„ნუთუ ამერიკაში უფრო მეტად ვუყვარვარ ხალხს, ვიდრე საქართველოში?“ – მახათელების ოჯახის ოდისეა    

16901918_1440795125931831_1971443864_nამ ოჯახის ყველა წევრს საბალეტო ხელოვნების დიდი სიყვარული გამოარჩევს. მათი მოღვაწეობა თბილისში დაიწყო და მერე მსოფლიოს წამყვანი თეატრების სცენებზე გაგრძელდა. უსამართლობის და წყენის ფაქტორს გაჭირვებაც დაემატა, რამაც  ისინი აიძულა, საქართველო დაეტოვებინათ
დღეს მახათელების ოჯახი „საბალეტო ოსკარის“ მფლობელია და მსოფლიოს აოცებს… მის ყველა წევრს ლამაზი და გამორჩეული ისტორია აქვს, ოღონდ ეს ისტორია, უკვე კარგა ხანია, უცხოეთში იწერება… კარგა ხანია, მახათელების წარმატებაზე შორიდან გვესმის. ეს გვარი ამერიკაში, ასე ვთქვათ, უკვე ბრენდია.
პორტალ „კვირას“ რუბრიკა „პერსონის“ სტუმარია
მიჩიგანის ბალეტაკადემიის ხელმძღვანელი, ქორეოგრაფი და პედაგოგი, – ნიკოლოზ მახათელი.

– ვიზრდებოდი ჩუღურეთის უბანში, განსაკუთრებით ომის შემდგომ პერიოდში, 50-60-იან წლებში, კოჭობანას, ლახტის, ფეხბურთის და სხვა ქუჩის თამაშების ფონზე. რომელ ხელოვნებაზე იყო ლაპარაკი, მით უმეტეს არც ვიცოდი, რა იყო ბალეტი, მაგრამ ოპერის მომღერალი, რომელიც ჩემს ეზოში ცხოვრობდა, დაჟინებით მოითხოვდა ჩემს სწავლებას საბალეტო სტუდიაში, რომ „ქუჩის ბიჭი არ გამოვსულიყავი“. იშვიათი მონაცემები მქონდა, ძალიან მოქნილი ვიყავი, არც დღეს ვუჩივი ჩემს მონაცემებს, რაღაცა შემრჩა.16923690_1440795179265159_1290160077_n
დავიწყე ბალეტზე სიარული, ძალიან არ მიყვარდა და ვეშმაკობდი, საბალეტო სტუდიაში ვაცდენდი გაკვეთილებს და ჩუმად დავდიოდი პიონერთა სასახლეში ტანვარჯიშზე ნოდარ ბახუტაშვილთან, სახლში კი ეგონათ, რომ ბალეტზე დავდიოდი. ერთ დღეს ჩემმა პედაგოგმა თამარა ვიხოდცევამ დაიბარა დედაჩემი (ძირითადად, ბებიას ბიჭი ვიყავი), და იკითხეს, რატომ გაიყვანეთ ნუგზარ მახათელი ბალეტის სტუდიიდანო…. სახლში „წამიკითხეს ლექცია”, და კვლავ ბალეტისკენ „ჰერი-ჰერი“. დრო გადიოდა… შევიძინე მეგობრები: პაატა ჩხიკვიშვილი, ირაკლი ჯაფარიძე, თამაზ ბურჭულაძე, ნელ-ნელა სცენამაც გაგვიტაცა და ასე შევერწყეთ საბალეტო ხელოვნებას.
ერთხელ ბალეტ „მშვიდობისათვის“ ვახტანგ ჭაბუკიანის დადგმაში, მომცეს როლი, სადაც მე ვიყავი ვერა წიგნაძეს ძმა. ვ. ჭაბუკიანმა რომ დაასრულა თავისი ვარიაცია, ჩამოჯდა პატარა სკამზე და მე დამისვა კალთაში, სანამ კორდებალეტი ცეკვავდა, ვახტანგ ჭაბუკიანმა შემეკითხა, „გიყვარს ბალეტიო“? მე მხრები ავიჩეჩე, არ ვიცოდი, ვინ იყო ეს პიროვნება, მერე შემეკითხა „იცი, ვინა ვარ მე?“ რაზედაც მე უარყოფითად უპასუხე (შემდგომში ჩემთვის ყველაზე საყვარელი პედაგოგი და მსოფლიო მნიშვნელობის უდიდესი მსახიობი და ქორეოგრაფი, ვახტანგ ჭაბუკიანი ჩემთვის მამაკაცური სცენური სულისკვეთებით მოცეკვავის ეტალონად და დღესაც მსოფლიო ცეკვის ჯადოქრად რჩება!)
სტუდენტობა...
– არასოდეს დამავიწყდება, როგორ მავარჯიშებდნენ თეატრისა და ხელოვნების ისტორიაში ეთერ დუმბაძე, გია მარგველაშვილი, კოტე ნინიკაშვილი.  მათ ხელში პიგმალიონივით ვიყავი. ჩემი ოცნება ასრულდა 1970 წელს, გავხდი სარეჟისორო  ფაკულტეტის სტუდენტი. ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში, და ჩავირიცხე დიმიტრი ალექსიძის ჯგუფში. სწორედ აქედან გამიჩნდა დადგმების პრეტენზიები. მერე შემოვიერთე თანამოაზრეები და კამერული ბალეტების შესაქმნელად ერთად ვმოღვაწეობდით: მე, ცისკარი და ჯარჯი ბალანჩივაძეები.
ხშირად ვდგამდით კამერულ სპექტაკლებს კონსერვატორიის დიდ დარბაზში, ტელევიზიის მუსიკალურ პროგრამასთან და მერაბ ჯალიაშვილთან ერთად ბევრი რამ განვახორციელეთ. თეატრალური საზოგადოების სცენაზე განვახორციელეთ „ორფეი და ევრიდიკე“ დიმიტრი ალექსიძის დადგმით. მუსიკალური ხელმძღვანელი ჯარჯი ბალანჩივაძე და მე – ქორეოგრაფი… ამ სპექტაკლში მონაწილეობდა 18 წლის თამრიკო გვერდწითელი. სპექტაკლის წარმატებამ კამერული თეატრის გახსნის იმედი ჩაგვისახა, მაგრამ ამაოდ. სხვადასხვა პრობლემის გამო არ გაიხსნა კამერული თეატრი.
–  მეუღლე მარინე ლოლაძეც საბალეტო ხელოვნებას ემსახურება…16923992_1440795165931827_989370018_n
– 1972  წელს დავქორწინდი, რომელსაც უფრო სტუდენტურ ქორწილს დავარქმევდი. ქორწილს მთელი ჩემი თანაკურსელები ესწრებოდნენ, თამადა იყო ჩვენი პედაგოგი, სანდრო მრევლიშვილი, შემდგომ ასეთივე სტუდენტური ქორწილი ჰქონდათ თამრიკო დათუაშვილსა და ზურაბ ცინცქილაძეს.
ჩემი საყვარელი მეუღლე მარინე ლოლაძე (ქართული ცეკვის დიდოსტატის, კოტე ლოლაძის და ოპერის მომღერლის ელენე ლოლაძის ქალიშვილი) 14 წლის ასაკში შეყვარებული იყო ჩემს სცენურ მოღვაწეობაზე, რომელიც ნამდვილ სიყვარულში გადაიზარდა. ხუთი წელი ველოდე და ეს ბავშვი გახდა ჩემთვის უსაყვარლესი პიროვნება და ჩემი ორი შვილის დედა.
მარინამ საბალეტო სკოლა დაამთავრა და 20 წლის მანძილზე მოღვაწეობდა ზ. ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრში. მარინა სოლო როლებს გაურბოდა და ძალიან კრიტიკული იყო თავისი ხელოვნებისადმი. სულ ამბობდა, მე შენისთანა მონაცემები არ მაქვს, ჩემთვის საკმარისია, ვიყო დასში და გავხდე ცნობილი შვილების დედაო. ეს ოცნება, მართლაც, აგვისრულდა – შვილები ჩვენ გვჯობნიან საბალეტო სფეროში და ჩვენც ვამაყობთ მათით. თუმცა როდესაც რეპეტიციებზე ერთად ვიკრიბებით, ეს ალბათ ომის ტოლფასია, მაგრამ, საერთო ჯამში, ყველაფერი კარგად მთავრდება.
– თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის დირექტორად მუშაობდით და წარმატებითაც… დეკემბრის თბილისის ომის დროსაც კი არ შეგიწყვეტიათ მუშაობა…16910937_1440795195931824_1376903140_o
– 1990 წლის მარტში დამნიშნეს თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის დირექტორად, ვახტანგ ჭაბუკიანის თხოვნით. ძალიან გახარებული ვიყავი, რომ საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს, ქორეოგრაფიული სასწავლებლის პირველი დირექტორი მე ვიყავი და მსოფლიო საბალეტო ხელოვნების გენიოსის გვერდზე ვმუშაობდი. იმ დროს მუშაობა ზოგადად სირთულეებს უკავშირდებოდა. უამრავი პარტია იყო და ყველას იმდენად დიდი პრეტენზიები ჰქონდა, რომ თავის პარტიას, როგორც საქართველოს ერთადერთ გადამარჩენელს, ისე მოიაზრებდნენ.
ასეთი სირთულეები ყველა დაწესებულებისთვის იყო დამახასიათებელი. თვითონ სასწავლებელშიც გაჩნდნენ მამა-მარჩენალები, რომლებიც არ იყვნენ დაინტერესებული სასწავლებლის კარგი მუშაობით, ან ჩემი და ბატონი ვახტანგის კარგი ურთიერთობით, გაჩნდნენ პირები, რომლებიც ჩემი განთავისუფლებით დირექტორის ადგილის დასაპყრობად ყველანაირ ბინძურ ხერხს მიმართავდნენ. ამის მიუხედავად, სწორედ ჩემი მუშაობის პერიოდში, თბილისის ქორეოგრაფიულმა სასწავლებელმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსზე:
დავით მახათელის პირველი ადგილი ლოზანის საერთაშორისო კონკურსზე; დიმიტრი კუზნეცოვი მოსკოვის დიაგილევის სახელობის პირველი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი გახდა, დავით მახათელმა კი პირველი ადგილი დაიკავა თავის ასაკში. ასევე ბელორუსიის კონკურსზე, მრავალი მოსწავლე გახდა ლაურეატი. ალბათ შეკითხვაც გაჩნდება, რატომ დავით მახათელი და არა სხვა?
1991-92 წლების დეკემბერი-თებერვალში, სამოქალაქო ომის დროს, როცა სწავლა შეჩერდა საქართველოში, ჩვენ ყოველდღე ორთაჭალიდან თითქმის სადგურამდე დაახლოებით 11 კილომეტრს ფეხით გავდიოდით ტყვიების ზუზუნში, მივდიოდით სასწავლებელში და ვმუშაობდით, ვემზადებოდით ლოზანის კონკურსისათვის. შედეგმაც არ დააყოვნა: „იმედის“ პრიზი და (ლონდონის) კოვენტ-გარდენის საბალეტო სკოლაში, უფასო სწავლება მოვიპოვეთ, მაგრამ იმ დროს აღარავის აინტერესებდა სასწავლებლის შედეგები, მოვიდა „ძველი ახალი მთავრობა“ და დაიწყეს ადგილების გადანაწილება…
ინტერვიუებში არაერთხელ აღნიშნავდით, რომ ქორეოგრაფიული სასწავლებლის დირექტორობიდან უსამართლოდ გაგათავისუფლეს…
16924098_1440795202598490_1567775839_n
– ვისაც გამსახურდიას დროს რაღაც ადგილი, თანამდებობა ეკავა, უნდა გაენთავისუფლებინათ. ჩემი ჯერიც  დადგა, ვახტანგ ჭაბუკიანის გარდაცვალების შემდეგ, ჩემი მოხსნის საკითხიც დაისვა.
უკვე დროის გადმოსახედიდან, მეცინება. მხატვარი რომ ვყოფილიყავი, ალბათ ასე დავხატავდი, სვავები დასტრიალებენ სასწავლებლის დირექტორის გაღატაკებულ სკამს, რომელიც დაკავებულია „არა ჩვენებურით“, მერე რა, რომ პროფესიონალია, უმაღლესი განათლებით, საზღვარგარეთ წარმატებული მუშაობის სტაჟით… 26 წელი კი ოპერისა ბალეტის თეატრის წამყვანი მსახიობი იყო, სამაგიეროდ, მაფიის წევრი არ არის, ბრძანება – შევჭამოთ!  და კიდეც „შემჭამეს“… ამის შემდეგ პარლამენტის დეპუტატი, ივლიანე ხაინდრავა საქართველოს პარლამენტის სხდომაზე ეცადა, „შეჭმული“ მახათელის ირგვლივ სამართლიანობის აღდგენას, ჭამასაც ხომ თავისი ეთიკა აქვს, მაგრამ ამაოდ. ძალიან მშივრები იყვნენ  (იმ პარლამენტის სხდომის ვიდეოჩანაწერი მაქვს)!
9 თვე უმუშევარი ვიყავი…
უნდა აღვნიშნო, რომ თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელს  მთავრობისადმი ჩემი მიმართვის შემდეგ,  ვახტანგ ჭაბუკიანის სახელი მიენიჭა.
თუ არაფერი დარჩება ჩემი მოღვაწეობის პერიოდის მანძილზე (1990 მარტი – 1991 დეკემბერი), ვახტანგ ჭაბუკიანის სახელი სამარადისოდ დარჩება საქართველოს ქორეოგრაფიულ სასწავლებელს.
ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალურ თეატრში მთავარ ბალეტმეისტერად მუშაობდით16923700_1440795189265158_345924533_n
– ჩემი უმუშევრობა დამთავრდა მას შემდეგ, როდესაც ჩემმა მეგობარმა, გრიგორი გარბოვიჩმა შემომთავაზა, მუსიკალური თეატრის ბალეტმაისტერის ადგილისთვის დავლაპარაკებოდი ბატონ გიგა ლორთქიფანიძეს. ეს საუბარი დადებითად დამთავრდა და 1992 წლის სექტემბრიდან 2001 წლის ოქტომბრამდე  ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალურ თეატრში, მთავარ ბალეტმეისტერად ვმუშაობდი, და ეს პერიოდი იყო ჩემთვის დიდი სიამოვნება.
ბრწყინვალე საბალეტო კოლექტივი, რეპეტიტორები, მუსიკალური თეატრის დასის მშვენიერი მსახიობები, ვმუშაობდით სიცივეში, უშუქოდ, „უკუპონოდ“, ხელფასებს ყინავდნენ და, მიუხედავად ამისა, მხოლოდ კარგი მოგონებები მრჩება მთელი მუსიკალური თეატრის კოლექტივზე, ნამდვილად დიდი და კარგი ოჯახი იყო.
2000 წელს საქართველოს მთავრობამ მომანიჭა „ღირსების ორდენი“. მიხარია, რომ რაღაცის ღირსიც გავხდი ჩემს საქართველოში, სანამ მუსიკალურ თეატრში დავიწყებდი მუშაობას, პლეხანოვზე, სადაც ადრე ქოროოეოგრაფიული სასწავლებელი იყო, ხელოვნების ინსტიტუტის რექტორმა, ბადრი გრუზინსკი-ბაგრატიონმა მიმიწვია ქორეოგრაფიის დასადგმელად სტუდენტებისათვის, რაღაცა შოუსთვის. ვიფიქრე, წავალ, კარაქის ფულს მაინც  გავაკეთებ-მეთქი.16931123_1440795152598495_216394919_o
მოდერნის სტილში ქორეოგრაფიული ნომერი რომ გავაკეთე, სტუდენტებმა არ იცოდნენ, რასთან იჭმება ეს ჟარეს მუსიკაზე გაკეთებული ნომერი, კარგია? ცუდია? მერე ინსტიტუტის ხელმძღვანელობამ ნახა ეს ნომერი (ბადრი გრუზინსკი და მიშა ბუკია), ყველა ჩუმად იყო, ვიფიქრე, დავკარგე ერთი კვირა და ჩემი დადგმა არ მოეწონათ-მეთქი. ალბათ ძალიან უცნაურად დავდგი. გამოვედი სარეპეტიციო დარბაზიდან, ცოტა ხნის შემდეგ დამიძახა ბადრიმ და აქედან დაიწყო ჩემი მეორე ახალგაზრდობა.
დადგმა ძალიან საინტერესოდ მიიჩნიეს და რაც მთავარია, სრულიად განსხვავებული სტილით იყო შესრულებული. ასე დავიწყე მუშაობა ხელოვნების ინსტიტუტში, რომელიც 9 წელი გაგრძელდა.
ბადრიმ ჩამაბარა ქორეოგრაფიული განყოფილება. ამ ხნის განმავლობაში  ხელოვნების ინსტიტუტმა ძალიან საინტერესო კადრები აღზარდა, – არა მარტო ქორეოგრაფები, მხატვრები, დრამის მსახიობები, და სხვა, მაგალითად ჩემმა სტუდენტებმა ოპერის თეატრში ძალიან საინტერესო სადიპლომო ნამუშევრები შექმნეს: „ცდუნება”, „ფანტაზია სამეჯლისო დარბაზში”, „კარმენის ახალი ვერსია”, „მოცარტის რექვიემი“, ამერიკიდან მოწვეულ „ბატლერ-ბალეტ უნივერსიტის“ სტუდენტებთან ერთად.
რაც 2000 წელს ხელოვნების ინსტიტუტში განვახორციელეთ, პირველი იყო დამოუკიდებელ საქართველოში -ამერიკელ სტუდენტებთან ერთად ერთობლივი სპექტაკლით რომ წარვდექით თბილისის მაყურებლის წინაშე. ხელოვნების ინსტიტუტის სტუდენტებთან ერთად (1993-2001) გატარებული 9 წელი ნამდვილად იყო ჩემი მეორე ახალგაზრდობა, და მიხარია, რომ შევძელით იმის გაკეთებაც კი, რაც ძალიან ძნელად მისაღწევი იყო მცირებიუჯეტიანი ინსტიტუტის პირობებში. სწორედ აქ გამოჩნდა ბადრი გრუზინსკის სხვა მხარეც. იგი არა მარტო კარგი კომპოზიტორი და შემოქმედია, მას  დიდი ორგანიზაციული ნიჭიც აღმოაჩნდა. დასანანია, რომ ხელოვნების ეს კერა დაიხურა.
– რატომ გადაწყვიტეთ საქართველოდან წასვლა?16901652_1440795199265157_377705718_n
– 1999 და 2001 წლებში ჩვენი ცხოვრება უარესდებოდა, უსამართლობის გამო წყენის ფაქტორს გაჭირვებაც დაემატა, რამაც გვაიძულა საქართველოს დატოვება. ამავე დროს, მიწვეული ვიყავი აშშ-ის ბოსტონის საბალეტო აკადემიაში და ასევე დენვერის საბალეტო აკადემიაში. ამ დროს მივიღე შემოთავაზება აიდაჰოს შტატიდან, რომ ქალაქ სან-ვალეს ბალეტის სკოლის დირექტორად სამი წელი კონტრაქტით მემუშავა. დავთანხმდი და, სამი წლის ნაცვლად, აგერ უკვე 16 წელი შესრულდა, რაც მე, მარინა და მაიკო აშშ-ში გადავიხვეწეთ.
დათო მაშინ ჰიუსტონის ბენ სტივენსონის საბალეტო დასში წამყვანი მსახიობი იყო.
მანამდე დათო ჰოლანდიაში, ამსტერდამის ბალეტის სოლისტი იყო. მაგ დროისათვის ინგლისური ენა ძალიან ცუდად ვიცოდით. მაია ინგლისურს ჩვენზე უკეთ ფლობდა. 8 თვე ვიმუშავეთ სან-ვალეში და ამ ხნის განმავლობაში  იქ „მაკნატუნას“ ორი სპექტაკლი დავდგი. წამყვანი პარტიები შეასრულეს მაიკომ და დათომ. ამ სპექტაკლს ამერიკის პრესა სპექტაკლით „სამი მახათელის მაკნატუნა“ გამოეხმაურა.
– „სამი მახათელის მაკნატუნამ“ მაშინ ანშლაგით ჩაიარა, ბრუს ვილისიც კი დაესწრო წარმოდგენას…
– მახსოვს, ყველა ბილეთი გაყიდული იყო, სპექტაკლის დაწყებამდე 10 წუთით ადრე ბრუს ვილისი მოვიდა, ორ ქალიშვილთან ერთად. დასადგომი ან საერთოდ შესასვლელი ბილეთის შეძენა უნდოდა, მაგრამ რომ ვერ იშოვა, წასვლა დააპირა.
ამ დროს უმცროსმა ქალიშვილმა ტირილი დაიწყო, მათთან მივიდა ერთი მაყურებელი, რომელმაც დაუთმო თავისი სამი ბილეთი და თვითონ გავიდა მაყურებელთა დარბაზიდან. არ ვიცი, დაესწრო თუ არა, მაგრამ ის ვიცი, რომ დათოს და მაიას ღელვისაგან ფეხები აუკანკალდათ, როდესაც ნახეს პირველ რიგში მჯდომი ბრუს ვილისი ორ ქალიშვილთან ერთად.16923931_1440795109265166_788632268_n
სპექტაკლი სან-ვალეში პირველად დაიდგა და  დიდი წარმატებაც ხვდა, სპექტაკლის შემდეგ  ბრუსი და მისი ქალიშვილები ავიდნენ სცენაზე, მადლობაც გადაუხადეს და სამახსოვრო სურათებიც გადაიღეს, ბრუს ვილისის გამოკლებით. 2002 წლის გაზაფხულზე დავდგი „კოპელია“, რომელმაც ასევე დიდი წარმატებით ჩაიარა.
2002 წლის მაისის ბოლოს გადავედი დენვერში დავიდ ტეილორის საბალეტო კომპანიაში და ასევე საბალეტო სკოლაში, პირადად მისი მოწვევით, ბალეტმაისტერის, რეპეტიტორის და პედაგოგის თანამდებობაზე, ზუსტად სამი წელი ვიმუშავეთ ერთად, ერთობლივად დავდგით ძალიან ბევრი მოდერნისტული და ასევე კლასიკური სპექტაკლი, შემდგომში დავიდ ტეილორს რაღაც ფინანსურ პრობლემებთან დაკავშირებით  საბალეტო სკოლა დაუხურეს, რის შემდეგ იძულებული გავხდით ასკოტ ბალეტ აკადემის სახელით გვემუშავა, სადაც სკოლის „Artistic director“-იც მე ვიყავი, ამ სკოლას შემდგომ „Makhateli Ballet Academy“ ეწოდა.
უნდა ითქვას, რომ სამი წელის მანძილზე მენეჯერიც, დირექტორი, მთავარი ბუღალტერი, პედაგოგი, რეპეტიტორი, დამდგმელი, ერთი სიტყვით,,ყველაფერი მე ვიყავი, ასევე მყავდა  მოდერნის, ჯაზის პედაგოგები… ჩემი მეუღლე მარინა ლოლაძე დაწყებითი კლასების ბალეტის პედაგოგად მუშაობდა. სამი წლის მანძილზე ჩემი სტუდენტები მონაწილეობდნენ სხვადასხვა ბალეტის როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო კონკურსებში. ჩემმა სკოლამ, სამი წლის მანძილზე ორჯერ მოვიგეთ „გრანდ პრიზი“ (ამერიკის  საერთაშორისო საბალეტო კონკურსი, რომელიც იმართება ნიუ-იორკში). პირველი ადგილი თითქმის ყველა კატეგორიაში და უამრავი მეორე და მესამე ადგილი გვაქვს აღებული. ახლა მრავალი ჩემი სტუდენტი წარმატებით ცეკვავს აშშ-ის საბალეტო კომპანიებში და ზოგი მათგანი  სწავლას ინგლისის საბალეტო სკოლებში, ასევე კანადაში განაგრძობს.
2008 წელს, აშშ-ის ეკონომიკური კრიზისის დროს, დავხურე ჩემი ბიზნესი, ვინაიდან ძალიან ვიღლებოდი და თანაც გადასახადები იზრდებოდა (სტუდიის რენტა, ელექტროენერგია, ბენზინი და ასე შემდეგ), შემდგომ მუშაობა დავიწყე ნიუ-ორლეანის ცეკვის დეპარტამენტში. ეს არის ლუიზიანას შტატის სახელმწიფო განათლებითი სისტემის დაწესებულება და აქ მუშაობის დასწყებად, საჭირო იყო, სატელეფონო ტესტის გავლა. ადგილზე უნდა გაგევლო გასაუბრება, ანკეტები, დოკუმენტები, ერთი სიტყვით, ჩემი მეუღლე ხუმრობდა: რა არის, პრეზიდენტად გიღებენ თუ პედაგოგადო?
16 წლის მანძილზე,  ისე არ გასულა წელი, რომ არ მიმეღოს მოწვევები მასტერკლასებზე სხვადასხვა შტატიდან, და ასევე უცხოეთიდან (ორჯერ იაპონიიდან და პანამიდან). დაახლოებით 45 შტატში მიმიცია მასტერკლასები და კიდევაც დამიდგამს სხვადასხვა სტილზე აგებული ქორეოგრაფია. მიღებული მაქვს სასწავლო სახელმწიფო დაწესებულებაში აშშ-ის წოდებები!
რას გაიხსენებთ ამერიკული ცხოვრებიდან. რა შეგძინათ, როგორც პროფესიონალს?16923790_1440795142598496_1845219554_n
– ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-ორლეანის (NOCCA, სახელმწიფო განათლებითი სისტემა, 5 წელი) შემდეგ ვიმუშავე ვაშინგტონის The Kirov ballet academy-ში, ძალიან ბევრი შემოქმედებითი დადგმა განვახორციელე. დღეს კი, უკვე მესამე წელია, მიჩიგანის ბალეტაკადემიის ხელმძღვანელი ვარ. ჩემი სტუდენტები ამ შტატში ყველაზე ძლიერები არიან, რაც წლევანდელ საერთაშორისო კონკურსებზეც აისახა.
როგორც შემოქმედს, დიდი გასაქანი გაქვს, რა თქმა უნდა, ეს მუშაობის შედეგად მოპოვებული ავტორიტეტის შედეგია, გრძნობ რომ პიროვნება ხარ, პატივისცემით გეპყრობიან, გისმენენ, და თუ საჭიროა, შენს აზრს სამსახურში კიდევაც გაიზიარებენ, ასევე სამუშაო გეგმა კალენდარულად მინიმუმ, ერთი წლით იქმნება, და დამტკიცებული კალედარული გეგმით მუშაობ. ასევე აღსანიშნავია შემოქმედებითი თავისუფლება, გამბედაობა და რაც მთავარია, აშშ-ში ძალიან მაგრად იგრძნობა პასუხისმგებლობა კანონის მიმართ, კანონი გიცავს და კიდევაც გსჯის, თუ იგნორირებას უკეთებ კანონს, თავისუფალი ხარ და არაფრის გეშინია, იგრძნობა, რომ მთავრობა გიცავს, არავითარი დისკრიმინაცია, არც რელიგიური, ეროვნული, რასობრივი, ერთი სიტყვით, ქუჩაში რომ გადიხარ, არ გეშინია (თუმცაღა გიჟები ყველგან არიან), ქალაქებში სისუფთავეა, რესტორნიდან დაწყებული საპირფარეშოთი დამთავრებული. სისუფთავე ყველგან მაღალ დონეზეა.
გამომუშავებული მაქვს დისციპლინა, მით უმეტეს, თუ გინდა, რომ პროფესიონალი გახდე, ხელოვნება მოითხოვს. წელიწადში 5-7 წარმოდგენას ვდგამ. დღეს ჩემი გვარი აშშ-ში ბრენდია, რაც ჩემი შვილების – დავით და მაია მახათელის და ცოტათი ჩემი მუშაობის შედეგია. ხანდახან იმასაც კი ვფიქრობ, ნუთუ აშშ-ში უფრო ვუყვარვარ ხალხს, ვიდრე საქართველოში?
თქვენი ოჯახი საბალეტოოსკარსფლობს. ბალეტისოსკარიმიენიჭა თქვენს შვილს დათოსაც16924149_1440795162598494_1581752863_n
– ჩემი ბიჭი დავით მახათელი, 1992 წელს ლოზანის და ასევე მოსკოვის დიაგილევის  კონკურსებში გამარჯვების შემდეგ, ორი წელიწადი სწავლობდა ინგლისის სამეფო სკოლაში. მისი დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ბირმინგემის სამეფო თეატრში, ერთი წლის შემდეგ კი ჰოლანდიის, ამსტერდამის საბალეტო კომპანიაში მიიწვიეს სოლისტად. 1996 წელს პარიზის საერთაშორისო კონკურსის  დიპლომი  და ლაურეატის წოდება მოიპოვა.
ამსტერდამის საბალეტო კომპანიაში ორ წელი დაჰყო და აშშ-ში ჰიუსტონის საბალეტო კომპანიაში გადავიდა სოლისტად. 7 წლის მანძილზე მიაღწია წამყვანი მსახიობის სტატუსს და ბოლოს, დაბრუნდა იქ, საიდანაც დაიწყო მისი სამსახიობო კარიერა, ინგლისში, ამჯერად ლონდონის კოვენტ-გარდენის სამეფო თეატრში და დღესაც იქ განაგრძობს მოღვაწეობას, წამყვანი მსახიობია.
შეასრულა მრავალი სხვადასხვა ქორეოგრაფის დადგმები, თითქმის მოვლილი აქვს მსოფლიო საბალეტო თეატრები, აქვს  სხვადასხვა მრავალი ტიტული, საზეიმო თარიღების დროს იწვევენ სხვადასხვა საელჩოში.
დათოს საპატივცემულოდ ერთ-ერთ ყვავილს მისი სახელი და გვარი მისცეს, ლიცენზიით. XXI საუკუნის ბრილიანტი მოცეკვავეს წოდება მიანიჭეს. 2009 წელს ნიუ-იორკის ლინკოლნ-ცენტრში ბალეტის „ოსკარის“ ჯილდო გადაეცა („ოსკარის“ ჯილდო  პირობითი სახელია და არა „ოსკარი“, რომელიც ცნობილია კინოხელოვნებაში, ჩვეულებრივად ამ სახელს ხმარობენ როგორც საბალეტო ხელოვნებაში დიდი შემოქმედებითი წვლილის შეტანისათვის), ლონდონის საუკეთესო ონეგინის წოდება და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა დათომ თბილისში იცეკვა „ჟიზელი“ ნინო ანანიაშვილთან ერთად და „იაპონიის სიზმრები“ ნინოს ანანიაშვილის ჯგუფთან ერთად. 16930913_1440795119265165_2144880287_o
საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში, თემურ მამაცაშვილი და მისი ოჯახის წევრები თითქმის არ ტოვებდნენ  დათოს არცერთ სპექტაკლს, რასაც ვერ ვიტყოდი სხვა მომდევნო ელჩებზე. დათოზე შემიძლია ბევრი საინტერესო რამ მოვყვე, ალბათ შემდეგში პერსონალურად ვილაპარაკებ უფრო მეტს, დღეს დათო, როგორც მოცეკვავე პენსიაზეა, მაგრამ იგი აგრძელებს საბალეტო ხელოვნებაში მოგვაწეობას  (Founding Director at D&D ART PRODUCTIONS).  D&D is the reference dance production agency in Europe, creating beautiful and striking dance events for live performances, film or photography.  www.ddartprod.com   Grand Audition Dance
ჰყავს მეუღლე, პროფესიით ბალერინა, დარია მახათელი-ვასნეცოვა.
– მაია მახათელი ჰოლანდიის ნაციონალური საბალეტო დასის პრიმაბალერინაა…16933519_1440795129265164_319879064_n
– მაიას შესახებ ასე ვიტყოდი, ჰოლანდიის ნაციონალური საბალეტო დასის პრიმა-ბალერინაა (ამსტერდამი), დღეს ევროპის საბალეტო სამყაროში ძალიან პოპულარული ბალერინა, პარიზის გასტროლების დროს მეტროში მრავალი საბალეტო რეკლამა იყო მაიას სურათებით, ასევე – ბრიუსელსა და ლონდონში.
შეასრულა კლასიკური ბალეტის ყველა წამყვანი როლი, ასევე ცეკვავს მოდერნს და თანამედროვე ქორეოგრაფიულ ნაწარმოებებს.
იცეკვა მსოფლიოს ყველა წამყვან თეატრში. მაია მუშაობდა მრავალ ცნობილ ქორეოგრაფთან, ისეთთან, როგორიცაა: ქრისტოფერ ვილდონი, ჰანს ვან მანენი, რუდი ვან დანტზიგი,  ალეკსეი რატმანსკი, იური გრიგოროვიჩი, ნატალია მაკაროვა, ბენჟამენ მილეპიედ, დავიტ დავსონი, ჯონ ნოიმაიერი, ტედ ბრონსონი და სხვა მრავალი ცნობილი ქორეოგრაფი.
2011 წელს ნინო ანანიაშვილმა დააჯილდოვა ერთობლივი, ნინო ანანიაშვილის და ჟილბერ ალბერტის (შვეიცარელი იუველირი) პრიზით – ვარსკვლავი.
2014 წელს მაია ნომინირებული იყო, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული მოცეკვავე ნიდერლანდებში, Critics Choice  საუკეთესო შესრულებისათვის – რატმანსკის Firebird და ბალანჩინის პა დე დე.
2015 წელს უმაღლესი პრიზი ჰოლანდიაში -„ალექსანდრა რედიუს“. Dდა სამი წლის მანძილზე „დანსე ეუროპ“ საუკეთესო „გედის ტბის“ ოდეტა – ოდილიას, შესრულებისათვის, 2016 წელს კი ბალანჩინის რეპერტუარის საუკეთესო შესრულებისათვის, ბალეტის აქსესუარებს მაიას სახელი ამშვენებს ბრენდის სახით.
–  ქორეოგრაფიული ხელოვნება საქართველოშირას შეცვლიდით? – როგორ აღიქვამთ შორიდან საქართველოს? დაბრუნდებოდით?16934126_1440795182598492_1723359553_n
– დღევანდელი საქართველოს ქორეოგრაფიული ხელოვნება უნდა ითქვას, რომ გემოვნების საკითხია. ჩემი გადმოსახედიდან მე ბევრ რამეს შევცვლიდი, პირველ რიგში, 2004 წელს შეცვლილი განათლების სისტემა, სასწავლებლების გაუქმების თაობაზე არასწორად მიმაჩნია, ვ. ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებელი სტუდიად გადაიქცა, ასევე აღარ მოქმედებს მუსიკალური სასწავლებელი, ასევე – თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი. განა დღეს არ შეგიძლიათ შეადაროთ განსხვავება, რა იყო დახურვამდე და რა არის დღეს, ვფიქრობ, ხელოვნებამ ბევრი რამ დაკარგა, უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა ხელოვნების გარეთ დარჩა.
მე თვითონ მონაწილე ვიყავი, ნიუ-ორლეანში „ნოკკა“ დავაარსეთ, სასწავლებლის ვარიანტი, ჩემი მუშაობის მესამე წელს, სტუდენტები დილით მოდიან და გვიან ღამით ბრუნდებიან სახლებში, და არ დარბიან სხვადასხვა წერტილში, ყველაფერი ერთ სივრცეში არსებობს.
თბილისში დავაწესებდი კანონს, შეურაცხყოფისა და ადამიანის ღირსების შელახვისათვისაც დასჯადი იყოს. აშშ-ში ვგრძნობ, რომ ადამიანი ხარ და ასევე უნდა მოეპყრო ადამიანს, რომ ერთმანეთის ღირსება არ შეილახოს! კანონი არის ადამიანის დამცველი,  კანონმა განსაჯოს, რა სჯობია ღიმილს და სიყვარულს!
დღეს მე აშშ-ს მოქალაქე ვარ, ამავე დროს საქართველოს მოქალაქეობა აღმიდგინა ახალმა მთავრობამ, პრეზიდენტ გ. მარგველაშვილის ხელის მოწერით. ეს ჩვენთვის დიდი სიხარულია და იმედი მაქვს დღევანდელი მთავრობის ხვალინდელი უკეთესი ცხოვრების. 16933576_1440795112598499_235405715_n
მჯერა, რომ ახალი მთავრობა ყველა ღონეს ხმარობს, საქართველო  რომ საერთაშორისო ასპარეზზე  გამთლიანებული იყოს, დღეს უფრო ახლო ვართ ევროპასთან, ვიდრე ორი წლის წინათ ვიყავით, ახლო მომავალში კი ნატოს წევრებიც გავხდებით. ვიცი, რომ აშშ საქართველოს  უყურადღებოდ არ დატოვებს და ისიც მჯერა, რომ რუსეთის 2018 წლის არჩევნები მრავალ სიურპრიზს მოიტანს საქართველოს პოზიტიური სახით. მთავარია, ყვირილის და გინების გარეშე გაგრძელდეს ჩვენს მეზობლებთან ურთიერთობა, და ყველაფერი კარგად იქნება.
ახლა ეპილოგივით ვიტყვი საქართველოსთან დაკავშირებით – 2003 წელს, როცა საქართველოში ვარდების რევოლუციამ გაიმარჯვა, ძალიან გამიხარდა და რაღაც იმედები ჩამესახა ჩვენს მომავალზე, საქართველოს მომავალზე, მერე გამოჩნდა ლოზუნგი -„ყველა ქართველი დაბრუნდით“.
ჩვენ გვინდოდა დაბრუნება და ერთხელ ზარიც მივიღეთ თბილისიდან, ზურაბ ჟვანიას შტაბიდან, იკითხეს ჩვენი ჩამოსვლის შესახებ, დაგვპირდნენ, რომ უახლოეს დროს დაგვიკავშირდებოდნენ, მერე ჟვანია აღარ იყო და დამთავრდა თბილისში დაძახების ჩემი ილუზია, თუმცა დღესაც მზად ვარ, დავბრუნდე თბილისში, მაგრამ ვინ გეძახის? ამის გარდა, ვინ მოგცემს სამსახურს? არ იფიქროთ, რომ აქ ცუდად ვარ, არა, მე სამშობლოს გარეთ ვარ და, ვაი, ჩემს თავს, რომ ამას ვეჩვევი, ამ საუბარს ალბათ კლდიაშვილის ფრაზით დავამთავრებ: „იმედი და მოთმინებაა, ბაბაია, საჭირო“. ვაი, რომ მაქვს მე იმედი, მოვესწრები კი? მინდა, რომ ჩემმა შვილებმა მაინც იცხოვრონ თავიანთ სამშობლოში!

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები