„ამ სპექტაკლში ჩემი სისხლის ნაწილია“… – რა არის გიორგი სავანელისთვის ერთ წარმოდგენაში 6 როლის გარდასახვის საიდუმლო

საჯარო ლექცია ილია ჭავჭავაძის თემაზე

მისი ბავშვობა 9 აპრილის და აფხაზეთის ომის პერიოდის ძნელბედობას დაემთხვა. შემდეგ იყო მე-7 ფაზიკა-მათემატიკური გიმნაზია და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის რეჟისურის ფაკულტეტი.
სტუდენტობის წლებში მედეა კუჭუხიძის ჯგუფში ეუფლებოდა ოსტატობას. 19 წლისამ პირველი საკურსო სპექტაკლი რუსთაველის თეატრალურ სარდაფში დადგა. მას შემდეგ მრავალი წარმოდგენის რეჟისორობა ხვდა წილად. ყველა სპექტაკლი საინტერესო და გარკვეული ეტაპი იყო, ბევრს ექსტრემალური თავგადასავლებიც დაებედა…
მის შემოქმედებით ბიოგრაფიაში უმნიშვნელოვანესია ილია ჭავჭავაძის თემაზე  შექმნილი პიესა – „საუკუნის მკვლელობა“… ამბობს, რომ ილიას თემა მისი სუსტი წერტილია, ეს პიესა კი – მისი სისხლის ნაწილი.
ამ სპექტაკლში  6 როლი განასახიერა: პორუჩიკი, არტურ ლაისტი, ცენზორი, სტოლიპინი, ფილიპე მახარაძე, ზუბალაშვილი.
ახალგაზრდული შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივის“ და „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ დამფუძნებელია. საყოველთაო მსვლელობის: „დღე, როცა ვერ მოჰკლეს ილია“ – პროექტის ავტორი და ხელმძღვანელია. ილიას საიუბილეოდ, სექტემბერში, საინგილოში მცხოვრები ქართველებისათვის აპირებენ ილიას შესახებ სპექტაკლის – „საუკუნის მკვლელობის“ დადგმას.
ასევე შემოდგომაზე დაიწყებენ მუშაობას ილიას პოეზიის სრული აუდიოჩანაწერის გამოცემაზე, სადაც მონაწილებას მიიღებს ქართული თეატარის 80 მსახიობი.
უხელფასოდ, მწირი დაფინანსებით, მეგობრებთან ერთად, უამრავ საინტერესო პროექტს ახორციელებს და სამომავლოდაც არ აპირებს შეჩერებას. – მსახიობისა და რეჟისორის, გიორგი სავანელის პერსონა.

– დავიბადე თბილისში, ვიზრდებოდი დასთან ერთად. დედა პროფესიით ფიზიკოსია, მამა კინოდოკუმენტალისტი იყო. მათი განსხვავებული პროფესიები და ხასიათები ოჯახურ სივრცეში საინტერესო სინთეზს ქმნიდა.
დედის პრაგმატული და ლირიკულ-ემოციური ბუნება, მამის ბოჰემურობა, რომელიც რეალისტის ნატურასთან უცნაურად იყო შერწყმული, ალბათ თავისდაუნებურად ქმნიდა საინტერესო გარემოს, ხან კი დაძაბულ მუხტსაც. და, კიდევ ბებია, სიფრიფანა თეთრი მოხუცი, ახლად დაარსებული უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი გამოშვების კურსდამთავრებული, მრავალჭირგამოვლილი, იშვიათი კულტურის ქალი, რომელიც, ჯერ კიდევ  პატარა ვიყავი, როცა გარდაიცვალა, მაინც დატოვა დღემდე ცოცხალი შთაბეჭდილება…
ზედმიწევნით მახსოვს 9 აპრილი, მაშინ 5 წლის ვიყავი,  3 დღის შემდეგ დედაჩემმა სამოქალაქო პანაშვიდზე მე და ჩემი და წაგვიყვანა… ტიტები ვიყიდეთ და რამდენიმე გარდაცვლილის სურათის წინ დავდეთ.. მახსოვს შავი დროშები, აუარება ხალხი და სულის შემაძრწუნებელი სიჩუმე… მაჟრჟოლებს, რომ ვყვები…
მერე მახსოვს, პირველი არჩევნები, რომლის დროსაც მამას ბიულეტები მე ჩავაგდე ურნაში, უბედნიერესი ვიყავი, მეგონა, რომ მეც უფროსებივით საქმე გავაკეთე… მახსოვს ცისფერი „ვოლგა“, რომელიც მამაჩემს აკითხავდა და იმ მანქანაში თამაში…
მამაჩემის სამსახურში ვიზიტები, ტელეფილმების სტუდიის გუგუნი, ფაციფუცი, უამრავი ხალხი, მოძრაობა, სამონტაჟოების გუგუნი… რომელიც ალბათ 2 წლის მერე აბორტის გაკეთების შემდეგ მოწყენილი ქალის სიჩუმეს დაესგავსა…
მახსოვს ჩემს ცხოვრებაში პირველი წარმოდგენა, როდესაც ვნახე „გედების ტბა“ და სახლში დაბრუნებული, ჩემი ჭკუით, როგორ ვცეკვავდი ჯადოქრის სიკვდილის ეპიზოდს მისაღებ ოთახში…
მახსოვს ქუჩაში ტანკები, ჩვენ სახლთან ღამე ჩავლილი და გამთენიისას ამოვლილი „ბეტეერის“ ღრჭიალი… სტუმრად მისულს მახსოვს, ზოგგან ტყვიით შემომტვრეული ნახვრეტები ფანჯრებზე, უფრო წინდახედულებთან, ფანჯრებზე აკრული „ჟეშტი“, ან მის დასაგმანად მიწყობილი წიგნები მთელი ფანჯრის სიმაღლეზე…
კიდევ მახსოვს, ტელევიზიის წინ ქვიშის ტომრებით მოწყობილი „სანგარი“ და მამაჩემის ენით აუწერელი გინება… ცხონებული მამა მთლად უცოდველი არ იყო ამ ამბავში და უწმაწური გამოთქმები სჩვეოდა, მაგრამ ის ერთი შემთხვევა გამონაკლისი იყო, თურმე „სანგრად“ დაწყობილი ტომრებიდან რაღაც ნაწილი ტელევიზიის რომელიღაც თანამშრომელს წაუღია სახლში (მოუპარავს), რემონტს აკეთებდა თურმე და წაუღია… ამას ყვებოდა და რისხვას ვერ იკავებდა, ეს როგორ იკადრაო…
მერე? მერე ისევ ომი მახსოვს, აფხაზეთის… ყოველ საღამოს ინფორმაცია, რამდენი მოკლული ჩამოასვენეს… მახსოვს, მამაჩემის მშობლიურ სოფელში ვიყავით და ნათესავისაგან დაბრუნებული დედაჩემის ცრემლები, იქ მოუსმენია, გაგრა დავკარგეთო… ჭუბერზე გადმოსვლის კადრები… მამაჩემის დატუქსვა და ოთახიდან გაშვება, რომ არ მეყურებინა… და ამის მერე,  ერთ საღამოს მახსოვს მამაჩემის კაკუნი კარზე…
ის საქორწინო ბეჭედს ატარებდა და ყოველთვის ბეჭდით აკაკუნებდა, მისი კაკუნის მანერასაც ვცნობდი, იმ საღამოს პირველად ხელით დააკაკუნა, უცნაურად ვიგრძენი რაღაც… სახლში შემოსული რომ დაჯდა, სპეციალურად დავაკვირდი, ბეჭედი აღარ ეკეთა… და მაშინ მივხვდი,  ჩვენც მოგვიწევდა ამიერიდან რიგებში დგომა და პურის ტალონების აღება…
– სტუდენტობის პერიოდი…
–  სტუდენტობამ მომცა თავისუფლება და საკუთარი თავის რწმენა, მეტი გამბედაობა, რისკი და ბევრი კარგი რამ. მრავალი თავგადასავალი, ხიფათები და მათგან თავის დაღწევის გზების ძებნის უნარი.

რეპეტიციაზე

მოხდა ისე, რომ ის ჯგუფი, რომელშიც მოვხვდი,  სამსახიობო-სარეჟისორო გაერთიანებული ჯგუფი იყო, სადაც რეჟისორებიც მსახიობების დატვირთვით გავდიოდით სამსახიობო საგნებს და საკურსო სპექტაკლებშიც ვთამაშობდით. ეს იყო ჩემთვის კიდევ ერთი დიდი ბედნიერება.
ვსწავლობდი მედეა კუჭუხიძის ჯგუფში, რომელთანაც სტუდენტობის დროს გარკვეული უთანხმოებაც კი მქონდა, მაგრამ დღეს ვთვლი, რომ არა იგი, ბევრი რამ ჩემს პროფესიაში არ მეცოდინებოდა და უაღრესად მადლობელი ვარ ბედის, რომ მქონდა შესაძლებლობა, მასთან მესწავლა ოსტატობა.
სტუდენტობის პერიოდშივე იყო, რომ პირველი როლი პრისტლის „ვარდი და გვირგვინში“ ქალბატონ მედეასთან ვითამაშე და დღემდე მახსოვს მისი რეპეტიციები. ლამის თითო რეპეტიცია შემოქმედებითი ზრდის თითო საფეხური და ის სიამოვნება იყო, როცა ოსტატის მიერ უზუსტესად აწყობილ პერსონაჟს სცენაზე აცოცხლებ…
შემდეგ კი, ჩემმა მეორე პედაგოგმა გოჩა კაპანაძემ მეოთხე კურსზე ვიყავი, როცა უკვე თეატრში მათამაშა რომული „მე, ბებია, ილიკო და ილარიონში“ .
ამ პერიოდშივე იყო ჩემი პირველი საკურსო სპექტაკლი. 19 წლის ვიყავი და ჩემი სითამამის გამო, – თან იმიტომ, რომ თეატრალური სცენას ვერ გვაძლევდა სტუდენტებს საკურსოს დასადგმელად, მე კი აუდიტორიაში სპექტაკლის დადგმის სურვილი საერთოდ არ მქონდა, – პირველივე სპექტაკლი – ედუარდო დე ფილიპოს „ცილინდრი პროფესიულ თეატრში“ რუსთაველის თეატრალურ სარდაფში დავდგი…
ალბათ სითავხედეც იყო ჩემგან, მაგრამ ალბათ სასარგებლო სითავხედე- პირველივე სპექტაკლში მარჯანიშვილის თეატრის ორი მსახიობი –  ბატონები: კოტე თოლორაია და თენგიზ პაპიძე დავაკავე და, რაც უნდა მოულოდნელი იყოს, დამთანხმდნენ. ესეც, სიხარულის და სიამაყის გარდა, დიდი პასუხისმგებლობა იყო.
განსაკუთრებული სიამაყე ვიგრძენი, როცა აი ამ პირველ სპექტაკლზე პირველი პროფესიონალური დადებითი რეცენზია ძალიან მაღალი რანგის თეატრმცოდნემ და კრიტიკოსმა ლელა ოჩიაურმა დაწერა.
სტუდენტობის წლებშივე იყო, მოსწავლეთა სასახლეში დავიწყე მუშაობა თეატრალური წრის რეჟისორ-პედაგოგად. ახლაც მიხარია, რომ მაშინ ამ შემოთავაზებას, უხელფასოდ მემუშავა (მაშინ დამატებითი შტატი არ ჰქონდათ, არადა რეჟისორი სჭირდებოდათ, უფროსი თაობიდან კი, ეტყობა, ვერავინ დაითანხმეს), დავთანხმდი. ამან მომცა ნამდვილად სასარგებლო პროფესიული გამოცდილება, ექსტრემალურ პირობებში, მინიმალისტური საშუალებებით მუშაობის უნარი და ძალიან ბევრი მეგობარი.

დოკუმენტური ფილმის გადაღებაზე

ასევე, 4 წელი, უხელფასოდ ვიმუშავე… ბავშვებიც უჩვეულო მონდომებით ამყვნენ… მიხაროდა, რომ მშობლები მიხდიდნენ მადლობას, როცა ხედავდნენ, მათი შვილები როგორ იცვლიდნენ დამოკიდებულებას საქმისადმი, ზოგი ცხოვრების სხვა საკითხებისადმიც, როგორ იწყებდნენ სხვანაირად, უფრო საინტერესოდ ფიქრს…
მერე სასახლის თეატრალური სექტორის სხვა ჯგუფებიდან დაიწყეს გადმოსვლა ჩვენთან და წარმატებით ვმუშაობდით.
სტუდენტობის დროსვე მოხდა და ავიღე ჩემი პირველი სარეჟისორო ჰონორარი, მესამე კურსზე ვიყავი, ჭიათურის თეატრის დირექტორმა სთხოვა  მაშინდელ რექტორს, გიგა ლორთქიფანიძეს, არიქა, ვინმე გამომიგზავნე, სპექტაკლის  დადგმა დაწყებულია და ვერ ამთავრებს დამდგმელი, თან წელი  უკვე მთავრდებაო (მსახიობი დგამდა იმ სპექტაკლს)…
ბატონმა გიგამ გოჩა კაპანაძეს შესთავაზა, ბატონ გოჩას კი, არ ეცალა იმ დროს და ჩემი და ჩემი ჯგუფელი ირაკლი გოგიას ვარიანტი შესთავაზა… და წავედით ჭიათურაში.
დეკემბერი იყო, 2 კვირაში უნდა დაგვემთავრებინა, თორემ თუ იმ წელს თეატრი პრემიერას ვერ აჩვენებდა, თეატრს დაფინანსებას შეუკვეცავდნენ, ამიტომ ექსტრემალურ პირობებში ვიმუშავეთ, დარბაზში  5 გრადუსი იყო, ჩვენ კი 10-დან 6-საათამდე გადაბმულად ვმუშაობდით, რადგან მერე სინათლე ქრებოდა.
აი ასე, 27 დეკემბერს პრემიერა ვითამაშეთ. პირველი ჰონორარიც მაშინ ავიღე. ჰონორარს რომ ვამბობ, მეცინება… „სრული“ 200 ლარი.
სტუდენტობის წლებშივე იყო წინასადიპლომო სპექტაკლი ფოთის თეატრში და სადიპლომო – ლეო ქიაჩელის „თავადის ქალი მაია“, რომელშიც მთავარ როლს რუსთაველის თეატრის მსახიობი ირინა გუდაძე თამაშობდა. ეს სპექტაკლიც ჯერ თეატრალურ სარდაფში ვითამაშეთ, შემდეგ კი თავისუფალ თეატრში გადავიტანეთ. ერთი სიტყვით, ჩემი სტუდენტობა ძალიან დატვირთულიც, ფერადოვანიც და აზარტულიც იყო.
–  უამრავი სპექტაკლი დადგით. რომელს გამოარჩევდით, რომელსაც რაიმე საინტერესო ისტორია უკავშირდება?
– უამრავის რა გითხრათ… შეიძლება, ერთი შეხედვით, ასე მოჩანს, რომ ჩემი ასაკის კვალობაზე ბევრი დავდგი, თუმცა, რომ ვფიქრობ, არ არის ბევრი, მით უფრო, რომ ვგრძნობ იმ ძალას და შემართებას, რომლის გამოც უფრო მეტი შეიძლებოდა გამეკეთებინა, მაგრამ მიზეზთა და მიზეზთა გამო, არ მოხერხდა…
თუმცა, ალბათ გამოვყოფდი „თავადის ქალ მაიას“, რომელმაც თეატრალურ წრეებში ცნობადობა მომიტანა…
„კაცია-ადამიანი“,  სამეფო უბნის თეატრში, „არდიფესტის“ ფარგლებში დავდგი. ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი სპექტაკლია და, პირველ რიგში, ამ უცნობილესი ნაწარმოების ახლებური და არატრადიციული გააზრების და სცენური ვერსიის გამო, ახლებურში არ ვგულისხმობ ფორმით გათანამედროვებას, არა! ვეცადე, შიდა ხაზები და პოლიტიკური დისკურსი  წამომეწია, ჟანრობრივადაც ოდნავ შევცვალე. ეს არ იყო არც რეალისტური დრამა, არც ტრაგიკომიკური წარმოდგენა, როგორიც, ძირითადად, არის ხოლმე „კაცია-ადამიანი“. ვეცადე, პარაბოლის ჟანრში  ამეყვანა და პერსონაჟებიც მხოლოდ ვიწრო ეპოქალური რაკურსით არ ყოფილიყვნენ დანახულნი, ამის გამო ჩემთვის ერთ-ერთ ძვირფას ნამუშევრად რჩება.
ლაშა თაბუკაშვილის „ათვინიერებენ მიმინოს“ მიხედვით ილიაუნის თეატრში 2011 წელს დავდგი სპექტაკლი – „სულთა სამჭედლო, ანუ სისხლი სისხლის წილ“.

„სულთა სამჭედლო, ანუ სისხლი სისხლის წილ“: იონა – რეზო თავართქილაძე, პატრონი – გიორგი სავანელი

ეს იყო პერიოდი, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ სიმხეცე პიკს აღწევდა და სპექტაკლიც იმ ვითარებას ძალიან ზუსტად ეხმიანებოდა, იმდენად, რომ მაყურებელი მოდიოდა და გვილოცავდა არა მხოლოდ სპექტაკლს, არამედ გვიქებდა სითამამეს, რომ სცენიდან ვამბობდით იმ წლებში დაგროვილ თუ ჩახშობილ სათქმელს… სპექტაკლის იდეა ყველა ეპოქის დიქტატის, ტირანიის, ხალხის დამონების წინააღმდეგ იყო მიმართული და რომ ერებისა თუ ხალხთა წინააღმდეგ ბრძოლაში ჯერ საბოლოოდ არავის გაუმარჯვია… თუმცა ტრაგიკული იყო ფინალი, რადგან ნაჩვენები იყო, რა ფატალურ შედეგებს ტოვებს ტირანია საზოგადოებაში… რომ დგება დრო, თავისუფლება მოპოვებულია და ხალხი მაინც უცდის ახალ „ბელადს“ – „როცა გალიას დიდი ხნის შემდეგ ხსნიან, გაფრენა უკვე აღარ შეგიძლია“.
– სწორედ ამ სპექტაკლით აიღო ბატონმა რევაზ თავართქილაძემ, თეატრალური პრემია „დურუჯი 2011“ მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის.
– დიახ, ასე იყო… აქვე მინდა ვთქვა, რომ ილიაუნის თეატრში დადგმულ  ამ სპექტაკლს იმ დროს, სამწუხაროდ, დიდი ხნის სიცოცხლე არ ეწერა და ასეც მოხდა… ნახევარი სეზონის შემდეგ ახალმა დირექტორმა სპექტაკლი შეფარული მანევრირებით მოხსნა რეპერტუარიდან.
– უმნიშვნელოვანესია თქვენს შემოქმედებით ბიოგრაფიაში ასევე ილია ჭავჭავაძის თემაზე  შექმნილი პიესა „საუკუნის მკვლელობა“…
– ილია ჭავჭავაძის თემაზე ჩემ მიერ დაწერილი პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „საუკუნის მკვლელობა“ უმნიშვნელოვანესად მიმაჩნია. ისე კი, რა თქმა უნდა, ყველა სპექტაკლი საინტერესო და გარკვეული ეტაპი იყო ჩემთვის, ბევრს აქვს საინტერესო თავგადასავლებიც, ექსტრემალურიც…
– ვიცი, რომ საგასტროლოდ გამგზავრებულებს გზაში მოგისწროთ ომმა…

სცენა სპექტაკლიდან: „ნეაპოლი მილიონერთა ქალაქი“

–  „სიყვარული, ნარკოტიკი და…“ 7 აგვისტოს ჭიათურაში საგასტროლოდ რომ წავიღეთ,   2008 წელი იყო და უკან დაბრუნებისას გზაში მოგვისწრო ომმა, 8 აგვისტოს, გამთენიისას, გამოვიარეთ გორი და, რაც იქ უკვე ხდებოდა თუ მზადდებოდა, ამაზე ახლა არც მინდა ლაპარაკი… იგივე სპექტაკლი მართლა წარმატებით მიდიოდა თეატრალურ სარდაფში, ბოლოს სწორედ ის პერიოდი დაემთხვა, 2009 წელს რუსთაველი კარვებით რომ იყო ჩახერგილი და პარალიზებული იყო მთელი ცენტრალური ნაწილი… და როდესაც პანტაპუნტით იხსნებოდა სპექტაკლები, ჩვენი ისედაც გაზარმაცებული მაყურებელი ვერ ახერხებდა გადაადგილებას რუსთაველზე მდებარე თეატრებში.
სარდაფში იყო ერთი ლევან წულაძის „თაგვი“ და მეორე ჩვენი „სიყვარული, ნარკოტიკი და“, რომელიც არცერთხელ არ მოხსნილა და მარტო ამ „კარვების“ პერიოდში 4 თვის განმავლობაში 28 სპექტაკლი ვითამაშეთ, რაც ძალიან დიდი ციფრია მაშინ, როცა თეატრს 50 სპექტაკლი აქვს რეპერტუარში.
ასევე, დაემთხვა რომ 2008 წლის ომის შემდეგ შემოდგომაზე მომიწია „ნეაპოლი მილიონერთა ქალაქის“ დადგმა მოზარდმაყურებელთა თეატრში, პიესაში მოქმედება ხდება სწორედ მეორე მსოფლიო ომის დროინდელ იტალიაში და განსაცდელის დროს პიროვნული ღირსების შენარჩუნების იდეაა დაყენებული… ამ დამთხვევამ კი სპექტაკლს 2008 წლის აგვისტოს ფონზე კიდევ უფრო მეტი სიმძაფრე და თანადროულობა შესძინა…
– თქვენ დადგით ჩაპეკის „დედა“, სადაც მთავარ როლს 1965 წელს ვერიკო ანჯაფარიძე ასრულებდა…
– ჩაპეკის ამ პიესის დადგმის იდეა 2008 წლის ომის შემდეგ გამიჩნდა. 2009 წელს მუშაობა დავიწყეთ, „ერთი მსახიობის თეატრში“ უნდა დამედგა,  სადაც დედის როლს მარინა კახიანი შეასრულებდა. რეპეტიციები დავიწყეთ… მაგრამ ის ბოლო სეზონი აღმოჩნდა „ერთი მსახიობის თეატრისათვის“, მაშინდელმა მერიამ თეატრს დოტაცია შეუჩერა და, სამწუხაროდ, მან არსებობა შეწყვიტა… ჩვენი გეგმაც ჩაიშალა… 5 წლის შემდეგ ისევ მომეცა საშუალება, მივბრუნებოდი ამ პიესას. ახმეტელის თეატრმა შემომთავაზა დადგმა, მისმა ხელმძღვანელმა ირაკლი გოგიამ იცოდა, რომ „დედას“ დადგმა მქონდა იდეაში და ჩაიშალა. მითხრა, ამ პიესას ხომ არ დავდგამდი მათთან…  ბუნებრივია, დავთანხმდი.
იმის მიუხედავად, რომ 1939 წელს არის დაწერილი, პიესა ძალიან ეხმიანება ჩვენს რეალობას… უპირველესად, იგი პიროვნების, ქვეყნისა და სახელმწიფოს წინაშე მოვალეობის თემაზეა დაწერილი, აქ დაყენებულია ჩვენი რეალობისათვის უმნიშვნელოვანესი საკითხი – არჩევანი პიროვნულსა და საზოგადოს შორის, სადაც რიგითი ადამიანი, მოქალაქე აბიჯებს ობივატელურ მენტალობას და მოქალაქე – ინდივიდად შედგომის გზას ადგება, და ეს ყველაფერი პიესაში საოცრად ლოგიკურად და რეალურად ხდება.
აი, ამ იდეით დავდგი ეს სპექტაკლი, იმის წინააღმდეგ და საჩვენებლად, რისი კატასტროფული დეფიციტიც არის ჩვენში.
საზოგადოებისა და უფრო სწორედ ხალხის/მასის საზოგადოებად შედგომის პრობლემა უდიდესია და იმედია, ვერავინ მეტყვის, რომ ეს, სამწუხაროდ, ასე არ არის.
ამის გარდა, პიესაში თავისთავად ჟღერს პაციფისტური მოტივი და პატრიოტიზმის ექო, რაც ასევე მიმაჩნია, რომ დღევანდელი სატკივარია. აი, ამ თემამ და ჩემმა იდეამ გადამაწყვეტინა მისი დადგმა, რომლისთვისაც შემეძლო, დამექვემდებარებინა ჩაპეკის დრამა.
– პორუჩიკი, არტურ ლაისტი, ცენზორი, სტოლიპინი, ფილიპე მახარაძე, ზუბალაშვილი – სპექტაკლ „საუკუნის მკვლელობაში“ 6 როლი განასახიერეთ. რამდენად რთული იყო ეს? ალბათ საინტერესოც იყო…
– „საუკუნის მკვლელობა“ და ილიას თემა ჩემი სუსტი წერტილია… მასში ჩემი სისხლის ნაწილია. მან მაგრძნობინა, რომ რამედ შევდექი… ილიაზე სპექტაკლის შექმნის იდეა, ზუსტად მახსოვს, 2011 წელს გაჩნდა, როცა „სულთა სამჭედლოზე“ დავამთავრე მუშაობა…
მოვიძიე და წავიკითხე, თუ რამ იყო მხატვრული ნაწარმოები ილიაზე – ეს იყო  საბჭოთა დროს დაწერილი ორი საშინელი პიესა, რომელიც ილიაზეა დაწერილი… ზუსტადაც საშინელი, სადაც ილია დაქვემდებარებულია საბჭოთა კონიუნქტურულ იდეოლოგიას და გაიგივებულია საბჭოთა სოციალიზმის იდეასთან… ხომ არის შემაძრწუნებელი და პარადოქსული… ასევე, ვნახე თამაზ გოდერძიშვილის ლიტერატურული დრამა „ილია ვარ“, მისი მკვლელობის სასამართლო ოქმებზე აწყობილი და მივხვდი, ამ მასალის მიხედვით ვერ დავდგამდი იმას, რაც მინდოდა… მერე დავიწყე ილიას შესახებ მონოგრაფიების, მეცნიერული კვლევების, პუბლიცისტიკის, დოკუმენტური პროზის კითხვა… აქ მეტი ხელჩასაჭიდი იყო, მერე ისტორიულ მასალას მივადექი… თუმცა ეს ყველაფერი საჭირო იყო თეატრალურ ტექსტად, ქმედით ამბად – პიესად ქცეულიყო… ეს პროცესი რამდენიმე წელი გაგრძელდა, ჩემდაუნებურად, ალბათ, ღვინდებოდა ეს იდეაც…
2014 წელს, როცა ჩემს მეგობრებთან ერთად შევქმენი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, შემოქმედებთი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი“ და მოხდა ისე, რომ ილიას თემა ავირჩიეთ მთავარ იდეურ ღერძად და არ მგონია, რომ ეს გასაკვირი იყოს, ხომ?.. გადავწყვიტეთ ილიაზე შეგვექმნა სპექტაკლი და ჩემი ძველი იდეაც ამოტივტივდა…
წლების ნაფიქრი და წაკითხული კიდევ ერთხელ გადავიკითხე და იმ გუნდთან, მსახიობებთან ერთად, რომლებთანაც უნდა დამედგა, დავსხედით და დავიწყეთ პიესის წერა. ჯერ ავაგეთ დრამატურგიული ჩონჩხი მოვლენებისა და ამბებისა, რომელიც მინდოდა, ყოფილიყო წამოწეული და აქცენტირებული, შემდეგ ამ ამბებისათვის დავიწყეთ სცენების, ეპიზოდების მიხედვით ტექსტის წერა…
ახლაც რომ მახსენდება, ძალიან სასიამოვნო და დაუვიწყარი პროცესი იყო, რამეს რომ დავწერდით და თუ გული მეთანაღრებოდა, იქვე რეპეტიციის ფორმატში გადავდიოდით და მსახიობებთან ვსინჯავდი, რამდენად სცენური შეიძლება ყოფილიყო ესა თუ ის ტექსტი, მონოლოგი, ამბავი თუ სხვა… ეს იყო საოცარი, მართლა თანამოაზრებრივი მუშაობის აქტი… და ორთვენახევარში დავამთავრე.
შემდეგ მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრმა დაგვაფინანსა, მართალია, ისე მცირედით, რომ მხოლოდ დეკორაციაზე და კოსტიუმებზე გვეყო, მაგრამ ამითაც გახარებულები ვიყავით და იმავე წელს ვითამაშეთ პრემიერა.
მუშაობის დროს ყველა მსახიობი „დაავადდა“ ილიათი, არნახული შემართებით და ენთუზიაზმით ვიმუშავეთ… ეს იყო უჩვეულოც… და რასაც დღეს, სამწუხაროდ, არცთუ ხშირად შევხვდებით თეატრებში…
სპექტაკლში გაცოცხლებულია ილიას ცხოვრება, მისი პეტერბურგის უნივერსიტეტიდან დაბრუნების დღიდან მკვლელობის დღემდე…
მიმაჩნია, რომ საინტერესოა როგორც ნაწარმოები, ისევე სპექტაკლი, რადგან, პირველ რიგში, ილია წარმოჩენილია ყველანაირი კონიუნქტურის გარეშე და მეორე, ხაზგასმულად მინდოდა ასე ყოფილიყო, რომ ის იწყებს სცენაზე სიცოცხლეს, როგორც რიგითი მოქალაქე, რომელსაც აქვს თავისი მრწამსი და ამთავრებს, როგორც გმირი.
პირველად გავაცოცხლეთ სცენაზე არაერთი ისტორიული პერსონაჟი: დიმიტრი ყიფიანი, ნიკო ნიკოლაძე, ზაქარია ჭიჭინაძე, არტურ ლაისტი, ფილიპე მახარაძე  და სხვა რეალური ისტორიული ტიპები – ისტორიაზე დაყრდნობით სოციალისტი კორესპონდენტი ვანო ნაცვლიშვილი და კიდევ სხვები, ილიას მკვლელები…
და კიდევ ერთი, ამ ძალიან ვრცელი და უხვი მოვლენების სცენურ ფორმაში მოსაქცევად გამოვიყენე „ეპიკური თეატრის“ ხერხები, რაც კიდევ უფრო მეტ დინამიკასაც, სიმძაფრესაც და ინფორმაციულობასაც სძენს წარმოდგენას…
და რაც მთავარია, ეს ნაწარმოები სტილით არ არის  ბიოგრაფიული დრამა და მხოლოდ თემის გამო შეიძლება ბიოგრაფიულ დრამად მოიაზრებოდეს. ფორმითაც და თხრობის ენითაც ის კონცეპტუალური დრამაა.
რაც შეეხება ჩემ მიერ განსახიერებულ პერსონაჟებს, პირველ რიგში, ვიტყვი, რომ მათი სიმრავლე სწორედ სპექტაკლის ეპიკური ხერხებიდან არის წარმოშობილი, ასევე სხვა მსახიობებიც ასრულებენ რამდენიმე პერსონაჟს და ესეც ფორმის ნაწილია.
თავად პერსონაჟებს რაც შეეხება, ჩემთვის ყველა ძალიან საინტერესოა, ჯერ კიდევ დადგმისას ვეცადე, რომ ისინი სრულიად განსხვავებულნი ყოფილიყვნენ ერთმანეთისაგან, ამაზე ახლაც კი, ყოველი სპექტაკლის თამაშისას, ვფიქრობ…
ძალიან მიყვარს ზუბალაშვილის ეპიზოდის თამაში… ეს ის კონსტანტინე ზუბალაშვილია, რომელმაც მეცენატობის კულტურა დანერგა საქართველოში და უამრავი დიდი საქმე გააკეთა… იგი სულ ერთხელ ჩნდება სცენაზე, მაგრამ მსიამოვნებს მისი თამაში, მის ორიოდე ფრაზაში გაჟღერებული ეროვნული სულისკვეთების გამო…
ამ სპექტაკლში, ჩემი პერსონაჟებიდან ყველაზე მეტად მიყვარს არტურ ლაისტი, ალბათ მისი პიროვნების გამო… ლაისტზეც ძალისხმევა დამჭირდა, რომ მისი გერმანული მანერა დამეჭირა… არ მინდოდა, „კლიშეებით“ მეთამაშა,  როგორც უცხოელი, რომელიც ქართულად საუბრობს. ამიტომ კარგა ხანს ვუსმენდი გერმანულენოვან გამოსვლებს, სულ ერთია, რა თემაზე იქნებოდა და გერმანულ დიქციას ვაფიქსირებდი, ბგერების წარმოთქმის ხერხს… ეს ძალიან დამეხმარა, ამიტომ ჩემი ლაისტი დაუმახინჯებელი ქართულით საუბრობს, მაგრამ მაყურებელი მის გერმანელობას პირველი ფრაზებიდანვე გრძნობს… მისი ხასიათიც გერმანული თავშეკავებულობიდან და ძარღვიანი ძლიერი ხასიათიდან ავაწყვე და ძალიან ძვირფასია ჩემთვის. თუმცა მაყურებელს მაინც ყველაზე მეტად ამ სპექტაკლში ჩემ მიერ შესრულებული ფილიპე მახარაძე მოსწონს… ვცდილობ, ფილიპეს როლში, უფრო მის ფსიქოლოგიას მივაქციო ყურადღება, ვიდრე გამომსახველობას…
იმპერიის სათათბიროს წევრის, კრავაპილიევის თამაშისას, მართალია ისიც საზიზღარი ტიპია და ვიზუალურადაც ასეთივეა, გრიმით და მანერით… დიდი ხიბლი აქვს მის შესრულებას, ბოლომდე ვიხსნები, სრულიად თავისუფალი ვარ, თან გამორჩეულ ენერგიას ითხოვს, რადგან მთელი მისი სცენა ფორტეზე მიდის და, როგორც შემსრულებელს, მსიამოვნებს მისი თამაში, რაც ძალიან დიდ ფიზიკურ ძალას ითხოვს…
ერთი სიტყვით, ყოველი სპექტაკლი ჩემთვის უდიდესი ბედნიერების მომტანია, სადაც არ უნდა ვთამაშობდეთ, აქ, დუმბაძის მოზარდმაყურებელთა თეატრის სცენაზე, სადაც რეპერტუარშია და ინტენსიურად ვთამაშობთ თუ რეგიონების სცენებზე.
ორი სეზონის განმავლობაში უკვე 60 სპექტაკლი ვითამაშეთ.
–  საქალაქო ღონისძიება „თბილისობა 2013“ – „XIX საუკუნის მრავალეთნიკური თბილისი“… რას ფიქრობთ დღევანდელ თბილისზე? რა მოგწონთ და რას შეცვლიდით დღევანდელ თბილისში?
– ეს ღონისძიება ეროვნულ მუზეუმთან მომუშავე არტჯგუფმა ჩაიფიქრა და მე მისი დადგმა შემომთავაზეს.
წარმოდგენა 2013 წელს, თბილისობის ფარგლებში,  თბილისის ისტორიის მუზეუმში, ქარვასლაში, შედგა. კონცეფცია და ფორმა ერთად შევიმუშავეთ, ის თეატრალიზებული დადგმა უფრო იყო, ვინემ საკონცერტო, როგორც ძირითადად არის ხოლმე თბილისობებზე და ამით შესაბამისად ახალი შევთავაზეთ მოსულ მნახველს.
რაც შეეხება დღევანდელ თბილისს… ამაზე საუბრისას უფრო სოციოფაქტორები შემოდის…
მე არ მომწონს ეს ქალაქი, და რომ მქონდეს საშუალება, სიამოვნებით არ ვიცხოვრებდი აქ, არ იფიქროთ, რომ საზღვარგარეთ ცხოვრებას ვგულისხმობ… არა, უბრალოდ აქ არა. ჯერ ერთი, თბილისი ჩამოყალიბდა ეგოისტურ, სნობურ დასახლებად, სადაც უგულებელყოფილია ცივილიზებული სამყაროსათვის აუცილებელი განვითარების პროცესი…
ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა კულტურის კრიზისი ამ ქალაქში, კულტურაში არ ვგულისხმობ სახელოვნებო სფეროს, როგორც ეს დღეს ხშირად ჰგონიათ…
ვგულისხმობ კულტურას მისი პირველადი გაგებით… და ეს კრიზისი იგრძნობა ყოველი ფეხის ნაბიჯზე – გზაზე გადასვლისას, ქუჩაში ქვეითად მოძრაობისას… თითქმის ყველაფერში და ყოველ ნაბიჯზე… მე არ მრჩება პირადი არჩევანის საშუალება ისე, რომ უხერხულად არ ვგრძნობდე თავს…

მსახიობ ზურაბ ცინცქილაძესთან, მწერალ თამაზ გოდერძიშვილთან ერთად – სპექტაკლის შემდეგ

მე რომ ვამბობ, მარტო პირადად ჩემ თავს არ ვგულისხმობ.  მაშფოთებს ხალხის მოქუფრული, აგრესიული სახეები, მზერა, რომლითაც მუდამ მზად არიან შენს სივრცეში შემოიჭრან… დისკომფორტია ეს, ხომ…
მქონია შემთხვევა, მივდივარ ქუჩაში და, პრობლემების მიუხედავად, გარეთ რომ გავდივარ, ვცდილობ, დადებითი  განწყობით ვიყო, ხშირად ვიღიმები ან რაღაცაზე ვფიქრობ ან ვგეგმავ გონებაში და უნებურად კმაყოფილების ღიმილი მაწერია სახეზე და უცებ 1000 თვალი გიყურებს, გაკვირდება, ზურგს უკან გრძნობს მათ თვალს თუ ენას…
მე პირადად ეს ხელს მიშლის…
არ მომწონს, სამწუხაროდ, უკვე დამკვიდრებული ფამილარობა, ესეც კულტურის დაცემის ნიშანია… ნებისმიერს შეუძლია, სულ უცხოს შენობით ელაპარაკონ… თუ მით უფრო შენდამი პატივისცემის გამოხატვა უნდა, ხომ მთლად „ფამილარობის აპოთეოზი წაგლეკავს“…
და უამრავი მსგავსი რამ…
აღარაფერს ვამბობ დაბინძურებულ ჰაერზე, გაჩნაგებულ სიმწვანეზე და ანომალიურ მშენებლობებზე…. და, იცით, რატომ არ გამოვყოფ ცალკე, რომ ესეც კულტურის ნაწილია. ჩვენ რომ კულტურა გვქონდეს – როგორც მოქალაქეებს, ისე ქალაქის მთავრობის მესვეურებს, ასეთი მდგომარეობა არ გვექნებოდა… სოლოლაკი და მთაწმინდის უბნები, რომელიც მიმაჩნია, რომ ერთადერთი ჯერ კიდევ გადარჩენილი თბილისის ღირსებაა, აი, ამის გაფრთხილებაც რომ არ იგრძნობა… ერთი სიტყვით, ბევრია სალაპარაკო… და ჩვენი ფორმატი ვერ დაიტევს…
– ახალგაზრული შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივის“ და „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ დამფუძნებელი ხართ…
– „ეროვნული იმპერატივი“ 2014 წელს დავაარსეთ.  უპირველესი მიზანი იყო ახალგაზრდების და ახალგაზრდული სფეროს სტიმულირება, კულტურული, საგანმანათლებლო და აქცენტირებულად არაფორმალური განათლების მიმართულებით, შემეცნებითი და სახელოვნებო აქტივობებით მათში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და საზოგადოებრივი აქტივიზმის წახალისება.
2012-2013 წლებში მომიხდა უამრავი რეგიონის მოვლა დოკუმენტური ფილმების პროექტის ფარგლებში და ჩემი თვალით ვნახე ის შემაშფოთებელი ვითარება, რაც ხდება რეგიონებში, სადაც, სამწუხაროდ, დღესაც დიდად არაფერი შეცვლილა.
ამ გამოცდილების საშუალებით კიდევ უფრო კარგად შევძელით საჭოროებების განსაზღვრა და გეგმის აწყობა. უკვე მეოთხე წელია „ეროვნული იმპერატივი“ არსებობს და აქტივობების თუ პროექტების ალბათ 60-70% სწორედ რეგიონების და დევნილი ახალგაზრდების მიმართულებით განვახორციელეთ.
რაც შეეხება „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდს“, იგი იმპერატივის შემდეგ, 2 წლით გვიან, 2015 წლის მიწურულს შევქმენით.
„ეროვნული იმპერატივი“,  მიზნებისა და მრავალმხრივი ინტერესების  გამო, მუდმივად ვერ შეძლებდა ილიას თემაზე ყოფილიყო ორინტირებული. ამას არ ეყოფოდა არც ადამიანური და არც სხვა რესურსი, გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ცალკე ორგანიზაცია, რომელიც მუდმივად ილია ჭავჭავაძის თემაზე  იმუშავებდა, მისი პოპულარიზაციისათვის, მისი სხვადასხვა ასპექტით წარმოსაჩენად, მისი იდეებისა და მემკვიდრეობის ჩვენს რეალობაში განსახორციელებლად, ხოლო „ეროვნული იმპერატივი“, ბუნებრივია, დარჩებოდა ფონდის პარტნიორად და ეს ასეც არის, მაგრამ დამოუკიდებლად შეძლებდა უფრო ფართო პროფილის საქმიანობას.
აი ასე შეიქმნა ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდი.
წელს ილიას საიუბილეო წელია და ფონდი მთლიანად ამ საკითხზეა ორიენტირებული, თუმცა იგი აქტიურად მუშაობს საგანმანათლებლო და შემეცნებითი, საგამომცემლო და არაფორმალური განათლების კუთხითაც. ფონდმა გასულ წელს გამოსცა სახელოვნებო დარგის წიგნი -სახელმძღვანელო – „თამაშის ხელოვნება“ საბა მეტრეველის ავტორობით.
ამჟამად მზადდება გამოსაცემად, უკვე ითარგმნება თანამედროვე ნორვეგიელი ავტორის იონ ფოსოს პირველი ქართული თარგმანი. ფონდმა შეძლო და რეგიონებში – სოფელ ნინოწმინდასა (საგარეჯო) და სოფელ ახალხიზაში (გორი) აღადგინა და გახსნა სასოფლო ბიბლიოთეკები,  ისინი მოამარაგა პირველადი წიგნადი ფონდითა და კომპიუტერით და მის მონიტორინგს მუდმივად ეწევა.

საკუთარი წიგნის: „გზა ილიასი – საუკუნის მკვლელობა“ წარდგენა, „ეროვნული იმპერატივის“ წევრებთან ერთად. თბილისის წიგნის ფესტივალი – 2016

აღნიშნულ მუნიციპალიტეტებთან მიღწეული მემორანდუმის საფუძველზე ესენი უკვე მუდმივმოქმედი ბიბლიოთეკებია.
ნინოწმინდის ბიბლიოთეკაში კი დაარსა „ილია ჭავჭავაძის შემეცნებითი კლუბი“ და ყოველთვიურად, თვეში ერთხელ ეწყობა სხვადახვა თემაზე შემეცნებითი, სახელოვნებო და ინტელექტუალური აქტივობები, შეხვედრები, სემინარები და სხვადასხვა ღონისძიებები ადგილობრივებისთვის, განსაკუთრებით სკოლის ასაკის და ახალგაზრდებისათვის, მათთვის, ბუნებრივია, დასწრება თავისუფალია და ინტერესიც არსებობს ადგლობრივებისაგან, და ამას სრულად უზრუნველყოფს ჩვენი ფონდი.
ამჯერად კი, მთავარი პრიორიტეტია ილიას საიუბილეო წლის სათანადოდ აღნიშვნა და თავგადადებული ვმუშაობთ. ერთი პროექტი უკვე დაწყებულია, მეორეს შემოდგომაზე ვგეგმავთ.
კიდევ არის მრავალი ინიციატივა და ვნახოთ, თუ მხარდამჭერი გამოგვიჩნდა, იმედია, ილიას იუბილეც პირველად შესაფერისი მასშტაბით შედგება.
უკვე ვახორციელებთ პროექტს: „ილია ჭავჭავაძე 180 – უკვდავების ფენომენი“, რომლის ფარგლებში ჩვენ შევკარით ექსპოზიცია სახვითი ხელოვნების თანამედროვე არტისტების ნამუშევრების მიხედვით, რომელშიც გაერთიანებულია სკულპტურის, ფერწერისა და ხატწერის ნიმუშები. ამ ექსპოზიციაში არის ისეთი ხელოვანების ნამუშევრები, როგორიცაა: გია ჯაფარიძე, გენადი ზაქარია, გიორგი გეგეჭკორი, ალექსნდრე ციხელაშვილი, მერაბ მერაბიშვილი და სხვები.
აი ამ გამოფენით და სპექტაკლით „საუკუნის მკვლელობა“ საქართველოს რეგიონებში, მუნიციპალურ ცენტრებში ვახორციელებთ ილიას საიუბილეო ღონისძიებებს. ჩვენი სურვილი იყო ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალურ ცენტრში აღნიშნულიყო ეს თარიღი, მაგრამ კულტურისათვის თანხების გამეტება უჭირთ, სამწუხაროდ, ეს პრიორიტეტად არ მიაჩნიათ… რა გითხრათ, მგონი, კარგ საქმეს ვაკეთებთ.
– საყოველთაო მსვლელობის: „დღე, როცა ვერ მოჰკლეს ილია“ – პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი  ხართ… და მაინც, რატომ ვერ მოკლეს ილია?
– ეს პროექტი „ეროვნული იმპერატივის“ კუთვნილებაა და დღესაც ასე რჩება. იგი პირველივე წელს განვახორციელეთ 12 სექტემბერს, ილიას მკვლელობის დღეს. ჩვენი მიზანი იყო და არის, რომ ეს თარიღი მუდამ გვახსოვდეს და ამ უდიდესი ტრაგედიის ექო არ მინელდეს. ამიტომ  „დღე როცა ვერ მოჰკლეს ილია“ გვინდა დავნერგოთ, როგორც ყოველწლიური ღონისძიება. ჯერჯერობით ამას ვახერხებთ, 2014 წლიდან მოყოლებული ყოველ წელს აღვნიშნეთ და წელსაც მეოთხედ გაიმართება.
იგი, როგორც წესი, აერთიანებს წიწამურში, საგურამოში, თბილისში ილიას მემორიალურ სახლში, სიონის ტაძართან, მთაწმინდაზე, ილიას სახელთან დაკავშირებულ სხვადასხვა ტიპის შემეცნებით, სანახაობრივ, თეატრალურ ღონისძიებებს და მუდმივ ნაწილს – მსვლელობას სიონის ტაძრიდან მთაწმინდის პანთეონამდე იმ გზით, რა გზითაც ილიას ნეშტი 1907 წელს ააბრძანეს მთაწმინდაზე.
მსვლელობის აქტს განსაკუთრებული საზოგადოებრივი მნიშვნელობაც აქვს. ამ ღონისძიების ფორმატი, ასევე სანახაობითი ნაწილიც ყოველ წელს იცვლება. ყოველ წელს განახლებულია, უცვლელია მხოლოდ მსვლელობა.
სამი წლის განმავლობაში არაერთმა ხელოვანმა მიიღო მონაწილეობა: ზურაბ ცინცქილაძემ, მარლენ ეგუტიან, ლია კაპანაძე, ქეთევან შერვაშიძემ, ლამზირა ჩხეიძე, თამარ ჯოხაძემ, ზაზა იაქაშვილმა, ვალერ კორშიამ, ასმათ ქურციკიძემ, მანანა სურმავამ… ფოლკლორისტმა მარინა კოლხიდაშვილმა… როსტომ ჩხეიძემ, ლევან ღვინჯილიამ… ახალგაზრდა მსახიობებმა.
და ესეც ერთგვარი ჟესტი და სამადლობელია ილიასადმი, რომ ამ სამი წლის მანძილზე არც მონაწილეებს და არც ჩვენ – აღმასრულებლებს არც ერთხელ ანაზღაურება არ აგვიღია, მთელი ფინანსური რესურსი, რაც გვაქვს და ხან ისეა, რომ თუ რამე გვაქვს, მთლიანად ტექნიკურ ნაწილს ხმარდება და მაინც ისეთივე უნთუზიაზმით და შემართებით ვაპირებთ წელს მეოთხედ ამ დღის აღნიშვნას.

ეროვნულ მუზეუმში შვილთან ერთად

და საოცრად ემოციური კითხვა: „და მაინც რატომ ვერ მოკლეს ილია“… ამაზე შეიძლება, მთელი წერილი  დაიწეროს…
იმიტომ, რომ ილიას იდეები დღესაც უზომოდ თანამედროვეა, იმაზე მეტად თანამედროვე, ვინემ მათი, ვინც თავისი ხედვით დღეს ახალ „ეპოქას“ იწყებს…
იმიტომ რომ ილიასეული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, ეროვნული და პიროვნული თავისუფლების და საკუთარ ფესვებზე განვითარების იდეას და ხედვას ალტერნატივა არ გააჩნია და ყავლი არ გასდის…
იმიტომ რომ, როგორც დღეს არის აწყობილი საზოგადოებრივი ცხოვრება, ამ მოდელს საქართველოში ილიამ ჩაუყარა საფუძველი…
იმიტომ რომ ილიამ შექმნა საქართველოში პირველად ყველა ის ინსტიტუცია, ურომლისოდაც თანამედროვე ცხოვრება არ იარსებებდა…
ეს იყო საფინანსო სექტორი, პრესა, ანუ მედია. დღევანდელი ტერმინით, ხელოვნება და განათლება და მასზე საჯარო წვდომის იდეა… და დღევანდელი სიტყვებით რომ ვთქვათ, პირველი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, რაც იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება…
იმიტომ ვერ მოკლეს ილია, რომ მისი ტრაგედია დღესაც ზნეობრივი მაგალითია, და იმიტომ, რომ დღესაც თუ ვინმე რაიმე დიდი ნაბიჯის გადადგმას შეეცდება საზოგადო ინტერესებისათვის და დაუპირისპირდება უმრავლესობის მოყირჭებულ კულტს, მისთვისაც ტყვიაა ჩასაფრებული წიწამურში, თუ არა, სადმე სხვა ალაგს…
ტყვია, რა თქმა უნდა, პირობითად… დღეს ხომ ლიკვიდაციის საშუალებები ბევრად „დახვეწილია“…
და ბოლოს, ვერ მოკლეს ილია, იმიტომ რომ მან თავისი ცხოვრებით დატოვა ხატი, თუ როგორ შეიძლება იცხოვრო ქრისტესმიერი გზით, ღმერთის სახედ და ხატად შექმნილი ადამიანის და ამად შედგომის მისაღწევად…
–  პროექტის – „ქართული ენა – ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინდივიდუალობის ფუნდამენტი“ – ავტორი რას იტყოდით დღეს ქართული ენა სავალალო მდგომარეობაზე…
– ეს ღონისძიება 2015 წელს, ქართული ენის დღეზე, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში გაიმართა, სადაც ასევე დევნილი მოზარდები ჩავიყვანეთ და დავასწარით.
ქართული ენის დღევანდელ მდგომარეობაზე რომ ილაპარაკო, ალბათ სვიფტი უნდა იყო… ვგულისხმობ ჯონატან სვიფტის „მორიდებულ წინადადებას“… ის კოშმარი, რაც დაგროვდა და რაც ჩვენს ენას დაატყდა თუ დაატეხეს თავს, ამის აღსაწერად არ კმარა არცერთი ეპითეტი: „საშინელება“, „სავალალო“…
არ კმარა, რადგან ეს მარტოოდენ ემოციად რჩება…  მართლა სვიფტის „მათრახია“ საჭირო, რომ ეს მდგომარეობა გადმოსცეს და რაიმე გაგრძნობინოს…
პრინციპში, ქვეყანაში სადაც მრავალი კანონი ჯერ კიდევ არ კანონობს და უგულებელყოფილია, იქ, სამწუხაროდ, ლოგიკურია, ენაც დაუცველი იყოს…
ისევ კულტურა უნდა ვახსენო და ენის ნიველირებაც სწორედ კულტურის დაცემამ განაპირობა… კულტურაში თავისთავად მოიაზრება განათლება, ინტელექტი… განათლება და ინტელექტის დეფინიციაც კი შეიცვალა…
დღეს განათლებულად ითვლება მხოლოდ კარგად ინფორმირებული ადამიანი… არადა, ეს სულ სხვადასხვა რამეა… ინტელექტუალად მიაზრება ის, ვინც ისე საუბრობს, როგორც უმრავლესობას მოსწონს, ვგულისხმობ იბსენისეული „უმრავლესობის კულტის“ ცნებას და არა რომელიმე სხვა უმრავლესობას… ამიტომ ამ პროცესმა გამოიწვია ენის დაცემაც…
და კიდევ, ისევ იმ სნობიზმმა, რომელიც ზემოთ ვახსენე… გამოსავალი, როგორც ილია იტყოდა, „გონებითი ცხოვრებაა“ და ჩვენ „გონებით ცხოვრებაზე“ ხელი ავიღეთ… აი ამ გზას თუ დავუბრუნდებით, მაშინ ენაც აღდგება… ვინ უნდა გააკეთოს ეს? მარტო ხალხი ამას ვერ იზამს, მით უფრო, საბჭოთა უღელგამოვლილი, მენტალობაშელახული ხალხი… ეს სტრატეგია სახელმწიფომ უნდა დაისახოს, მიზანმიმართულად იმუშაოს ამაზე, რომ ორი-სამი თაობის შემდეგ უკვე იმდენად იყოს საზოგადოებაში გასიგრძეგანებული, რომ თავისთავად წარედინოს… მაგრამ ჩვენმა ვერც ერთმა ხელისუფლებამ ჯერ მსგავსი საკთხებისათვის ვერ, ან არ მოიცალა…
– ჰობი?

მეუღლესთან და შვილთან ერთად

– ფეხით სეირნობა, კითხვა, რასაც, როცა ვერ ვახერხებ, გაღიზიანებული ვარ, ძალიან მიყვარს ახალი საინტერესო ადგილების მონახულება, ჭკვიან ადამიანებთან საუბარი… კიდევ, თავდავიწყებამდე ხალისი… ჩემი სუსტი წერტილი მუზეუმებში სიარულია.
საოცარ ინტერესი მაქვს თუნდაც უკვე ნანახი მუზეუმისადმი… ერთი კია, რომ ჩემი ჰობის დაკმაყოფილებას ყოველთვის ვერ ვახერხებ – დრო დაუნდობლად სწრაფად გარბის…
– ბედი ხელოვანისა დღევანდელ საქართველოში…
– არ ვიცი, ალბათ ხელოვანის ბედი არასოდეს ყოფილა იოლი არსად… მით უფრო, თუ ხელოვანი საზოგადოების მაჯისცემით ცხოვრობს, ან ცდილობს, იცხოვროს მისივე შემოქმედებითი პოზიციით გაკეთებული არჩევანის მიხედვით…
საზოგადოება, როგორც ყოველთვის, ობივატელურია… შედეგად იბადება კონფლიქტი, ეს აუცილებელი სამყაროს მამოძრავებელი მოცემულობა… მთავარია, ეს კონფლიქტი რა სახეს და ფორმას მიიღებს. სხვაგან მე არ მიცხოვრია, ვერ გეტყვით, მაგრამ დღეს ჩვენთან ხელოვნებამ დაკარგა ან დააკარგვინეს ხალხზე ზემოქმედების ძალა… ეს უპირატესობა ხელში აიღო პოლიტიკამ, მასკულტურამ და მედიამ…
ხელოვნება სამკაულივითაა… ამ სამკაულში ვერ ვიტყვით რომ არ არის გამორჩეული ნიმუშები, კი იქმნება, შეიძლება ბევრი არა, მაგრამ იქმნება კარგი, მაღალმხატვრული ნაწარმოებებიც, სპექტაკლებიც, სახვითი ხელოვნების ნიმუშებიც, მუსიკაც…
მაგრამ ეს არის ამ სამკაულში ჩასმული მაღალი სინჯის ალმასივით, ის გხიბლავს, მაგრამ მაინც სამკაულად რჩება…
ამიტომ ხან ვფიქრობ, რომ ცოტა გვიან ხომ არ დავიბადე, რადგან მე მწამს ისეთი ხელოვნება, რომელიც საზოგადოებაზე ზემოქმედებას ახდენდა და მოახდენს…
–  როგორ საქართველოზე ოცნებობთ?
– ძლიერ საქართველოზე, რომელსაც ვერავინ წამოჰკრავს ხელს, როგორც მოეხუშტურებათ და ვერავინ უბრძანებს, ასე და ისე მოიქეციო… ერთიან საქართველოზე თავისი აფხაზეთით, ოსეთით, კახით, ტაოთი… შეიძლება დღეს ეს უტოპიად ჩანდეს… მაგრამ მწამს, თუ გვინდა, ამას ოდესმე მაინც მივაღწიოთ, ამაზე ფიქრი არ უნდა შევწყვიტოთ.
ფიქრი მიზნის ნაწილია და თუ ფიქრსაც შევეშვებით,  მიზანიც დაიკარგება და, შესაბამისად, მისი ასრულების შანსიც.
ვოცნებობ ისეთ საქართველოზე, რომ იაპონიასავით შეძლოს განვითარების უმაღლესი დონის მიღწევა და იაპონიასავით შეინარჩუნოს თვითმყოფადობა… და მოდით ისევ ილიას დავუბრუნდები და მისი სიტყვებით ვიტყვი, ისეთ საქართველოზე, რომ „ყველას, ვისაც რა შეუძლია, ერის სამსახურის მოიყაროს თავი, მისი დაცემული ვინაობის აღდგენა ყველა ქართველის უპირველესი ვალია“. აი ისეთი საქართველო მეოცნებება, როცა ამას გაითავისებს ყოველი წევრი ჩვენი ქვეყნისა და ასე იმოქმედებს… და მაშინ მჯერა, შედეგიც დაიდება.
სამომავლო გეგმები…
-ახმეტელის თეატრში შემოდგომაზე ახალ სპექტაკლს დავიწყებ… ილიას საიუბილეოდ,  რეგიონებში საგასტროლო ღონისძიებებს ნოემბრის ბოლომდე გავაგრძელებთ. ძალიან მიხარია და საჯაროდ პირველად თქვენთან ვიტყვი, რომ ილიას საიუბილეოდ, სექტემბერში გავემგზავრებით საინგილოში და იქ მცხოვრები ქართველებისათვის ვითამაშებთ ილიას შესახებ სპექტაკლს – „საუკუნის მკვლელობა“.
ასევე შემოდგომაზე დავიწყებთ მუშაობას ილიას პოეზიის სრული აუდიოჩანაწერის გამოცემაზე, სადაც მონაწილებას მიიღებს ქართული თეატარის 80 მსახიობი.
კიდევ არის სხვა გეგმებიც, მაგრამ ჯერ არ ვიცი, რამდენად გამოვა, ფინანსებზეა დამოკიდებული. გეგმაშია ნორვეგიულ-ქართული პროექტის განხორციელება რუსთაველის თეატრის სცენაზე, ზემოთ რომ ვახსენე იონ ფოსო, მისი ერთ-ერთი პიესის დადგმაზე მიდის მოლაპარაკება, რომელიც მე უნდა განვახორციელო, აქაც ფინასების საკითხია მოსაგვარებელი, თუმცა ნორვეგიის წარმომადგენლობა აქტიურადაა ჩართული. ილიას საიუბილეო წლის ჩამთავრების შემდეგ, ზუსტად ვიცი, პატარა ტაიმ-აუტი მექნება – დოქტორანტურაში ვსწავლობ და სადისერტაციო ნაშრომი უნდა დავამთავრო და PHD ხარიხსი დავიცვა საშემსრულებლო ხელოვნების პედაგოგიკის მიმართულებით.
ამის მერე კი, ძალიან მინდა, დავწერო ორი პიესა. ერთი ასი ათასი მოწამის შესახებ, რომლის იდეა უწმინდესს გაუჩნდა…
ასი ათასი მოწამის ხსენების დღეზე მეორე წელია ჩვენი ორგანიზაცია აკეთებს სანახაობრივ ნაწილს, მხატვრულ-თეატრალიზებულ დადგმას, რომელსაც უწმიდესიც ესწრება ყოველწლიურად. ამ ღონისძიების ორგანიზატორმა გვითხრა, რომ უწმიდესს უთქვამს, კარგი იქნება ამ თემაზე სპექტაკლი გაკეთებულიყოო, და მეც გულში ჩამრჩა. თუმცა სპექტაკლამდე ჯერ პიესა უნდა შეიქმნას.
მეორე, 1921 წლის თებერვალ-მარტის მოვლენებზე და საბჭოთა ოკუპაციის თემაზე მინდა დავწერო.
და კიდევ, მეორე შვილის ყოლას ვაპირებთ.

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები