ვინ არის ქართველი ემიგრანტი, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები აქვს, აგრესიულია და სახელმწიფოს დახმარებას საჭიროებს
საბერძნეთში ქართველი ემიგრანტის ოჯახი საქართველოს სახლმწიფოს დახმარებას სთხოვს. საქართველოს მოქალაქე ს. ს-ვა, რომელიც ათენში იმყოფება და ფსიქიკური პრობლემები აქვს, ამჟამად ათენის ერთ-ერთი რაიონის პოლიციის განყოფილებაში იმყოფება.
საქართველოში მყოფი ემიგრანტის ოჯახის წევრები სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ, რომ 45 წლის ს. ს.-ვას საბერძნეთიდან საქართველოში ჩამოყვანაში დაეხმარონ და მკურნალობის კურსი საბერძნეთის ნაცვლად საქართველოში გააგრძელოს.
ოჯახის წევრების განცხადებით, ისინი საგარეო საქმეთა სამინისტროს 4 აგვისტოს მიმართავენ.
პრეისტორია
უკვე ერთი კვირაა, სოციალური ქსელის საბერძნეთის ემიგრაციულ გვერდებზე ფსიქიკური პრობლემების მქონე ახალგაზრდა ქართველი ქალბატონის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება.
როგორც ქართველი თვითმხილველი ამბობს, 45 წლის ს.ს-ვას შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ბერძენმა დამქირავებლებმა და ბერძენმა მეზობლებმა გაავრცელეს.
მათი თქმით, ქართველი ქალბატონი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, დღის საათებში, მოედნებსა და მაღაზიებში დაიარებოდა, ღამღამობით კი ეკლესიის ეზოში ეძინა. თვითმხილველების ინფორმაციით, მათ ეკლესიის ეზოში ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანი დახვდათ.
როგორც ისინი აცხადებენ, ქართველი ემიგრანტი არაადეკვატურად საუბრობდა, ჯერ ბერძნულად, შემდეგ კი ქართულად, ბოლოს კი უკანმოუხედავად გაიქცა. ეს ამბავი საბერძნეთის დედაქალაქ ათენის მარუსის რაიონში, თანამოსახელე მეტროსადგურის გაჩერებასთან ახლოს მდებარე „აგიონ ანარგირონის“ ეკლესიასთან მოხდა. ამის შემდეგ, საბერძნეთში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა დახმარებისთვის „კვირას“ მიმართეს.
ამ საკითხთან დაკავშირებით „კვირა“ საბერძნეთში საქართველოს საკონსულოს დაუკავშირდა, თუმცა, მანამდე ქართველმა ემიგრანტებმა ფსიქიკური პრობლემების მქონე ქალბატონის შესახებ ინფორმაცია საკონსულოს „ცხელ ხაზის“ დახმარებით შეატყობინეს.
როგორც „კვირას“ საბერძნეთში საქართველოს კონსულმა გალაქტიონ პაიჭაძემ განუცხადა, სამდღიანი ძებნის შემდეგ, მან და საელჩოს პოლიციის ატაშემ ქართველ ემიგრანტს ათენის ერთ-ერთ რაიონში მიაგნეს. ამჟამად მოქალაქე პოლიციის განყოფილებაში იმყოფება. მისი თქმით, ახლა მიმდინარეობს პიროვნების იდენტიფიკაციის პროცედურა, რადგან ქალბატონი ვინაობას არ ამხელს.
„მიმდინარეობს ქალბატონის ვინაობის დადგენა, რადგან იგი საკუთარ ვინაობას არ ამხელს. ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაციით, იგი 1971 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქეა. შესაბამისი პროცედურების დადგენის შემდეგ, გაირკვევა მისი ოფიციალური ვინაობა. სავარაუდოდ, იგი ს.ს-ვა არის. თუმცა ოფიციალურად მის ვინაობას ამ ეტაპზე ვერ ვადასტურებთ. ამჟამად იგი პოლიციის განყოფილებაშია მოთავსებული და საკმაოდ აგრესიულია. ხვალ მას ექიმები შეხვდებიან და მის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეამოწმებენ“, – განუცხადა „კვირას“ გალაქტიონ პაიჭაძემ.
როგორც გაირკვა, მას შემდეგ, რაც ქართველ ემიგრანტს ექიმები შეამოწმებენ, იგი ან ათენის საავადმყოფოში, ან უცხოელთა რეგისტრაციის ცენტრში იქნება გადაყვანილი.
თუმცა, საქართველოს კონსული აცხადებს, რომ შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდება.
როგორც „კვირამ“ გაარკვია, ქართველი ემიგრანტი ს.ს-ვა წარმოშობით იმერეთიდან, ვანის რაიონის სოფელ ზეინდარიდან არის. იგი საქართველოდან საბერძნეთში თავდაპირველად 8 წლის წინ წავიდა და იქ მუშაობდა. თუმცა, ს.ს-ვა საქართველოში შარშან დეპორტით დაბრუნდა. მას ვაჟი ჰყავს. 22 წლის შ. ხ. ამჟამად რუსეთში, მოსკოვში იმყოფება.
„შარშან დეპორტით დაბრუნდა საქართველოში. იქ რა შეემთხვა, არ ვიცით, თუმცა მას ფსიქიატრის მკურნალობა დასჭირდა. სამი თვის განმავლობაში ხონის ფსიქიატრიულ განყოფილებაში იწვა და მკურნალობდა. ამის შემდეგ სახლში გამოწერეს და ქუთაისის ფსიქიატრიულ განყოფილებაში პერიოდულად მიდიოდა და მედიკამენტებს ღებულობდა. მკურნალობის შემდეგ კარგად იყო.
ექიმმა გვითხრა, რომ მას საბერძნეთში რაღაცა გადახდა, რამაც მისი ფსიქიკური აშლილობა გამოიწვია. ექიმმა გაგვაფრთხილა, რომ მასთან წარსულზე კითხვები საერთოდ არ დაგვესვა. ამიტომ, ჩვენ საერთოდ არ ვესაუბრებოდით წარსულზე. ძირითადად, სოფელში, ან ქუთაისში იყო. ადამიანებთან ჩვეულებრივ ურთიერთობდა. სახლის რემონტს აპირებდა. სახლში მოხუცი დედა ჰყავს. ჩვენთვის არასდროს უთქვამს, რომ უკან, საბერძნეთში წასვლას აპირებდა. დაახლოებით უკვე სამი თვეა ვეძებთ. ჩვენთვის გვიან გახდა ცნობილი, რომ საბუთები გააკეთა და მაისში საბერძნეთში ტურისტად წავიდა. ორი დღის წინ ქართველი ემიგრანტები შეგვეხმიანნენ და ინფორმაცია მოგვაწოდეს. იგი ათენში ერთ-ერთ ქართველს უცვნია, რომ ეკლესიის ეზოში ღამეს ათევდა და არაადეკვატურად იქცეოდა. ის პერიოდულად წამლებს ღებულობდა. შეიძლება წამლები გაუთავდა და ისევ ავად არის. ჩვენთვის ისიც ცნობილი გახდა, რომ ს.ს-ვა დამსაქმებელსაც გამოექცა. დახმარება გვჭირდება, ვისაც ხელი მიუწვდება, ყველას ვთხოვთ დახმარებას, რომ როგორმე საქართველოში ჩამოვიყვანოთ“, – ამბობს ქართველი ემიგრანტის ოჯახის ერთ-ერთი წევრი.
„კვირა“ ხონის რაიონის ფსიქიატრიული კლინიკის დირექტორს, გოჩა ბაკურაძესაც დაუკავშირდა. კლინიკის ხელმძღვანელმა კანონი მოიშველია და ინფორმაციის გაცემისგან თავი შეიკავა. თუმცა, დასძინა, რომ პაციენტის დასახმარებლად ყველა საჭირო და შესაბამის დოკუმენტს ს.ს-ვას ოჯახის წევრებს მიაწოდებს.
„კვირა“ ვანის რაიონში ელგუჯა გენელიძეს დაუკავშირდა.
მისი თქმით, სოფელში ამჟამად ს.ს-ვას დედა, 70 წლის ტ. მ. ცხოვრობს. მან რამდენიმე დღის წინ ფეხი მოიტეხა და ამჟამად ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. მოხუცი ქალბატონი, რომელიც 4 შვილის დედაა, სოციალურად დაუცველთა სიაშია.
ეს ინფორმაცია „კვირას“ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალურ სააგენტოშიც დაუდასტურეს.
სამინისტროს ინფორმაციით, ტ. მ. სოციალურად დაუცველთა ბაზაშია და სახელმწიფოსგან ყოველთვიურად შემწეობასაც იღებს.
„კვირა“ ამ საკითხზე მუშაობას გააგრძელებს და ქართველი ემიგრანტის შესახებ დამატებით ინფორმაციას მკითხველს უახლოეს დღეებში კვლავ შევთავაზებთ.
იზა შაქარაშვილი