20-მა ევროპარლამენტარმა რეზოლუციის პროექტი მოამზადა – ისინი, საზღვარგარეთ სამკურნალოდ, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ითხოვენ
ოცი ევროპარლამენტარი, რომელთა შორის არიან: რასა იუკნევიჩიენე, ანტონიო ლოპეს-ისტურის ვაითი, მიხაელ გალერი, ანდრჟეი ჰალიჩკი, დევიდ მაკალისტერი და სხვა ევროპელი კანონმდებლები, ევროპარლამენტში რეზოლუციის პროექტს ამტკიცებენ.
პროექტის თანახმად, ისინი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლების შესახებ ჰუმანიტარულ საფუძველზე, საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით.
“რეზოლუციის პროექტის ავტორები მტკიცედ იმეორებენ თავის გადაუდებელ მოთხოვნას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლების შესახებ ჰუმანიტარულ საფუძველზე, საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით. დოკუმენტის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ საქართველოს მთავრობას ეკისრება სრული და უდავო პასუხისმგებლობას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე და უნდა აგოს სრული პასუხისმგებლობა მისთვის მიყენებული ნებისმიერი ზიანისთვის“, – წერია რეზოლუციის პროექტში.