თომას მანიდან ჰალდორ ლაქსნესამდე – რომელი ლექსი მიაჩნია რუსუდან ღვინეფაძეს საჯილდაო ქვად მთარგმნელებისთვის
თავიდან პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლობდა, თუმცა მალე მიხვდა, რომ ამ ინსტიტუტის სტუდენტობა მხოლოდ ნახაზების რომანტიკა არ ყოფილა. მესამე კურსიდან გამოვიდა და გულმა უცხო ენების ინსტიტუტისაკენ გაუწია.
პირველი სერიოზული თარგმანი იყო თომას მანის ესე „რომანის ხელოვნება“. მას შემდეგ მთარგმნელობითი საქმიანობა არ შეუწყვეტია.
მის მიერ თარგმნილი არტურ ზუტნერის „აჭარლები“ „საბას“ ნომინანტად დასახელდა. ასევე „საბას“ ნომინანტი გახდა მარი ლუიზე კაშნიცის ლექსები.
ახლახან მის მიერ თარგმნილი კაფკას „ამერიკაც“ გამოიცა.
წლების მანძილზე თბილისის უცხო ენათა პედაგოგიურ ინსტიტუტში ახალგაზრდა თობას ასწავლის.
ამჟამად თარგმნის ისლანდიელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, ჰალდორ ლაქსნესის რომანს „თევზების კონცერტს“.
მისი და, ცნობილი პოეტი და ჟურნალისტი, ნანა ღვინეფაძეა, რომელსაც 89 წელი შეუსრულდა და რომლის ლექსების პირველი მკითხველი და შემფასებელი თავადაა. – რუსუდან ღვინეფაძის პერსონა.
– დავიბადე და ბავშვობა თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, სოლოლაკში გავატარე. როგორც ძველი თბილისის ეზოები, ჩვენი ეზოც მრავალეროვანი იყო. ერთმანეთისგან ვსწავლობდით ენებს და ერთმანეთის ჩვეულებებს ვეცნობოდით. ჩვენი ეზო მაშინდელი „კომკავშირის ხეივნის“ ძირში იყო; ბავშვები პირდაპირ მივძვრებოდით კლდეზე და თავს ხეივანში ამოვყოფდით ხოლმე. მაგრამ, როცა დედას მივყავდით ხეივანში სასეირნოდ, რა თქმა უნდა, „წესიერად“, ამაღლების (მაშინდელი დავითაშვილის) ქუჩით ავდიოდით. დედას საუზმე მოჰქონდა ხოლმე და თითქმის მთელ დასვენების დღეს იქ ვატარებდით.
ხეივნის ბოლოში ეთნოგრაფიული მუზეუმი იყო, რომელსაც ყოველ ასვლაზე ვათვალიერებდით. ჩვენი სახლის სადარბაზოს ჭერი ძალიან ლამაზად იყო მოხატული. კიბეზე ჩამოვჯდებოდი და საათობით ვაკვირდებოდი ფერად-ფერად ორნამენტებს.
სულ მაინტერესებდა, შემორჩენილი იყო თუ არა ის მოხატულობა, და ერთხელაც საგანგებოდ შევიარე.
გული მეტკინა, როცა ჭერი დაზიანებული დამხვდა, მარმარილოს კიბეები და ფილები კი – ჩამტვრეული…
ამ უბანში თითქმის ყოველი სახლი ძეგლია და დასანანია, რომ ასე მოუვლელია. ამას, ცხადია, მოსახლეობა ვერ გაართმევს თავს, ქალაქის მმართველობამ უნდა იზრუნოს, რომ თავდაპირველი სახე შეუნარჩუნოს ძველ უბნებს.
– რით იყო განსაკუთრებული სკოლის პერიოდი?
– ჩემი სკოლა მთაწმინდის უბანში, ბესიკის ქუჩაზე იყო. გაკვეთილების შემდეგ თითქმის ყოველდღე ავდიოდით მთაწმინდაზე. მოსწავლეობის წლებში ჩვენი მეორე სკოლა და მეორე სახლი იყო მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე. დავდიოდით სხვადასხვა წრეში, სადაც ჩვენს პირველ ინტერესებზე ვეძებდით და ვპოულობდით პასუხებს.
მოზარდ მაყურებელთა თეატრის გარდა დღის წარმოდგენებზე რუსთაველის თეატრში მე და ჩემი ტყუპი და-ძმა, დარეჯანი და დათო, ხშირად დავყავდი უფროს დას, ნანას, რის გამოც პოეტმა ანა კალანდაძემ მას ლოტე შეარქვა.
– რატომ აირჩიეთ უცხო ენების და კერძოდ, გერმანულის სპეციალობა?
– ჩემი და-ძმა, დარეჯანი და დათო, პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლობდნენ. დათო მამის, დამსახურებული ენერგეტიკოსის, სევერიან ღვინეფაძის კვალს გაჰყვა, დარეჯანმა კი ქიმიის ფაკულტეტი აირჩია. ძალიან მომწონდა, როცა მათი ჯგუფელები ჩვენთან მოდიოდნენ და ერთად მუშაობდნენ ნახაზებზე. ამიტომ სკოლა რომ დავამთავრე, მეც პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტი გავხდი. თუმცა მალე მივხვდი, რომ ამ ინსტიტუტის სტუდენტობა მხოლოდ ნახაზების რომანტიკა არ ყოფილა. მესამე კურსიდან გამოვედი და გულმა უცხო ენების (როგორც მაშინ უწოდებდნენ) ინსტიტუტისაკენ გამიწია. გერმანულ ენას სკოლაშივე ინტერესით ვსწავლობდი.
– სტუდენტობის წლებმა რა შეგძინათ?
– სტუდენტობა, მართლაც, ჩვენი ცხოვრების საუკეთესო ხანაა. ამ წლებმა ცოდნის გარდა შემძინეს მეგობრები, რომლებთანაც დღემდე არ გამიწყვეტია კავშირი.
გერმანულ ენას გვასწავლიდნენ ისეთი გამოცდილი პედაგოგები, როგორებიც იყვნენ: ზიგრიდ ქავთარაძე, შოთა შაბურიშვილი, ცისანა გოგლიჩიძე, იდა მიულერი, იანინა მაევსკაია…
ამ ინსტიტუტთან მაკავშირებს არა მარტო სტუდენტობის ხანა, არამედ 35-წლიანი პედაგოგიური მოღვაწეობა. კვალიფიკაციის ასამაღლებლად არაერთხელ ვიყავი მივლინებული გერმანიისა თუ ავსტრიის ცნობილ უნივერსიტეტებში.
– როდის დაიწყეთ მთარგმნელობითი საქმიანობა და რომელი მწერალი თარგმნეთ პირველად?
– მთარგმნელობითი საქმიანობა სტუდენტობიდანვე მიტაცებდა. ვთარგმნიდი ჩემთვის, პატარ-პატარა მოთხრობებსა თუ სტატიებს. პირველი სერიოზული თარგმანი, რომელიც გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ გამოქვეყნდა, იყო თომას მანის ესე „რომანის ხელოვნება“.
თომას მანის უზარმაზარი ესეისტური მემკვიდრეობიდან განსაკუთრებით დამაინტერესა იმ ესეებმა, რომლებიც გერმანულ ლიტერატურას ეძღვნება. თარგმანებს ვაქვეყნებდი ალმანახ „საუნჯეში“, გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“, ჟურნალ „ჩვენს მწერლობაში“.
შემდეგ მათ წიგნში მოვუყარე თავი: „ესეები გერმანულ ლიტერატურასა და მუსიკაზე“. ორი წლის წინ გამოვიდა ამ წიგნის მეორე, შევსებული გამოცემა. წიგნში შეტანილი ესეები, გარდა იმისა, რომ ქრონოლოგიური თანამიმდევრობითაა დალაგებული, ასახავენ გერმანული ლიტერატურის განვითარების ტენდენციას, და საერთოდ, გერმანიის წვლილს ევროპულ კულტურაში. მისი ესეები გერმანული ლიტერატურის შესახებ შეიძლება გაგებულ იქნას, როგორც „ევროპული გერმანულად“, რითაც ის უპირისპირდება „გერმანულ ევროპას“.
– თარგმნეთ ვაგნერის მოთხრობები, წერილები, ესეები… რატომ გიყვართ ვაგნერი? და რამ განაპირობა ამ „ლიტერატურულ ზღვაში“ „მუსიკალური კუნძულის“ არსებობა ვაგნერის შემოქმედების სახით?
– როცა თომას მანი მე-19 საუკუნის ევროპის მონუმენტურ ლიტერატურაზე ლაპარაკიბს, და ასახელებს ისეთ ინგლისელ, ფრანგ, რუს რომანისტებს, როგორებიც არიან: დიკენსი, თეკერეი, ბალზაკი, ზოლა, ტოლსტოი, დოსტოევსკი, როცა ის ხაზს უსვამს იმ ევროპულ გავლენას, რაც სოციალურ-პანორამული რომანის ამ შემქმნელთა შემოქმედებამ მოახდინა ევროპულ კულტურაზე, ასეთივე მასშტაბის გავლენას გერმანიის შემთხვევაში ის ხედავს არა იმდენად საზოგადოების ლიტერატურული კრიტიკის სფეროში, რამდენადაც მუსიკაში.
და ეს, უპირველეს ყოვლისა, ვაგნერის შემოქმედებას ეხება.
ამის გარდა, ვაგნერის შემოქმედებაში არანაკლებ საინტერესოა მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა.
„ჯადოსნური მთის“ შესავალში თომას მანი წერს, რომ მწერალთა უმეტესობა „შეცდომითაა“ მოხვედრილი მწერლობაში. ზოგი მხატვარია მწერლობაში, ზოგი – არქიტექტორი… მე კი მუსიკოსი ვარ მწერლობაშიო.
რაც შეეხება ვაგნერს, ძნელი სათქმელია, მუსიკოსია ის მწერლობაში, თუ მწერალი მუსიკაში, იმდენად გათანაბრებულია მასთან ეს ორი საწყისი – მუსიკალური და სიტყვიერი. მაგრამ, როგორც არ უნდა იყოს, როცა ასეთი გენიოსის შემოქმედებაში ხელოვნების სხვადასხვა დარგი ხვდება ერთმანეთს, ეს მხოლოდ ამდიდრებს ურთიერთს.
– 2013 წელს ვაგნერის დაბადებიდან 200 წლის აღსანიშნავად საქართველოს ვაგნერის საზოგადოებამ გამოსცა კრებული: ვაგნერის „მოთხრობები, წერილები, ესეები“… აქ თქვენი თარგმანებიც შევიდა…
– ამ კრებულში ჩემი თარგმანების გარდა შედის აგრეთვე აწ განსვენებული მთარგმნელის, გიორგი მაჭუტაძის თარგმანებიც.
მოთხრობა „მომლოცველობა ბეთჰოვენთან“ (თარგმანი გიორგი მაჭუტაძუსა) არის ვაგნერის ოცნება, რომელშიც გამჟღავნებულია მისი უდიდესი რიდი და სიყვარული ღვთაებრივი ბეთჰოვენისადმი;
„აღსასრული პარიზში“ (ჩემი თარგმანი) ერთგვარი გაგრძელებაა „მომლოცველობისა“, რომელშიც ვაგნერი, როგორც კომპოზიტორი, როგორც მუსიკოსი, გადმოგვცემს თავის მრწამსს.
კრებულში შედის აგრეთვე მეტად საინტერესო მიმოწერა მატილდე ვეზენდონკთან, კომპოზიტორის მუზასთან, რომელიც ფარულად შემოინახა მატილდე ვეზენდონკმა (ეს ფურცლები უნდა განადგურებულიყო, ასეთი იყო ოსტატის ნება) და გამოსაქვეყნებლად დაუტოვა შთამომავლობას.
– თარგმნეთ არტურ ზუტნერის „აჭარლები“, რომელიც „საბას“ ნომინანტია. რატომ გადაწყვიტეთ ამ რომანის თარგმნა?
– არტურ გუნდაკარ ფონ ზუტნერი – ის ერთ-ერთი „შორეული ჩვენიანია“, რომელმაც საქართველოში მეუღლესთან, შემდგომში ნობელის პრემიის ლაურეატთან მშვიდობის დარგში, ბერტა ზუტნერთან ერთად ცხრა წელიწადი დაჰყო და ევროპაში დაბრუნებულმა არაერთი საინტერესო მოთხრობა და რომანი უძღვნა საქართველოსა და, საერთოდ, კავკასიის ყოფასა და ისტორიას.
აღსანიშნავია, რომ ზუტნერების სამწერლო ნათლობა სწორედ საქართველოში შედგა. ქართველი მკითხველისათვის განსაკუთრებით საინტერესოა რომანი „აჭარლები“, რომელიც აჭარაში თურქთა ბატონობის უკანასკნელ წლებზე მოგვითხრობს. რომანი გამსჭვალულია პაციფისტური სულისკვეთებით.
ის ღირებულია არა მარტო როგორც მხატვრული ნაწარმოები, არამედ, როგორც ისტორიულ მოვლენათა თვითმხილველის ნაამბობიც: რუსეთ-თურქეთის ომის დროს არტურ ზუტნერი სამხედრო კორესპონდენტიც იყო.
ამ რომანით დაინტერესდა ენციკლოპედია „აჭარის“ მთავარი სამეცნიერო რედაქცია, რომლის წიგნთსაცავში ინახება 1888 წელს შტუტგარტში გოთური შრიფტით გამოცემული ეგზემპლარი. დიდი სიამოვნებით შევასრულე ენციკლოპედიის შემოქმედებითი კოლექტივის თხოვნა, ქართულად მეთარგმნა ეს რომანი.
ავტორი საფუძვლიანად იცნობს აჭარის, საქართველოს ამ ერთ-ერთი ყველაზე მრავალჭირნახული კუთხის ისტორიას, ტრადიციებს, ყოფას;
ისტორიული მოვლენების ფონზე განვითარებული ახალგაზრდა ქალ-ვაჟის თავგადასავლებით აღსავსე სასიყვარულო ისტორია ქართველ მკითხველში უთუოდ გამოიწვევს ასოციაციებს ჩვენს დიდებულ ეპოსთან, „ვეფხისტყაოსანთან“:
თამარის გათავისუფლება ქაჯეთის ციხიდან; ხნიერი ნათესავი ქალი რუსუდანი, რომელიც თამარს „იცავს“ მიჯნურისაგან; მეორე მხრივ კი მისი უერთგულესი მეგობარი დარია… ასე რომ, ზუტნერების ცდას, გერმანულად და ფრანგულად ეთარგმნათ „ვეფხისტყაოსანი“, რაშიც მათ მე-19 საუკუნის ცნობილი ქართველი მოღვაწე, იონა მეუნარგია ეხმარებოდა, ამაოდ არ ჩაუვლია, თუმცა თავად თარგმანი დაუსრულებელი დარჩა.
– თქვენ მიერ თარგმნილი მარი ლუიზე კაშნიცის ლექსები „საბას“ ნომინანტია… რით მოგხიბლათ ამ ავტორმა?
– მარი ლუიზე კაშნიცს პირველად შევხვდი ცნობილი გერმანელი ლიტერატურისმცოდნისა და ფილოსოფოსის, კეტე ჰამბურგერის წიგნში „მხატვრული სიტყვის ლოგიკა“, რომელიც გერმანულიდან ვთარგმნე მთარგმნელობითი კოლეგიის შეკვეთით.
ამ ნაშრომში ავტორს მოყვანილი აქვს კაშნიცის ერთ-ერთი ლექსი, „საგნები და სიკვდილი“, როგორც ტოტალური მეტაფორის ნიმუში. სწორედ ამ ლექსმა აღმიძრა სურვილი, მეთარგმნა ამ პოეტის ლექსები.
კაშნიცის ლექსების კრებულიდან „Überallnie“ („ყველგანაროდეს“), რომელიც პოეტმა თავად შეადგინა და ქრონოლოგიურად დაალაგა, ვთარგმნე ორი ციკლი: „შენი დუმილი, ჩემი ძახილი“ და „ეს ერთი სიტყვაც“, ასევე რამდენიმე ლექსი ადრინდელი ციკლებიდან.
ეს ამონაკრები კარგად წარმოაჩენს იმ გზას, რომელიც პოეტმა „უმკაცრესი შინაგანი ჭეშმარიტების“ ძიებაში განვლო. მარი ლუიზე კაშნიცი ის პოეტია, რომელიც მინიმალური საშუალებებით მაქსიმალურ გამომსახველობას აღწევს. შევეცადე, თარგმნისას სწორედ ამ პრინციპით მეხელმძღვანელა.
– წლების მანძილზე თბილისის უცხო ენათა პედაგოგიურ ინსტიტუტში ახალგაზრდა თობას ასწავლით… რას იტყვით მომავალ თაობაზე?
– პედაგოგიური მოღვაწეობა ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი პერიოდია. ყოველთვის ვცდილობდი, იმაზე მეტი მიმეცა სტუდენტებისათვის, რაც თავად მე ვიცოდი. დღესაც მადლიერებით მეხმაურებიან ჩემი ყოფილი სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან თუ საზღვარგარეთიდან. სწორედ ახლახან გახლდით ფრიად საინტერესო ღონისძიებაზე – წიგნის კლუბში ახალგაზრდა მთარგმნელი, დავით კირკიტაძე დამსწრეთ, რომელთა უმეტესობა ახალგაზრდები იყვნენ, ესაუბრებოდა ფრანც კაფკას შემოქმედებასა და ბიოგრაფიაზე. სასიხარულოა, რომ მომავალი თაობა დიდ ინტერესს იჩენს ლიტერატურისადმი.
– თქვენი და, ცნობილი ჟურნალისტი და პოეტი ნანა ღვინეფაძეა. თქვენს სახლს ამჟამად უჩვეულო აურა აქვს – ორი მოღვაწე ქალბატონი ქართულ სიტყვას ერთგულად და რუდუნებით ემსახურება… როგორია თქვენი თანამოღვაწეობა და რა შეგძინათ ორივეს ამ ურთიერთობამ? ქალბატონი ნანას რომელ ლექსს გაიხსენებთ ახლა?
– ნანას ლექსების პირველი მკითხველი მე ვარ, ისევე, როგორც ნანა არის ჩემი თარგმანების პირველი მკითხველი და შემფასებელი. ჩვენ ხშირად გვიმოგზაურია ერთად, ამიტომ ბევრი საერთო მოგონება გვაქვს. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ლექსია „ტყის სურათი“, რომელიც ნანას ლექსების ბოლო კრებულში, „მარჩბივში“ (2011 წ.) დაიბეჭდა:
როდის ვიხილე
ეს ვარსკვლავები?
როდის მომესმა
ამ კლდეთა ეხი?!
ისე გაისმა
ის მონოლოგი,
თითქოს უეცრად
გავარდა მეხი!
როდის ვიხილე
ეს ვარსკვლავეთი,
როდის ჩამესმა
ამ კლდეთა ეხი?
შემომეფეთა ტყეში
შვლის ნუკრი
და აცახცახდა
მის ნაცვლად
ვერხვი…
ნორჩ ბალერინას
პას ჰგავდა ნუკრის
წინ წამოდგმული
ლამაზი ფეხი…
(1983 წ.)
ეს ლექსი იმიტომაც მიყვარს, რომ ჩვენს ცხრა შვილიშვილიან ოჯახში ერთი პატარა ბალერინაც გვყავს, მას ელენე ჰქვია.
– იოჰან ვოლფგანგ გოეთეს „მგზავრის ღამეული სიმღერის“ უამრავი თარგმანი არსებობს… რატომ გადაწყვიტეთ, თქვენც გეთარგმნათ?
– გოეთეს ამ ცნობილი ლექსის მართლაც უამრავი ქართული თარგმანი არსებობს, დაწყებული გრიგოლ ორბელიანით, და დამთავრებული ჩვენი დროის მხცოვანი თუ ახალგაზრდა პოეტებით. და ალბათ, კიდევ ბევრი პოეტი შეეცდება ამ მცირე ზომის ლექსში გამოხატული დიდი პოეტის ცხოვრებისადმი, სიკვდილ-სიცოცხლისადმი ფილოსოფიური დამოკიდებულების ქართულად ამეტყველებას.
ეს ლექსი საჯილდაო ქვასავითაა, რამდენად შეძლებს მთარგმნელი ღრმა სათქმელის ლაკონურად, სხარტად და ამავ დროს ნატიფად გამოთქმას. ნიშანდობლივია, რომ იმ კრებულში, რომელიც გოეთეს საერთაშორისო საზოგადოების თბილისის გაერთიანებისა და ლიტერატურის ინსტიტუტის მიერ გამოიცა (რედაქტორი და შესავალი წერილის ავტორი გურამ ჭოხონელიძე), ერთ-ერთი ბოლო თარგმანი ჩემს ყოფილ სტუდენტს, ნათია გოგოლაძეს ეკუთვნის.
აი, ჩემი თარგმანიც:
ღამის მგზავრული
ყველა მწვერვალზე
სიმშვიდე სუფევს,
კენწეროებმაც განაბეს სუნთქვა,
არ ისმის ჩქამი;
ტყეში ჩიტებიც დადუმებულან.
მოიცა ცოტა,
შენც დაგიდგება სიმშვიდის ჟამი.
ეს თარგმანი თუმცა დიდი ხნის წინ, 1979 წელსაა შესრულებული, მაგრამ პირველად მხოლოდ 1996 წელს დაიბეჭდა ჟურნალ „Kaukasische Post“-ში.
– ახლახან კაფკას „ამერიკა“ გამოიცა… რამდენ ხანს მუშაობდით ამ ნაწარმოებზე და რატომ მაინცდამაინც „ამერიკა“?
-„ამერიკა“, რომელსაც თავად კაფკამ „Verschollene“ („დაკარგული“) უწოდა, ფრანც კაფკას პირველი (დაუსრულებელი) რომანია, რომელიც საგრძნობლად განსხვავდება მისი შემდგომი, ასევე დაუსრულებელი ორი რომანისაგან: „პროცესისა“ და „გოდოლისაგან“.
თუმცა კაფკასათვის დამახასიათებელი ბევრი თავისებურება უკვე აქაც იჩენს თავს. ეს ნაწარმოები უფრო ტრადიციული რომანის, კერძოდ, ევროპული „განვითარების რომანის“ ხაზს აგრძელებს, თუმცა გმირი აქ არ განიცდის ტრადიციული „განვითარების რომანისათვის“ დამახასიათებელ აღმავლობას: „თავისუფლების ქვეყანა“ მისთვის „დამსჯელ კოლონიად“ იქცევა. თვით კაფკა თავის გმირს დევიდ კოპერფილდის შორეულ ნათესავს უწოდებს. ვფიქრობ, კაფკას შემოქმედების მოყვარული ქართველი მკითხველისათვის ეს რომანი საინტერესო უნდა იყოს. უშუალოდ თარგმანზე სამი თვე ვმუშაობდი, რასაც წინ უძღოდა ნაწარმოების გულდასმით გაცნობა.
– სამომავლო გეგმები…
– როცა ორი წლის წინ თომას მანის „ესეები გერმანულ ლიტერატურასა და მუსიკაზე“ შევსებული რედაქციით გამოიცა, ხოლო გასულ შემოდგომაზე დავამთავრე დიდი ხნის წინ დაწყებული კრისტა ვოლფის ვრცელი მოთხრობა „კასანდრა“ (რომელიც ჯერაც გასაბინავებელია). ვთვლიდი, რომ ჩემი ვალი ასე თუ ისე მოვიხადე, მაგრამ ერთი თარგმანი მეორეს იწვევს…
ამჟამად ვმუშაობ ისლანდიელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, ჰალდორ ლაქსნესის რომანის „თევზების კონცერტის“ თარგმნაზე.
თამარ შაიშმელაშვილი