ექსპერტის დასკვნა გახმაურებულ საქმეში
გახმაურებული საქმის ახალი გარემოებები, რომელიც ამ დრომდე არსებულ ოფიციალურ ვერსიას თავდაყირა აყენებს. 2015 წლის 8 ნოემბერს, როდესაც ადვოკატები პროფესიულ დღეს ზეიმობდნენ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაკე–საბურთალოს პოლიციის მე-5 განყოფილებაში ადვოკატ გიორგი მდინარაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ამ ცნობას წინ უძღოდა თავად მდინარაძის მიერ ფეისბუქში გამოქვეყნებული შემდეგი შინაარსის პოსტი: „ერთ-ერთმა განყოფილებამ პირველმა მომილოცა ადვოკატთა დღე. მილოცვის ფორმა შემდეგია – არასრულწლოვანი დააკავეს და პროფესიული ვალდებულების შესასრულებლად მივდივარ“. ამ განცხადებას თან ერთვის შესაბამისი ემოციის გამომხატველი სმაილი – „თავს გრძნობს გადარეულად“.
მოკლედ, პროფესიული ვალდებულების შესასრულებლად ვაკე-საბურთალოს მე-5 განყოფილებაში მისული გიორგი მდინარაძე მალევე ავრცელებს ინფორმაციას განყოფილების უფროსის, ლაშა კვირკვაიას მიერ მისი ცემის შესახებ. გიორგი მდინარაძის განცხადებით, ის სწორედ იმ დროს სცემეს, როდესაც ერთ-ერთი დაკავებული არასრულწლოვნის სავალდებულო წესით დასაცავად პოლიციის განყოფილებაში მივიდა. მდინარაძე ირწმუნებოდა, რომ ფიზიკური ანგარიშსწორების დროს კვირკვაია ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
თავად კვირკვაია კი ირწმუნება, რომ პოლიციის განყოფილებაში ადვოკატი არავის უცემია. მისი თქმით, ადგილზე მისულმა ადვოკატმა საქმის გაჭიანურების მიზნით პოლიციას აქეთ მიაყენა შეურაცხყოფა, ყურზე მოქაჩვის სახით, რის შემდეგაც მისი ადმინისტრაციული წესით დაკავების გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ამის თავიდან ასარიდებლად კი, კვირკვაიას თქმით, არასრულწლოვნის ინტერესების დამცველმა პოლიციის განყოფილებაში თვითდაზიანებები მიიყენა.
მიუხედავად ამისა, ადვოკატის საჩივრის საფუძველზე პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე უფლებამოსილების გადამეტების მუხლით აღძრა და ლაშა კვირკვაია ბრალდებულის სახით დააკავა. ამჟამად პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული და დღე-დღეზე სასამართლოს საბოლოო ვერდიქტს ელოდება, თუმცა მტკიცებულება, რომელიც ცოტა ხნის წინ ამ საქმეში გამოჩნდა, გამოძიების ოფიციალურ ვერსიას მთლიანად ეწინააღმდეგება.
საუბარია დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნაზე, რომელმაც გიორგი მდინარაძის სხეულზე არსებული დაზიანებები შეისწავლა და სადაც ვკითხულობთ, რომ აღნიშნული დაზიანებების მიყენება შეუძლებელია მუშტის, გაშლილი ხელის, ან თავის გამოყენებით, როგორც ამას დაზარალებული აცხადებს. დასკვნას ხელს აწერს დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი.
საქმეში დევს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაც, რომელიც, ასევე, არ გამორიცხავს თვითდაზიანების ფაქტს, თუმცა ეს დოკუმენტი, ალტერნატიული დასკვნისგან განსხვავებით, კატეგორიული არ გახლავთ, ვინაიდან ის არც გამოძიების ოფიციალურ ვერსიას არ გამორიცხავს. შეიძლება ითქვას, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტებმა, დასაშვებად მიიჩნიეს როგორც თვითდაზიანების, ისე ცემის შესაძლებლობა.
საქმეში დევს კიდევ ერთი მტკიცებულება, ასევე ექსპერტიზის დასკვნის სახით. ამჯერად საუბარია ალკოჰოლური თრობის დადგენის მიზნით ჩატარებულ ექსპერტიზაზე. როგორც ცნობილია, გიორგი მდინარაძე აცხადებდა, რომ ფიზიკური ანგარიშსწორების დროს ლაშა კვირკვაია ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა, თუმცა სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზის შედეგად გაირკვა, რომ კვირკვაიას ორგანიზმში ეთილის სპირტის მაჩვენებელი საერთოდ არ ფიქსირდებოდა, თავად გიორგი მდინარაძის ორგანიზმში კი ეს მაჩვენებელი 0,13 პროცენტს შეადგენდა. თავისთავად, ეს მაჩვენებელიც არ ნიშნავს ალკოჰოლურ სიმთვრალეს, მით უმეტეს, რომ გიორგი მდინარაძეს შემთხვევის ადგილზეც ჩაუტარეს ალკოტესტი, რომელმაც მისი ფხიზელ მდგომარეობაში ყოფნის ფაქტი დაადასტურა. მოკლედ, ირკვევა, რომ 8 ნოემბრის ღამეს ამ საქმის ორივე ფიგურანტი ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ახლა, მტკიცებულებების შეჯერების საფუძველზე მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, რასთან გვქონდა საქმე – ფიზიკური ანგარიშსწორება თუ თვითდაზიანება.
სანამ მოსამართლე საბოლოო ვერდიქტს გამოაცხადებს, მანამდე „პრაიმტაიმი“ ორივე მხარეს დაუკავშირდა და შეეცადა, გაერკვია, ვის სასარგებლოდ მეტყველებს საქმეში არსებული მტკიცებულებები. რაღა თქმა უნდა, ჩვენი განსაკუთრებული დაინტერესება ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნამ მიიპყრო, რომელიც ამ დრომდე არ გახმაურებულა. ამიტომაც, სანამ მხარეების მოსაზრებებს გაგაცნობთ, ვნახოთ, რამდენიმე ამონარიდი დამოუკიდებელი ექსპერტის, მაია ნიკოლეიშვილის დასკვნიდან:
„გიორგი მდინარაძის მარცხენა ყურის ბიბილოს უკანა ზედაპირზე არსებული დაზიანებები შეუძლებელია წარმოქმნილი იყოს ამ მიდამოში ადამიანის გაშლილი ხელის, ან მუშტის ზემოქმედებით, ან ამ მიდამოზე თავის დარტყმით (როგორც ამას მიუთითებს დაზარალებული გიორგი მდინარაძე)“.
„გიორგი მდინარაძის სახეზე არსებული დაზიანებები თვალბუდის, ლოყის, წარბის მიდამოში განლაგებულია მხოლოდ სახის მარცხენა ნახევარში, ქმნის გარკვეულ გეომეტრიულ სურათს ერთ პირობით ვერტიკალურ ხაზზე. ეს დაზიანებები შესაძლოა, წარმოქმნილიყო ერთდროულად, ერთ მომენტად, კუთხეების, ან წიბოების მქონე მოგრძო ზომის საგანთან, როგორიცაა კარების ალუმინის ჩარჩო, კონტაქტის (შეჯახების) შედეგად, ისე, როგორც ამას მიუთითებენ თავის ჩვენებებში პოლიციის თანამშრომლები“.
საინტერესოა, რას ფიქრობს ექსპერტიზის აღნიშნულ დასკვნაზე დაცვის მხარე. „პრაიმტაიმი“ ლაშა კვირკვაიას ადვოკატს, ზურაბ ბელთაძეს დაუკავშირდა:
– სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც არ გამორიცხავს, რომ დაზიანებები სწორედ იმ ვითარებაში იყოს მიღებული, რასაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და არაერთი მოწმე ყვება. თუმცა სამხარაულის დასკვნა არ არის კატეგორიული და ექსპერტი წერს, რომ დაზიანება შეიძლება მიღებული იყოს ისეც და ასეც. როდესაც ჩნდება ასეთი ეჭვი, ეს ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. მით უმეტეს, საქმეში დევს დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც თავდაყირა აყენებს გამოძიების ოფიციალურ ვერსიას და ადასტურებს, რომ ე.წ. დაზარალებული ცრუობს.
– კონკრეტულად რას გაძლევთ დაცვის მხარეს, მაია ნიკოლეიშვილის მიერ მომზადებული დასკვნა?
– აქ ძალიან ფართოდ არის ნამსჯელი კონკრეტულ დაზიანებებზე და ლოკალიზაციაზე. ექსპერტი პირდაპირ წერს, რომ ლოყაზე არსებული დაზიანება, რომელიც გახლავთ სწორკიდოვანი და ქმნის ე.წ. Z-ის ფორმას, შეუძლებელია მიყენებული იყოს მუშტის დარტყმით, გაშლილი ხელით, ან თავის ჩარტყმით. ექსპერტიზაში შავით თეთრზე წერია, რომ დაზიანება გამოწვეულია კუთხოვან საგანთან შეჯახების შედეგად. ექსპერტი კატეგორიულია ყურის ბიბილოსთან არსებულ დაზიანებასთან მიმართებაშიც. როგორც ცნობილია, მდინარაძე ამბობს, რომ ეს დაზიანება მან თავის ჩარტყმის შედეგად მიიღო. ექსპერტი კი წერს, რომ გამორიცხულია აღნიშნული დაზიანების მიყენება თავის ჩარტყმის შედეგად იყოს მიღებული. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, გიორგი მდინარაძე იტყუება. ამასვე ამტკიცებენ მოწმეები, ადგილზე მყოფი პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს ადამიანი არ ემორჩილებოდა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, ეჯახებოდა ხან რას და ხან – რას. ამ ჭიდაობის დროს დაზიანებები მიღებული აქვთ თავად პოლიციის თანამშრომლებსაც, რასაც ადასტურებს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები. ამ ადამიანებსაც კვირკვაიამ სცემა?! სად არის აქ ლოგიკა?!
– თუმცა მათი ჩვენებები რამდენად სანდო შეიძლება იყოს, თუნდაც მეგობრული და კოლეგიალური ურთიერთობებიდან გამომდინარე…
– მეგობრული ურთიერთობა სულაც არ აკავშირებთ. ორი პოლიციელი, შეიძლება მართლაც ყოფილიყო ახლო ურთიერთობაში ლაშასთან, მაგრამ არის ბევრი სხვა მოწმე, რომლებიც სულაც არ არიან ლაშა კვირკვაიას მეგობრები. თქვენ გავიწყდებათ, რომ ესენი არიან პოლიციის მოქმედი ოფიცრები. მათ ყველაზე კარგად იციან, რა შეიძლება მოჰყვეს ცრუ ჩვენების მიცემას. ამის გამო, შეიძლება თავადაც კი აღმოჩნდნენ საპატიმროში. ეს მათ ძალიან კარგად იციან და სწორედ ამიტომ, ყვებიან იმას, რაც ნახეს. განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რომლებსაც პროკურატურამ არაერთხელ შეაცვლევინა ჩვენება და ყველა ჯერზე სხვადასხვა ვერსიები გაამყარებინათ. თუკი ახლობლობასა და მეგობრობაზეა საუბარი, მაგ ლოგიკით საერთოდ არაფრის მომცემია ე.წ. დაზარალებულის, გიორგი მდინარაძის მეუღლის ჩვენება. საკუთარ ცოლზე ახლობელი შეიძლება იყოს ვინმე? ის არის დღეს პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ლაშა კვირკვაიას წინააღმდეგ.
– ექსპერტიზის დასკვნაში მართლაც საუბარია მკვრივ საგანთან შეჯახებაზე და არა ხელის, ან თავის დარტყმაზე, მაგრამ გამორიცხავთ, რომ მდინარაძეს მკვრივ საგანზე თავი სწორედ კვირკვაიამ მიარტყმევინა?
– ეს გამორიცხულია, რადგან თავად მდინარაძე საუბრობს, რომ მას სცემეს ხელებით და თავის ჩარტყმით. რაიმე საგანთან შეჯახებაზე თვითონაც კი არ საუბრობს. ის ამტკიცებს, რომ დაზიანებები მიღებული აქვს მუშტებისა და თავის ჩარტყმის შედეგად. ბრალიც სწორედ ამაზეა აგებული.
– ანუ შეიძლება ითქვას, რომ ექსპერტიზის ეს დასკვნა მთლიანად გამორიცხავს წარდგენილ ბრალდებას?
– დიახ, ეს დასკვნა აბსოლუტურად თავდაყირა აყენებს გიორგი მდინარაძის მიერ შეთხზულ ვერსიას. გამორიცხულია, რომ ეს დაზიანებები ე.წ. დაზარალებულს ცემის შედეგად ჰქონდეს მიყენებული.
– ანუ ფიქრობთ, რომ მან თვითდაზიანებები მიიყენა?
– ეს იყო გამიზნული თვითდაზიანება თუ მის მიერ პოლიციის განყოფილებაში მოწყობილი დებოშის დროს რაიმე საგანთან შეჯახების შედეგი, მე არ ვიცი. ერთადერთი, რაც დადასტურებულად შემიძლია ვთქვა, ეს ადამიანი პოლიციის განყოფილებაში არავის უცემია. მდინარაძე მანამდეც ორჯერ იყო მსგავს სიტუაციაში – ერთხელ 2007 წელს და მეორედ 2011 წელს. ეს იყო უკვე მესამე შემთხვევა, როდესაც ხელბორკილის დადებას უპირებდნენ და ამ გზით სცადა სიტუაციიდან გამოძრომა, ისევე როგორც წინა შემთხვევებში.
– გასაგებია, მაგრამ რა ინტერესი ჰქონდა მდინარაძეს, რომ ეს ყველაფერი მოეგონებინა?
– ადამიანი იყო უკმაყოფილო იმის გამო, რომ გვიან სახლიდან გასვლა მოუწია. როგორც იცით, საკუთარ „ფეისბუკზეც“ კი დაწერა – გადარეული ვარ, ასე მომილოცა ადვოკატის დღე პოლიციამო. ამის შემდეგ მეუღლეს უბარებს, რომ განყოფილებაში მივალ, 20 წუთში დავბრუნდები უკან, დაკავებულს ჩვენებას არ მივაცემინებო. ანუ ის თავიდანვე მიდიოდა აგრესიული განწყობით. მოაწყო დებოში, რომ სახლში მალე დაბრუნებულიყო.
– გარდა ექსპერტიზის დასკვნიდა, საქმეში სხვა მტკიცებულებებიც არსებობს, რომელთა ერთობლიობაც ქმნის საბოლოო სურათს… რას გვეტყვით იმ მოწმეებზე, რომლებიც ლაშა კვირკვაიას ადებენ ხელს…
– ბრალდების მხარის მოწმეები არიან თავად გიორგი მდინარაძის მეუღლე, დაკავებული არასრულწლოვანი და მისი მამა. ეს უკანასკნელი თავის პირველ ჩვენებაში ამბობს, რომ მას არაფერი დაუნახავს, რადგან განყოფილების გარე პერიმეტრზე იმყოფებოდა, თუმცა მოგვიანებით ჩვენება შეცვალა და თქვა, რომ შიგნით იყო. ამის სანაცვლოდ მის ვაჟს, რომელსაც ჯგუფური ძარცვის ბრალდება ჰქონდა წარდგენილი და საკმაოდ სერიოზული სასჯელი ელოდა, ბრალდება შეუმსუბუქეს და საერთოდ არასაპატიმრო სასჯელი აკმარეს. სად იმყოფებოდა ეს მოწმე, ეს უნდა ასახული იყოს გარე პერიმეტრის კამერებზე, რომელიც პროკურატურას მტკიცებულების სახით ჰქონდა ამოღებული, თუმცა მოულოდნელად სასამართლოზე ეს მტკიცებულება უკან გაიწვია.
– რატომ?
– მათ იცოდნენ, რომ კამერებში ნათლად გამოჩნდებოდა ამ მოწმის მდებარეობა და ეს სრულ წინააღმდეგობაში იქნებოდა იმ ჩვენებასთან, რომელიც მას მიაცემინეს. რეალურად, ეს ადამიანი იყო განყოფილების გარეთ და შესაბამისად, ვერაფერს გაიგონებდა და ვერც დაინახავდა. იგივე მოხდა თავად არასრულწლოვანთან მიმართებაშიც, რომელსაც ერთმანეთისგან სრულიად საწინააღმდეგო ჩვენებები მიაცემინეს. ეს ბავშვი ორ ჩვენებაში იძახის, რომ არანაირ ცემას განყოფილებაში არ შესწრებია და არც რაიმე საეჭვო გაუგია, თუმცა მესამე დაკითხვის დროს ამბობს, რომ თითქოს გაიგონა ხმა – რას შვრებით, ნუ მცემთ, ნუ მირტყამთო. ამის გამო, ბრალდებულს, რომელსაც მინიმუმ 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, პირობითი სასჯელი აკმარეს. და აქვე მინდა ხაზი გავუსვა კიდევ ერთ ფაქტს, რომელიც ე.წ. დაზარალებულის ტყუილს ააშკარავებს. ამ ამბიდან მეორე დღესვე ლაშა კვირკვაისაც და გიორგი მდინარაძესაც აუღეს სისხლი, რათა დადგენილიყო ალკოჰოლური თრობის მაჩვენებელი, ვინაიდან მდინარაძე ირწმუნებოდა, რომ თითქოს კვირკვაიამ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა სცემა. მოვიდა ექსპერტიზის დასკვნა, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ კვირკვაიას სისხლში ეთილის სპირტის შემცველობა საერთოდ არ ფიქსირდება, ხოლო გიორგი მდინარაძის შემთხვევაში დაფიქსირებულია 0,13 პროცენტი.
– თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მდინარაძე ნასვამი იყო…
– კი ბატონო, ეს მაჩვენებელი არ ნიშნავს ალკოჰოლურ თრობას, მაგრამ როცა მეორე დღეს 0,13 პროცენტი ამოუვიდა, ესე იგი განყოფილებაში ყოფნის დროს უფრო მაღალი იქნებოდა შემცველობა, რადგან საათობრივად იკლებს სისხლში ალკოჰოლის დოზა და ის გადის ორგანიზმიდან. ჩვენ მისგან განსხვავებით ასე ხელაღებით ვერ ვიტყვით, მაგრამ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ თავად გიორგი მდინარაძე იყო არაფხიზელ მდგომარეობაში. ყოველ შემთხვევაში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი რომ ნასვამი არ იყო, ეს ოფიციალურად არის დადასტურებული.
„პრაიმტაიმი“ გიორგი მდინარაძესაც დაუკავშირდა. ის ადასტურებს, რომ ექსპერტიზის დასკვნები მის ვერსიას არ ამყარებს, თუმცა იმედი აქვს, რომ მოსამართლე შინაგანი რწმენითა და სხვა მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.
გიორგი მდინარაძე, დაზარალებული:
– კი ბატონო, დამოუკიდებელი ექსპერტიზის გარდა, სამხარაულში დანიშნული იყო კომისიური ექსპერტიზაც და ვერც მან დაადგინა დაზიანებების წარმომავლობა. თითქმის იგივეა მაია ნიკოლეიშვილის დასკვნაც. სამწუხაროდ, ვერცერთმა ექსპერტმა ვერ დაადგინა, რისგან შეიძლება ყოფილიყო მიყენებული ეს დაზიანებები. გაუგებარია რანაირი ექსპერტები არიან. მაია ნიკოლეიშვილმა თქვა, მე არ ვარ კატეგორიულიო, შესაბამისად, ის არცერთ ვერსიას არ გამორიცხავს.
– თუმცა მის დასკვნაში სრულიად ცალსახად ვკითხულობთ, რომ არსებული დაზიანებები შეუძლებელია გამოწვეული ყოფილიყო მუშტის, ან გაშლილი ხელის ჩარტყმით, ისევე როგორც თავის დარტყმით… ვერ ვიტყოდი, რომ კატეგორიული არ არის… ის პრაქტიკულად გამორიცხავს ცემის ფაქტს….
– ის კერძო ექსპერტია, ფული აქვს აღებული და ცდილობს, მათ სასარგებლოდ დადოს დასკვნა. სასამართლოში მისცა ჩვენება და განაცხადა, რომ დასკვნა დაწერა იმ სურათების საფუძველზე, რომელიც იმ პერიოდში გავრცელდა მედიასაშუალებებში. ეს კადრები გადაღებულია ჩემი საავადმყოფოში ყოფნის დროს.
– თუმცა პროკურატურის მიერ დანიშნულ სამხარაულის ექსპერტიზასაც არ უთქვამს, რომ თქვენ ცემის შედეგად მიიღეთ ეს დაზიანებები…
– ხო, ვერც იმან ვერ თქვა. სამხარაულმა დაწერა, რომ ისეც შეიძლება მომხდარიყო და ასეცო.
– აქედან გამომდინარე, მაინტერესებს, როგორია თქვენი მოლოდინი, როდესაც ექსპერტიზის დასკვნები აშკარად ვერ ამყარებს თქვენს ვერსიას ცემასთან დაკავშირებით?
– ეს ექსპერტიზის დასკვნები არაფერის მომცემია. არც ჩემს სასარგებლოდ მეტყველებს და არც ბრალდებულის სასარგებლოდ.
– თუმცა, როგორც წესი, ორაზროვანი მტკიცებულებები ბრალდებულის სასარგებლოდ წყდება ხოლმე…
– კი, კვირკვაიას შეუძლია, ეს გამოიყენოს და თქვას, რომ ნებისმიერი ეჭვი მის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში ხდება, თუ სხვა მტკიცებულებები არ არსებობს, რომელიც დანაშაულზე მიუთითებს.
– სხვა რა მტკიცებულებები გაქვთ?
– საგამოძიებო ექსპერიმენტი, მოწმეთა ჩვენებები… დაცვის მხარის მოწმეების ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები, რომელიც, ასევე, ჩემს სასარგებლოდ მეტყველებს.
– თუმცა თავად დაცვის მხარე ამბობს, რომ ბრალდების მოწმეებს ყველა ჯერზე სხვადასხვა ჩვენებები აქვთ მიცემული…– ეს არ არის ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები. თავიდან იმ ბავშვმა და მამამისმა თავი შეიკავეს რეალური ინფორმაციის გამჟღავნებისგან. მათ ახსნეს კიდეც, ასე რატომ მოიქცნენ. თუმცა შემდეგ უკვე თქვეს ყველაფერი. პოლიციელები კი ერთმანეთისგან განსხვავებულ ჩვენებებს აძლევენ. ზოგი ამბობს, ყური აუწიაო, ზოგი ამბობს, რო შემოარტყაო, ზოგმა, კარს დაარტყა თავიო და ა.შ. და საერთოდ, რა ინტერესი უნდა მქონოდა კვირკვაიას ციხეში გაშვების, ან სახლიდან რატომ უნდა გავსულიყავი გაბრაზებული. ეს ხომ აბსურდია.
– თუმცა საქმის მასალებში დევს ფეისბუკპოსტი, რომელიც თქვენ ზუსტად იმ დღეს განყოფილებაში მისვლამდე გამოაქვეყნეთ და წერდით, რომ პოლიციაში გამოძახების გამო თავს გრძნობთ გადარეულად…
– მერე ეს გაბრაზებას ნიშნავს?! ეს დავწერე ე.წ. სმაილის სახით, რომელიც, პირიქით, დადებითი ემოციის გამომხატველია. საერთო ჯამში, მინდა ვთქვა, რომ, თუ ლაშა კვირკვაია სასამართლომ გაამართლა, გამოვა, რომ პოლიციის განყოფილებაში ნებისმიერი ძალადობა და პოლიციელის მიერ უფლებამოსილების გადამატება დაუსჯელი იქნება და ვერცერთი დაზარალებული ვერ დაამტკიცებს თავის სიმართლეს. როგორც ვხვდები, ეს ექსპერტებიც ვერაფერს ადგენენ.
– თქვენი პოზიცია არის, რომ კვირკვაია ნასვამი იმყოფებოდა?
– პოზიცია კი არა, ეს არის ფაქტი. როდესაც მცემა, მას სუნიც ჰქონდა ალკოჰოლის და ისედაც ეტყობოდა, რომ ნასვამი იყო. სწორედ ამიტომ მივითხოვე ალკოტექსტი. მოვიდა პატრული და ამ დროს კვირკვაია ადგილზე აღარ იმყოფებოდა. რატომ გაიპარა? ეს არ აღძრავს ეჭვებს?!
– თუმცა ექსპერტიზის შედეგად კვირკვაიას სისხლში ალკოჰოლი არ აღმოჩნდა, თქვენს ორგანიზმში კი 0,13 პროცენტი დაფიქსირდა… საპირისპიროს ხომ არ ამტკიცებს ეს?
– ეგ ექსპერტიზა ჩატარდა მეორე დღეს. ჩემთან აღმოჩნდა 0,13 იმიტომ, რომ ჰოსპიტალში სისხლი ამიღეს და მედიკოსმა დაადასტურა, რომ სპირტი გამოიყენა.
– სისხლი მასაც ხომ აუღეს?
– არ ვიცი, მას როგორ აუღეს, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ყველაფერი დადასტურებულია. მე ადგილზე ალკოტესტით შევმოწმდი და იქ არანაირი თრობა არ დამიფიქსირდა. კვირკვაიამ მეორე დღეს რომ აიღო სისხლი, ცხადია, მაგ დროს უკვე გასული იქნებოდა შემცველობა. მარტივად შეიძლება ამის გაკეთება.
წყარო: „პრაიმტაიმი“