მუსიკოსი და მევიოლინე, რომელმაც საქართველოს ჩემპიონატზე ბრასით ცურვაში სამი მედალი ზედიზედ მოიპოვა

მუსიკის სიყვარული ბავშვობიდან დედამ ჩაუნერგა. სამი წლის ასაკიდან  ოპერაში ყველა წარმოდგენაზე დაჰყავდა.
შემდეგ ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სკოლაში, „ნიჭიერთა ათწლედში“ ვიოლინოს განხრით ჩაირიცხა.
საქველმოქმედო კონცერტების, კონკურსების მონაწილეა. ორი სერიოზული სოლო კონცერტიც ჰქონდა. 

ამავდროულად, საქართველოს ნაკრების წევრია 2012 წლიდან, 17 წლის პირველთანრიგოსანი  სპორტსმენი ცურვაში უამრავი ოქროს, ბრინჯაოს და ვერცხლის მედლის მფლობელია.
ახლახან  საქართველოს ზაფხულის ჩემპიონატზე სამი მედალი  – ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო მოიპოვა. – სალომე ლომიძის პერსონა.

– ბავშვობიდან ცეკვავ. როგორ დაიწყო მუსიკის სიყვარული?
– დედისერთა ვარ და ჩემები ყველაფერში ხელს მიწყობენ. დედაჩემი ოპერის დიდი მოყვარულია და ბავშვობიდანვე ჩამინერგა მუსიკის სიყვარული. დედასაც მუსიკალური განათლება აქვს.
– 3 წლიდან დაჰყავდი ოპერაში
– დიახ… ყველა ოპერა და ბალეტი ვნახე და აქედან დაიწყო  მუსიკისადმი სიყვარული.
– „ნიჭიერთა ათწლედში“ 2007 წელს ჩააბარეთ, ვიოლინოზერატომ მაინცდამაინც ვიოლინო?
– ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა, რა ხდებოდა ორკესტრში, სულ ვიყურებოდი ქვემოთ, როდესაც ოპერაში ვიყავი და ხელებს  დირიჟორივით ვიქნევდი. ყველაზე მეტად ვიოლინო მომეწონა და ვიკითხე, რა საკრავი იყო. აქედან გაჩნდა ჩემი სიყვარული ამ საკრავისადმი.
– ათწლედში სწავლის წლებზე რა გვეტყოდი? რით იყო გამორჩეული?
– მოგეხსენებათ, ვიოლინო ყველაზე რთული ინსტრუმენტია და თავიდან ძალიან რთული იყო ყოველდღიური მეცადინეობის გაძლება.
ზოგადად,  ათწლედი იმითაა გამორჩეული, რომ ძალიან მაღალი დონის პროფესიონალები არიან და სწავლის დონეც საკმაოდ მაღალია. თავიდანვე ძალიან კარგი მასწავლებლები შემხვდნენ როგორც სპეციალობაში, ასევე თეორიულ საგნებშიც.
ყველაზე კარგი პერიოდი გავატარე, როდესაც პროფესორ  თამაზ ბათიაშვილის კლასში ვიყავი. უდიდესი გამოცდილება შევიძინე, ვინაიდან ის გერმანიაში წავიდა საცხოვრებლად,
ამჟამად ჩემი პედაგოგია ხელოვნების დამსახურებული ქურუმი, საქართველოს სახელმწიფო კვარტეტის წევრი, პროფესორი ნოდარ ჟვანია. დღემდე არ მაკლებს ყურადღებას და ჩემი ყოველი ნაბიჯი იცის, წარმატებაც და წარუმატებლობაც.
2013 და 2015 წლებში 2 სოლო კონცერტი მქონდა. 2015 წელს „თი-ბი-სი“ ბანკის მიწვევით მათსავე დარბაზში დავუკარი. მონაწილეობა მივიღე ათწლედის თითქმის ყველა კონცერტში, საქველმოქმედო კონცერტებში, კონკურსებში…
– როგორ ფიქრობ, ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეები რატომ აღწევენ წარმატებებს, ამის საიდუმლო რა არის?
– ამის საიდუმლოება, ალბათ არის ის, რომ ძალიან მაღალი დონის პროფესორები გვასწავლიან და ბავშვებს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ.  ყველანაირად ხელს გვიწყობენ, ცდილობენ,  წაგვახალისონ მრავალი კონცერტით.
– სპორტი მეორე გატაცებაა, ჩოგბურთი გიყვარდა, მერე ცურვაზე დაიწყე სიარული და უამრავი ჯილდოც მიიღე
– ჩოგბურთზე დღემდე ვგიჟდები. თავისუფალ დროს ყოველთვის ვთამაშობ. ცურვას რაც შეეხება, ჩემი ყოველდღიური ცხოვრებაა, უზომოდ მიყვარს და ვერასდროს შეველევი. ყოველდღიურად ვვარჯიშობ, კვირის გარდა.
ცურვიდან  უკვე ორი წელია, სტიპენდიაც მაქვს. 2012 წლიდან ვარ საქართველოს ნაკრების წევრი. ჩემი მწვრთნელია საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირინა მინჯულინა.
– ახლახან  საქართველოს ჩემპიონატზე ცურვაში გაიმარჯვე…
– 6-7-8 ივლისს ჩატარდა საქართველოს ზაფხულის ჩემპიონატი. პირველ დღეს 1 ადგილი ავიღე 200 მეტრი ბრასით ცურვაში, მეორე დღეს ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე  50 მეტრზე ბრასით ცურვაში და მესამე დღეს – ვერცხლი 100 მეტრზე ბრასით ცურვაში…
– ასეთი წარმატება სხვა დროს გქონია? და სამომავალოდ  საერთაშორისო შეჯიბრზე წასვლას თუ გეგმავ?
კი, მქონია, 2015 წელს გავხდი 200 მეტრზე ცურვაში ჩემპიონი და ხშირად ვიღებ მედლებს და დიპლომებს. საქართველოს მასშტაბით  ყოველთვის ვარ ხუთეულში.
კი, აუცილებლად წავალ, სავარაუდოდ,  მომავალი წლიდან საზღვარგარეთ შეჯიბრიც იქნება. 2014 წელს ვიყავი ბაქოში, ალიევის თასზე გამართულ შეჯიბრში ვმონაწილეობდი და 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო ჩამოვიტანე.
6 წლის ასაკში ფიგურული სრიალის სკოლაში დადიოდი და მხოლოდ 1 წელი იარე…  ფიგურულ სრიალს ბოლომდე რატომ არ გაჰყევი?
– ძალიან მიყვარდა, მაგრამ ვეღარ ვასწრებდი ამდენ რამეს, თან ამ სპორტს დიდად არ აქვს ხელშეწყობა საქართველოში.
– როგორ ფიქრობ, შენს ცხოვრებაში მუსიკას უფრო დიდი ადგილი უკავია თუ ცურვას?
–  რა თქმა უნდა, მუსიკას. მინდა,  მთელი ცხოვრება ამ პროფესიით ვიცხოვრო. თუმცა ცურვა ყოველთვის იქნება ჩემს ცხოვრებაში. სანამ შევძლებ, სულ ვიქნები  სპორტულ გუნდში, როცა უკვე დიდი ვიქნები და ვეღარ მოვახერხებ, ისე მაინც ვივლი აუზზე, არ დავივიწყებ.
მაგრამ მანამდე მინდა, სპორტის ოსტატობის კანდიდატი გავხდე, სერიოზულ სპორტს მაქსიმუმ 28 წლამდე თუ გაქაჩავ.
– ჰობი რა გაქვს?
– ჰობად უკვე მეგობრებთან ყოფნას ვთვლი, დრო არ მაქვს, იშვიათად ვახერხებ მათთან ერთად სადმე წასვლას. ასევე ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა და თითქმის სულ ვკითხულობ…
– რომელი კომპოზიტორი გიყვარს…
ყველაზე მეტად ბახი და ბეთჰოვენი მიყვარს, ყველაზე კარგად ვუგებ მათ მუსიკას.
– სამომავლოდ…
– სამომავლოდ სოლო კონცერტს ვგეგმავ.  პროგრამა ჯერ არ ვიცი, 12 ივნისს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მქონდა სოლო კონცერტი. ბრუხის კონცერტი შევასრულე.
ასევე, გერმანიაში მსურს სწავლის გაგრძელება ვიოლინოს განხრით…

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები