„წერილები ჯარისკაცებს“ – მოსწავლეებმა ავღანეთიდან საპასუხო წერილები მიიღეს
ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ავღანეთის სამშვიდობო მისიიდან დაბრუნებულ სამხედროებთან ერთად ესტუმრა. მათ სკოლის IV-V კლასების მოსწავლეებს ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ ავღანეთიდან გამოგზავნილი საპასუხო წერილები გადასცეს. ბარათები მოზარდებმა ქართველ მშვიდობისმყოფელებს, პროექტის – „წერილები ჯარისკაცებს“ ფარგლებში, რამდენიმე თვის წინ გაუგზავნეს. პატარები გზავნილებში სამშობლოსგან შორს მყოფ სამხედროებს თანადგომას უცხადებენ და მათი ცხოვრების წესით ინტერესდებიან.
წერილების ადრესატები საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედროები იყვნენ, რომლებიც ბაგრამის საავიაციო ბაზაზე არიან დისლოცირებული. სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა სამხედროების მხარდაჭერისათვის მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს მადლობა გადაუხადა. ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ პროექტში მოსწავლეების ჩართულობაში მათი მოქალაქეობრივი პოზიცია იგრძნობა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერების მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობა იგეგმება.
სამხედროებმა და მოსწავლეებმა წერილები ერთად გახსნეს და წაიკითხეს. ღონისძიება ვიდეოკონფერენციით გაგრძელდა. მოსწავლეებს დამეგობრებულ ჯარისკაცებთან საუბრისა და კითხვების დასმის საშუალებაც მიეცათ. ავღანეთის „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მყოფ სამხედროებს თავდაცვის მინისტრმაც მიმართა და ქვეყნის სამსახურისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
მოგვიანებით, მოზარდებმა სტუმრებს მუსიკალური ნომრები წარუდგინეს და მათ საკუთარი ხელით შექმნილი საჩუქრებიც გადასცეს. თავდაცვის მინისტრმა სკოლას სიმბოლური საჩუქარი უსახსოვრა. ღონისძიების დასასრულს, თავდაცვის მინისტრმა ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში სიმბოლური ჩანაწერი დატოვა და ბავშვებთან სამახსოვრო ფოტოც გადაიღო. ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ასევე, იუსტიციის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების, დანაშაულის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ.
ავღანეთის სამშვიდობო მისიის მონაწილე ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა საპასუხო წერილები ქუთაისის მე-14 და მე-17 საჯარო სკოლების მოსწავლეებსაც გამოუზავნეს. წერილები ადრესატებს III ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა მიუტანეს. პროექტში მონაწილე სხვა სკოლები ავღანეთიდან გამოგზავნილ წერილებს ეტაპობრივად მიიღებენ.
„წერილი ჯარისკაცებს” საქართველოს თავდაცვის, იუსტიციის, ასევე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ერთობლივი პროექტია, რომელსაც დანაშაულის პრევენციის ცენტრი სტუდენტებთან ერთად 2012 წლიდან ახორციელებს. პროექტის მიზანი სამშობლოდან შორს მყოფი მებრძოლებისათვის თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვაა.