შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამი პირი – 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ვასილ ლ., 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზვიად ს. და 1998 წელს დაბადებული ლაშა შ. ქურდული სამყაროს წევრობისა და გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ სამივე ბრალდებული ე.წ. ქურდული სამყაროს წევრები არიან. დაკავებულებმა, ე.წ. ქურდული სამყაროს სახელით, რუსთავში მცხოვრებ ბიზნესმენს მიწის ნაკვეთი გამოსძალეს. გამოძიების ინფორმაციით, ისინი ერთ-ერთი ე.წ. „კანონიერი ქურდის“ დავალებით მოქმედებდნენ.
პოლიციამ სამივე ბრალდებული რუსთავში, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დააკავა.
გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობისა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 181-ე მუხლის მე-3 ნაწილით).