდგარი  პოეტია, თან  ეროვნულ ბიბლიოთეკას უდგას სათავეში(გიორგი კეკელიძე), მესამე (სალომე მაღლაკელიძე) ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო პროექტების მენეჯერია და ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, ქართული მწერლობის გაჟღერებას უწყობს უცხოეთში ხელს.
პოეტია თორნიკე ჭელიძეც და ასე… არ მინდა ვინმე გამომრჩეს, გიორგი ძამუკაშვილი მუსიკოსია, წერს ტექსტებსაც და თან რეჟისორია, ჯონი ნოზაძე, შესანიშნავი პიროვნება და პროფესიონალია, მადლიერების გრძნობით სავსე კაცი, რაც იშვიათობაა. მახსოვს ბექა ბაღაშვილი, ცირა პატარაია, მარი ბურდული და ასე… ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.
მე ვაწყობდი მათ ლიტერატურულ წარდგინებებს უნივერსიტეტში, მიყვარდა თითოეული მათგანი… არც ჩემი თაობა დამიტოვებია უყურადღებოდ, ვუწყობდი უნივერსიტეტში შემოქმედებით საღამოებს, წიგნის პრეზენტაციებს, ხსოვნის საღამოებს… რაც შემეძლო, გავაკეთე. კეთდებოდა საქმე ურთიერთსიყვარულით და პატივისცემით, ყოველგვარი „გათვლებისა“ და ანგარების გარეშე, ამაზე კარგი რა უნდა მომხდარიყო?
2006-2014 ლებში შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი მეცნიერთანამშრომელი იყავით…
ათი წიგნის ავტორი ვარ. უმრავლესობა პოეტური კრებულები გახლავთ. იქ მუშაობის პერიოდს დაემთხვა ჩემი ორი პოეტური კრებულის და კიდევ ორი წიგნის, რომელშიც  შეტანილი მაქვს ლიტერატურული ნარკვევები და ესეები გამოსვლა…
თუმცა, უნდა მოგახსენოთ, რომ იქ მუშაობა ჩემი პოეტური კრებულების გამოცემასთან არაფერ შუაში არ გახლავთ.
18 წლის რომ ვიყავი, იმ ასაკიდან, ლიტერატურული საქმიანობით ვიყავი დაკავებული. იქ მისვლამდე კარგა ხნით ადრე ვაქვეყნებდი ყველა მნიშვნელოვან ლიტერატურულ ჟურნალში ლექსებს და გამოცემული იყო ჩემი კრებულებიც.
ბოლო წლებში ყველაზე აქტიურად ვთანამშრომლობდი არაჩვეულებრივ ჟურნალებთან: „ჩვენს მწერლობასთან“, „მნათობთან“, „ლიტერატურულ პალიტრასთან“… (ამჟამად არცერთი აღარ გამოდის) „რიწასთან“,  „ცისკართან“…
ამ ინსტიტუტში მისვლამდე უკვე ვიყავი სამწერლო გაერთიანება „მნათობის“ გამგეობის წევრი. ეს ეტაპიც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო; რადგან „მნათობის“ გაერთიანებაში ბრძანდებოდნენ არაჩვეულებრივი, საპატიო მწერლები:  ანა კალანდაძე, თამაზ ჭილაძე, ოთარ ჭილაძე, ზაირა არსენიშვილი, ემზარ კვიტაიშვილი, გურამ გეგეშიძე, ბესიკ ხარანაული, ირაკლი სამსონაძე, შადიმან შამანაძე, ზაზა ჭილაძე…
ხელმძღვანელი გახლდათ თამაზ ჭილაძე, მინდა მადლობა გადავუხადო მას ჩემს შემოქმედებით საღამოზე წარმოთქმული სიტყვისთვის, რომელიც მის ექვსტომეულშიც არის დაბეჭდილი. ეს ჩემთვის დიდი პატივი იყო.
რადგან ლიტერატურის ინსტიტუტზე მეკითხებით, აქვე მინდა გავიხსენო ლიტერატურის ინსტიტუტის ყველა ის თანამშრომელი, რომლებმაც წერილები უძღვნეს ჩემს შემოქმედებას, ისინი არაჩვეულებრივი მწერლები და ლიტერატორები არიან და პირადად ჩემთვის, ყველა განსაკუთრებულად ძავირფასია, მადლობა მინდა გადავუხადო ინგა მილლორავას, ვანო ამირხანაშვილს, მაია ჯალიაშვილს, დალილა ბედიანიძეს, ზაზა გოგიას (გარდაცვლილია). მინდა მადლობა ვუთხრა ძვირფას პიროვნებას,  გამორჩეულ, შესანიშნავ ლიტერატორს და პოეტს ემზარ კვიტაიშვილს, რომელმაც ჩემი ერთ-ერთი კრებულის პრეზენტაციაზე წარადგინა წიგნი, შესანიშნავი შეფასებებით.
საგანგებო მადლობა მინდა გადავუხადო შესანიშნავ მწერალს და ლიტერატორს როსტომ ჩხეიძეს, ზოგადად, ჩემი თაობის მიმართ გამორჩეული დიდი ყურადღებისთვის და ცალკე ჩემი ხელოვნების დაფასებისთვის. აგრეთვე არაჩვეულებრივ მწერალს – მაკა ჯოხაძეს.
ეს პიროვნებები ლიტერატურის ინსტიტუტის თანამშრომლები ბრძანდებიან, თუმცა, მე მათ იქ მისვლამდე კარგა ხნით ადრეც ვიცნობდი ლიტერატურული ურთიერთობების გამო.  თითოეული მათგანის  შემოქმედებისთვისაც  ყოველთვის იყო დრო და ადგილი ჩემს საავტორო გადაცემაში – „მშვენიერების სამყაროში“, რომელსაც რადიოში ვუძღვებოდი ერთი წელი.
აი, ეს ძვირფასი მოგონებები მაკავშირებს ცალკეულ ადამიანებთან ამ ინსტიტუტში.   იმის მიუხედავად, რომ იქ კიდევ ბევრი საპატივცემულო ადამიანი მუშაობს, ჩემთვის ძნელი აღმოჩნდა ლიტერატურის ინსტიტუტში, ლიტერატურის განყოფილებიაში გაჩერება. არ დავმალავ, ამ ინსტიტუტის ლიტერატურის განყოფილების უფროსი ადამიანებთან ურთიერთობებშიც და, საერთოდაც, მეტად დახვეწილი პიროვნება მერჩია ყოფილიყო. ის გამოირჩეოდა საოცარი ცილისწამების უნარით და ცინიზმით, რაც ჩემთვის მიუღებელი გახლავთ. მისგან და ხელმძღვანელობისგანაც მრავალნაირი აგრესია ვიგრძენი ამ წლებში და იქიდან სიამოვნებით წამოვედი. აღარც მაინტერესებდა მტრობის ფერხულში ყოფნა და აღარც დავდიოდი.
მადლობა ღმერთს, თავისუფალი ადამიანი ვარ და ფინანსურად არავისზე არ ვიყავი დამოკიდებული…  მირჩევნია კარგზე საუბარი, ამიტომ რაც სასიამოვნო იყო და ვისაც პატივს ვცემ, ის მოვიგონე…
თქვენს პერიოდს დაემთხვა, როცა ერთდროულად 2500 მეცნიერი დაითხოვეს უნივერსიტეტიდან… „ძველი უნივერსიტეტელები“ და ძველი უნივერსიტეტი… რაზე გწყდება გული იმ წლებიდან?
– თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საკუთარი ოჯახივით მიყვარდა, იქ სიმშვიდის და სიყვარულის ატმოსფერო ტრიალებდა. ეს იყო ქვეყანაში მოთავსებული ერთი განსხვავებული, პატარა, ოღონდ უკეთესი ქვეყანა. ახალს არაფერს ვამბობ, მაგრამ თავს ვალდებულად ვთვლი და მაინც უნდა მოგახსენოთ, რომ უნივერსიტეტის გადაკეთების დაწყება იყო ძალიან მტკივნეული პერიოდი თანამშრომლებისთვის.
რეფორმა, როცა უკეთესობისკენ ცვლის რამეს, სასიამოვნოა, მაგრამ ეს არ ჰგავდა რეფორმას. ეს ჰგავდა რეპრესიებს. ხელოვნურ, ნაძალადევ პროცესს. ყველაზე საშინელი და საზარელი ის არის, რომ ამას ზოგიერთი ჩვენი თანამშრომლის სიცოცხლე შეეწირა; ხალხი გულის შეტევით დაიღუპა.
გაუქმდა ყველა კლასიკოსი  მწერლის სახელობის კაბინეტი, გადაკეთდა სხვა სტრუქტურებიც, კათედრებიც… მე იქ ვმუშაობდი 1993-2008 წლებში. თსუ-ში ვსწავლობდი და აქვე დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია, ფაქტობრივად გავიზარდე და ჩამოვყალიბდი უნივერსიტეტის კედლებში. იმდროინდელ უნივერსიტეტს ჩემი ქება რაში სჭირდება, ყველამ იცის, რომ უპირველესი სასწავლებელი იყო.  ძალიან საქმიანი და სასიამოვნო გარემო იყო, როცა აკადემიკოსი როინ მეტრეველი გახლდათ რექტორი. ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას მოვახსენებ მას „ძველი უნივერსიტეტელების“ სახელით თითოეული ჩვენგანის გვერდზე დგომისთვის.
ვინც იცნობს ყველა დამეთანხმება, რომ ის დიდებული პიროვნებაა. მოგეხსენებათ, რა რთული პერიოდი იყო საქართველოში 90-იანი წლებიდან მოყოლებული, განსაკუთრებით კი ეროვნული ხელისუფლების დამხობის შემდეგ,  ამას ემატებოდა ისიც, რომ საქართველო თითქმის ელექტროგანათების გარეშე იყო და ხალხს  ბევრი რამ უჭირდა;
აი, ამ პერიოდშიც კი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სწავლის და სამეცნიერო მუშაობის პროცესს არ წყვეტდა.  ჩვენ კუპონებზე, თითქმის უხელფასოდ ვიმუშავეთ წლების განმავლობაში და უნივერსიტეტში მაინც ყველა საქმე თავის დროზე კეთდებოდა.
მერე, დაფასების ნაცვლად, ლომაიას განათლების მინისტრობის პერიოდში უნივერსიტეტის გადაკეთება დაიწყეს, როგორც კი შეიცვალა ხელმძღვანელობა, „შეცვალეს“ თანამშრომელთა დიდი ნაწილიც. თავადაც იცით, დანგრევა ადვილია, აშენებაა ძნელი. პოლიტიკა ჩემი საქმე არ გახლავთ.  ჩავთვალე, რომ „გადაკეთებულ“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოფნა გამიძნელდებოდა, რადგან საინტერესო და საქმიანი ატმოსფერო უკვე ნაკლებად იყო. მომეჩვენა, რომ თანამშრომლები  გლადიატორებს დაამსგავსეს. საკუთარი სურვილით დავწერე განცხადება და წამოვედი.
კულტურის ცენტრში გადავედი, კაბინეტები რომ გააუქმეს, მაგრამ იქ დარჩენა ჩემთვის მაინც შეუძლებელი აღმოჩნდა; იმ დროს რექტორი იყო გ. ხუბუა, რომელიც თავდაპირველად კორიდორში დაცვით დადიოდა, საშინელება იყო. ხალხს ერთად დადგომის ეშინოდა. ლექციაზე ლექტორებს მონიტორინგები კარს გვიხსნიდნენ დაუკითხავად,  სადაც ურთიერთპატივისცემა არ არის და ბატონყმობის ფორმას იღებს უფროს-უმცროსობა, მე იქ ვერ ვჩერდები.
სიყვარულის ატმოსფერო რომ დაინგრა, გული იმაზე მწყდება… ყველაფერს დაიბრუნებ, ამის  დაბრუნება კი არ შეიძლება. სიყვარული უნდა გაჩნდეს ბავშვივით ადამიანებს შორის და გაიზარდოს თანდათან… სიყვარულის დაბადებას საფუძველი სჭირდება.

რადიშ თორდიასთან და ბაჩო კვირტიასთან ერთად

– საზოგადოებრივი პროექტ: „სამი სავარძელი ხელოვანთათვის“ იდეის  ავტორი ხართ. ეს პროექტი გულისხმობს სამივე ხელოვნების სფეროს: მუსიკის, მწერლობის და მხატვრობის წარმომადგენელთა შემოქმედების წარდგენას თვეში ერთხელ თითოეულ დათქმულ საღამოზე... რა მიზნით შეიქმნა ეს პროექტი და რა იგეგმება სამომავლოდ?
– ეს გახლავთ პროექტი „სამი სავარძელი ხელოვანთათვის“.  უკვე შვიდი შეხვედრა შედგა. შეხვედრები ტარდება თვეში ერთხელ. თითოეულ საღამოზე წარმოდგენილია ხელოვნების სამი განსხვავებული სფერო და სამი განსხვავებული თაობის შემოქმედი (მწერალი, მხატვარი და მუსიკოსი), რათა თაობათა შორის არ გაწყდეს კავშირი.  გარდა ამისა, მოწვეული გვყავს საპატიო სტუმარიც ან ახალგაზრდა შემოქმედი, რომელიც თავისი ნიჭით ყურადღებას იმსახურებს. გვინდა დავეხმაროთ ახალგაზრდებს, გააცნონ საზოგადოებას თავიანთი თავი.
დღეს თავისუფალებაა კულტურის სივრცეში. არავინ  გზღუდავს, საშუალება გეძლევა, შენი ქვეყნის კულტურას ემსახურო, თუ ამის სურვილი და უნარი გაქვს, თუ ხარ კომპეტენტური და – ამავდროულად ობიექტური.
ამიტომ ვთვლი, რომ  ეს სასიკეთო საქმეა, სხვადასხვა ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები საღამოებზე უფრო უკეთ ეცნობიან ერთმანეთის შემოქმედებას. იქმნება საქმიანი და საინტერესო ატმოსფერო; გვყავს ძალიან კომპეტენტური საორგანიზაციო ჯგუფი, სადაც გაერთიანებულნი არიან მწერლები, მხატვრები, მუსიკოსები; ჩვენ მივიღებთ ყველა ღირსეულს, ვისი შემოქმედებაც საინტერესო იქნება. ეს არ არის ჩაკეტილი წრე. ვფიქრობ, ეს  საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ ამ პროექტმა  მომავალშიც განაგრძოს არსებობა.
ძალიან მალე გვექნება საიტიც და თითოეული მონაწილის შესახებ მასალაც განთავსდება. დასასრულს, მადლობა მინდა გადავუხადო ქართულ სატელევიზიო არხებს იმ შესანიშნავი ინფორმაციებისთვის, რომლებიც ჩვენი ღონისძიებების შესახებ გაჟღერდა და, მადლობა ყველა იმ შემოქმედს, ვინც ჩვენს გვერდით ბრძანდება, მადლობა თქვენს საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“, ჩვენი თანადგომისთვის.
ახლახან  art გალერეა „შავი ლომი“ დააარსეთ… რატომ „შავი ლომი“ და რა გეგმები გაქვთ?
– მოგეხსენებათ, საქართველოს რამდენიმე გენიოსი ჰყავს ხელოვნების სფეროში და მათგან ყველა პოეტია, ნიკო ფიროსმანის გარდა. ამიტომ მე ამ დიდი მხატვრის შესანიშნავი ნახატის სახელი – „შავი ლომი“ დავარქვი ჩემს art გალერეას, თანაც, მოგეხსენებათ, ეს ნახატი საქართველოს ტერიტორიაზე აღარ იმყოფება. გვახსოვდეს მაინც…
აქ „სამი სავარძელი ხელოვანთათვის“ თავშესაფარს იპოვის, გარდა ამისა, ჩატარდა და ჩატარდება პერსონალური და ჯგუფური გამოფენები, წიგნის პრეზენტაციები, ლიტერატურული შეხვედრები, დავეხმარებით ნიჭიერ მხატვრებს გამოფენების მოწყობაში; ამ art გალერეას ნაწილობრივ საქველმოქმედო ფუნქცია ექნება ხელოვანი ხალხისთვის. რითიც შევძლებ, დავეხმარები ჩემი ქვეყნის კულტურას.
წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტ კითხულობთ ლექციებს. რას იტყვით სტუდენტებზე? როგორი თაობა მოდის?
– მინდა მადლობა გადავუხადო ქართული უნივერსიტეტის თითოეულ თანამშრომელს და ჩვენს რექტორს სერგო ვარდოსანიძეს. აქ დღეს ძალიან საინტერესო ატმოსფეროა შექმნილი სტუდენტებისთვის და, არა მარტო სტუდენტებისთვის. ტარდება უამრავი სამეცნიერო და კულტურული ღონისძიება. რაც შეეხებათ სტუდენტებს, მე მათთან ყოველთვის საქმიანი და, ამავდროულად, მეგობრული ურთიერთობა მქონდა; არაჩვეულებრივი ახალგაზრდები მოდიან, ნიჭიერები, საზრიანები; რა თქმა უნდა, ყველა ჯგუფში, ერთეულები განსაკუთრებულად გამორჩეულნი არიან ხოლმე.
ვკითხულობ უახლესი ქართული ლიტერატურის, მსოფლიო ლიტერატურის და დამატებით, ხელოვნების ისტორიის კურსს (სტუდენტების მოთხოვნით); სასიამოვნოა, როცა ხედავ, რომ ახალგაზრდას აინტერესებს რასაც მოუთხრობ.
ამ უნივერსიტეტშიც ვხელმძღვანელობ „ლიტერატურულ სახელოსნოს“. წრე უკვე ოთხი წელია არსებობს. განვიხილავთ ნიჭიერი სტუდენტების შემოქმედებას. ასე რომ, პირველი შემოქმედებითი გამოსვლა საზოგადოების წინაშე ქართულ უნივერსიტეტშიც ხდება. ამ სასწავლო წლის ბოლოსაც გავმართეთ სტუდენტ მარიამ პაპაშვილის ლექსების წარდგენა და ასე დავამთავრეთ წელს წრის მუშაობა. ოპონენტებიც ჩვენი „ლიტერატურული სახელოსნოს“ წევრები იყვნენ – გაბრიელ თაგაური და ნათია სუბელიანი. სამივე (დებიუტანტის ჩათვლით) მათგანი შესანიშნავი პროფესიონალი დადგება, ეჭვი არ მეპარება ამაში. მეგობრობა უმცროს თაობასთან  დიდ სიხარულს მანიჭებს, ბოლოს და ბოლოს,  ეს ახალგაზრდობა საქართველოს და, გადაჭარბებული სულაც არ არის, რომ კაცობრიობის მომავალია. რა თქმა უნდა, უნდა მოეფერო, გზა დაულოცო მათ. მათგან ყოველთვის ვღებულობ სიყვარულს და ჩემთვის ძალიან ძვირფასები არიან.
 ქართული უნივერსიტეტის ინტერნეტტელევიზიისთვის უძღვებოდით  რუბრიკას -„საუბრები ხელოვანთა შესახებ“.  შემდეგ ტელევიზია „ხარისხის“ არხმა გადასცა ეს ჩანაწერები. რა ნიშნით არჩევდით საუბრის საგანს?

„სამი სავარძელი ხელოვანთათვის“ –
შეხვედრის დასრულების შემდეგ

– რაც მეგონა, რომ საინტერესო იყო და რაზეც შემეძლო საუბარი, ვარჩევდი ალბათ ამის მიხედვით. ყველაფერს ხომ ვერ გასწვდება ადამიანი? მაშინ მსოფლიო კლასიკოსებზე ვსაუბრობდი. მოვამზადე მასალა რაფაელზე, ვან გოგზე, ფიროსმანზე, პიკასოზე, ვაჟა-ფშაველაზე, ჩარლი ჩაპლინზე, გაბრიელა მისტრალზე, ემილი დიკინსონზე, ანტონიო გაუდიზე, მიხეილ ჯავახიშვილზე, ჰემინგუეიზე, ედიტ პიაფზე… ყველას ვერ ჩამოვთვლი. საინტერესო და კარგი სამუშაო იყო.
– ოჯახი, მეუღლე, შვილი…
– ჩემი მეუღლე გახლავთ ლევან კანდელაკი. არაჩვეულებრივ ოჯახშია გაზრდილი. სტუდენტობის დროიდან ვიცნობთ ერთმანეთს. ის თსუ-ში ეკონომიურ ფაკულტეტზე სწავლობდა და იქვე დაამთავრა ასპირანტურა. ამჟამად მუშაობს პროფესიის შესაბამისად. თსუ-ს დამთავრების შემდეგ დავქორწინდით.
ჩვენი გადაწყვეტილება იყო ძალიან ხალასი და გულწრფელი ურთიერთობის შედეგი. თუ რამე შეჰპირდა ვინმეს, აუცილებლად ასრულებს.
მყავს 26 წლის შვილი დავით კანდელაკი. წარმატებით დაამთავრა  ფიზიკა-მათემატიკური სკოლა და  დაამთავრა კავკასიის უნივერსიტეტი ბიზნესსკოლის განხრით; შემდეგ შეიცვალა გადაწყვეტილება და უცხოეთში ჩააბარა მაგისტრატურაში, კიბერ უსაფრთხოების ფაკულტეტზე. მე მისი მადლობელი ვარ. საუკეთესო იყო სწავლის პერიოდში ყველგან.
ამჟამად მუშაობს თავისი პროფილით. არის დამოუკიდებელი ხასიათის. არ უყვარს პიარი და თავის გამოჩენა. ცოტა ჯიუტია; უყვარს მაღალი დონის საკომპიუტერო ტექნიკა და გატაცებულია სწრაფი ავტომანქანებით. მართალი გითხრათ,  ვცდილობ, რაც შეიძლება ცოტა რამ ვთქვა, მათზე. ჩემს მეუღლეს და შვილს არ უყვართ, როცა სახალხოდ ვახსენებ და, სიმართლე რომ გითხრათ, აქამდე არც არასდროს მისაუბრია მათზე.
ჰობი?
– ჩემი ჰობია ფერწერა, არქიტექტურა, მანქანები და ცხენები. იპოდრომზე მანეჟი იყო, ხშირად ვსეირნობდი ცხენით.
რამდენიმე პოეტური კრებულის ავტორი ხართ. დაგვიწერეთ თქვენი ერთი ლექსი…

– მე ვიცი რასაც მოყვები ახლა,
ამას ყვებოდა გრიგალი წუხელ,
მიაჭრიალებს ბედი წვალებით,
ადამის მხრებზე შემოდგმულ უღელს.
ვის უკვირს ჩიტი ნანადირევი,
კაენის ცოდვა, თევზის ფართხალი?
აღარ დავეძებ სხვასთან რომ სტყუი,
შენს თავთან თუ ხარ მართალი?!

 როგორ წერს ლექსებს ქეთევან შენგელია? როგორ მოდის შთაგონება?
– ყველაზე რთული საპასუხო კითხვაა. თითქმის ყველა ლექსი ღამე მაქვს დაწერილი. შთაგონება ხშირად მოულოდნელად მოდის. პირველი ორი სტროფი სწრაფად და თითქმის თავისით იწერება… მერე შეიძლება შეცვალო კიდეც ერთი-ორი სიტყვა… მაგრამ მანამდე განცდა, ტკივილი, სიხარული, სიყვარული, იმედგაცრუება, რეალური თუ მოჩვენებითი ურთიერთობები… ეს ყველაფერი ადამიანის გონებაში ირევა.
ჩემი აზრით, სულ თან ატარებ შენს სათქმელს და მერე, სულ მცირე ბიძგის დროს, პოულობს განწყობა თავის გზას ფურცლებისკენ. ამ დროს მარტო ყოფნა ჩემთვის აუცილებელია. ამ პროცესის ზუსტი აღწერა ძნელია.
ლექსის წერის დროს ყველაფერი გავიწყდება. არის ამ დროს რაღაც ამოუხსნელიც. მიუხედავად ამისა, ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რეალური სამყაროა, ხოლო, სხვა დანარჩენია ირეალური.
– ჯილდოები და სამომავლო გეგმები…

art გალერეა „შავი ლომის“ გახსნაზე

– ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ კონკურსებში არასდროს არ ვმონაწილეობდი. არ მიყვარს რატომღაც ლიტერატურულ კონკურსებში მონაწილეობა.  თუმცა სხვაგვარად ვინც ფიქრობს, იმისი აზრიც გასაგებია ჩემთვის. ერთელ წარვადგინე ლექსები ახლობელის თხოვნით და ავიღე ლიტერატურულ ფესტივალზე პრიზი „ნინოს ჯვრის მედალიონი“ (1915); რაც შეეხება პრემიებს, 2015 წელს გამოქვეყნებული ლექსებისთვის მომანიჭეს ანა კალანდაძის პრემია უკონკურსოდ (2015), ხოლო 2016 წელს აკაკი წერეთლის სახელობის პრემია მომენიჭა, ესეც უკონკურსოდ,  ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ორიგინალურს ვერაფერს ვიტყვი, ამჟამადაც ახალ პოეტურ კრებულს ვამზადებ და მალე გამოვა ალბათ, უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის.
წარმატებას და სიახლეებს ვუსურვებ თქვენს საინტერესო საიტს და თამარ, პირადად თქვენ გისურვებთ შემდგომ შემოქმედებით წარმატებებს და თქვენს ჟურნალს „ანეულს“ საინტერესო სიახლეებს.

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები