„მინდოდა, რუსი მაყურებლისთვის ქართული სული და გული მეჩვენებინა“… – დავით წიგნაძის დაბრუნება „რთული“ ქვეყნიდან
ბავშვობა 90-ან წლებში გაატარა. შიმშილი და უამრავი სირთულე იყო, მაინც ფიქრობს, რომ ოჯახის წყალობით ზღაპარივით ბავშვობა ჰქონდა… შემდეგ დიდი სიხარული ეწვია, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა.
პარალელურად, ცეკვის სტუდიაშიც დადიოდა. ამბობს, რომ ცეკვა მისი სამყაროა. მალე კავკასიის თასის გამარჯვებული გახდა სპორტულ–სამეჯლისო ცეკვებშიც…
სწორედ ცეკვაში ოსტატობის ასამაღლებლად გაემგზავრა რუსეთში.
მოსკოვში საცეკვაო სტუდია დააარსა, მრავალი სპექტაკლის ქორეოგრაფი იყო. კინომსახიობთა თეატრში 4 წელი თეატრის მთავარ ქორეოგრაფადაც იმუშავა… შემდეგ რამდენიმე წარმატებული როლიც შეასრულა, ცნობილ რუს მსახიობებს უწევდა პარტნიორობას.
ამჟამად სამშობლოს დაუბრუნდა, საინტერესო გეგმები აქვს. – მსახიობის და ქორეოგრაფის დავით წიგნაძის პერსონა.
– ყველაზე ძალიან მიხაროდა ახალი წელი და ჩემი დაბადების დღე. თან ყოველთვის ვიღაც მიყვარდა. ბაღიდან მოყოლებული სულ შეყვარებული ვიყავი. ყველა ახალ წელს, პირველ რიცხვში რომ ვიღვიძებდი, ბალიშის ქვეშ ხელს ვყოფდი, ვიცოდი, თოვლის ბაბუას საჩუქარი ჰქონდა ჩემთვის დატოვებული. ეს ძალიან სასიამოვნო შეგრძნება იყო.
34 წლის ვარ და ყველა დაბადების დღე გადახდილი მაქვს. ბავშვობაში ისეთ დაბადების დღეს მიკეთებდნენ, რამდენი ადამიანიც მინდოდა, იმდენის დაპატიჟება შემეძლო.
იმის მიუხედავად, რომ 90-ან წლებში გავატარე ბავშვობა, სადაც უშუქობა, უწყლობა, შიმშილი და კიდევ ბევრი სირთულე იყო, მაინც მშვენიერი ბავშვობა მქონდა. ერთი რამ ზუსტად ვიცი – თუ გინდათ, შვილი ბედნიერი იყოს მთელი ცხოვრება, ეცადეთ, ბავშვობაში ზღაპარში აცხოვროთ… რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება მისი ზღაპარი, მით უკეთესი, იმიტომ რომ ბედნიერების ეს შეგრძნება მთელი ცხოვრება თან გაჰყვება.
– ოჯახური გარემო… მშობლები… რამდენად განაპირობა ოჯახმა პროფესიის არჩევანი – მსახიობობა?
– დედამ გამზარდა, მამობას ბიძაჩემი მიწევდა და დღემდე ასეა. დედაჩემი გენერალ-მაიორია, სნაიპერი. ბიძაჩემი – კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის დირექტორი პოლიტექნიკური უნივერსიტეტის 1 კორპუსში. ასე რომ, არ ვიცი, მსახიობობა რატომ მომინდა, არც არავის უთქვამს, არც არავის დაუძალებია, მე თვითონ მოვინდომე. ერთადერთი, რაც არ მახსოვს, ისაა, საიდან მომივიდა აზრად მსახიობობა. თუმცა დედაჩემს უყვარს ცეკვა და სიმღერა და ეხერხება კიდეც.
– თეატრალური უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრეთ...
– ძალიან კარგი პედაგოგები მყავდა. გიორგი შალუტაშვილი იყო მსახიობის ოსტატობის პედაგოგი. არა მარტო მსახიობის ოსტატობა, არამედ დისციპლინაც შეგვძინა. დღემდე ვურთიერთობთ.
მახსოვს, მთელი 4 წლის განმავლობაში, მხოლოდ ერთხელ დავაგვიანე 10 წუთით და ერთი კვირა ლექციებზე არ მიშვებდნენ. სამაგიეროდ, დღემდე არსად არასოდეს ვაგვიანებ. ყველაზე დიდი ემოცია, რომელიც თან მდევს: როდესაც გავიგე, რომ ჩავაბარე თეატრალურ უნივერსიტეტში, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა და არა მარტო ჩემსას.
ბიძაჩემი ცხრაჯერ მივიდა თეატრალურში გამოკრულ დაფასთან, ბედნიერი კითხულობდა ჩარიცხული აბიტურიენტების გვარებს და უხაროდა, რომ მათ შორის ეწერა ჩემი გვარიც – დავით წიგნაძე.
– კავკასიის თასის გამარჯვებული ხართ სპორტულ–სამეჯლისო ცეკვებში… როდის დაიწყო ცეკვის სიყვარული?
– ცეკვა ყოველთვის მიყვარდა. ერთ მშვენიერ დღეს შემთხვევით ტელევიზიით ვუყურე ლათინურ ცეკვებზე გადაღებულ ფილმს „იცეკვე ჩემთან”. ფილმმა ჩემზე ძალიან დადებითად იმოქმედა. მეორე დღეს ასევე ტელეეკრანზე მოვკარი თვალი სამეჯლისო ცეკვების სტუდია „თელას“ რეკლამას და ასე დაიწყო ჩემი ცეკვის ისტორია. პირველად ცეკვის სტუდიაში რომ შევედი, ერთი რეალობიდან სხვა რეალობაში მოვხვდი და ვიგრძენი, რომ ეს ჩემი სამყარო იყო.
– თეატრალურის დამთავრებისთანავე მოსკოვში წახვედით, რომ ცეკვაში ოსტატობა აგემაღლებინათ… ამ მხრივ მოგცათ რუსეთმა ის, რასაც ელოდით?
– კი. შეიძლება მეტიც, ვიდრე ველოდი. თუმცა რომ ვთქვა, მომცა-მეთქი, სწორი არ იქნება. უფრო სწორი იქნება, ითქვას, მივედი და ავიღე. იმ პერიოდში, როდესაც მე იქ ვიცხოვრე, თავის გატანა ძალიან რთული იყო. რთული ქვეყანაა და ხალხიც რთულია. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ძველი ხალხი რომ იძახის, ჩვენი ძმები არიანო და ა.შ. მე ეგრე არ ვთვლი.
– თავიდან სხვა ქვეყანაში კარიერის აწყობა იოლი არ იქნებოდა… ერთ ინტერვიუში ამბობთ, რომ პირველ დღეებში მძიმე სამუშაოს ასრულებდით…
– წელიწადნახევარი მტვირთავად ვმუშაობდი. დილის 6 საათზე ვიღვიძებდი და სამსახურში მივდიოდი. თან ზამთარში, საშინელ სიცივეში გარეთ მიწევდა მუშაობა. რთული პერიოდი იყო, დილის 8-დან საღამოს 8 საათამდე 45- წუთიანი შესვენებით ვმუშაობდი. არყის ყუთებით გატენილი ვაგონები მოდიოდა. ერთ ვაგონში 4100 ყუთი იყო და ის უნდა გადმომეტვირთა.
მერე მივდიოდი ცეკვის დარბაზში და ვვარჯიშობდი. თავიდან ძალიან გამიჭირდა, შემდეგ შევეჩვიე. როცა ვტვირთავდი, ცეკვაზე ვფიქრობდი და ისე ვერთობოდი ჩემს ფიქრებში, რომ ვეღარც ვგრძნობდი სიცივეს და ყუთების სიმძიმეს. მიხარია, რომ ეს ყველაფერი გამოვიარე. ახლა უფრო მეტად მიყვარს ცხოვრება.
– მოსკოვში საკუთარი საცეკვაო სტუდია დააარსეთ… პარალელურად „მილენიუმის“ თეატრის მთავარი ქორეოგრაფიც იყავით… სპექტაკლი „ხანუმა“ გამორჩეულია თქვენს მოღვაწეობაში, 10 წელი თამაშობდით ამ წარმოდგენაში… ქორეოგრაფი და კოტეს როლის შემსრულებელი იყავით…
– იმ სამუშაოს მერე, სადაც მტვირთავი ვიყავი, ცოტა ფული მოვაგროვე, დარბაზი ვიქირავე და განცხადებები დავბეჭდე, რომ ამა და ამ მისამართზე გაიხსნა ცეკვის სტუდია „ჰელიოსი“. ერთი თვის განმავლობაში დავდიოდი და ამ განცხადებებს ვაკრავდი, რომ ხალხი მომეზიდა. ასე ნელ-ნელა ამუშავდა ჩემი ცეკვის სტუდია.
ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ თეატრალური სახლი “მილენიუმი” სპექტაკლ „ხანუმას” დგამს, ქართველები სჭირდებათ და მიდიო. მეც, რა თქმა უნდა, წავედი.
ამიყვანეს „მასოვკაში“. რეპეტიციების დროს რეჟისორმა შეამჩნია, რომ ცეკვა შემიძლია და მკითხა, შევძლებდი თუ არა ცეკვების დადგმას, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო. დავდგი ცეკვები, ძალიან მოეწონათ და შემდეგ თითქმის ყველა სპექტაკლში მე ვდგამდი ცეკვებს. ასე გავხდი „მილენიუმის“ ქორეოგრაფი. შემდეგ შეამჩნიეს, რომ თურმე მსახიობიც ვყოფილვარ და „მასოვკიდან“ გადამიყვანეს კოტეს როლზე, სადაც 10 წლის განმავლობაში ვთამაშობდი.
– ეს სპექტაკლი დღესაც ანშლაგით იდგმება… წარმატებული გასტროლები გქონდათ გერმანიაში, ამერიკაში, ისრაელში… მოგვიყევით ამ სპექტაკლზე, თქვენს როლზე… თქვენთან ერთად ქართველი მსახიობი გურამ ბაბლიშვილიც თამაშობდა… რამდენად საინტერესო იყო ამ როლზე მუშაობა?
– გურამი და მე ძმებივით ვართ. მოსკოვში უმეტესობამ იცოდა, რომ ალალი ძმები ვართ. ნიჭიერი მსახიობი და საუკეთესო მეგობარია.
ჩემი მიზანი მარტო ის არ იყო, რომ როლი კარგად გამეკეთებინა და მეთამაშა, მინდოდა, რუსი მაყურებლისთვის ქართული სული და გული მეჩვენებინა, იმიტომ რომ დანარჩენი მონაწილენი ცნობილი რუსი მსახიობები იყვნენ, ერთადერთი ქართველი ვიყავი, რომელიც როლს ასრულებდა. დარწმუნებული ვარ, გამომივიდა.
ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ამერიკაში გასტროლები, რომელიც ჩემი ბავშვობის ოცნების ქვეყანაა. რუსეთი მთლიანად მოვიარეთ. ყველა ერთი ოჯახივით ვიყავით.
მე წამოვედი ქვეყნიდან. ასე რომ, წარმატებას ვუსურვებ ამ სპექტაკლს.
– მოსკოვის კინომსახიობთა თეატრის ქორეოგრაფიც იყავით… მნიშვნელოვანია სპექტაკლი „სურათიც“…
– ძალიან ბევრ სპექტაკლში ვიყავი ქორეოგრაფი. კინომსახიობთა თეატრში 4 წელი თეატრის მთავარ ქორეოგრაფად ვიმუშავე, მაგრამ მარტო ქორეოგრაფობა არ მყოფნიდა. სცენაზე მინდოდა დგომა და არა სცენის მიღმა, ამიტომაც გავაკეთე ჩემი სპექტაკლი „სურათი”, რომელშიც წარმატებით ვთამაშობდი მოსკოვში.
– 2008 წელს ომის გამო თეატრი დატოვეთ... რა სირთულეები გადალახეთ? ერთ ინტერვიუში ამბობთ, რომ დიდ როლზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო…
– კავკასიელი მსახიობი რუსეთში სპეციფიკური როლის შემსრულებელია. სამწუხაროა, მაგრამ ასეა. უბრალოდ ადრე შეიძლება ამაზე თვალებს ვხუჭავდი, მაგრამ ნელ-ნელა მომბეზრდა ბანდიტების და სისულელეების თამაში კინოში და საერთოდ შევეშვი კინოკასტინგებზე სიარულს.
– ფილმებსა და სპექტაკლებში პარტნიორობას უწევდით ცნობილ რუს მსახიობებს...
– ძალიან ბევრ სახალხო მსახიობთან ვიმუშავე კინოშიც და თეატრშიც. ყველაზე დიდი სიამოვნება იყო იულია რუტბერგთან მუშაობა.
მიყვარს, როდესაც ადამიანი თავისი საქმის ფანატია და ზუსტად ასეთია ეს სახალხო მსახიობი ქალბატონი.
ასევე ძალიან ვისიამოვნე მიხაილ დერჟავინთან ერთ სპექტაკლში თამაშით. გამიხარდა, როდესაც გავიგე, რომ ირინა ალფეროვა ჩემს საყვარელს თამაშობდა სპექტაკლში „კაქტუსის ყვავილი”.
ბავშვობაში ეს ქალი მიყვარდა. ასე რომ, ოცნებები ხდება, მთავარია, რამდენად გჯერა და გიყვარს შენი ოცნება.
– უმთავრესად რაზეა დამოკიდებული როლის შესრულების ხარისხი – მსახიობის ოსტატობაზე თუ რეჟისორზე?
– როლის შესრულების ხარისხზე მსახიობია პასუხისმგებელი. ხოლო რამდენად კარგი გამოვა თვითონ ფილმი ან სპექტაკლი, ბევრ რამეზეა დამოკიდებული.
– რომანტიკული როლები გიყვართ… რომელ როლზე ოცნებობთ?
– არა, მარტო რომანტიკული – არა. როლი როლია, როგორიც არ უნდა იყოს, რაც შეეხება საოცნებო როლს, კონკრეტულად ერთ როლზე არ ვოცნებობ. ოცნება მაქვს, იმდენი როლი შემომთავაზონ, არჩევანის გაკეთება შემეძლოს და ასეც იქნება. მე მჯერა ჩემი ოცნების.
– რუსეთის პირველ არხზე უძღვებით გადაცემას – „ვსწავლობთ ცეკვას“… რამდენად რეიტინგულია ეს გადაცემა?
– ეს იყო საბავშვო გადაცემა „ფა სოლ“, რომელიც საკმაოდ რეიტინგულია. 2-3 წლის განმავლობაში კვირაში 2 დღე გადიოდა ტელეეკრანებზე. მომწონდა, საინტერესო გამოდიოდა და ბავშვებს უყვარდათ… ბავშვებს უხაროდათ, როცა ქუჩაში მხედავდნენ. რა თქმა უნდა, ეს ძალიან სასიამოვნოა, პატარებს სუფთა და წრფელი სიყვარული შეუძლიათ.
– ჰობი…
– უამრავი ჰობი მაქვს. ჩემი მთავარი ჰობია, რაც შეიძლება მრავალფეროვანი ცხოვრება მქონდეს. მიყვარს სიცოცხლე და ადამიანები. ახლა უკვე თქვენც მიყვარხართ.
– ამჟამად სამშობლოს დაუბრუნდით… როგორც მსახიობი და ქორეოგრაფი სად აპირებთ მოღვაწეობას?
– პირველ რიგში, კარგად უნდა დავისვენო. მეგობრებს და ახლობლებს მოვეფერო, ამის შემდეგ კი უკვე გადავწყვეტ, სად, როგორ და რას გავაკეთებ.
ღმერთის წყალობით, ჩემი ოცნებით და მონდომებით ყველაფერი გამოვა და გამოდის. სადაც არ უნდა ვიყო, რომელ ქვეყანაშიც, ყოველთვის ვიტყვი, რომ მე ქართველი ვარ და ვეცდები, რაც შეიძლება კარგი შთაბეჭდილება დარჩეთ ჩვენზე, ქართველებზე. კიდევ მრავალი სათქმელი მაქვს ამ ქვეყანაზე და აუცილებლად ვიტყვი.
ახლა კი, გეტყვით, რომ „მიყვარხართ“.
თამარ შაიშმელაშვილი