ლევან იზორია სამძებრო სამუშაოებს თურქული ხომალდის „Minehunter“-ის ბორტიდან პირადად აკვირდება – ვიდეო

დღეს გამთენიისას, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში თურქეთის სასაზღვრო ძალების მეორე სამძებრო-სამაშველო ხომალდი „Minehunter” შემოვიდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია ხომალდზე თურქეთის გენერალურ კონსულთან, იასინ თემიზქანთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარაძესთან ერთად ავიდა. თავდაცვის მინისტრმა ხომალდის ეკიპაჟისგან სამოქმედო გეგმა მოისმინა და დილის 7 საათზე სამძებრო ღონისძიებაში უშუალოდ ჩაერთო.
4 საათიანი სამძებრო ოპერაციის შემდეგ, თავდაცვის მინისტრი წვრთნების დროს დაკარგული სამხედროების მშობლებს და ნათესვებს შეხვდა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, თურქული ხომალდი სამძებრო სამუშაოებს სულ მცირე 3 დღის განმავლობაში გააგრძელებს. მინისტრის თქმით, თურქულმა მხარემ განაცხადა, რომ თუ შედეგი არ იქნება სამძებრო ღონისძიებები აუცილებლად გაგრძელდება.
„მე გავეცანი თურქული ხომალდის ეკიპაჟს. არის ძალიან მაღალკვალიფიციური ეკიპაჟი და პროფესიონალები თავიანთი საქმის. ხომალდი აღჭურვილია მაღალი ტექნოლოგიების აპარატურით, რაც შესაძლებელს ხდის ამ ოპერაციის ეფექტიანად განხორციელებას. მზაობა არის ძალიან დიდი. ისინი ჩამოსულები არიან მინიმუმ სამი დღით, თუმცა იმის პირობასაც იძლევიან, რომ იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული შედეგი არ იქნება სამძებრო სამუშაოები გახანგრძლივდება“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ.
თავდაცვის მინისტრი გარდაცვლილი ჯარისკაცის, იაგო შარაძის მშობლებს პირადად გაესაუბრა. ვლადიმერ შარაძემ თავდაცვის მინისტრს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სამძებრო ღონისძიების პროცესების გაცნობა ადგილზე სთხოვა. ლევან იზორიამ ვლადიმერ შარაძეს სამძებრო სამუშაოებზე დაკვირვება, უშუალოდ სამძებრო-სამაშველო ხომალდზე დაჰპირდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის სასაზღვრო ძალების 650 ტონიანი სამძებრო ხომალდი სიღრმეში ძებნა-გადარჩენის ოპერაციებზეა გათვლილი. ხომალდის ეკიპაჟი 41 კაცს შეადგენს და სანავიგაციო რადარით არის აღჭურვილი. თურქული ხომალდი სამძებრო სამუშაოებს დაახლოებით 200 მეტრი სიღრმის და 350 მეტრი მანძილის რადიუსზე აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები