„აჩვენეთ ეს წიგნი მსოფლიოს“… –  როგორ აქცია ლეილა ნოდიამ ორი ერის  ურთიერთობები მეგობრობის ძეგლად

აჩვენეთ ეს წიგნი მსოფლიოს და ებრაელს მტერი არ ეყოლებაასე შეაფას ლეილა ნოდიას წიგნ – ,,ამად ამოველ წმინდა მიწაზეცნობილმა პოეტმა და მთარგმნელმა ჯემალ აჯიაშვილმა, წიგნ, რომლის ერთერთი რედაქტორიც თვითონ იყო და გულდასმითაც ჰქონდა წაკითხული...
,,ამად ამოველ წმინდა მიწაზექართველებისა და ებრაელების 26-საუკუნოვან გასაოცარ თანამეგობრობას ეძღვნება, რომლის მსგავსი ურთიერთობაც ალბათ მსოფლიო თვალსაწიერს არ ახსოვს…
აბაშის რაიონის სოფელ სუჯუნაში დაბადებულს თავიდან სწორედ სუჯუნელ ებრაელებზე დაწერილმა წიგნმა მოუტანა უდიდესი სიყვარული და პატივისცემა ებრაეულ სამყაროში…  შემდეგ იყო დიდ ქართველ ებრაელზე, შოთა მეგრელიშვილზე დაწერილი წიგნი –  ,,ორი ერის ღირსეული შვილი
ამბობს, რომ ქართულებრაულ ურთიერთობებში მოპოვებულ სიყვარულისა და პატივისცემის, ნდობის  მისეულ ნიშას, როგორც უწმინდეს მონაპოვარს, ისე უფრთხილდება.
საერთაშორისო ორგანიზაცია სახალხო დიპლომატიის ვიცეპრეზიდენტი და  სრულიად საქართველოს შოთა რუსთაველის საზოგადოების სპეციალური წარმომადგენელი ისრაელის სახელმწიფოში.
საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, პუბლიცისტი, რამდენიმე წიგნის ავტორი, ქართულებრაულ ურთიერთობათა სამყაროში კარგად ცნობილი და ამ სფეროში მისი საქმიანობით გამორჩეული ქალბატონი ლეილა ნოდია დღეს რუბრიკა „პერსონის“  სტუმარია.

– აბაშაში, სოფელ სუჯუნაში დავიბადე. თუმცა ექვსი თვისაც არ ვყოფილვარ, დედაჩემის ძმას, შუქურ კაჭარავას, ბალიშებში შეფუთნული, ველოსიპედზე მაგრად დაკრული, ,,მოვუტაცივარ“…. მას შემდეგ ვიზრდებოდი დედულეთში, აბაშაში, მშვიდობის ქუჩაზე. ძალიან მიყვარს ჩემი ბავშვობის ადგილები, საბავშვო ბაღი, სკოლა, სამეზობლო…მაგრამ არანაკლებ მიყვარს სუჯუნა.
ჩემს მშობლებს დღესაც, როგორც სოფლის მოამაგეებად, ყველა გაჭირვებულის მშველელად იხსენიებენ. დედა, ნორა კაჭარავა, ექთანი იყო. არასოდეს უმუშავია, მაგრამ სამეზობლოში თუ საახლობლოში, ყველას მკურნალი იყო. შუაღამეც რომ ყოფილიყო, თოვლში, ყინვაში, თუნდაც შორეულ მეზობელთან გადასვლას და ნემსის დროულად გაკეთებას არ დაიზარებდა.  მისი ნახელავი კარგი სადილებიც ახსოვთ, განსაკუთრებით არომატული გამოსდიოდა მეგრული ხარჩო და ქონდარით კარგად შეზავებული კუჭმაჭი და კუპატები. ყველას მიმართ კეთილგანწყობილი იყო. მისი მომდურავი არავინ მინახავს.
ასე იტყოდა ხოლმე: სხვას ხარი უქადე და ღმერთი შენც სიკეთეს მოგცემსო.
მამაჩემს გრიგოლი ერქვა, მაგრამ ყველა ჯოკოთი იცნობდა. ბიჭს დანატრული იყო, ექვსი ქალიშვილის მამა, და სოფლის ბიჭებს შვილებივით უყურებდა. პატარა გადაცდომასაც არ აპატიებდა და ამიტომ სუჯუნის პროკურორს ეძახდნენ. მასზე ასე ამბობდნენ: ჯოკო ნოდია, ირკოჩის მორდია, ანუ, ყველას ნათლიაო.
ახლა მისი ,,საქმენი სასიკეთონი” რომ მოგიყვეთ, ვის როგორ ეხმარებოდა, შორს წაგვიყვანს. ერთ მაგალითს გეტყვით: საახალწლოდ სოფელში ჩავედი. ამ დღეს ტრადიციულად ვიკრიბებოდით. 2 იანვარს უნივერსიტეტში გამოცდაც რომ მქონოდა, მაინც გავიქცეოდი ხოლმე.
მამა რუსეთის რომელიღაც ქალაქში დამხვდა წასული. დედამ გვითხრა. სუჯუნაში ერთ კაცს წერილი მოუვიდა სამხედრო ნაწილიდან, სადაც მისი შვილი ჯარში მსახურობდა, ცოცხალს მოუსწარითო. იმ კაცმა არც რუსული იცოდა, არც ფული ჰქონდა… მამას ძროხა გაუყიდია და თვითონაც გაჰყოლია. აბა, რა უნდა ექნაო, – დედამ…
ორიოდ სიტყვით ჩემს გამზრდელებზეც ვიტყვი. დედულეთში ბებია-ბაბუამ, დეიდებმა, ბიძებმა გამზარდეს. ბებია ხიდან ჩამოვარდნილა და მე სულ ყავარჯნებით მახსოვს. ჩემი ლამაზი დეიდები – ნაზი და ზინა, დედის მოვლაში გაუთხოვრები დარჩნენ.
ომარ ბიძიამ მოგვიანებით მოიყვანა ცოლი და ბიძაშვილებიც მყავს, მაგრამ შუქურ ბიძიას ცოლი არ შეურთავს. ძირითადად, ნაზიკო დეიდა მზრდიდა. საბავშვო ბაღის მასწავლებელი იყო. მაღალი, უმშვენიერესი… ძალიან მიყვარდა. ყოველ ზაფხულს სურამში ვისვენებდით და სასკოლოდ ებრაელებთან ყიდულობდა ჩემთვის ჩასაცმელებს. მე ძალიან კარგი დები მყავს, რომ იტყვიან, მათით ვარ მდიდარი და ძლიერი. ხუთივეს ძალიან წესიერი და კარგი ოჯახი აქვს.
– სკოლა აბაშაში დაამთავრეთ…
– აბაშის პირველი სკოლა დავამთავრე. საუკეთესო პედაგოგები მყავდნენ, სკოლის დირექტორი კოტე თოფურია ხომ აბაშის მშვენება იყო შეხედულებით, განათლებით, საქმიანობით და ოჯახით. მოგვიანებით აბაშის გაზეთის რედაქტორი გახლდათ. მე მასზე სტატიაც დავწერე. ჩემს მასწავლებლებზეც გამოვაქვეყნე წერილები.
ასე რომ, ჩემს ბავშობაზე, სკოლაზე რომ გესაუბროთ, დიდი დრო დაგვჭირდება… მაგრამ როგორც ეკზიუპერი ამბობს, მეც ჩემი ბავშვობიდან მოვდივარ და წინ ბევრჯერ დამხვდა ბავშვობიდან აღებული სითბო, მადლი, სიყვარული, განათლება, აღზრდა…
– სკოლის პერიოდში აქტიურად მონაწილეობდით სხვადასხვა ღონისძიებაში… პირველი წერილი რაიონულ გაზეთში გამოაქვეყნეთ…
– ალბათ მეხუთე კლასში ვიყავი, რაიონულ გაზეთ ,,განახლებულ აბაშაში” პირველი სტატია რომ დავბეჭდე. ეს იყო სარვამარტოდ, დედას ეძღვნებოდა. ეტყობა, მოეწონათ და ეს წერილი რადიოშიც წამაკითხეს. დედაჩემმა სწორედ რადიოში მოისმინა პირველად და ძალიან გაუხარდა.
შემდეგ უკვე ამ გაზეთში ხშირად ვწერდი სკოლის ამბებზე. აბაშის პირველი სკოლა და თბილისის პირველი გიმნაზია ოფიციალურად დამეგობრებული სკოლები იყვნენ და იმ დელეგაციაში, აბაშიდან რომ ეწვია თბილისის კლასიკურ გიმნაზიას, იმ ხუთ მოსწავლეს შორის, დირექტორის, სულგანათლებული კოტე თოფურიას შერჩევით, იმ დელეგაციაში მეც ვიყავი.
თბილისში, ამ მართლაც, ძალიან საინტერესო შეხვედრების შესახებაც დავწერე და გამოვაქვეყნე გაზეთში. მაგრამ, ის, რამაც სკოლის პერიოდში ყველაზე დიდი წარმატება მომიტანა, შემოქმედების თვალსაზრისით დამოუკიდებლად ვიმუშავე, მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლეში წარდგენილი თემა-ალბომი: ,,ჩემი მშობლიური ქალაქი – აბაშა” იყო, რომელმაც პირველი ხარისხის დიპლომი მოიპოვა და მეც სამდღიან კონფერენციაზე მიმიწვიეს თბილისში.
სხვადასხვა გამსვლელი სხდომა ჩატარდა. ჩემი გამოსვლა კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდ დარბაზში მიმდინარე სხდომის დროს მოხდა, და მაშინ ვინატრე, მეც ამ თეთრი ტაძრის კედლებში მესწავლა. ეს სურვილიც მალე ამიხდა – ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი.
– პირველი წიგნი, რომელსაც თავდაუზოგავი შრომა შეალიეთ, იყო წიგნი თქვენს სოფელზე ,,სუჯუნა”. ამ წიგნის შექმნას ქვეცნობიერად მთელი ცხოვრება ფიქრობდით…
– პირველი სერიოზული წიგნი, რაც დავწერე და საკმაოდ დიდი დრო მოვანდომე მასალების ბიბლიოთეკებსა და არქივებში მოძიება-გადამოწმებას, არის წიგნი ჩემს სოფელზე ,,სუჯუნა”. ამ წიგნის შექმნას ქვეცნობიერად მთელი ცხოვრება ვფიქრობდი, რადგან, მართლაც, დიდებული სოფელია სუჯუნა.
ჩემი წიგნი მის ისტორიულ პერიპეტიებს, მის შორეულ და უახლეს წარსულს გვაცნობს. ოდესღაც ის სტრატეგიული მნიშვნელობის დაბაც იყო და მაზრაც, რომელშიც 29 სოფელი შედიოდა. აქ არის წმინდა გიორგის ტაძარი, რომლის მშენებლობა 1838 წელს დაუწყიათ. ჩემს წიგნში პირველად გამოქვეყნდა ამ ეკლესიის მშენებლობის თვითმხილველის, თევდორე (თედო) ხოშტარიას უცნობი მემუარული ჩანაწერები. წიგნში შესულია ჩვენი ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდში დაცული სუჯუნის წმინდა გიორგის სასწაულმოქმედი და სხვა წმინდა ხატების ფოტოასლები, უცნობი ფოტოსურათები. მოკლედ არის საუბარი იმ ცნობილ ადამიანებზე, ვისი აკვანიც სუჯუნაში დაირწა: პოეტი დუტუ მეგრელი, კომერსანტი და ქველმოქმედი აკაკი ხოშტარია და სხვები.
სოფელში დღესაცხელუხლებლად დგას ებრაელთა სალოცავი – სინაგოგა, რადგან აქ საუკუნეების განმავლობაში კომპაქტურად ცხოვრობდნენ ებრაელები. სოფელში დღესაც კარგად ახსოვთ დიდი მოამაგე ებრაელი კაცი – ილიკო ეფრემაშვილი. ერთ-ერთ ქუჩას სუჯუნაში სწორედ მისი სახელი ჰქვია.
,,სუჯუნა და სუჯუნელი ებრაელები” ცალკე წიგნადაც გამოვეცი, რომ ისრაელში წამეღო და იქ გადამეცა სუჯუნელი და სუჯუნასთან ფესვებით დაკავშირებული ქართველი ებრაელებისათვის. ამ წიგნმა და დიდი ქართველი ებრაელის, შოთა მეგრელიშვილის შესახებ დაწერილმა წიგნმა ,,ორი ერის ღირსეული შვილი”, მე ქართველ ებრაელებში უდიდესი სიყვარული, ნდობა, პატივისცემა და საკუთარი, ჩემეული ნიშა ქართულ-ებრაულ ურთიერთობებში მომიპოვა, რომელსაც, მე როგორც უწმინდეს მონაპოვარს, ისე ვუფრთხილდები.
ამ ყოველივე ზემოთქმულის გვირგვინად ჩავთვლიდი იმ წიგნს, რომელმაც მეტი აღიარება და პოპულარობა შემძინა ისრაელში, ეს არის ,,ამად ამოველ წმინდა მიწაზე”.
 წიგნი ,,ამად ამოველ წმინდა მიწაზე”  ქართველებისა და ებრაელების 26-საუკუნოვან მეგობრობას, საქართველო-ისრაელის კულტურულ და ისტორიულ ურთიერთობებს ეძღვნება, რომელსაც დიდი შეფასება მოჰყვა და უდიდესი სიყვარული და პატივისცემა მოგიტანათ. უფრო ვრცლად გვესაუბრეთ ამ წიგნზე...
– ჩემი თითქმის ყველა წიგნის რედაქტორია ცნობილი ჟურნალისტი ლამარა თელია, რომელმაც ისრაელი, ჯერ კიდევ სავიზო რეჟიმის დროს, ორჯერ მოიარა და მანამდეც ებრაელთა ყოფას, კულტურას, ისტორიას კარგად იცნობდა. ის წლების განმავლობაში გაზეთ ,,სამშობლოს” რედაქტორის მოადგილე იყო, სადაც მე რამდენიმე წელი ვმუშაობდი, და პირველი წერილები ისრაელიდან, სწორედ ჩვენთან, რედაქციაში, როგორც ებრაელთა ყველაზე დიდ გულშემატკივრებთან, მოდიოდა.
ამ წიგნის მეორე რედაქტორი კი ჩვენი უსაყვარლესი პოეტი, მთარგმნელი, პოლიტიკოსიც კი (სამგზის იყო საქართველოს პარლამენტის დეპუტატი), ბატონი ჯემალ აჯიაშვილია, რომლისთვისაც, სამწუხაროდ, ბოლო ხელშევლება აღმოჩნდა ჩემს წიგნზე მუშაობა.
რეცენზენტები ჩემი წიგნებისა, ძირითადად, პროფესორი ზურაბ ჭუმბურიძე და პოეტი და ცნობილი ჟურნალისტი სულო სეფიაშვილი გახლავთ.
,,ამად ამოველ წმინდა მიწაზე” ქართველებისა და ებრაელების ოცდაექვსსაუკუნოვან გასაოცარ თანამეგობრობას ეძღვნება. აქვეა საუბარი ისრაელზე, მის წმინდა ადგილებზე და იმაზე, ებრაელმა ხალხმა აღთქმული ქვეყანა დიდებული წარსულის ნაშთიდან როგორ აქცია, სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში, მაღალგანვითარებულ, წარმატებულ, აყვავებულ სახელმწიფოდ…
ისრაელში წასვლა ყველასთვის სანუკვარი ოცნებაა. თქვენ რამდენჯერმე მოიარეთ წმინდა მიწა. სოციალური ქსელიდანაც კარგად ჩანს, რომ იქ  მრავალი გულითადი მეგობარი გყავთ
– პირველად 2010 წლის აპრილში, თინა შიმშილაშვილის მიწვევით წავედი ისრაელში. თინა თავის წიგნს ,,სანთელი ვარ” ამზადებდა გამოსაცემად. ლამარა თელიასთან ერთად რედაქტირებას ვუკეთებდი ამ წიგნს. ნაწილობრივ თბილისში წავიკითხეთ, მერე იქ, ისრაელში. სულ რაღაც 17 დღით ვიყავი, მაგრამ პარალელურად მოვასწარი, ქრისტიანული ადგილები მომენახულებინა, ასევე ვიყავი გოდების კედელთან, როშ ჰანიკრაში, აკოში და ა. შ.
აშდოდში ნანა დავარის და სულო სეფიაშვილის თაოსნობით ჩემი წიგნის – ,,სუჯუნელი ებრაელების” პრეზენტაციაც ჩატარდა. გავიცანი მრავალი კარგი ებრაელი, შევხვდი ნაცნობებს, შთაბეჭდილებებით სავსე ჩამოვედი და შემდეგ გამოვეცი წიგნი წმინდა მიწაზე.
მეორედ აშდოდის მერიის, კერძოდ, ბატონი მოშე ბოთერაშვილის მიწვევით ვიყავი, უკვე ერთი თვით, შემდეგ ცნობილი ქორეოგრაფის – შოთა წვენიაშვილის საიუბილეოდ წავედი, მეოთხედ და მეხუთედ, ძირითადად – ბატონი პაატა იოსებაშვილის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით და თინას წიგნის წარდგენის გამო ვიყავი ისრაელში.
რა თქმა უნდა, იყო სხვა შეხვედრები, რადიო-ტელევიზიებში ჩაწერა, გამოსვლა, რამდენიმე საღამოს წაყვანა.
ანა კალანდაძის პრემიის ლაურეატმა, პოეტმა ნანა დავარმა, ცნობილმა რეჟისორმა ბატონმა ზური ბოთერაშვილმა და კომპოზიტორმა და მომღერალმა ალექს პელეგმა ბათ-იამში ჩემი შემოქმედებითი საღამო ჩაატარეს. იყო ოჯახებში, სალონებში მიწვევა… ვიყავი ქალაქების ფოთისა და კირიათ-იამის დამეგობრების მემორანდუმის გასაფორმებლად მიწვეული ფოთის დელეგაციის წევრი და ა. შ. ყველას დიდი მადლობა.
ახლახან კვლავ გახლდით ისრაელში. რუსთაველის საზოგადოების წევრებთან ერთად. ამ დღეებში ისევ ვარ მიწვეული. 5 აგვისტოდან ისრაელში დიდი საფესტივალო ზეიმი იწყება.
 – 5 აგვისტოდან ისრაელში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი კარმიელი – 2017“ გაიმართება…  მალე ისევ გიწევთ ისრაელში წასვლა...
–  დიახ, 5 აგვისტოდან ისრაელში დიდი საფესტივალო ზეიმი იწყება.
ფესტივალში საქართველოდან ფოთის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ოქროს ფაზისი“ მონაწილეობს.
ფესტივალი 5 აგვისტოდან 12 აგვისტოს ჩათვლით ისრაელის რამდენიმე ქალაქში გაიმართება.
ფესტივალის ფარგლებში, მოცეკვავეებისა და მათი ხელმძღვანელების გარდა, მიწვეულია რამდენიმე საპატიო სტუმარი და მათ შორის მეც.
– ამ ორ ქალაქს შორის მეგობრობას საფუძველი ჩაუყარა ქალაქებისფოთის და კირიათიამის მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმმა…
– ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ ცნობილი მეცენატის, ფოთის საპატიო მოქალაქის, ბატონი შოთა მეგრელიშვილის შვილის, ბიზნესლედის, ქალბატონ ლიანა მეგრელიშვილის თაოსნობით, ქალაქების – ფოთის (მერი ირაკლი კაკულია) და კირიათ-იამის (მერიდავიდ ევენ ცური) მუნიციპალიტეტებს შორის დაიდო ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
შემდეგ დაძმობილებული ქალაქების დელეგაციები გაცვლითი პროგრამებით ესტუმრნენ როგორც ისრაელს, ასევე საქართველოს. როგორც ჟურნალისტი და ქართულ-ებრაულ ურთიერთობებში კარგად გაცნობიერებული, მეც ვმონაწილეოდი ამ დელეგაციების მუშაობაში, როგორც საქართველოს, ასევე ისრაელის მხრიდან. სწორედ ამ დამეგობრების ფარგლებში გადაწყდა საერთაშორისო ფესტივალზე ფოთის რომელიმე ანსამბლის შერჩევა. ოთხი თვის წინ კი, საქართველოში საერთაშორისო ფესტივალ ,,კარმიელი 2017” -ის მონაწილეთა შესარჩევად სპეციალური დელეგაცია ჩამოვიდა.
დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: აჰარონ სოლომონ – მსოფლიო ხალხთა ეროვნული და კლასიკური ცეკვების ფესტივალ ,,კარმიელის” პრეზიდენტი და მისი მეუღლე ქალბატონი ნომი სოლომონ. საერთაშორისო ფესტივალ ,,კარმიელის” სამხატვრო ხელმძღვანელი ბატონი შლომო მამან და მისი მეუღლე, ქალბატონი ბათია მამან.
ბატონი მოშე აშკენაზი – ფესტივალის პროდიუსერი და რეჟისორი და კომპანია „დი.ელ“-ის გენერალური დირექტორი.
იურდიული მრჩეველი – ადვოკატი დორი ცურ. ქალაქ კირიათ – იამის საკრებულოს წევრი, ადვოკატი მურად ფიზიცკი. ქალაქ ტირათ კარმელის მუნიციპალიტეტის იურისტი, ადვოკატი მოშე ელიკი, ხაიფისა და ჩრდილოეთ ოლქის ქართულ – ებრაული კულტურისა და ხელოვნების ცენტრის თავმჯდომარე, ,,საქართველოს ქორეოგრაფიის რაინდი”, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე – შოთა წვენიაშვილი.
 ხართ სრულიად საქარველოს რუსთაველის საზოგადოების სპეციალური წარმომადგენელი ისრაელის სახელმწიფოში, საერთაშორისო ორგანიზაციასახალხო დიპლომატიისვიცეპრეზიდენტირუსთაველის საიუბილეო დღეებთან დაკავშირებით ისრაელში საინტერესო ღონისძიებები ჩატარდა
– საერთაშორისო ორგანიზაცია „სახალხო დიპლომატიის” პრეზიდენტია ნინო ანდრონიკაშვილი, ამ ეგიდით რამდენიმე გადაცემა წავიყვანე მედიაკავშირ „ობიექტივზე“.
სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოებამ ორი წლის წინ ოფიციალურად მომანიჭა ამავე საზოგადოების სპეციალური წარმომადგენლის სტატუსი ისრაელის სახელმწიფოში. ძალიან მინდოდა, შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით ისრაელში პატარა შეხვედრა მაინც გამართულიყო, ვიდრე სამთავრობო კომისია ჩამოყალიბდება და დიდ საიუბილეო საღამოს ჩაატარებს.
ისრაელში რამდენიმე ცნობილ ადამიანთანაც მქონდა ამ საკითხზე შეხვედრა-საუბრები. ზოგი მათგანი რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტს, დავით შემოქმედელს დავაკავშირე. შემდეგ, მოხდა ისე, რომ რუსთაველის საზოგადოების მუდმივ წარმომადგენლად ისრაელის  სახელმწიფოში ავირჩიეთ დოქტორი იაკობ ოფირი (ეფრემაშვილი), რომლის მონდომებით და დახმარებით ივნისის თვეში ათკაციანი ჯგუფი თვითდაფინანსებით წავედით ისრაელში.
ეს არ იყო ოფიციალური დელეგაცია. თუმცა, ჩვენმა ებრაელმა მეგობრებმა იქ ღირსეული დახვედრა მოგვიწყვეს, განსაკუთრებით – ბატონმა იაკობ ოფირმა.
ვიყავით ლუდში, წმინდა გიორგის ეკლესიაში. ერთი დღე იერუსალიმში დავყავით. მოვინახულეთ ჯვრის მონასტერი, აღდგომის ტაძარი, გოდების კედელი, გეთსიმანიის ბაღი და სხვა წმინდა ადგილები…
ჯვრის მონასტერში დაგვხვდნენ იერუსალიმის მერიის და ქართული კულტურის ცენტრის წარმომადგენლები, პროფესორები, ხელოვნების მუშაკები. რადიო კოლ-ისრაელის ქართულენოვანმა არხმა, ქალბატონმა მერი ამშიკაშვილმა პირდაპირ ეთერში გადასცა ჩვენი ვიზიტის მნიშვნელოვანი მომენტები. მეორე დღეს დიდებული შეხვედრა მოეწყო საქართველოს საელჩოში, საქართველოს ელჩთან, ბატონ პაატა კალანდაძესთან, ელჩის მრჩეველთან, ქალბატონ მანანა დუბაძესთან და სხვებთან.
საღამოს ბათ-იამში, დიდ საკონცერტო დარბაზში, ჩატარდა შოთა რუსთაველის 850 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო კონცერტი-შეხვედრა. საღამოს უძღვებოდა ქალბატონი ლია კრიხელი.
შემდეგი ორი დღე ისრაელის ჩრდილოეთით გადავინაცვლეთ, სადაც გველოდებოდნენ ჩვენი მეგობრები.
განსაკუთრებული ყურადღებით დაგვხვდნენ და ორი დღის პროგრამის უზრუნველყოფა თავიანთ თავზე აიღეს, კირიათ-იამის საკრებულოს წევრმა, ქართველების დიდმა მეგობარმა, ქუთაისში დაბადებულმა მურადი ფიზიცკიმ და ისრაელის რამდენიმე ქალაქის, საქართველოში კი ზესტაფონის და ფოთის საპატიო მოქალაქემ, დამსახურებულმა ქორეოგრაფმა, საქართველოს ქორეოგრაფიის საზოგადოების რაინდის წოდების მფლობელმა, ზესტაფონში დაბადებულ-გაზრდილმა შოთა წვენიაშვილმა, რომელთაც გვერდით ედგნენ ხაიფის კირაიოთებში მცხოვრები ჩვენი მეგობარი ქართველი ებრაელები. დიდებულად ჩატარდა საღამო-კონცერტი, მოწვეული საუკეთესო მომღერლებით, იყო გამოსვლები, დაჯილდოება. კონცერტს დაესწრო კირიათ – იამის მერი, ბატონი დავიდ ევენ ცური, მეუღლესთან ერთად. მეორე დღეს იყო ექსკურსია ნაზარეთში, კინერეთის ტბაზე, მდინარე იორდანე, როშ ჰანიკრა, ხაიფა, აკო….
ყველას უღრმესი მადლობა, იმ ლამაზი, შინაარსობრივად დატვირთული, შთამბეჭდავი დღეებისთვის, შოთა რუსთაველის, ქართველი ხალხის, საქართველოს დაფასებისათვის… აქ ძალიან ბევრი ადამიანის ჩამოთვლა შემეძლო, მაგრამ თავს ვიკავებ, რადგან ძალიან შორს წავალთ და თან ვინმე უსათუოდ გამომრჩება. მთავარია, რომ უსაზღვროა ჩვენი მადლიერება. იმ დღეებში ხომ ყველანი იყვნენ ჩვენ გვერდით, ჩვენს პატივისცემაში…
– ამის გარდა, ისრაელში, თქვენი ძალისხმევით, რამდენიმე შემოქმედებითი საღამოც გაიმართა…
– ისრაელში რამდენიმე შემოქმედებით საღამოს ვუძღვებოდი და ახლაც, ბატონ  აბტალიონ შალელაშვილს 90 წლის იუბილე აღვუნიშნეთ აშდოდში. ამისათვის დიდი მადლობა აშდოდის ვიცე-მერს მოშე ბოთერაშვილს, მწერალს, პუბლიცისტს ირაკლი კოკუაშვილს, მომღერლებს: მაია ვერძეულს, იუზა მოშიაშვილს, ირინა დევდარიანს, ზურაბ ბერიაშვილს, ირმა და ელდარ შოშიტაშვილებს და ყველა გამომსვლელს, ყველას, ვინც დაესწრო ამ უთბილეს საღამოს.
 ოჯახი, მეუღლე, შვილები
– ჩემი ნავსაყუდელი, სიამაყე და სიცოცხლე, ყველაზე დიდი სიმდიდრე, ღვთის წყალობა ჩემი თბილი ოჯახია. ჩემი მეუღლე პროფესიით გეოფიზიკოსი ფრიდონ მოწაფია გახლავთ. წელს ოცდაათი წელი შესრულდა ჩვენი ქორწინებიდან. სამი შვილი გვყავს: ნინო, კახი და გიგი. ერთი – გიორგი, სამწუხაროდ, ზეცაშია. სამივენი დაქორწინებულები არიან. ხუთი შვილიშვილი გვყავს: გიგი, მარიამი, მეა, ალექსანდრე და ნიტა.
– ნაყოფიერი და შინაარსიანი ჟურნალისტური წლები განვლეთ. დიდხანს მუშაობდით გაზეთ „სამშობლოს“ რედაქციაში… მრავალი ჯილდოს მფლობელი ხართ, მათგან განსაკუთრებულია „აბაშის საპატიო მოქალაქეობა“…
– გაზეთ ,,სამშობლოს” რედაქციაში, მართლაც, დიდხანს ვმუშაობდი. მერე ახალი გაზეთი დავაფუძნე ,,ამერ-იმერი”, რამდენიმე წელი გამოდიოდა და ახლაც კარგად ახსოვთ.
ვთანამშრომლობდი ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან, ვიყავი საკავშირო ჟურნალისტთა კავშირის წევრი, მერე, რა თქმა უნდა, საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის წევრი. მწერალთა კავშირის და კიდევ რამდენიმე სხვა შემოქმედებითი ორგანიზაციის წევრიც ვარ.
ამ ბოლო დროის ჯილდოებს შორის, ,,აბაშის საპატიო მოქალაქეობასთან” ერთად, გამოვარჩევდი სულ ახლახან, ისრაელში გადმოცემულ საპატიო დიპლომს – ქართულ-ებრაულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისათვის.
– თქვენს ღვაწლს  ქალბატონმა მიმოზა ცანავამ ლექსი უძღვნა, რომლითაც  ეს საუბარი მინდა დავასრულო:


„…სული სანთელივით იწვის,
ეს ცხოვრება მართლა ღირდა,
ოცდაექვსი საუკუნე მეგობრობა
გზად და ხიდად…
სიყვარულით გაგიღია
ერთგულების გულის კარი…
წიგნი ქართველ ებრაელთა
მეგობრობის ძეგლი არის…
დაგელოცოს ეგ მარჯვენა,

გაგვიმრავლდი, დღევ, ნათელო,
შენ, ღვთიურო, კოლხო ქალო, 
„გოლუაფირო“, „სქან სანთელო“…

 

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები