ვინ იკვლევს შვეიცარიაში დმანისელი ზეზვასა და მზიას თავის ქალებს?
მის ოჯახში ყველა მედიცინითაა დაკავებული. თავადაც ეს სფერო აირჩია. თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მაგისტრატურა პორტუგალიაში დაამთავრა. ამჟამად ციურიხის უნივერსიტეტის დოქტორანტია და სადოქტოროს ანთროპოლოგიაში იცავს. თანაც ქართველებისთვის ასე მნიშვნელოვანი პერსონების, – დმანისელი ზეზვასა და მზიას ყბა–კბილთა სისტემაზე მუშაობს. იცნობდეთ,- შვეიცარიაში მცხოვრები ქართველი მეცნიერი ანი მარგველაშვილი.
– ქალბატონო ანი, თქვენ ტრადიციული სამედიცინო ოჯახიდან ხართ, მშობლები სტომატოლოგები არიან,- დედაც და მამაც პროფესორები. გაიხსენეთ თქვენი ოჯახი და ოჯახური ტრადიციები…
– ნამდვილად შეიძლება დაგვერქვას ექიმთა ტრადიციული ოჯახი. ჩემი მშობლები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდნენ ჩვენს სწავლა-განათლებას, რისთვისაც ყოველთვის მადლიერი ვიქნები მათი. მათ შემიქმნეს და ჩამომიყალიბეს ისეთი ფასეულობები ცხოვრებაში, რომელიც ბედნიერს, საინტერესოს და მრავალფეროვანს ხდის ჩემს ცხოვრებას. მშობლებმა მომცეს ის თავისუფლება, რითაც დღეს ვტკბები და ვცდილობ ისე ვიცხოვრო, რომ ყოველი დღე რაღაცით გავილამაზო. ბედნიერება ხომ პატარ-პატარა სასიხარულო მომენტებისგან შედგება?! ჩემი ოჯახის ერთ-ერთი უმთავრესი ტრადიცია, ალბათ, ჯანსაღი კვებაა!.. დედაჩემი, დეიდაჩემი, ბებიები, დიდი ბებიები – ყველა ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა ოჯახში ბავშვების სწორ კვებას და მეც ასევე ვაგრძელებ. ვცდილობ, მაქსიმალურად ჯანმრთელად გამოვკვებო ჩემი 4 წლის ქალიშვილი. ყოველთვის საინტერესო და სასაცილო იყო პრობლემების გარჩევით დატვირთული საღამოს დიალოგები ოჯახში. პრინციპში, იგივე გრძელდება დღესაც. ჩემმა შვილმა კარგად იცის, რა არის კბილთა ჰიპოპლაზია (კბილის მინანქრის დეფიციტი, ანუ კბილის გარეთა შრის არასრულფასოვანი ჩამოყალიბება). მეც გამიკვირდა, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ეს იცოდა. მოკლედ, ჩვენი ოჯახის ტრადიციას ასე ჩამოვაყალიბებდი: ჯანმრთელობისა და პროფესიონალიზმისკენ სწრაფვა.
– მშობლების გარდა დაც ექიმი გყავთ, ის დოქტორია. იტალიაში დაამთავრა, ანუ გამოდის, რომ ოჯახმა სხვა არჩევანი ,,არ დაგიტოვათ“ და თქვენც ეს სფერო აირჩიეთ...
– ვერ ვიტყვი, რომ სხვა არჩევანი არ დამიტოვა, ყოველთვის მაინტერესებდა მედიცინა, სტომატოლოგია. დღესაც ყბა-კბილთა სისტემაზე ვმუშაობ, უბრალოდ ჩემი „პაციენტები” უკვე დიდი ხნის გარდაცვლილები არიან. თუმცა მათი ადგილი კიდევ დიდხანს იქნება სამეცნიერო ჟურნალებშიც და ჩვენს გონებაშიც. ამჟამად დმანისელი ზეზვასა და მზიას ყბა-კბილთა სისტემაზე ვმუშაობ. ჩემი და, მარიამი, სტომატოლოგია. მან არ შეიცვალა მუშაობის სფერო. იგი ახლაც აქტიურია პრაქტიკასა და მეცნიერებაშიც. ძალიან საინტერესო ჯგუფებთან და ხელმძღვანელებთან ერთად იმუშავა ორი ქვეყნის – იტალიისა და ამერიკის წამყვან ლაბორატორიებში. მარიამი საკმაოდ ახალგაზრდა გახდა დოქტორი, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა დოქტორია მსოფლიოში. მე ეს ძალიან მეამაყება.
– თქვენ ვაკეში ცხოვრობდით და თან ასეთ გამორჩეულ ოჯახში გაიზარდეთ. ბავშვობიდანვე გრძნოდით ამ განსაკუთრებულ ,,მდგომარეობას”, ოღონდ, ამ სიტყვის არა ქართული, არ სნობური გაგებით?
– ჩვეულებრივი ოჯახი ვართ: მშრომელი, წესიერი, მოგზაურობის მოყვარული. არა მგონია, რამე განსაკუთრებული ყოფილიყო ჩვენთან. მითუმეტეს იმ დროში (90-იან წლებს ვგულისხმობ), რა პერიოდსაც ჩემი მშობლების ახალგაზრდობა და ჩვენი ბავშვობა დაემთხვა, საკმაოდ მსგავსი ცხოვრება ჰქონდა ყველას. ბავშვობა უმეტესწილად ლამაზი და უდარდელია. მეც ყოველთვის თბილად მახსენდება ის დრო, რაც უნდა სახიფათო და სანერვიულო ყოფილიყო ჩემი მშობლებისთვის ჩვენი სკოლაში მარტო წასვლა და წამოსვლა. საკმაოდ მრავალფეროვანი და თავისებურად მხიარული იყო ჩემი ბავშვობა. მყავს არაჩვეულებრივი მეგობრები და მიხარია, რომ გამიმართლა, რომ მათთან ერთად ვიყავი სკოლაში, აგარაკზე, ეზოში და ცოტა მოგვიანებით დმანისშიც…
– თბილისში დაამთავრეთ სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიის ფაკულტეტი და პორტუგალიაში მაგისტრატურა…
– დიახ, თბილისში დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სტომატოლოგიის ფაკულტეტი. შედარებით დიდი უპირატესობა მქონდა ის, რომ მშობლები სტომატოლოგები მყავს, ყველა კითხვაზე პასუხი სახლშიც შეიძლებოდა მიმეღო, ისევე როგორც პრაქტიკული გამოცდილება. იმ პერიოდში უსახსრობის გამო პრაქტიკა, სამწუხაროდ, შეგვეზღუდა უნივერსიტეტში, მაგრამ ანატომიაში არაჩვეულებრივი ლექტორი, ქალბატონი მარინა არუცევა გვყავდა, რომელიც ყოველთვის საინტერესოს ხდიდა გაყინულ ოთახებში მიმდინარე „პრაქტიკულებს”. ახლა სხვა გადმოსახედიდან ვიყურები და ასე ამიტომ ვლაპარაკობ, თორემ იმ დროს რაც გვქონდა, ალბათ, ისიც კი გასაკვირი იყო. ყოველთვის მადლიერი ვიქნები ქალბატონ თინა მიქაძის, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა როგორც სტომატოლოგიაში, ასევე ცხოვრებისეულ საკითხებში. ის არაჩვეულებრივი ექიმ-ორთოდონტია, უსაყვარლესი მასწავლებელი და ახლა უკვე ძვირფასი მეგობარი ჩემთვის! მაგისტრატურა პორტუგალია-ესპანეთში არქეოლოგიის განხრით გავაგრძელე. საკმაოდ საინტერესო, უცნაური და რთული გადასვლა იყო…
თავიდან გამიჭირდა პორტუგალიაში ყოფნა, რადგან სწავლა პორტუგალიურად იყო, მე კი პორტუგალიური ერთი სიტყვაც არ ვიცოდი. მაგრამ “გასაჭირი მაჩვენე და გაქცევას გაჩვენებო”, ნათქვამი რომ არის, ასე იყო ჩემი საქმეც. თვენახევარში პორტუგალიურად ავლაპარაკდი. მართალია, გრამატიკულად საკმაოდ გაუმართავად. მაგრამ ენის ცოდნის ეს დონე საკმარისი იყო ურთიერთობებისთვის. იქ უამრავი კარგი მეგობარი შევიძინე, რომლებთანაც ახლაც მაქვს კონტაქტი. დიდი გამოცდილება მივიღე ორი წლის მაგისტრატურაში ყოფნის განმავლობაში და მიხარია, რომ ახლაც იმას ვაკეთებ, რაც ძალიან მომწონს და მაინტერესებს.
– ყველანაირი საფუძველი გაქვთ საიმისოდ, რომ საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანი იყოთ?
– არ ვიცი, ვარ თუ არა საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანი… მინდა, რომ ვიყო. მიმაჩნია, რომ საკუთარი პიროვნული თვისებების განვითარებისა და ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანია თვითრწმენა. ოღონდ გადაჭარბებული თვითრწმენა და ნარცისიზმი საშინელებაა. რეალობას არ უნდა მოწყდეს ადამიანი.
– ქალბატონო ანი, ციურიხის უნივერსიტეტის დოქტორანტი ხართ, სადოქტოროს ანთროპოლოგიაში იცავთ და ძალიან საინტერესო თემა აირჩიეთ.
– პალეოანთროპოლოგია ნამდვილად საინტერესო თემაა. ეს ხომ ჩვენი წარსულის კვლევაა! მადლიერი ვარ ბატონი დავით ლორთქიფანიძის, რომელმაც ამ საინტერესო და ამაღელვებელ სამყაროში გამიღო კარი. ბატონი დავითი ჩემი ხელმძღვანელია საქართველოში, მასზე ბევრს არ ვისაუბრებ, ყველამ ისედაც კარგად იცის მისი მიღწევების და საქმიანობის ამბები. მხოლოდ იმას დავძენ, რომ იგი არის თავისი ქვეყნის პატრიოტი, საქმის პროფესიონალი და საოცრად პროგრესულად მოაზროვნე პიროვნება. პალეოანთროპოლოგია ძალიან დიდი გამოცანაა. ბევრი ინფორმაცია მიმოფანტულია და ჭირს მათი ერთმანეთთან დაკავშირება. ამ ინფორმაციის თავმოყრას ცდილობენ მეცნიერები. ჩვენი მიზანია, როგორმე ავხსნათ ადამიანის ევოლუცია, წარმოდგენა გვქონდეს ჩვენ წინაპრებზე. კვლევის პროცესში უამრავი ახალი დეტალი იჩენს თავს და შეხედულებები შეიძლება მკვეთრად შეცვალოს კიდეც. თუმცა უდავოა, რომ ადამიანმა ევოლუცია განიცადა და დღევანდელი ჩვენი სახე ევოლუციის მილიონობით წლის „მუშაობის“ შედეგია.
პალეოანთროპოლოგია ჭუჭრუტანას გვიქმნის ისტორიაში, საიდანაც წარსულის პატარ-პატარა ფრაგმენტებს ვხედავთ. ჩემი სადოქტოროს ხელმძღვანელები შვეიცარიაში პროფესორი კრისტოფ ცოლიკოფერი და დოქტორი მარსია პონსე დე ლეონი არიან – დღეისთვის, ალბათ, უდიდესი მეცნიერები პალეოანთროპოლოგიაში. ძალიან გამიმართლა, მათთან რომ ვარ! საერთოდ, შეიძლება ითქვას, რომ ხელმძღვანელებში არაერთხელ გამიღიმა ბედმა.
– ვიცი, რომ მხატვრობა გიყვართ და შვეიცარიის კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვან ამბებს არ აკლდებით...
– ნამდვილად მიყვარს! ჩემი სტიპენდიით, რომელიც ზუსტად 21 ლარი იყო თვეში, Taschen-ის გამოცემებს ვაგროვებდი. მაშინ ახალი გახსნილი იყო წიგნის მაღაზია „პარნასი“ და ყოველ თვეში „ერთ მხატვარს“ ვყიდულობდი. საბოლოოდ კარგი კოლექცია გამოვიდა. დღეს ვცდილობ, არ გამოვტოვო არც ერთი გამოფენა, რომელიც ციურიხში იმართება. ციურიხს საკმაოდ ინტენსიური კულტურული ცხოვრება აქვს. ევროპის მეტროპოლებთან შედარებით პატარა ქალაქია, მაგრამ მრავალმხრივ აქტიური!
– თქვენი მეუღლე ციურიხის უნივერსიტეტის დოქტორი სულხან მეტრეველია…
– ჩემი მეღლე, სულხანი, ციურიხის უნივერსიტეტის დოქტორია, იგი ასწავლის უნივერსიტეტში და ასევე სამეცნიერო კვლევებს ეწევა. საკმაოდ ინტენსიური და დატვირთული ცხოვრება აქვს.
– თქვენ გყავთ ჭკვიანი და ლამაზი მერი ნიკოლი. საინტერესოა, რითი განსხვავდება აღზრდის შვეიცარიული მეთოდი ქართულისგან?
– მერი ნიკოლს მოფერებით მერიკუნას ვეძახით. მერი ჩემი გამზრდელი ბებიის სახელი იყო და ამიტომ შევურჩიეთ. ნიკოლი კი იმიტომ, რომ 19 დეკემბერს, ნიკოლოზობას დაიბადა, თანაც შუაგულ ევროპაში. აქ ხომ ორი სახელი ჩვეულებრივი ამბავია. აღზრდის ქართული და შვეიცარული მეთოდი განსხვავდება, ალბათ, იმით, რომ შვეიცარიაში უფრო ადრე იწყება ბავშვების სოციალიზაცია. მერი ბაღშია დილის ათის ნახევრიდან საღამოს შვიდის ნახევრამდე. ბავშვები შვეიცარიაში ადრეული ასაკიდან ეჩვევიან დამოუკიდებლობას და „თავისი თავის პატრონობას“. გიჟდება ბაღზე, მეგობრებსა და მასწავლებლებზე. ჩვენც მშვიდად ვართ, როდესაც ვიცით, რომ მერი კარგად გრძნობს თავს. ისე შეუძლებელი იქნებოდა ჩემთვის მუშაობა…
– შვეიცარიელი და ქართველი დიასახლისი: როგორია, მსგავსება და განსხვავება მათ შორის?..
– დიასახლისობაზე ბევრს ვერაფერს გეტყვით. ჩემთვის ყველაზე რთული თემა ოჯახში სწორედ ეს არის. ძალიან არ მიყვარს სახლის საქმე. თუ აუცილებელი არ არის, ასეთი საქმიანობისთვის თავის არიდება მირჩევნია. თანამედროვე შვეიცარიელი ქალი, ალბათ, დაახლოებით იმდენად დაიტვირთავს თავს სახლს საქმით, რამდენითაც მისი პარტნიორი კაცი. შინ ქალს, ალბათ, აქაც უფრო მეტი ჯაფა აწევს, მაგრამ საოჯახო საქმე ქალსა და კაცს შორის გაცილებით უკეთ არის გადანაწილებული. მსგავსი წყვილები საქართველოში თითო-ოროლა იქნება…
– რაიმე ადგილობრივი ტრადიცია ხომ არ გადაიღეთ?
– ჩემთვის საყვარელი შვეიცარიული ტრადიციაა, პატარა ბავშვს ძილის წინ ტკბილი აჭამო, „ძილისპირულს ტკბილს“ ეძახიან. კბილებისთვის მართალია, დამღუპველია, მაგრამ აქ არ უჩივიან არც სტომატოლოგიურ და არც, ზოგადად, ჯანმრთელობის პრობლემებს.
– ქალბატონო ანი, დაძაბული გრაფიკით ცხოვრობთ და თავისუფალი დრო თუ გრჩებათ?
– მართლაც, ძალიან დაძაბული გრაფიკი გვაქვს. უამრავი საქმეა და თავისუფალი დრო თითქმის არ გვაქვს კვირის განმავლობაში. თუმცა ყოველთვის ვცდილობთ შაბათ-კვირას, რაიმე განსხვავებული გავაკეთოთ; გავიდეთ ქალაქგარეთ, ვნახოთ მეგობრები, ვიცუროთ აუზზე. ზოგჯერ მეზობელ ქვეყნებშიც გადავდივართ, აქ ხომ ყველაფერი ახლოსაა ერთმანეთთან…. მოკლედ არ ვიწყენთ…
– როგორ და რითი ივსებთ სამშობლოს მონატრებას?
– სამშობლოს მონატრება რთული თემაა… ეს გრძნობა სულ არის და ვერაფრით შეივსებ…. უბრალოდ ეჩვევი ასეთ ცხოვრებას, სამშობლოსგან შორს ყოფნას…. თუმცა მსოფლიო ისე „დაპატარავდა“, რომ დისტანცია თბილისიდან ციურიხამდე მცირედ გეჩვენება. მთავარია, მოგზაურობის დრო გვქონდეს. დრო საკმაოდ შევსებულია და სწრაფად გარბის, მაგრამ თუ მოინდომებ, დროსაც გამონახავ და ყველაფერს შეძლებ. ასე რომ, პოზიტიურად ვუყურებ მონატრების საკითხს და ვცდილობ, გეოგრაფიულ სიშორეზე არ გავამახვილო ყურადღება…. საქმით საკმაოდ მჭიდროდ ვარ დაკავშირებული საქართველოსთან. მოგეხსენებათ, ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი ვარ და დმანისში დავდივარ ყოველ წელს. ყოველდღიური კონტაქტი მაქვს ჩემს ოჯახთან. ამიტომ, რაღაც მხრივ, სამშობლოსგან არც ისე შორს ვარ. პირიქით, სამშობლო სულ ჩემთანაა!..
თეონა გოგნიაშვილი