„ყოველთვის პირნათელი და სუფთა ვარ მათთან“ – რატომ ენდობიან ინგა მამუჩიშვილს პატარა პაციენტები
თბილისში, უთბილესი ადამიანების გარემოცვაში გაიზარდა. დედის ოცნება იყო, ექიმი გამოსულიყო. და მართლაც, ასე მოხდა – განათლება მოსკოვში მიიღო, ინსიტუტი წარჩინებით დაამთავრა, თბილისში დაბრუნებული პირდაპირ კრწანისის რაიონის მთავარ პედიატრად დაინიშნა…
მას შემდეგ წარმატებას წარმატება მოჰყვა… ამბობს, რომ პედიატრის პროფესია ურთულესი, საინტერესო და ძალიან საპასუხისმგებლოა… და რომ უზომოდ უყვარს თავისი პროფესია.
ხშირად აქვეყნებს რჩევებს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე და მშობლებს აკვალიანებს, როგორ აარიდონ ბავშვები ამა თუ იმ დაავადებას თუ ინფექციას…
2014-2015 წლების საუკეთესო პედიატრადაც დაასახელეს. – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პედიატრ ინგა მამუჩიშვილის პერსონა.
– დედისერთა ვარ, დავიბადე და გავიზარდე თბილისში, ძალიან თბილი ადამიანების გარემოცვაში, რომელთა ძირითადი ჰობი ხელოვნება იყო… დედა ესთეტიკურ მედიცინაში მოღვაწეობდა, ძალიან ბევრს მესაუბრებოდა მედიცინაზე, მახსოვს, სულ კითხულობდა, სახლშიც ჰყავდა ხოლმე პაციენტები, რომელთაც გვერდიდან არ ვცილდებოდი, თითოეული დეტალი მაინტერესებდა, დედაც დაუღალავად მიხსნიდა.
დედაჩემი უკეთილშობილესი ქალბატონია, ის არის ადამიანი, რომელმაც ყველაფერი დათმო ჩემი კარიერისა და კეთილდღეობისათვის… ისე იცხოვრა, რომ განაწყენებული ადამიანიც კი არ ჰყოლია… მისი ოცნება იყო, ექიმი გამოვსულიყავი და მოახდინა კიდევაც ზეგავლენა… მღერის არაჩვეულებრივად… მამა გარდაცვლილი მყავს, პროფესიით ეკონომისტი არაჩვეულებრივად ხატავდა, ლექსებს წერდა, სწორედ ახლა ვაპირებთ მისი ნამუშევრების გამოფენის მოწყობას და ლექსების კრებულის წარდგენას…
ბრძენი კაცი იყო, მისი დარიგებებით და რჩევებით ახლაც ვხელმძღვანელობ. დედმამიშვილი ყოველთვის ძალიან მინდოდა, მარტო ვიზრდებოდი, არაფერს მაკლებდნენ ჩემი მშობლები, მაგრამ დედისერთის სინდრომით შეპყრობილი არასოდეს ვყოფილვარ, ეგოიზმი ჩემგან ძალიან შორს არის, ყველა მეცოდებოდა და ყველას ვეხმარებოდი, დღემდე ასე ვარ…
ძნელია, როცა სულის გამტარებელი არავინ გყავს, სულ ვსაყვედურობდი ჩემს მშობლებს, მაგრამ რას იზამ, სამაგიეროდ მეგობრების უდიდესი წრე მყავს, რომლებიც ჩემთვის ძალიან ძვირფასები არიან, არაჩვეულებრივი ახლობლები, ბიძაშვილები, მამიდაშვილები, დეიდაშვილები, ჩემი ნათლია და მისი ოჯახი…
მაქვს მათი იმედი, ზოგადად მარტოობას ვერასოდეს ვგრძნობდი მათი სიმრავლის გამო, ცხოვრებაში მქონია ისეთი მომენტები, როდესაც მათი წყალობით ყველაფერი ისე მომიგვარდა, რომ დიდი პრობლემები დავამარცხე…
– იმ პერიოდში ძალიან ძნელი იყო თბილისში სამედიცინოზე ჩაბარება…. თბილისში ქულა დაგაკლდათ… და სამედიცინო ინსტიტუტი მოსკოვში დაამთავრეთ…
– განათლება მოსკოვში მივიღე, ძლიერი სამედიცინო სკოლა გავიარე.
გავთხოვდი მეორე კურსზე, ყველაფერს ვასწრებდი, რა თქმა უნდა, მშობლების დახმარებით, ბავშვების გაზრდაში და ფინანსურადაც ძალიან მეხმარებოდნენ…
ინსტიტუტი წარჩინებით დავამთავრე, შემდეგ იყო პრაქტიკული და სამეცნიერო მუშაობის შერწყმა, დისერტაციები, პუბლიკაციები, სამედიცინო ნაშრომები, ლექცია-პრაქტიკულები, კონგრესები და კონფერენციები.
რაც მთავარია, ჩემი პატარა პაციენტები, რომლებიც ჩემი ყველაზე დიდი საზრუნავები არიან, მენდობიან, ამიტომ მათ წინაშე ვგრძნობ ყველაზე დიდ პასუხისმგებლობას, ყოველთვის პირნათელი და სუფთა ვარ მათთან, ალბათ ამიტომაც ვგრძნობ მათგან დიდ სიყვარულს…
– რას გაიხსენებთ სტუდენტობიდან?
– სტუდენტობის პერიოდი ურთულესი იყო, მე საქართველოში ქულა დამაკლდა, კორუფცია ყვაოდა… 1980 წელს ვაბარებდი, მოსკოვის მეორე სამედიცინო ინსტიტუტმა მოსამზადებელზე გამაცხადა მიღება, არც დავფიქრებულვარ, ისეთი ნაწყენი ვიყავი და გავემგზავრე, სერიოზული საბაზისო ცოდნა მქონდა და ჩავირიცხე, თუმცა სულ უკვირდათ, რატომ თბილისში ვერ მოვხვდი ინსტიტუტში, ყველაფერს ვერ იტყვი, ათას ტყუილს ვიგონებდი… უდიდესი დატვირთვით ვსწავლობდით… ახლა რომ ვიხსენებ, კოშმარი იყო,ზღვა მასალა, თან არანაირი პატიება, იმ დროიდან განსაკუთრებით ქართველების მიმართ იყვნენ დაუნდობელნი, მაგრამ მე არაჩვეულებრივი სამეგობრო წრე მყავდა და ახლაც ვკონტაქტობთ… კორიფეები მასწავლიდნენ, ყველა ცნობილი სახელმძღვანელოს ავტორი მიკითხავდა ლექციებს… სულ ძილი მენატრებოდა… თან ვმუშაობდით, პრაქტიკებს გავდიოდით, მაგრამ თბილისში რომ დავბრუნდი, ძალიან ამაყი ვიყავი იმიტომ, რომ ჩემში რაღაც ძალას ვგრძნობდი და უკვე დამოუკიდებელი მუშაობის გამოცდილებაც მქონდა…
– პირდაპირ კრწანისის რაიონის მთავარ პედიატრად დაგნიშნეს…
– პირდაპირ კრწანისის რაიონის მთავარ პედიატრად გამიშვეს, ვკანკალებდი პირველ სამუშაო დღეს, ისე მეშინოდა, მაგრამ ცოტა ხანში ასპირანტურაში ჩავაბარე, ჩემი საქმე არ იყო ადმინისტრაციული მუშაობა, თუმცა წლების შემდეგ, 2004-2011 წლებში, ძმები ზუბალაშვილების სახელობის პედიატრიული კლინიკის დირექტორი ვიყავი, მაგრამ არც სამეცნიერო და არც პრაქტიკული მოღვაწეობისათვის არ მიღალატია, პირიქით…
– ამჟამად საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის – სეუს კლინიკასა და „მზიური მედში“ მუშაობთ...
– ძალიან მიყვარს ორივე კლინიკა, ორივეგან უთბილესი და აკადემიური გარემოა, როგორც ოჯახში, ისე ვგრძნობ თავს… საქ.ეროვნულმა უნივერსიტეტმა წელს აკრედიტაცია მიიღო… ახალი ინგლისურენოვანი მედიცინის ფაკულტეტი გაიხსნა, წელს სტუდენტების პირველ ნაკადს მივიღებთ…
– ამ ბოლო დროს საგრძნობია, რომ ექიმებს პაციენტი არ უყვართ… და მოვალეობას იხდიან… ეს ჩანს დამოკიდებულებაშიც. ფულია წინ წამოწეული…
– მე ვთვლი, რომ არც პაციენტები და არც ექიმები არ შეცვლილან, მათ შორის უბრალოდ ვიღაც „მესამე ძალა“ ხლართავს ინტრიგებს და ძაბავს სიტუაციას, ექიმს სჭირდება ნორმალური სამუშაო პირობები, ხელფასი, კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება, პაციენტს – მასზე მზრუნველი კვალიფიციური ექიმი, მაღალი ხარისხის მედიკამენტი, რაც ჩვენს ქვეყანაში გაუკონტროლებელია, არ არსებობს წამლის და საკვების ხარისხის კონტროლი.
საყოველთაო ჯანდაცვის პროექტის ფარგლებში ბევრი კარგი რამ გაკეთდა, მაგრამ საჭიროა კონტროლი, რათა არ მოხდეს თანხების არამიზნობრივი ხარჯვა, რაც დღეს ნამდვილად ხდება და ფაქტები სახეზეა…
ეკოლოგია დაბინძურებულია, ბენზიპირინის და ტყვიის დონე მაღალია ჰაერში, ყველა ბავშვთა საკვები შეიცავს პალმის და რაფსის ზეთს და კიდევ ბევრ მავნე დანამატს, გენმოდიფიცირებული პროდუქტებით სავსეა დახლები და არ გვაქვს ინფორმაცია მათ შესახებ, ბავშვთა სათამაშოები მავნე და სიცოცხლისათვის საშიშ ნივთიერებებს შეიცავს, პროდუქტის შენახვის წესი დარღვეულია.
– იმატა ავადობამ ბავშვებში, რასაც მძიმე სოციალური და ეკონომიკური, ეკოლოგიური ფაქტორებითაც ხსნიან … რა უნდა მოიმოქმედოს მშობელმა, რომ ბავშვი მაქსიმალურად დაიცვას სხვადასხვა უარყოფითი ფაქტორისგან?
– მედიკამენტების დაბალი ხარისხი, ტექნოგენური ცივილიზაცია, ეკონომიკური სიდუხჭირე, მძიმე სოციალური ფონი, სტრესები და, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებული პრობლემები, ონკოლოგიური დაავადებების სიხშირის მატება და ყველა სომატური დაავადების სტატისტიკურად მზარდი რიცხვი…
ამიტომ სანამ მოწესრიგდება ქვეყანაში კონტროლის მექანიზმები, ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადით, შედარებით ჯანსაღად ვკვებით ბავშვები… უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ძუძუთი კვებას, დავტვირთოთ სპორტით, მაქსიმალურად, შეძლებისდაგვარად, სეზონურად მაინც გავიყვანოთ ქალაქიდან, არ აჭამოთ ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტები, ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება ცხიმის, შაქრის შემცველობას, ემულგატორებს… მეტად აჭამეთ ხილი და ბოსტნეული, უფრო მოხარშული პროდუქტი, ნუ შეაჩვევთ შოკოლადს…
საჭიროა პერიოდულად ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაკონტროლება, ამიტომ 6 თვეში ერთხელ მაინც მიმართეთ ექიმს და არა მხოლოდ ავადობის დროს, ჩაუტარეთ თქვენს პატარას ყველაზე აუცილებელი კლინიკო-ლაბორატორიული კვლევა და იყავით მშვიდად…
– პედიატრობა იოლი არ არის… ფსიქოლოგიც უნდა იყო და ძალიან გიყვარდეს ბავშვი… ამ გადასახედიდან, როგორ ფიქრობთ, სწორი იყო თქვენი არჩევანი?
– პედიატრის პროფესია ძალიან რთული და თან, ამავდროულად, საინტერესოა, ძალიან საპასუხისმგებლო, პრაქტიკულად ანამნეზი იძლევა დიაგნოზს, ჩვენ ხშირად ბავშვისგან ვერ ვიგებთ ჩივილებს, სწორედ ეს არის საინტერესო.
ბედნიერებაა, როდესაც იკვლევ ბავშვს და არაფერი უიმედო არ აღმოჩნდება, ეს უდიდესი შვებაა ექიმისთვის…
– 2014-2015 წლის საუკეთესო პედიატრად დაგასახელეს…
– მიყვარს ჩემი პროფესია, 2014-2015 წლის საუკეთესო პედიატრობა დიდი პატივია ჩემთვის…
– ბედნიერი დედა ხართ… წარმატებული სვილები გყავთ…
– დედისერთა ადამიანს რაღაცაში აუცილებლად გაუმართლებსო… მე შვილებში გამიმართლა, ორი შვილი მყავს, დაჩი და სოფო დვალიშვილები, ორივემ არაჩვეულებრივი განათლება მიიღო.. დაჩი ბიზნესმენია, ჰყავს მეუღლე (ჩემი კოლეგა) და ორი შვილი, სანდრო და პატარა ლუკა, უკვე მშვიდი და შემდგარი ოჯახია… სოფო სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მუშაობს, 26 წლის ახალგაზრდას უკვე საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობა უკავია, ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი – გეგა, წელს სკოლაში მიდის…
ესენი არიან ჩემი მასაზრდოებელი ძალა, ჩემი დატვირთვიდან გამომდინარე, დიდ დროს ვერ ვატარებ მათთან, მაგრამ თავისუფალი დრო პრაქტიკულად მათ ეკუთვნით, მათთან ვპოულობ სიმშვიდეს…ძალიან თბილი და დედაშვილური დამოკიდებულება მაქვს როგორც რძალთან, ასევე სიძესთან…
თამარ შაიშმელაშვილი