„კრივიდან საკუთარი თავი მაინც ვერ გავაცილე“…
რინგზე კრივის ფანატიკურმა სიყვარულმა გაიყვანა. უჭირდა, მაგრამ ძმებთან ერთად არანაირი შრომა უთაკილია, პირიქით, როგორც შეეძლო, ყველანაირად ედგა დედას მხარში. კრივმაც ბავშვობიდან გაიტაცა… მერე იყო თავდაუზოგავი შრომა და მონდომება. წარმატებაც მოვიდა – პირველად ქართული კრივის ისტორიაში სამგზის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა და ევროპის ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლა…
დიდი სპორტიდან წასვლის შემდეგ არც მოზარდებისთვის დაუკლია წვრთნა, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ერთხანს კრივის ფედერაციის პრეზიდენტიც იყო. ამჟამად ახალგაზრდებს ლექციებს უკითხავს, ახალი გატაცებაც აქვს – ფოტოხელოვნება და, როგორც ამბობს, კრივზე არანაკლებ უყვარს… – ცნობილი მოკრივისა და ფოტოხელოვანის, დავით კვაჭაძის პერსონა.
– დედა მარტოხელა იყო და სამ ბიჭს გვზრდიდა. მამა ადრე გარდაიცვალა, არც მახსოვს. ოჯახში ყველაზე უმცროსი მე ვიყავი. მატერიალურად ძალიან გვიჭირდა…
ორთაჭალაში გავიზარდე. ბავშვებით მოჟრიამულე ძალიან მხიარული ეზო იყო… ჩვენს უბანს მკერავის უბანი ერქვა, ადრე იქ სამკერვალო ფაბრიკა მდებარეობდა. როცა დაანგრიეს, მთელი უბანი გამოვედით, შეშას ვეზიდებოდით, ფიცრები მიგვქონდა სახლში, ხელები გვეკაწრებოდა, მაგრამ გვიხაროდა, რომ ზამთარში შეშა გვექნებოდა. ხის „ფეჩები“ და ნავთქურები იყო მაშინ.
ნავთის რიგში დედაჩემთან ერთად ხშირად ვმდგარვარ… ვის აღარ ნახავდით იქ, სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ადამიანებს: აზერბიჯანელებს, სომხებს, რუსებს, ქართველებს… ხალხი ერთად იყო, მით უმეტეს, ომი არც ისე დიდი ხნის დამთავრებული იყო და ყველას უჭირდა.
– იოლი ბავშვობა არ გქონიათ…
– ჩვენი ბავშვობა რთულ პერიოდს დაემთხვა, 60-იან წლებში, ჩვენს უბანში, გორგასლის მოედანზე, ახლა მეიდანს რომ ეძახიან, „ბარიგა“-გამყიდველები მომრავლდნენ… ამ ორომტრიალში, მადლობა ღმერთს, ნორმალურად გავიზარდეთ. არ წაგვცდენია ხელი არც ნარკოტიკზე, არც ქურდობაზე… და, შეძლებისდაგვარად, თავიც გავიტანეთ… მაშინ სამსახურის პრობლემა არ იყო, ქარხანა-ფაბრიკები მუშაობდა, უფროსი ძმა ქარხანაში მუშაობდა, მეორე ძმაც სკოლის დასრულებისთანავე ქარხანაში წავიდა. როცა სკოლა დავამთავრე, ერთი წლის შემდეგ ჯარი მიწევდა და დედამ მითხრა, დაისვენე, არ გინდა მუშაობაო. მაგრამ როგორ დავისვენებდი? მეც ქარხანაში მივედი და წელიწადნახევარი იქ ვიმუშავე. მიხაროდა, ჩემი ხელფასი მქონდა, ჩემი ფულით ჩვენი ერთსართულიანი პატარა აივნიანი სახლი შემოვტიხრე, შუშაბანდი გავაკეთე…
თბილისურ ეზოში ვცხოვრობდით, ახლა მოიგონეს და იტალიური ეზო დაარქვეს… იტალიური კი არა, ჩვეულებრივი თბილისური ეზოები იყო, რატომ უნდათ, იტალიელები ან ფრანგები რომ ვიყოთ?
მთელ უბანს უხაროდა, სატრაბახოდ არ ვამბობ, პატივს გვცემდნენ და ამბობდნენ, რა სამაგალითო შვილებს ზრდის შურა დეიდაო. 11 ეროვნება ცხოვრობდა ჩვენთან. ბავშვობიდან ძალიან მიხაროდა სხვადასხვა ეროვნების – ებრაელების, სომხების, აზერბაიჯანელების, ქურთების… დღესასწაულები, როგორც წესი, ყველა რაღაცით – ზოგი ნამცხვრით, ან რაიმე ნუგბარით მოგვიკითხავდა ხოლმე…
ყოველ შემთხვევაში, ცუდი მეზობლობა და ურთიერთობა არ გვქონია. არ ვიყავით დაკავებული, ასე ვთქვათ, სელფის გადაღებით და კომპიუტერებით. ნამდვილი ურთიერთობები იყო. მეზობლები ერთმანეთს ვეხმარებოდით, ჭირსა და ლხინში ერთმანეთს ვედექით მხარში…
რაღაცები გამივლია ცხოვრებაში ადამიანური პრობლემები და გული მტკივა, რომ წლების მერე ამ არანორმალურ ცხოვრებას – ამდენ მათხოვარს, ქუჩაში დაყრილ ბავშვებს შევესწარი… პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება კიდევ ცალკე საუბრის თემაა…
სხვადასხვა ეზოში დავდიოდით სათამაშოდ. ხალხური თამაშობები დამამახსოვრდა. ახალგაზრდები სპორტით იყვნენ გატაცებულნი. ძირითადად, ფეხბურთი აინტერესებდათ. მაშინ ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავდნენ. კრივიც არანაკლებ მოსწონდათ…
– რატომ აირჩიეთ კრივი?
– ამის ერთ-ერთი მიზეზი კრივის სიყვარული იყო და ის, რომ ჩემი უფროსი ძმა როლანდი ვარჯიშობდა კრივში, საქართველოს ნაკრებში ირიცხებოდა, სახლში ერთად ვვარჯიშობდით. წარმოიდგინეთ, ერთი პატარა ოთახი გვქონდა, საძინებელი, სასადილო და სავარჯიშო ოთახიც ის იყო.
12 წლიდან კრივში ჩავეწერე… ტანვარჯიშზე, ფეხბურთზეც დავდიოდი, მაგრამ კრივმა გამიტაცა, ბუნებით ძალიან წყნარი ბავშვი ვიყავი და ყველას უკვირდა ჩემი არჩევანი.
არც ქუჩაში, არც ეზოში კონფლიქტი არავისთან მომსვლია, მაგრამ ძალიან შემიყვარდა კრივი. როცა სახლში ვვარჯიშობდით, ჩემი ძმა რაღაცებს მასწავლიდა. ხან მე ვეხმარებოდი, წყვილებში პარტნიორი ვიყავი და დავუდგებოდი ხოლმე. უნდა ითქვას, რომ კრივი, საერთო ჯამში, სპორტის მძიმე სახეობაა, მაგრამ ძალიან კარგი სპორტია. ყველა ახალგაზრდას ვურჩევ, კრივზე იარონ, თუნდაც საკუთარი თავისთვის, ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის. სპორტი აუცილებელია ბავშვებისთვის…
ძალიან ბევრი ვიშრომე და… დიდი შრომის წყალობით მოვიდა წარმატებები.
სკოლის შემდეგ, როგორც აღვნიშნე, იყო ქარხანა, ჯარი… ეს ყველაფერი გავიარე.
– 1976-77-80… წლები, როგორც მოკრივესთვის, წარმატებული იყო… სამგზის საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა მოიპოვეთ…
– ჩემი გამოჩენა კრივში 1976 წლიდან შემთხვევითი არ ყოფილა. ყველაზე დიდი წარმატება იმ პერიოდში საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა, სპორტის საზოგადოება „ბურევესტნიკის“ პირველობაზე გამოსვლა იყო… საკავშირო მასშტაბით ორჯერ მოვიგე შეჯიბრი. შემდეგ ფიზკულტურის ინსტიტუტებს შორის საბჭოთა კავშირის პირველობა ჩატარდა და საკავშირო უნივერსიადის ჩემპიონი გავხდი.
ამას საბჭოთა კავშირის თასის გათამაშება მოჰყვა, მძიმე წონაში გამოვედი, ერთ-ერთი უძლიერესი მოკრივე იყო პეტრე ზაევი, მას შევხვდი და დავამარცხე.
– საკმაოდ სტაბილურად მიიწევდით წინ…
– ყველაზე საოცნებო საბჭოთა კავშირის ნაკრებში მოხვედრა იყო. მხოლოდ ერთი პირობით, მოკრივე ან ჩემპიონი ან ფინალისტი უნდა გამხდარიყო.
1976 წელს სვერდლოვსკში მოგებული ჩემპიონობა ჩემთვის ფსიქოლოგიურად ძალიან რთული იყო. იქ ადრე სერიოზული მოკრივეები იყვნენ. ძალიან დიდი კონკურენცია იყო რესპუბლიკებს შორის. მოგების მერე საასპარეზოდ გზა უფრო გამეხსნა.
– საქართველოს ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონი გახდით…
– მანამდე მოკრივე ასეთი დიდი პირველობის მონაწილეც არ ყოფილა. 1977 წელს ევროპის ჩემპიონი გავხდი, რაც ჩემთვის ძალიან დიდი სიხარული იყო. მაგრამ ეს წარმატება უბრალოდ არ მოსულა, მხოლოდ – უდიდესი შრომის ფასად. სპორტულ პრობლემებს და კონკურენციას ემატებოდა წნეხი მოსკოვის სპორტის კომიტეტიდან, რასაც არა მხოლოდ საქართველო, სხვა რესპუბლიკებიც განიცდიდნენ, რამხელა ყურადღება იყო საჭირო, რომ სპორტსმენს შეენარჩუნებინა ნაკრებში ადგილი. პატარა დარღევევაზეც კი შეიძლებოდა, იგი ნაკრებიდან გაეგდოთ. თუნდაც 1976 წელს, როცა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გავხდი, მონრეალის ოლიმპიადა მოგვიახლოვდა, წესით მე უნდა წავსულიყავი, იმიტომ რომ მე მეკუთვნოდა, და აღარ წამიყვანეს. ფაქტობრივად, დამჩაგრეს.
შემდეგ თბილისში ჩატარდა სსრ კავშირის მესამე პირველობა, სადაც მეორე ადგილზე გავედი… ძალიან გული დამწყდა, რომ ჩემი გულშემატკივრები ვერ გავახარე. მაგრამ, საერთო ჯამში, არც მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი იყო ურიგო.
– 1979 წელს გაცილებაც მოგიწყეს…
– უკვე კრივისთვის თავის დანებებას ვაპირებდი, დაოჯახებული ვიყავი, უწინდელი ფანტიზმი, ძილში რომ გესიზმრება კრივი, შეჯიბრებები, ნაკლებად მქონდა. 1979 წელს მართლაც მომიწყეს გაცილება. მანამდე კი თბილისის სპორტის სასახლეში სსრ კავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები გუნდების წევრების შეხვედრა გაიმართა მძიმე წონაში, სადაც გამოვედი და გავიმარჯვე…
მაგრამ, საბოლოოდ, მე ვერ გავაცილე ჩემი თავი კრივიდან, იმდენად მიყვარდა და დღესაც მიყვარს. ფაქტობრივად ისევ დავუბრუნდი არენას, 1980 წელს ქალაქ როსტოვში სსრკ-ს პირველობა ჩატარდა და პირველი ადგილი დავიკავე. ამით მოსკოვის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება მომეცა.
მოსკოვის ოლიმპიური თამაშები ცოტა რთული აღმოჩნდა საერთოდ ყველა სპორტსმენისთვის… ეს ოლიმპიური თამაშები პოლიტიკური იყო. რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მ მაშინ ბოიკოტი გამოუცხადა ოლიმპიადას.
ამიტომ არ ვიცი, ოფიციალური ბრძანება იყო თუ რა, მედლები მაქსიმალურად უცხოელებს დაურიგდათ. პირველ ბრძოლაში აშკარა უპირატესობით გავიმარჯვე და მეორე ასპარეზობისას დავმარცხდი. სამწუხაროდ, ძალიან საეჭვო ბრძოლა იყო, მაგრამ ოლიმპიური თამაშების მონაწილე რომ გავხდი, ესეც უკვე დიდი სიხარული და, ვიტყოდი, წარმატებაც იყო ჩემთვის – პირველი მოკრივე ვიყავი საქართველოდან, ვინც ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა.
შემდეგ უკვე მართლა ჩამოვშორდი აქტიურ სპორტს, თუმცა სპორტიდან მაინც არ წავსულვარ. ჩემი კარიერის პერიოდში დღემდე ორი სპორტული სკოლა გავხსენი. ერთ-ერთი დავით კვაჭაძის სახელობის კრივის სკოლა იყო, მაგრამ წინა ხელისუფლებამ, სამწუხაროდ, გააუქმა ის სკოლა. ასევე გაუქმდა ბუმბერაზი მოჭიდავის, ლევან თედიაშვილის სახელობის სკოლაც.
– რატომ?
– ეტყობა, ბიუჯეტს ასე ავსებდნენ. ძალიან ბევრი საბავშვო ბაღი, სკოლა დაიხურა და გააერთიანეს. შეიძლება იმ ხელისუფლებას თავისი შეხედულება ჰქონდა, მაგრამ ამან ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ქართულ სპორტს, კრივს და, საერთოდ, მომავალ თაობას…
– ამ სკოლების აღდგენაზე დღეს არ საუბრობენ?
– არა მგონია, არც ახსოვთ. არადა, კრივის სკოლა აუცილებელია. კრივის სკოლა, როგორც ასეთი, ქუთაისსა და გორში არსებობს. მაგრამ თბილისში, სადაც ნახევარი საქართველო ცხოვრობს და ჩვენი დედაქალაქია, სამწუხაროდ, მხოლოდ კრივის ჯგუფები მოქმედებს, როგორც ასეთი, დამოუკიდებელი სკოლა არ გვაქვს. როცა თითქმის მთელ მსოფლიოში არსებობს კრივის სპეციალური სკოლები.
ეს აუცილებელია, რომ სახელმწიფო ტურნე დაფინანსდეს. ადრე განათლების სამინისტრო აფინანსებდა. განათლების სამინისტრო დღეს სპორტს, საერთოდ, ფიზკულტურას აღარ აფინანსებს. იქ განყოფილება იყო, სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებს პატრონობდნენ და დღეს პროფესორების და აკადემიკოსების გაზრდით არიან ვითომ დაკავებულნი! ღმერთმა ქნას, ჩვენ ამდენი მეცნიერი და ცნობილი ხალხი გვყავდეს… როგორც ყველა ჩემპიონი ვერ გახდება კრივში, ისევე ყველა პროფესორი ვერ გახდება.
სამხატვრო აკადემია არსებობს, ძალიან კარგი სასწავლებელია. კონსერვატორია არსებობს. მაგრამ სპორტს აუცილებლად განსხვავებული ყურადღება სჭირდება. სპორტი უფრო მასობრივია, აუცილებელია ადამიანისთვის, ერთ-ერთი კარგი საშუალებაა ადამიანის აღსაზრდელად.
ცოტა არ იყოს, ხალხი დეპრესიაშია. უჭირთ, ფასიანი ჯგუფებია. სპორტში თუ რაოდენობა არ იქნება, არაფერი გამოვა. ყველა ვერ გახდება ჩემპიონი, მაგრამ რაც უფრო ბევრნი იქნებიან, უფრო მეტი შეირჩევა.
ყოველ შემთხვევში, წინა წლებში ჩვენ ცუდი შედეგი არ გვქონია. ევროპის ჩემპიონატის ფინალისტები და ჩემპიონები გვყავდა ახალგაზრდებში.
ჩვენ ძალიან კარგი შედეგი გვქონდა ჩემი ფედერაციის პრეზიდენტობის პერიოდში. ეს იმის საწინდარია, რომ ჩვენთან კრივი არ მოკვდება, იარსებებს…
დღესდღეობით სპორტის უნივერსიტეტში ვმოღვაწეობ. ასოცირებული პროფესორი ვარ. 4 წლის განმავლობაში საქართველოს კრივის ფედერაციის პრეზიდენტი ვიყავი. როცა საერთაშორისო არენაზე მიგვიღეს, საქართველოს კრივის ფედერაციას ვხელმძღვანელობდი. ასე რომ, რაღაც წვლილი წარმატებაში მეც მიმიძღვის. შარშან ნოემბერში კი პრეზიდენტობა ახალგაზრდას გადავულოცე. არ შეიძლება სულ სკამს ჩამოეკიდო, ახალგაზრდებს საშუალება უნდა მიეცეთ, რომ მიიღონ გამოცდილება და იმუშაონ.
სპორტის ვერც ერთი სახეობა ალბათ ისე ვერ დაიტრაბახებს, როგორც კრივი, რადგან ძალიან დიდი პიროვნებები, პოეტები, მწერლები, მხატვრები… კრივით იყვნენ გატაცებულები. ანტიკური ხანიდან უყვარდათ ეს სპორტი.
ძველი ბერძნები ტყუილად არ ამბობდნენ, ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულიაო. კრივს მისდევდა ინგლისელი მსოფლიო დონის პოეტი ჯორჯ ბაირონი. რა თქმა უნდა, ის თანამედროვე კრივი არ იყო, მაგრამ იმდენად უყვარდა კრივი, რომ ჩხუბობდნენ, ერთი ერთზე გამოდიოდნენ.
ჩარლი ჩაპლინი მოკრივე იყო, ვარჯიშობდა. ასევე კრივით იყვნენ გატაცებულნი: პუშკინი, ჯეკ ლონდონი, ჰემინგუეი, ბერნარდ შოუ… რა თქმა უნდა, მათ დიდი მოკრივეებად ვერ მივიჩნევთ, მაგრამ დიდი მწერლები და პიროვნებები კი ნამდვილად იყვნენ და ფიზიკურ-სულიერი ურთიერთობა ჰქონდათ კრივთან.
სამწუხაროა, რომ ხალხი დღეს ჩვენთან კრივს, საერთოდ სპორტს, სერიოზულად არ უყურებს. დროა ისეთი, საკუთარი ყოველდღიური პრობლემებით არიან დაკავებულნი…
კრივს არ მოვშორებულვარ. ახლაც ვეხმარები ყველას, როცა საჭიროა რჩევის მიცემა.
– საყვარელი მოკრივე?
– მრავალ მოკრივეს ვცემ პატივს. საყვარელი მოკრივეები იყვნენ ჯო ლუისი და მუჰამედ ალი. ძალიან დიდ პატივს ვცემ ერთსაც, მეორესაც. თუმცა, მრავალი სამაგალითო მოკრივე არსებობს. მთავარია, ადამიანს სპორტის ეს სახეობა უყვარდეს.
– დავით კვაჭაძე მოკრივე და ფოტოხელოვანია…
– რამდენიმე ხნის წინ პეტერბურგში ვცხოვრობდი ოჯახთან ერთად. ძალიან კარგი ქალაქია, ხელოვნებით გატაცებული ხალხით. ჩემი ხედვა მქონდა, საინტერესო რაღაცებს ვუყურებდი. გადავწყვიტე ფოტოაპარატის შეძენა და მას მერე უფრო და უფრო „მოვიწამლე“ ფოტოების გადაღებით… ზუსტად ისევე დამემართა, როგორც თავის დროზე – კრივში.
1998 წლიდან დავიწყე ფოტოების გადაღება.
– რამდენი გამოფენა გქონდათ?
– დახლოებით 30, შეიძლება მეტი გამოფენაც მქონდა, ძირითადად, პერსონალური და საერთო გამოფენები, საფრანგეთში, ჩეხეთში, გერმანიაში, ბელგიაში, პეტერბურგში, თბილისში მქონდა პერსონალური გამოფენები… ხელოვნება ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ ამ სპორტის გამო ვერ ვიცლიდი….
ჩვენთან, სამწუხაროდ, ფოტოხელოვნება არც ისე პოპულარულია. მხატვრობა, მუსიკა, ცეკვა უფრო აინტერესებთ… მაგრამ, მჯერა, ნელ-ნელა მოიკიდებს ფეხს. დასაწყისისთვის უბრალო კამერაც საკმარისია. საკუთარი თავის მოძებნა, ინდივიდუალური ხედვის გამომჟღავნება ფოტოხელოვნებაში ასე ადვილი არ არის. სურათი კი გამოდის ადვილად, დააჩხაკუნებ და დაბეჭდილია, მით უმეტეს, ციფრული ფოტოგრაფია განვითარდა.
– ნიუ-ორლეანის საპატიო მოქალაქე ხართ… ეს როდის მოხდა?
– თუ არ ვცდები, 1977 წელს. ამერიკა-სსრ კავშირის შეჯიბრება მიმდინარეობდა კრივში. ჩვენი გამოსვლები ძალიან მოეწონათ ამერიკელებს… შეჯიბრებას ნიუ-ორლეანის გუბერნატორიც ესწრებოდა. მან ძალიან დიდი პატივი გვცა, საპატიო მოქალაქის ტიტული მოგვანიჭა. ასე რომ, შემიძლია, ჩავფრინდე ნიუ-ორლეანში, ყავა დავლიო და წამოვიდე.
საშუალება რომ იყოს, ჩავიდოდი, რადგან მიყვარს მოგზაურობა, მით უმეტეს, ფოტოხელოვნებით გატაცებული ვარ… თითქმის ისევე მიყვარს, როგორც უწინ კრივი მიყვარდა. ალბათ უფრო მეტადაც, რადგან ძალიან დიდ სულიერ სიამოვნებას განვიცდი და უზომოდ მიხარია, როცა მოსწონთ ჩემი ფოტოსურათები.
– ოჯახი, მეუღლე, შვილები…
– მეუღლე – მანანა აღმოსავლეთმცოდნეა, უფროსი შვილი – დათო კრივზე დამყავდა, ისე, თავისთვის, ვარჯიშობდა. ხელოვანია და, დღესდღეობით, თბილისში არ იმყოფება. ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ძალიან უნდოდა, კინოში ემუშავა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ფოტოგრაფობს და… ინგლისურიდან ქართულად ლექსებსაც თარგმნის…
უმცროსმა თამრიკომ პეტერბურგის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. შვილიშვილი ილიკო კი 5 წლისაა, ჩემი ძმაკაცია. მეუბნება ხოლმე, ბაბუ, იცი როგორ მიყვარხარო… ერთხელ ბებიამისი ეფერებოდა და ჰკითხა, ილიკო, მეც ხომ გიყვარვარო და… ასე უპასუხა: შენ ბებია ხარ ჩემი და ბაბუ ჩემი ძმაკაციაო…
– ახალგაზრდები… როგორი თაობა მოდის?
– კარგი ახალგაზრდები მოდიან, მაგრამ მათ ნორმალური, დალაგებული ვითარება და პირობები სჭირდებათ. როცა ამდენი პოლიტიკური პარტიაა და ერთმანეთი სძულთ, ეს ძალიან უარყოფითად აისახება მათზე… რომ ამბობენ, აგრესიული თაობები წამოვიდაო, აბა, რა იქნება?
ჩემი სურვილია, ისეთი ცხოვრება დამკვიდრდეს ჩვენთან, რომ ადამიანმა თავისი შრომით და ნიჭით იარსებოს და ნორმალურად იცხოვროს.
– თბილისი…
– ჩვენი თაობის ბიჭები და გოგონები ადრე უფრო მეტს დავდიოდით ქალაქში. ახლა ნაკლებად…
თბილისი შეიცვალა, სხვანაირი გახდა… ძველ თბილისში გვიხაროდა სიარული, სადაც სიმშვიდე, სიწყნარე იყო, დღეს კი, თბილისი… „მარიაჟული“ ქალაქი გახდა…
ამდენი შუშის შენობა აშენდა, რომლებიც აბსოლუტურად არ ეხამება თბილისის არქიტექტურას. თანამედროვე არქიტექტურა მისასალმებელია, მაგრამ რაღა იმ ძველ თბილისში? რაღა შუშის ძეგლს დგამ? კარგი შენობა ააშენე.
პეტერბურგში, უძველეს ქალაქ-მუზეუმში, რომელიც ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია მსოფლიოში, ისტორიულ ადგილზე ვერსად ნახავთ თანამედროვე ნაგებობას. თუ რამე ინგრევა, შენდება იმავე სტილში, როგორი სახლებიც არის იქ, რომ არ დაირღვეს არქიტექტურული კომპლექსი. თანამედროვე ახალი, შუშებიანი სახლები ქალაქგარეთ შენდება…
ჩარლი ჩაპლინის ფილმი „ბიჭუნა“ მახსენდება, მაწანწალა ჩარლი ბავშვს რომ იპოვის და საარსებო წყაროს ეძებენ… ჩარლის გმირი ბავშვს ფანჯრებს ამტვრევინებს, რომ მერე გამოუცვალონ და ფული იშოვონ. ეშმაკობენ და ამდენ შუშას რომ ვხედავ…
– ჩამტვრევის სურვილი თქვენც ხომ არ გიჩნდებათ?!
– (იცინის…) სივრცე დაიკარგა, სასტუმროებმა, ბიზნესცენტრებმა ვითომ ტურიზმმა ქალაქის იერსახე შეცვალა არა სასიკეთოდ… ჩემთვის დამძიმდა თბილისი. ლაღ სახეებს ვეღარ ვხედავ, აღარც ძველებური სიმყუდროვეა, ხალხიც აგრესიული გახდა… ამდენი მათხოვარი ხომ თბილისს არ ახსოვს. საერთოდ, ასე იყო მუდამ – ეკლესიების წინ მოხუცი ქალები ჩვეულებრივ ისხდნენ. 5 კაპიკს მისცემდი და დაგლოცავდნენ, ახლა იწყევლებიან, მეტი რატომ არ გაქვსო? ხალხი გაბოროტებულია.
ტოლერანტობაო, რომ ამბობენ, ეს ყველაფერი არსებობდა. მოიგონეს რაღაც ევროპული სიტყვები.
ძველ თბილისში ერთ პატარა ტერიტორიაზე რამდენი ეკლესიაა აგებული – სინაგოგა, მეჩეთი, სომხური ეკლესია… ხალხის ცხოვრობდა ერთად, სიყვარულით. ახლა კი თბილისი, ისევ გავიმეორებ, „მარიაჟულ“ ქალაქს დაემსგავსა…
თამარ შაიშმელაშვილი