აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტს წამყვანი საერთაშორისო გამოცემები ეხმაურებიან

Foreign Policy სტატიაში „ვაშინგტონში მღელვარე კვირის განმავლობაში პენსი ანუგეშებს აღმოსავლეთევროპელ მოკავშირეებს“ წერს: „მაშინ, როცა ვაშინგტონში ქაოსი მძვინვარებს, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი აღმოსავლეთ ევროპაში იმყოფება და ამერიკის მოკავშირეებს არწმუნებს, რომ აშშ-ს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მათი დაცვა.

„ჩვენ თქვენთან ვართ. ჩვენ ვუდგავართ და ყოველთვის დავუდგებით გვერდში ესტონელ, ლატვიელ და ლიტველ ხალხს“, – განაცხადა პენსმა ტალინში ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მაშინ, როცა შინ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჯერ კიდევ არ გაუკეთებია კომენტარი რუსეთის მიერ აშშ-ის დიპლომატების გაძევებასთან დაკავშირებით.

ტალინში ვიცე-პრეზიდენტმა, ესტონეთის პრეზიდენტთან ერთად, მონაწილეობა მიიღო კიბერტექნოლოგიებისა და ინოვაციების შესახებ სესიაში, სამშაბათს კი გაემგზავრა თბილისში, სადაც ამ თანამდებობის დაკავებიდან უკვე მესამედ შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს.

„ჩვენთვის საქართველო წარმოადგენს მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორს და ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს ტერიტორიულ მთლიანობას და თქვენს მისწრაფებებს ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პენსმა პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ სადილზე თბილისში. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე კი მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის მეხუთედი.

ამასობაში კი ვაშინგტონში პრეზიდენტ ტრამპს პირადად ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი კანონპროექტზე, რომელიც კონგრესმა მიიღო რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების შემოსაღებად. პარასკევს თეთრი სახლის პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ ტრამპი ხელს მოაწერს ამ კანონპროექტს.

თბილისში გამოსვლისას პენსმა დაადასტურა, რომ კანონპროექტს მალე მოეწერება ხელი“,-აღნიშნულია სტატიაში.

Foreign Policy-ს აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ განუცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტ პენსის ვიზიტი არის მკაფიო გზავნილი საქართველოსა და აშშ-ს შორის მტკიცე ურთიერთობების შესახებ. „ეს არის მნიშვნელოვანი ისტორიული ეტაპი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში“, -აღნიშნა ელჩმა.

პენსის განცხადებით, აშშ გვერდში უდგას საქართველოს მიუხედავად პროტესტისა რუსეთის მხრიდან -ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას „Bloomberg“.
გამოცემა წერს, რომ ვიცე-პრეზიდენტ მიკე პენსის თანახმად, აშშ „მტკიცე“ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ამბიციებს ნატოში შესვლასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ანტაგონისტურად არის განწყობილი ამ სამხედრო ალიანსის გავლენის განვრცობის მიმართ ყოფილ საბჭოთა ტერიტორიაზე.

„ჩვენთვის საქართველო წარმოადგენს მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორს და ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს ტერიტორიულ მთლიანობას და თქვენს მისწრაფებებს ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პენსმა თბილისში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან საუბრისას. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „დღეს დილით მთხოვა, გადმომეცა მოკითხვა და მეთქვა თქვენთვის, რომ ჩვენ თქვენთან ვართ“, – თქვა პენსმა.

პენსის ვიზიტი „არის მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში – ჩვენ ვმუშაობთ უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ვაჭრობის სფეროებში ჩვენი თანამშრომლობის შემდგომ გაფართოებაზე“, – განაცხადა კვირიკაშვილმა ვიცე-პრეზიდენტის თბილისში ჩამოსვლის შემდეგ“,- ნათქვამია სტატიაში.

„აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს მხარდაჭერა აღუთქვა. საქართველო არის მეორე ქვეყანა, რომელსაც ის ეწვია თავისი ევროპული ვიზიტების ფარგლებში, რომლის მიზანიცაა რუსეთის აგრესიის საფრთხის ქვეშ მყოფი ქვეყნების მხარდაჭერა“ წერს Associated Press სტატიაში სათაურით „ „პენსი იძლევა საქართველოს მხარდაჭერის დაპირებას და გმობს რუსეთის მოქმედებებს“
პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ მაიკ პენსის თქმით, აშშ „სასტიკად გმობს რუსეთის მიერ ქართული მიწის ოკუპაციას. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართული პრესკონფერენციაზე პენსმა აღნიშნა, რომ აშშ ყოველთვის უარყოფს ნებისმიერი სახელმწიფოს ნებისმიერ პრეტენზიას, რომელიც ამ ურყევ პრინციპს ეწინააღმდეგება.

New York Times: პენსის განცხადებით, ტრამპი ძალიან მალე მოაწერს ხელს კანონს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ.
სტატიის თანახმად, კანონი, რომელსაც პრეზიდენტი ტრამპი „ძალიან მალე“ მოაწერს ხელს, ზღუდავს მის უფლებამოსილებას, შეამსუბუქოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.
„საქართველოს დედაქალაქში ხანმოკლე ვიზიტის დროს ბატონმა პენსმა პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს მხარდაჭერის დამადასტურებელი გზავნილი გადასცა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთსა და საქართველოს შორის ხანმოკლე ომის შემდეგ რუსეთი დღემდე აგრძელებს სეპარატისტული რეგიონების – სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას, რითაც არღვევს საერთაშირისო სამართალს“, წერს New York Times.

„საქართველოში მყოფი პენსი აცხადებს, რომ ტრამპი მხარს დაუჭერს სანქციების გამკაცრებას რუსეთის წინააღმდეგ“- ამ სათაურით გამოაქვეყნა სტატია გამოცემამ „United Press International“. მასში აღნიშნულია, რომ ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა აშშ-ის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის პირობა დადო და განაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ძალიან მალე“ თანხმობას გასცემს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე.

„ზუსტად ახლა 40 კილომენტრის დაშორებით ამ ადგილიდან, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, რუსული ტანკებია განლაგებული სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე“, – განაცხადა პენსმა თბილისში პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე და აღნიშნა, რომ „რუსეთს დღესაც აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის მეხუთედი“.

„სიცხადისთვის განვმარტავ: ამერიკის შეერთებული შტატები სასტიკად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს მიწის ოკუპაციას, ამერიკა პირველ რიგში არ ნიშნავს მხოლოდ ამერიკას, – თქვა პენსმა, – ჩვენ აქ ვართ, რათა ვუთხრათ ჩვენს მეგობრებს საქართველოში: ჩვენ თქვენთან ვართ. ჩვენ თქვენ გვერდში ვართ და თქვენს გვერდით ვიქნებით, ვიდრე თქვენ გააგრძელებთ ნატოს წევრობისკენ გამიზნულ ძალისხმევას“.

„ჩვენ უკეთესი მომავლის იმედი გვაქვს და გვაქვს რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების იმედი. გარწმუნებთ, რომ მოსკოვის ბოლო დიპლომატიური ნაბიჯი ვერ შეარყევს აშშ-ის ერთგულებას თქვენი უსაფრთხოებისადმი, ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოებისადმი, ასევე ისეთი თავისუფლების მოყვარული ქვეყნებისადმი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, როგორიც საქართველოა“,-ციტირებს გამოცემა მაიკ პენსის სიტყვებს.

გამოცემა New Europe სტატიაში „თბილისში მყოფი პენსი აშშ-ის და ნატოს მხრიდან მხარდაჭერის დაპირებას იძლევა“ აღნიშნავს, რომ თბილისში, პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილთან შეხვედრის დროს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა საქართველოს ლიდერებს ვაშინგტონის მხარდაჭერა აღუთქვა.

„საქართველოს წინაშე დგას რუსეთის მიერ ქვეყნის ტერიტორიების ნაწილის ოკუპაციის საკითხი. საქართველოს აქვს ნატოს წევრობის იმედი.

2008 წელს თბილისთან ხუთდღიანი ომის შემდეგ კრემლმა აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონები, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნები. ამ ორ რეგიონში დღემდე განთავსებული რუსეთის სამხედრო ძალები ათასობით ჯარისკაცის შემადგენლობით.

ვიცე-პრეზიდენტი პენსი ასევე გეგმავს საქართველოში მიმდინარე ნატოს ერთობლივ წვრთნებზე დასწრებას – თითქმის 800 ქართველი და 1,600 ამერიკელი მებრძოლი მონაწილეობს წვრთნებში „ღირსეული პარტნიორი – 2017“.

თბილისს პენსი ესტონეთის შემდეგ ეწვია, სადაც მან ბალტიისპირეთის ქვეყნებს დაუდასტურა ვაშინგტონის თანადგომა და დაადანაშაულა რუსეთი „საერთაშორისო საზღვრების გადაკეთების“ მცდელობაში და „დემოკრატიული ქვეყნების წინააღმდეგ მოქმედებაში“,- ნათქვამია New Europe-ის სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები