„ფერებს ძალიან გავუთამამდი“  – მხატვარი ისტორიული ჰერეთიდან გაუმხელელი ნატვრით

ისტორიულ ჰერეთში – საინგლოში დაიბადა.  ხელოვნების სიყვარული დედამ შთაუნერგა… მღეროდნენ, კითხულობდნენ ლექსების, ხატავდნენ…
შემდეგ რატომღაც ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა, ხატვის უჩვეულო სურვილი კი ამ ბოლო ხანს იგრძნო… მას შემდეგ გამუდმებით ხატავს. ამბობს, რომ ფერებს გაუთამამდა, გაიტაცა ძველი სახლების ხატვამ და შეუყვარდა აბსტრაქციაც… სამომავლოდ ისტორიული ფერეთის პეიზაჟების დახატვას აპირებს. – სოფიო ლაწუნაშვილის პერსონა.

–  დავიბადე ჰერეთში, კერძოდ, კახის რაიონის ულამაზეს სოფელ ალიბეგლოში. ჩემი ოჯახი სამთაობიანი იყო და პლუს ამას ოთხი დედმამიშვილი ვიყავით. მე უმცროსი ვიყავი და საკმაოდ მანებივრებდნენ. არ მიყვარდა ბევრი საუბარი, უფრო მეტს ვფიქრობდი და ყველაფერზე ჩემი აზრიც მქონდა.
რაც თავი მახსოვს, სულ ვხატავდი. დედაჩემმა, მეტ-ნაკლებად, ხელოვნების ყველა დარგისადმი ჩაგვინერგა სიყვარული. ვმღეროდით სამხმიან ქართულ სიმღერებს, გამომეტყველებით ვკითხულობდით პოეზიას, ვუკრავდით გიტარაზე და რაც მთავარია, სულ ვკითხულობდით კლასგარეშე ლიტერატურას. ამ დროს ჩემს სოფელშიც ყვაოდა კულტურული ცხოვრება. ჩემი მასწავლებლის ბორის ათამაშვილის ხელმძღვანელობით ბევრი სასიკეთო საქმე კეთდებოდა სოფლის ახალგაზრდობისთვის.
მან დააარსა ტურისტული კლუბი, საიდანაც მსურველები რამდენიმედღიან ლაშქრობებზე დადოდნენ, იმართებოდა პოეზიის საღამოები, იწვევდა და ჩამოჰყავდა თბილისიდან ცნობილი ადამიანები. შაბათ-კვირას ჩამოდიოდნენ პროფესორ-მასწავლებლები და უანგაროდ გვამეცადინებდნენ საგნებში. სოფელს ჰყავდა სახალხო თეატრი ანზორ დოლენჯაშვილის რეჟისორობით. თითქმის ყოველ კვირას იმართებოდა სპექტაკლები…
– აკადემიის ნაცვლად, უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარეთ…
– სკოლა წარჩინებით დავამთავრე და სწავლის გასაგრძელებლად თბილისში ჩამოვედი. სამხატვრო აკადემიაში ვცადე ბედი, რადგან სულ ვხატავდი და ვოცნებობდი, მხატვარი გამოვსულიყავი. ტურებზე რომ გავედი, ჩემი ნამუშევარი საინტერესოდ ეჩვენა სახვითი ხელოვნების დეკანის მოადგილეს. გამესაუბრა და მომცა გარანტია, რომ მოსამზადებელზე  ჩავირიცხებოდი. მაგრამ მშობლების რჩევით იმავე წელს უნივერსიტეტში ჩავაბარე და ჩავირიცხე ფილოლოგიის ფაკულტეტზე.
სტუდენტობა ძალიან კარგი პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში. მაგრამ რამდენიმე წელიწადს მშობლიური სახლის ნოსტალგიაც მქონდა. ახალი მეგობრების დახმარებით თანდათან მოევლო ამ პრობლემასაც. ლექციებზეც სულ ვხატავდი, ხელი არ მიჩერდებოდა… ხან ლექტორს დავხატავდი, ხან- რომელიმე ჯგუფელს.
ბოლო კურსზე რომ ვიყავი, გავთხოვდი და საცხოვრებლადაც კახში დავბრუნდით. დავიწყე მუშაობა სკოლაში. 5 წელი ვასწავლიდი ბავშვებს ქართულ ენასა და ლიტერატურას. დღესაც კარგად მახსენდება ბავშვებთან ურთიერთობის ეს საოცარი პერიოდი. შევიყვარე და მათაც შემიყვარეს. ახლაც ვაგრძელებ  უკვე გაზრდილ „ჩემს ბავშვებთან“ მეგობრობას.
მეუღლემ რომ დაუსწრებლად დაამთავრა ეკონომიკის ფაკულტეტი თსუ-ში, აქვე დარჩა და მეც თბილისში გადმოვედი. ეს ის პერიოდი იყო, ახალგამოვლილი თბილისი ფეხზე დადგომას რომ ცდილობდა. ყველაფერი დანგრეული იყო და არაფერი არ ფუნქციონირებდა. სკოლებში სწავლა მოშლილი იყო. მეც აღარ შევეცადე მუშაობას.
– როდის დაიწყო ხატვის სიყვარული…
– ამ რამდენიმე წლის წინ ჩემს შვილთან ერთად მივუჯექი სახატავი ნივთებით სავსე მაგიდას და  ხატვა დავიწყე ჩემთვის, გოგონა დავხატე ფერადი კაბით. ისე კარგად ვიგრძენი თავი, რომ სურვილი გამიჩნდა, კვლავ ჩემთვის დამეხატა. მერე ავტვირთე ფეისბუქზე და იქიდან დიდი გამოხმაურება რომ მოჰყვა, უფრო და უფრო მომეცა სტიმული.
პირველ ხანებში დღე და ღამე ვხატავდი, მერე მივხვდი, რომ ასე შეიძლება, ამის გამო შეიძლება „გადაიწვას“ ადამიანი… ახლა ვცდილობ, დრო სწორად გავანაწილო, რადგან ზომიერებაშიც არის ბედნიერება. ყველა ჟანრში მოვსინჯე ბედი. მგონი, ახლა, სამწლიანი ძიების შემდგომ, მივაგენი ჩემს სტილს.
– შთაგონება როგორ მოდის?
– თავიდან არც ვფიქრობდი, რომ ოდესმე გამოვფენდი. ისეთი სასიამოვნო და თან დამღლელი პროცესია, როცა რამეს ქმნი, თავი ვერ მოვწყვიტე ხატვას. ხან ღამით მომეძალებოდა შთაგონება. რამდენჯერ ყოფილა, ღამე 1 , 2 საათზე დამიწყია ხატვა. ბევრი მეუბნებოდა, რომ გამომეფინა, მაგრამ ბოლოს მე თვითონ მივედი ამ გადაწყვეტილებამდე. როცა ქმნი, თავითავად სურვილიც გიჩნდება, რომ ხალხმაც ნახოს.
– ახლახან თქვენი პერსონალური გამოფენა გაიმართა…
– ახალი, ძალიან სასიამოვნო პერიოდი  ნამდვილად დაიწყო ჩემს ცხოვრებაში. როცა შენი ნამუშევარი მოსწონთ და იძენენ კიდეც, ეს ძალიან კარგია, უფრო მეტ სტიმულს გაძლევს.
– თქვენი ნახატები ფერების უჩვეულო სილამაზით გამოირჩევა…
–  თავიდან მუქ ფერებში ვხატავდი. ახლა უფრო ღია ფერები შემიყვარდა. ყვითელი ცისფერთან ჩემი საყვარელი კომბინაციაა.
კიდევ მიყვარს ბორდოსფერი მწვანესთან, ვგრძნობ, ფერებს ძალიან გავუთამამდი (და გაუმაძღარიც გავხდი)…
ახლა ახალ პერიოდს ვიწყებ, სტილიც შევცვალე და, მგონი, ჩემი თავიც, ასე თუ ისე, ვიპოვე. გამიტაცა ძველი სახლების ხატვამ და შემიყვარდა აბსტრაქციაც. მაგრამ აბსტრაქციასთან სიფრთხილე და თან – გაბედულებაც არის საჭირო. აუცილებლად უნდა შემოვიტანო ჩემს შემოქმედებაში ჰერეთის თემა, ძველი ნაგებობები, ტაძრები თუ საინტერესო პერსონაჟები…
– ნატვრა…
– ამ ეტაპზე მინდა მქონდეს ჩემი სახელოსნო. არიან ბავშვები, რომლებსაც უნდათ, ვამეცადინო, მაგრამ სახლში არ გამოდის ეგ ამბავი. კიდევ სხვა წამოწყებაც არი, უცხოეთს უკავშირდება. ამას ჯერ არ ვიტყვი, ვნახოთ…

 

თამარ შაიშმელაშვილი
        

 

       

 

     

    

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები