სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გააკეთებს ყველაფერს გიუნაშვილის უკანონო პატიმრობიდან დასახსნელად – ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ე.წ. სასამართლოს ,,გადაწყვეტილება”, ისევე როგორც გიუნაშვილის მიმართ წაყენებული ,,ბრალდებები”, არის გამოგონილი და ყოველგვარ ლეგიტიმურ საფუძველს მოკლებული.
„2017 წლის 3 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ საქართველოს მოქალაქე გიორგი გიუნაშვილს 20 წლით თავისუფლების უკანონო აღკვეთა მიუსაჯა. ე.წ. სასამართლოს ,,გადაწყვეტილება”, ისევე როგორც გიუნაშვილის მიმართ წაყენებული ,,ბრალდებები”, არის გამოგონილი და ყოველგვარ ლეგიტიმურ საფუძველს მოკლებული.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გააკეთებს ყველაფერს გიუნაშვილის უკანონო პატიმრობიდან დასახსნელად. უსაფრთხოების სამსახური აქტიურად გააგრძელებს აღნიშნული საკითხის განხილვას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების (GID) შეხვედრების ფარგლებში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიუნაშვილის საქმის დეტალები უკვე მიაწოდა ყველა სახელმწიფო უწყებას, რათა აღნიშნულთან დაკავშირებით მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირება“, -აღნიშნულია განცხადებაში.