თავდაცვის სამინისტრო: დაშავებული სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია (ვიდეო)

კახეთში, სოფელ ბოდბეს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 28 სამხედრო მოსამსახურე გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში აგრძელებს მკურნალობას. არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გორის სამხედრო ჰოსპიტალში დაშავებულ სამხედროებთან თავდაცვის მინისტრის მოადგილე – გიორგი ბუთხუზი იმყოფება.

მისი განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობა აბსოლუტურად კონტროლირებადია და  მკურნალობას ექვემდებარება. რადენიმე სამხედრო მოსამსახურე მალე დატოვებს ჰოსპიტალს და დაუბრუნდება სამხედრო ნაწილს. ინგოროყვას კლინიკაში რჩება 4 სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც შედარებით მძიმე მდგომარეობაში დედოფლისწყაროდან გადმოიყვანეს. ექიმების განცხადებით, დღეის მდგომარეობით, დინამიკა დადებითია. მათგან მხოლოდ ერთი რჩება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, თუმცა როგორც ექიმები აცხადებენ, მისი მდგომარეობა, გუშინდელთან შედარებით, გაუმჯობესებულია.
რაც შეეხება “სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში მოთავსებულ 4 სამხედრო მოსამსახურეს, ერთს კლინიკიდან დღეს გაწერენ, სამი კი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება. მათგან ერთს წუხელ ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
ამ დროისთვის ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში კიდევ ერთი დაშავებულის ოპერაცია მიმდინარეობს. მესამე დაშავებული რჩება დაკვირვების რეჟიმში.
ავტოსაგზაო შემთხვევა 21 ოქტომბერს, დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მოხდა. შედეგად, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალებისა და სამხედრო-ტექნიკური ქონების შენახვის ბაზის სამხედრო მოსამსახურეები დაშავდნენ, ერთი სამხედრო მოსამსახურე ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებულები დედოფლისწყაროსა და წნორის საავადმყოფოებში გადაიყვანეს, სადაც მათ პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილობრივმა ექიმებმა აღმოუჩინეს.
დედოფლისწყაროში დაუყონებლივ გაემგზავრა საქართველოს თავდაცვის მინისტრი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ, ლევან იზორიამ დაშავებულები საავადმყოფოში მოინახულა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ექიმებისგან პირადად მიიღო. ლევან იზორია წუხელ, დავით სერგეენკოსთან ერთად, ინგოროყვას კლინიკაში მივიდა და დაშვებულები ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოინახულა. მინისტრი სამხედრო მოსამსხურეების ოჯახის წევრებს შეხვდა. თავდაცვის მინისტრმა მწუხარება გამოთქვა რიგითის, აკოპ მალხასიანის გარდაცვალების გამო და ოჯახს დახმარება აღუთქვა.
აკოპ მალხასიანს სოფელ ნინოწმინდაში ორშაბათს დაკრძალავენ. გარდაცვლილის ოჯახში ამ დროისთვის იმყოფებიან ლოგისტიკის სარდლობა და ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. შემთხვევის ადგილზე გასულია სამხედრო პოლიციის საგამოძიებო ჯგუფი და სამსახურებრივ შემოწმებას აწარმოებს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით.
https://www.facebook.com/mod.gov.ge/videos/1344664375566301/

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები