შიო ხეცურიანის ორი წარმატებული პროფესია და მისი გზავნილი მომავალ კალათბურთელებს
სპორტულ სამყაროში პირველი ნაბიჯები ჯერ კიდევ მაშინ გადადგა, როდესაც ძლიერი ნებისყოფის და ხასიათის ადამიანებმა თავის გატანა და „გადარჩენისთვის“ ბრძოლა ყველაზე უკეთ ისწავლეს – ეს იყო 90-ანი წლების საქართველო და მისი თანამდევი სირთულეები. ეს იყო წარმოუდგენლად დიდი შრომა, რასაც არაერთი კარიერული წინსვლა და დაფასება მოჰყვა. საკალათბურთო გუნდ „მართვედან“ ეროვნულ ნაკრებამდე გრძელი გზა გაიარა, მაგრამ ეს არ იყო მისი ერთადერთი წარმატება და სპორტიც არ ყოფილა მისი ერთადერთი წარმატებული პროფესია. მარტივი არ არის, იცხოვრო ერთხელ და გაიარო ორი სხვადასხვა პროფესიული გზა – ორივეგან იყო პროფესიონალი და ორივეგან დატოვო შენი კვალი… მარტივი არ არის, 37 წლის ასაკში ბიოგრაფიულ CV-ში გეწეროს, რომ გარდა სპორტული მიღწევებისა, იყავი წარმატებული ბანკის ფინანსისტი, ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ფინანსური მენეჯერი, იუსტიციის სახლის, სახელმწიფო სერვისების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი და შემდეგ ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო კომპანიის ბიზნესის განვითარების დირექტორი.
ამ ყველაფრის ერთ ამბად მოყოლაც არ არის მარტივი საქმე და მისი ამბებიც ერთი ინტერვიუსთვის აუცილებლად იქნება ცოტა… ცოტა, მაგრამ საინტერესო მათთვის, ვისაც მისი ბიოგრაფიისთვის თვალის გადავლება, მისი გაცნობა სურს, ამავდროულად კი, შიო ხეცურიანის ბიოგრაფია ალბათ მაგალითის მიმცემი და მოტივატორი იქნება იმ ახალი თაობისთვის, ვინც დღეს თანამედროვე საქართველოში პირველ პროფესიულ ნაბიჯებს დგამს და წარმატების მისაღწევად უკვე უამრავი შესაძლებლობა აქვს.
– შიო, როდის და როგორ აღმოჩნდი სპორტის სამყაროში? მოგვიყევი შენი პირველი ნაბიჯების შესახებ…
– კალათბურთზე სიარული ვერის ბაღში ცხრა წლის ასაკში დავიწყე. ეს იყო ვერის საკალათბურთო დარბაზი და „მართვე“. ჩემი პირველი მწვრთნელები თამაზ ოქრუაშვილი და ზვიად დიდბარიძე იყვნენ. ბავშვობიდან საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა ჩემი კარიერა. 1989 წელი იყო – მძიმე პერიოდი იდგა საქართველოში. ვარჯიში მოუწესრიგებელ დარბაზებში გვიწევდა. ფაქტობრივად, არ არსებობდა სპორტული ინფრასტრუქტურა, არ გვქონდა ელემენტარული პირობები – ცხელი წყალი, გათბობა და მე და ჩემს მეგობრებს ვარჯიში, ძირითადად, გაყინულ დარბაზში ხელთათმანებით, შარფით, ქუდით გვიწევდა…
ეს არავის გაუკვირდება, ვისაც 90-იანი წლების საქართველო ახსოვს – ძალიან უჭირდა ქვეყანას და მუდმივი დაძაბულობის ფონზე ვცხოვრობდით. ვერის ბაღი თბილისის შუაგულშია და მახსოვს ის რთული დღეები, როდესაც ჩვენი საკალათბურთო დარბაზის გარეთ ისროდნენ… თუმცა, ამ ყველაფერს, არეულობას, სირთულეებს ჩემს არჩევანზე – გავმხდარიყავი წარმატებული სპორტსმენი, გავლენა არ მოუხდენია. პირიქით, მეც და ჩემს თანაგუნდელებსაც გამოგვიმუშავდა ნებისყოფა, გავხდით უფრო ამტანები და ათჯერ უფრო მეტად შეგვიყვარდა კალათბურთი. იმ დროის ყველა სიმძიმეს ვიტანდით და დაუღალავად ვვარჯიშობდით.
– როგორ შეხვდა ოჯახი შენს გადაწყვეტილებას, გამხდარიყავი კალათბურთელი, რამდენად შეგიწყეს ხელი?
– ბავშვობიდან მამას და ბაბუას თბილისის „დინამოს“ საკალათბურთო თამაშებზე ხშირად დავყავდი. ერთად დავდიოდით ფეხბურთის მატჩების სანახავადაც. რატომღაც ჩემთვის ყოველთვის კალათბურთი უფრო მიმზიდველი იყო, ასევე მიმზიდველი იყო ის გარემო, რაც სპორტის სასახლეში სუფევდა – დარბაზი ყოველთვის სავსე იყო, თამაშები – დინამიკური. პატარა ვიყავი, მაგრამ არასდროს დამავიწყდება საქართველოში „ჟალგირისის“ ჩამოსვლა და ის განწყობა, რაც სპორტის სასახლეში სუფევდა… მგონი, ამან ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ზუსტად ამ თამაშებზე სიარულმა განაპირობა ის, რომ სურვილი გამიჩნდა, სპორტის ამ სახეობაზე შევსულიყავი. იმ დროის საქართველოს უამრავი წარმატებული სპორტსმენი ჰყავდა – გია დარსაძე, გია სანაძე, ნიკოლოზ დერიუგინი… კალათბურთი სწორედ ამ ადამიანებმა შემაყვარეს. როდესაც ოჯახის წევრებს ჩემი სურვილი ვუთხარი, ძალიან პოზიტიურად შეხვდენენ, გაუხარდათ და ვერის ბაღში მიმიყვანეს. ოჯახმა თავიდანვე ძალიან შემიწყო ხელი.
– პირველი მწვრთნელის ფაქტორს ალბათ დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ იყო ის და რა მოგონებები დაგიტოვა?
– პირველი მწვრთნელი თამაზ ოქრუაშვილი იყო, თუმცა შემდეგ უკვე ზვიად დიდბარიძე გახდა. სწორედ ეს ორი ადამიანი გვავარჯიშებდა… მახსოვს, ოქრუაშვილი სულ ცდილობდა, ისეთი გარემო შეექმნა, რომ დარბაზში ყოფნა შეგვყვარებოდა, რომ, პირობების არქონის მიუხედავად, ვარჯიშის მეორე დღეს სიხარულით დავბრუნებულიყავით იქ – ყოველგვარი ვალდებულების, აუცილებლობის გარეშე, მხოლოდ სპორტის სიყვარულით და პროფესიული ზრდის სურვილით. ვერის საკალათბურთო დარბაზში მეც და ჩემმა თანაგუნდელებმაც უამრავი ბედნიერი წუთი გავატარეთ… „მართვე“ დღემდე მრავალი კალათბურთელისთვის, არაერთი სპორტსმენისთვის კალათბურთის სიყვარულთან ასოცირდება.
ვთვლი, რომ კალათბურთმა, ცხოვრებაში, ყველაზე ღირებული რაც მომცა, ეს სამეგობრო წრეა, ადამიანები, რომლებიც იმ რთული წლებიდან, 9 წლის ასაკიდან მომყვებიან და ეს ჩემი მთავარი სიმდიდრეა.
– გაიხსენე შენი პირველი წარმატება, როდის “აღმოაჩინეს“, რომ ხარ პერსპექტიული კალათბურთელი? ხომ არ უკავშირდება ეს „მართვეს“ პერიოდს?
– სიმართლე გითხრათ, „მართვეში“ იყო პერიოდი, როდესაც საერთოდ არ ვითვლებოდი პერსპექტიულ კალათბურთელად. ეს თავიდან, თუმცა, მოგვიანებით, ჩვენი გუნდის მწვრთნელად აქტიური სპორტსმენი, “ვითას“ კაპიტანი და, ამავე დროს, საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი ნიკო ჩერქეზიშვილი დაინიშნა. იმ პერიოდში ”მართვეს“ სახელწოდება შეეცვალა და „ბაასად“ გადაკეთდა. ნიკო ჩერქეზიშვილი მაშინ უკვე სპორტსმენის კარიერას ასრულებდა და მწვრთნელის კარიერას იწყებდა. მისი პირველი გუნდი ჩვენ ვიყავით, ჩემი პროფესიული განვითარება სწორედ მისი უდიდესი დამსახურებაა. მან ჩემში პოტენციალი დაინახა, ის, რომ შემეძლო სპორტის ამ სახეობაში უფრო კარგად წარმომეჩინა თავი. მისი დამსახურებაა, რომ მოვხვდი საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში და ასევე „დინამო 2“-ში.
„ბაასის“ გუნდიდან „დინამო-2“ – ში, ძირითადი ბირთვი სწორედ ნიკო ჩერქეზიშვილთან ერთად გადავედით. პირველი დიდი წარმატება იყო ის, რომ ბავშვთა ლიგის ჩემპიონები გავხდით და ამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მე ვიყავი. 14 წლის ასაკში ეს ჩემი პირველი დიდი გამარჯვება იყო. „დინამო 2“-ის სახელით, საკმაოდ მცირე ასაკში, უმაღლეს ლიგაში ვთამაშობდით და ხშირად გაცილებით დიდი ასაკის გუნდებს ღირსეულ წინააღმდეგობას ვუწევდით…
„ბაასის“ შემდეგ ლევან მოსაშვილმა გადამიყვანა „დინამოში“. ვერ წარმოიდგენთ, 17 წლის ასაკში „დინამოში“ თამაში რამდენად საამაყო იყო ჩემთვის! ეს იყო ოცნების ასრულება… სწორედ ამ გუნდის გულშემატკივარი ვიყავი ბავშვობიდან. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ამ ასაკში ძირითად შემადგენლობაში თამაშს შევძლებდი…
„დინამოდან“ სახელმწიფო უნივერსიტეტში, “სტუჯეოსელში“ გადავინაცვლე, შემდეგ ისევ „დინამოში“ და ბოლოს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდში. ჩემი კარიერის განმავლობაში, ძირითადად, სწორედ ამ სამ გუნდში მომიწია თამაში.
– ალბათ გყავდა შენთვის მისაბაძი სპორტსმენები… იმ დროს კედელზე ბევრს ჰქონდა მაიკლ ჯორდანის პლაკატი გამოკრული…
– ოთხმოცდაათიან წლებში, რა თქმა უნდა, ჯორდანის ერა იყო და ის თითოეული ჩვენგანისთვის სამაგალითო სპორტსმენი იყო. სახლში ჯორდანის პლაკატი არ მქონია, მაგრამ მე და ჩემი თანაგუნდელები სულ ვცდილობდით, რაიმე სახის ვიდეო მოგვეპოვებინა, სადაც ჯორდანი, პიპენი, როდმანი თამაშობდნენ… მაშინ არ იყო იმის ფუფუნება, რომ მთელი თამაშები გვეყურებინა, შეგვეძლო მხოლოდ რაღაც კადრები მოგვეპოვებინა „NBA”-დან… რაც შეეხება ჯორდანს, დღემდე ვთვლი, რომ მსგავსი კალათბურთელი არ არსებობს და ის ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენია.
– ქართველებიდან ვინ იყო შენთვის სამაგალითო კალათბურთელი?
– ჩემი ბავშვობის წლებში ძლიერ გუნდად „ვითა“ ითვლებოდა. იქ თამაშობდნენ ისეთი კალათბურთელები, როგორებიც იყვნენ: ნიკო ჩერქეზიშვილი, დუდუ დადიანი, მიშა კობეშავიძე… თბილისის „მერანში“ თამაშობდა პაატა გურასპაული… სწორედ ამ კალათბურთელებს გამოვყოფდი – ძალიან მომწონდა მათი თამაში.
რაც შეეხება ცნობილ სპორტსმენებს, ჩემი კარიერის მანძილზე არაერთ მათგანის წინააღმდეგ მომიწია თამაში – ტონი პარკერი, დირკ ნოვიცკი, ბორის დიაუ, ბენო უდრიჰ…
– შიო, სპორტსმენისთვის ყველაზე საფრთხისშემცველი ტრავმებია. რამდენად აიცილე ისინი?
– სამწუხაროდ, ვერ ავიცილე. ტრავმები როგორც მოედანზე, ისე მოედნის გარეთაც არაერთხელ მივიღე. მოედანზე ხშირად მქონდა ფეხზე, კოჭზე ტრავმა, რომელმაც მოგვიანებით ქრონიკული სახე მიიღო… მქონდა შემთხვევაც, როდესაც ავარიაში მოვყევი და 6 თვის განმავლობაში კალათბურთის გარეშე მომიწია ყოფნა. დავიზიანე ლავიწის ძვალი, ნეკნები… მაშინ გამიმართლა და ოპერაცია არ დამჭირდა, თუმცა მოგვიანებით, სპორტული კარიერის დასასრულს, უკვე საკამოდ სერიოზული ტრამვები მქონდა როგორც ფეხზე, ისე ხელზე, კალათბურთიდან ჩემი წასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ეს გახდა. მაშინ უკვე 29 წლის ვიყავი.
– კარიერის მწვერვალად რას მიიჩნევ?
– პირველ რიგში, ვფიქრობ, ეს იყო ჩემი ეროვნულ ნაკრებში გამოძახება და ასევე თამაში ფინეთის ნაკრების წინააღმდეგ. მახსოვს, როდესაც მოედანზე შევედი, ჩვენი გუნდი 14 ქულას აგებდა და, საბოლოოდ, მოხდა ისე, რომ 7 ქულის სხვაობით მოვიგეთ, სპორტის სასახლეში დაახლოებით 10000 გულშემატკივრის წინაშე ჩატარებულმა ამ თამაშმა უდიდესი სტიმული მომცა და ეს გამარჯვება დღემდე დაუვიწყარია. ეს იყო ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი თამაში. მაშინ მე ვთამაშობდი დღევანდელი ეროვნული ნაკრების ძირითადი ბირთვის კალათბურთელებთან – ზაზა ფაჩულიასთან, მანუჩარ მარკოიშვილთან, ვიქტორ სანიკიძესთან, ნიკოლოზ ცქიტიშვილთან, გიორგი ცინცაძესთან ერთად… ძალიან ძლიერი შემადგენლობა იყო და ფაქტი, რომ ამ გუნდში მომიწია თამაში, ჩემთვის დღემდე სასიხარულოა.
– როგორ ფიქრობ, დღეს რამდენად აქვთ სპორტსმენებს შესაძლებლობა, კარიერულ წარმატებას მიაღწიონ? რამდენად არსებობს ხელსაყრელი გარემო და სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა?
– ვფიქრობ, ამ ეტაპისთვისაც ბოლომდე არ არის ამოწურული გარკვეული პრობლემები, ინფრასტრუქტურა ეტაპობრივად წესრიგდება, მაგრამ ჯერ მაინც არ არის მიახლოებული შესაბამის სტანდარტებამდე. ძალიან ბევრი დარბაზი აშენდა და გაკეთდა. ახალგაზრდა სპორტსმენებს დღეს უკვე აქვთ შესაძლებლობა, სრულყოფილად შეძლონ მუშაობა, თუმცა, ვფიქრობ, ინფრასტრუქტურის მხრივ, ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო. დადებით ტენდენციად მიმაჩნია ის, რომ თბილისშიც და რეგიონებშიც ახალი დარბაზები შენდება. ცოტა ხნის წინ მე პირადად ჩავედი რამდენიმე რეგიონში, მაგალითად გორში, ხაშურსა და კასპში, სადაც ძალიან კარგი სპორტული კომპლექსების მშენებლობა მიმდინარეობს. იმედი მაქვს, ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.
აქვე, თუნდაც ჩემი თაობის მაგალითზე, მინდა ვთქვა, რომ მხოლოდ კარგი ინფრასტრუქტურა არ განსაზღვრავს კარგი სპორტსმენის ჩამოყალიბებას. ამას, რა თქმა უნდა, აქვს გარკვეული მნიშვნელობა, თუმცა, ამ ყველაფერთან ერთად აუცილებელია იყო კარგი მწვრთნელი, კარგი მენეჯერი, კარგი მმართველი… ასევე საჭიროა მაღალი დონის ჩემპიონატები, გულშემატკივართა ჩართულობა, თამაშების სწორად ორგანიზება, მაღალი პროფესიონალიზმი როგორც მწვრთვნელებში, ისე მსაჯებში. როდესაც ყველა ეს ფაქტორი თანაბრად განვითარებულია, ქვეყანა კარგ სპორტსმენებს აუცილებლად გაზრდის.
– იზრდებიან კი დღეს ჩვენს ქვეყანაში კარგი სპორტსმენები?
– კი, იზრდებიან, მაგრამ, ჩვენ მაგალითი წარმატებული ქვეყნებისგანაც – მაგალითად, ესპანეთისგან, ლიტვისგან, სლოვენიისგან უნდა ავიღოთ.. ამ ქვეყნებში კალათბურთი ძალიან განვითარებულია. საკითხისადმი კომპლექსური მიდგომა აქვთ, კომპეტენციის თვალსაზრისითაც საკმაოდ მაღალ საფეხურზე იმყოფებიან, ინფრასტრუქტურა დახვეწილი აქვთ, მაღალი დონის ჩემპიონატებს ატარებენ. ამ ყველაფერს სისტემური მმართველობა უწყობს ხელს. ეს ყველაფერი კარგი სპორტსმენის ჩამოყალიბებას განაპირობებს. ვფიქრობ, მათგან უნდა ავითვისოთ ეს მიდგომები, ამოვიღოთ საუკეთესო და მოვარგოთ ჩვენს სისტემას, სტრუქტურულად განვავითაროთ კალათბურთი.
სამწუხაროა, მაგრამ ბოლო წლებში ძალიან ბევრი რამ არ განვითარდა, მაგალითად, საქართველოს ჩემპიონატი, სუპერლიგა დღეს ძალიან დაბალი დონისაა, ვერ მოხერხდა რეგიონებიდან კალათბურთელების პოტენციალის სათანადოდ გამოყენება, ვერ ხერხდება ბავშვთა კალათბურთის განვითრება.
ბავშვების მოზიდვის ყველაზე დიდი ფაქტორი დღეს ზაზა ფაჩულიაა, სახელმწიფოს დახმარებით დიდუბეში სწორედ მან ჩამოაყალიბა ძალიან კარგი საკალათბურთო სკოლა. ეს ერთ-ერთი წინგადადგმული დიდი ნაბიჯი იყო, თუმცა, ეს ზაზას გადადგმული ნაბიჯია… ზოგადად, ქვეყანაში კი სპორტის ამ სახეობის მიმართ სისტემური მიდგომა არ არსებობს. საჭიროა მწვრთვნელებისა და მსაჯების კვალიფიკაციის ამაღლება, ახალი პროდუქტის შექმნა, რომელიც კერძო ბიზნესს დააინტერესებს. საკმარისად არ შუქდება კალათბურთის თემები მედიით, შესაბამისად, კერძო ბიზნესს არ აქვს მოტივაცია, აქ ფული დააბანდოს. ის ვერ ხედავს უკუგებას, კეთილი ნებით დაბანდებული ფული კი ყოველთვის მოკლევადიანია. ბიზნესის ამ სფეროთი დაინტერესებისთვის აუცილებელია საზოგადოების აქტივობა, პოპულარიზაცია, ჩართულობა…
შესაცვლელი დღეს ბევრი რამ არის. პირველ რიგში, ეს ბავშვთა კალათბურთს და რეგიონებს ეხება. ბავშვთა კალათბურთის პრობლემები განაპირობებს იმას, რომ თაობა, რომელიც ზემოთ ვახსენე, ასაკის ფაქტორის გამო, მიდის, თუმცა, მათი დონის შესაბამისი შემცვლელები არ მოიძებნებიან. რამდენიმე გამორჩეული ახალგაზრდა გვყავს, მაგრამ, არა ისეთი სიხშირით, როგორც ეს ზაზა ფაჩულიას თაობის შემთხვევაში იყო.
ის, რომ კალათბურთი დღეს ძალიან პოპულარულია, ეს მაინც იმ თაობის დამსახურებაა, რომელიც ნაკრების ძირითად ბირთვად ითვლება, ესენი არიან: ზაზა ფაჩულია, ვიქტორ სანიკიძე, მანუჩარ მარკოიშვილი, გიორგი ცინცაძე და შედარებით ახალი თაობის წარმომადგენლები, რომლებიც, შეიძლება ითქვას, რომ პერსპექტიულები არიან და გამოცდილ კალათბურთელებთან ერთად ნაკრების ბირთვს წარმოადგენენ – გიორგი შერმადინი, თორნიკე შენგელია, ბექა ბურჯანაძე, დუდა სანაძე…
– შიო, სპორტული კარიერა 29 წლის ასაკში დაასრულე, როგორ გაგრძელდა შენი ცხოვრება? ფინანსისტის პროფესია ამის შემდეგ აირჩიე? მოგვიყევი შენი მეორე და წარმატებული კარიერის შესახებაც…
– სპორტული ცხოვრების პარალელურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე და ფინანსებსა და საბანკო საქმეს ვსწავლობდი. მაგისტრატურა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საბანკო საქმის განხრით გავიარე.
25 წლის ასაკში, სპორტული საქმიანობის პარალელურად, ბანკ „რესპუბლიკაში“ დავიწყე მუშაობა. ვიყავი კორპორაციული მომსახურების ოფიცერი. საკმაოდ დატვირთული გრაფიკი მქონდა – მთელი დღე ბანკში ვმუშაობდი, საღამოობით კი ვარჯიშზე მივდიოდი. შაბათ-კვირას ეროვნული ჩემპიონატის თამაშები იმართებოდა და იქ ვმონაწილებდი.
– როგორ მოხვდი ბანკში?
– ბანკ „რესპუბლიკაში“ ჩემი ჯგუფელები მუშაობდნენ და რეკომენდაცია გამიწიეს, გავაგზავნე CV, გავიარე ორი გასაუბრება, მოვეწონე და დამასაქმეს. რამდენიმე წელი ამ პოზიციაზე ვმუშაობდი, შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროში საინტერესო ვაკანსია გამოცხადდა და ნიუ-იორკში გენერალური საკონსულოს ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე დამნიშნეს. სწორედ ამ პერიოდში საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავედი. ტრავმების გარდა, კალათბურთის კარიერის დასრულების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს გახდა.
აშშ-ში სამ წელიწადზე მეტი გავატარე. ვმუშაობდი და პარალელურად ვსწავლობდი. სწორედ ქალაქ ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ბარუქ კოლეჯში ფინანსების განხრით მაგისტრატურაზე ვისწავლე.
– მომიყევი შენი ამერიკული ცხოვრების შესახებ. ალბათ, მარტივი არ არის, ჩახვიდე მეგაპოლისში, მოკლე პერიოდში გაიარო ადაპტაცია, თავი დაიმკვიდრო და იქაც გახდე წარმატებული…
– ნიუ-იორკში რამდენჯერმე ტურისტად ვიყავი ნამყოფი. მაგრამ როდესაც იქ ცხოვრებას იწყებ, სულ სხვაა და ძალიან რთულია – დიდი მეგაპოლისი, უამრავი ხალხი, ცხოვრების წარმოუდგენლად მაღალი ტემპი… თავდაპირველად ეს ყველაფერი ჩემთვის დამთრგუნველი აღმოჩნდა. პირველი ექვსი თვე გამიჭირდა, ვფიქრობდი საქართველოში დაბრუნებაზეც, მაგრამ ნელ-ნელა შევეჩვიე, როდესაც ფინანსების განხრით მაგისტრატურაზე სწავლა დავიწყე, ახალი ადგილობრივი მეგობრები შევიძინე და რეალური ნიუ-იორკის შეგრძნებაში სწორედ ისინი დამეხმარნენ. რეალური ნიუ-იორკი კი აბსოლუტურად განსხვავდება ტურისტული ქალაქისგან. ის შესაძლებლობების ქალაქია და მორგებულია ნებისმიერი ეროვნების, მრწამსის, მენტალიტეტის, გემოვნების ადამიანზე. არსებობს გამონათქვამი: თუკი ნიუ-იორკში შეგიძლია იცხოვრო, ყველგან შეძლებ თავის დამკვიდრებას, თუკი ნიუ-იორკში მიაღწევ წარმატებას, წარმატებული იქნები ყველგან… როგორ შემიძლია არ დავეთანხმო!
როგორც გითხარით, აშშ-ში სამ წელიწადზე მეტხანს ვიყავი, შემდეგ როტაცია შემეხო, მქონდა შესაძლებლობა, დავრჩენილიყავი და საგარეო საქმეთა სამინისტროში გამეგრძელებინა კარიერა, მაგრამ საქართველოში დაბრუნება გადავწყვიტე.
სამშობლოში ძალიან მალე იუსტიციის სამინისტროში დავიწყე მუშაობა, გამოცდილება, რომელიც ნიუ-იორკში მივიღე, ძალიან გამომადგა. ვიყავი თბილისის იუსტიციის სახლის ხელმძღვანელი. თბილისის იუსტიციის სახლის 400-მდე თანამშროემილი დღეში დაახლოებით 10000 ადამიანს ემსახურება.
– როგორც ვიცი, ყოფილი თანამშრომლები დღესაც პოზიტიურად გიხსენებენ და თავის დროზეც კარგ მენეჯერს გიწოდებდნენ… რითი იყავი გამორჩეული?
– ამ კითხვაზე, ალბათ, ყველაზე უკეთ ჩემი ყოფილი თანამშრომლები გიპასუხებენ. მე რაც შემიძლია ვთქვა, არის რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, როდესაც მენეჯერი ხარ და დაახლოებით ოთხასი ადამიანი გექვემდებარება, ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ შენ მათ გვერდით დგახარ და გარკვეულწილად მათი ზურგი ხარ… უნდა მუდმივად ჰქონდეთ განცდა, რომ რთულ სიტუაციებში არ მიატოვებ, არ გაწირავ, იქნები მათი ლიდერი, მეგობარი, პოზიციის დამცველი….
სწორედ ამ 400 ადამიანის დამსახურება იყო ჩემი შემდგომი კარიერული წინსვლა. თბილისის იუსტიციის სახლის უფროსობიდან დაახლოებით ოთხ თვეში დამაწინაურეს და თბილისის იუსტიციის სახლის ფინანსური დირექტორი გავხდი. ამას მალევე მოჰყვა ჩემი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დაწინაურება და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარეობა. ამ პოზიციაზე წელიწადნახევარი გავატარე. ვთვლი, რომ ეს პერიოდი ჩემი პროფესიული კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. მომეცა საშუალება ბევრ პროგრესულად მოაზროვნე პროფესიონალთან მემუშავე, რომლებიც ერთი მიზნის, ჩვენი ქვეყნის წარმატების და განვითარების გარშემო იყვნენ გაერთიანებული და თავდაუზოგავად შრომობდნენ და დღესაც შრომობენ ამ მიზნის მისაღწევად.
საჯარო სამსახური 2016 წლის თებერვალში, პირადი გადაწყვეტილებით დავტოვე და კერძო სექტორში გადავინაცვლე. მუშაობა დავიწყე და დღემდე „იუჯითიჯგუფის“ ბიზნესის განვითარების დირექტორი ვარ. ჯგუფი აერთიანებს 9 კომპანიას. საქართველოს ბაზარზე ლიდერები ვართ აიტი ტექნოლოგიების მიმართულებით წარმოდგენილები ვართ სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებებში, როგორიცაა კომპიუტერული ტექნიკა, ენერგო გადაწყვეტილებები, საბანკო და გადახდის ტექნოლოგიები, სამედიცინო აპარატურა, განათლება და იახტები.
– როგორც ვიცი, სპორტული კარიერა დაასრულე, მაგრამ სპორტის აქტიურ გულშემატკივრად რჩები… ახლახან ამერიკაში NBA-ის ჩემპიონატს დაესწარი და ზაზა ფაჩულიას აქტიურად გულშემატკივრობდი…
– ეს არა მხოლოდ ქართული კალათბურთისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის გამორჩეული ფაქტი იყო. როგორც აღვნიშნე, ბავშვობაში ვნატრობდით, რომ NBA-ის რამდენიმეწუთიანი ვიდეო კადრები მაინც მოგვეპოვებინა… გვინახავს, როგორ ეხუტებოდნენ NBA-ის კალათბურთელები, ჩემპიონობის შემდეგ, თასს და ამ თასის აწევა ბავშობაში ჩვენთვის წარმოუდგენელი ოცნება იყო. დღეს კი ზაზამ, როგორც თავისი, ისე ჩვენი – ყველას ოცნება აასრულა და აუსრულა ქვეყანას! როგორ შემეძლო ამ მატჩის გამოტოვება… მეც იქ ვიყავი, კოტე ტუღუშთან, ზაზას ოჯახის წევრებთან და რამდენიმე მეგობართან ერთად. საოცარი განცდაა, როდესაც ასეთ ნატვრას ისრულებს შენი მეგობარი, შენ ხარ დარბაზში და უყურებ ამ სანახაობას.
– როგორი იყო მისი პირველი რეაქცია გამარჯვების შემდეგ?
– პირველი, რაც დავინახეთ, მისი გახარებული სახე იყო… გვანიშნებდა, დროშა მომეცითო, გიორგი ალავიძემ, მისმა ცოლისძმამ მიაწოდა და ეს იყო ის დროშა, რომელიც იქ ფრიალებდა.
მე და ზაზა ყველა ასაკობრივ ნაკრებში ერთად ვთამაშობდით, მათ შორის – ეროვნულ ნაკრებში. ის თავიდანვე გამოირჩეოდა ჩვენს შორის. დაახლოებით ოცი წელია, ვმეგობრობთ. მისი ერთ-ერთი შვილის, საბას ნათლია ვარ, რომელიც ასევე კალათბურთის ნიჭით გამოირჩევა. ნათელ-მირონობამ კიდევ უფრო გააღვივა ჩვენი მეგობრული ურთიერთობა და უფრო მძაფრი იყო ჩემთვის ზაზას გამარჯვებით გამოწვეული სიხარული.
– შიო, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები ახლოვდება… გავრცელდა ინფორმაცია, რომ შენ მოისაზრები ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად… რამდენად არის ეს სიმართლე? ხომ არ აპირებ ამ კუთხით თავის მოსინჯვას?
– ამ ეტაპზე, ქართული კალათბურთისთვის მთავარი გამოწვევა ევროპის ჩემპიონატია, რომელიც აგვისტო-სექტემბერში გაიმართება. დღეისათვის ვთვლი, რომ ყველა ქართველი კალათბურთის გულშემატკივარი ორიენტირებული სწორედ ამ საკითხზე უნდა იყოს.
მოდი, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ვისაუბროთ იმაზე, თუ რამდენად ვიფიქრებ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ადგილის დაკავებაზე… იქამდე კი, მთავარია, ყველა ერთად დავირაზმოთ და ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. შევუქმნათ მათ ყველა პირობა, რომ კარგად წარმოაჩინონ ჩვენი ქვეყანა,
– რა იქნება შენი გზავნილი იმ ახალგაზრდებისთვის, ვინც კალათბურთის ხაზით სპორტული კარიერის გაკეთებას აპირებს? რა არის ის მთავარი უნარები, რაც უნდა ჰქონდეს ნამდვილ კალათბურთელს?
– მხოლოდ ნიჭით არ შეიძლება დიდი სპორტსმენი გახდე, აუცილებელია ძალიან ბევრი შრომა. სწორედ ამ დიდი შრომის შედეგი იქნება ის წარმატება, რომლის კარგი მაგალითებიც დღეს მრავლად გვაქვს… ქართველები ხშირად ვამბობთ: ნიჭიერია, მაგრამ… სწორედ ეს „მაგრამ“ უნდა მოვსპოთ. ნიჭიერმა ახალგაზრდებმა, ძალიან ბევრი შრომით უნდა შეძლონ, რომ ჩამოყალიბდნენ პროფესიონალებად. ამასთან ერთად აუცილებელია განათლება. პროტოტიპი, რომ თუ სპორტსმენი ხარ, სწავლა არ გჭირდება, დიდი ხანია დაიმსხვრა. საქართველოს უნდა ჰყავდეს ჯანსაღი, განათლებული და პროფესიონალი კალათბურთელები, რომლებიც სამაგალითო იქნებიან, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ახალი თაობისადმი ჩემი მთავარი გზავნილიც სწორედ ეს არის.