გიგი პიანომენ – პიანისტი და კომპოზიტორი ახალი მისწრაფებებით
გიგი ვანდერი, პიანისტი და კომპოზიტორი ახალ ფსევდონიმს ირჩევს. გიგი პიანომენ – სახელი, რომელითაც ქართველი მუსიკოსი წარმატებისკან მიმავალ გზაზე სიარულს გააგრძელებს…
– „პიანომენ“ – პროფესიით სხვა ადამიანი…
– არასოდეს მიფიქრია… ძალიან პატარა, 3-4 წლის რომ ვიყავი, მინდოდა დოლზე დამეკრა, მედოლე გამოვსულიყავი. 6 წლიდან, რომ შევედი მუსიკაზე, მას შემდეგ არასოდეს მითქვამს სხვა რამეზე, რატომ არ მატარეთ-მეთქი. უბრალოდ 12-13 წლამდე ჩემთვის ყველაზე რთული იყო მეცადინეობის პროცესი. ნაწარმოების გარჩევა, ნოტების კითხვა, მაგრამ რომ ვისწავლიდი, მხიბლავდა და ვხვდებოდი, რომ ძალიან მომწონდა…
– სხვა ინსტრუმენტზე…
– 5-6 წლის წინ, ამერიკაში ყოფნის პერიოდში მინდოდა საქსაფონი მესწავლა. თუმცა მივხვდი, ეს არ არის ჩემი. არც გიტარა, თითქოს თითები სხვანაირად მაქვს მოწყობილი და თან იმდენად უსაზღვროა ის, სადაც მე ვუკრავ, რომ მეორე ინსტრუმენტი არასოდეს მომდომებია…
– რატომ გადაწყვიტე ამერიკაში სწავლა…
– ათწლედი აქ დავამთავრე. 4 წელი გიზი ამირეჯიბთან ვსწავლობდი. გიზის მოსწავლე იყო ალექსანდრე კორსანტია, რომელიც ბოსტონში პროფესორი იყო და მირჩია, დისკი გამომიგზავნე და გამოცდა გაიარეო. კონსერვატორიაში 40- წუთიანი პროგრამა ჩავწერეთ, გავაგზავნეთ და პასუხი მოვიდა, რომ მიღებული ვიყავი და ცოცხლად მოსმენაზე ჩამოდითო. სულ მინდოდა ამერიკაში წასვლა. პოპმუსიკაც მაინტერესებდა, კინომუსიკაც… ვფიქრობდი, რომ იქ იყო ეს ყველაფერი და ბოლოს მეც გამომივიდა….
– რასაც ფიქრობდი, ის დაგხვდა?
– ზუსტად ის, არა კლასიკა. მე კი კლასიკით, კლასიკური პიანისტის სახით წავედი. მეორე მხარე – ჟანრის სწავლება, მართლაც, დიდი მასშტაბის დამხვდა. დღემდე ცოცხლები არიან ძალიან დიდ პერსონები, რომლებთანაც მომიწია მასტერკლასების, ღია გაკვეთილების გავლა და მათგან ბევრი ვისწავლე. ახლა მინდა კინომუსიკაზე სერიოზულად ვიმუშაო, ვაპირებ 6 თვე მაინც გავიარო კურსები ფილმების აკადემიაში. მაინტერესებს ადგილზე ვნახო და გავიგო პრინციპი – როგორ კეთდება თანამედროვე კინომუსიკა, მაინტერესებს უახლესი აპარატურა და სტუდიაში მუშაობა. ასე შორიდან ცოტა რთულია, დაახლოებით აზრი მაქვს, მაგრამ წასვლა მაინც საჭიროა, რომ ეს ყველაფერი პრაქტიკაში მოვიყვანო…
– ამ ყველაფერს საქართველოში გამოიყენებ თუ სხვაგან?
– რასაც ვაკეთებ, იმდენად არაკომერციულია, ზუსტად ვიცი, რომ ჯერ ჩემთვისაა და მერე უსმენს ხალხი. ჩემი მუსიკით მოკლემეტრაჟიანი ფილმები დაინტერესდნენ. მაგრამ თუ არ ავითვისე, როგორ კეთდება ის, რაც ახლა პოპულარულია, ყოველთვის აცდენაში ვიქნები. ამასაც რომ ვისწავლი, შევძლებ გავაკეთო ისე, რომ ჩემთვისაც დახვეწილი, მისაღები იქნება მუსიკალურად და გემოვნების მხრივ და ასევე, მოერგება თანამედროვე მოთხოვნებს…
– ვისი კინომუსიკა გინდა, რომ დაწერო?
– სულერთია, ქვეყანას მნიშვნელობა არ აქვს. უკვე ვიმუშავე პოლონელებთან, ჩვენთანაც ერთი ფილმისთვის მომიწია მუსიკის შექმნა… მთავარია დავჭირდე, როგორც კინოკომპოზიტორი ან კინომუსიკის ავტორი, რომელიმე პროდიუსერს ან რეჟისორს. შეიძლება რეკლამაც იყოს, მე ყველგან ვარ. გახსნაზეც ვუკრავ, საფორტეპიანო პიესასაც ვწერ კონსერვატორიაში, კლასიკურ მუსიკას ვუკრავ… ვერ გაჩერდები, მითუმეტეს – ამ დროში. ყველანაირ ჟანრში, ჯაზი იქნება თუ პოპი, სიმღერის დაწერა, ყველგან უნდა იყო. უბრალოდ ჩემი ძალიან ხარისხიანი უნდა იყოს. ცოდნა და განათლება მივიღე და ამის ქვემოთ ვერ ჩამოვდივარ…
– გითქვამს უარი?…
– კი, უარი ბევრჯერ მითქვამს. ერთი ჯგუფი იყო, რომელიც მღერის ქართულ სიმღერას, მათი რეპერტუარი არანაირად ჯდება იმაში, რასაც მე ვუკრავ. 28 წელი ბეთჰოვენი და მოცარტი დავუკარი და ვერაფრით შევძლებ სხვა მუსიკის შესრულებას… თითქმის ყველამ იცის ჩემი გემოვნება და სადაც მივდივარ, ძირითადად, იმას ვუკრავ, რასაც მე შევთავაზებ…
– როგორია შენი ინდივიდუალური მუსიკა?
– უფრო კლასიკასთან მიახლოებული, თანამედროვე კლასიკური მუსიკაა. ჩემი საკუთარი პიესები თანამედროვე კლასიკური მუსიკაა, კინომუსიკასთან ერთად.
– კინომუსიკაზე მუშაობისას ფილმის ჟანრს თუ აქვს მნიშვნელობა?
– კინომუსიკას კარგი თვისება აქვს. სცენარს რომ წაიკითხავ და კადრს ნახავ, მიხვდები, ამის მიხედვით რა შეგიძლია შეარჩიო. რა თქმა უნდა, თუ ამის უნარი გაქვს, კინო დიდი მასშტაბისაა, ყველა წერტილი უნდა შეავსო. თუმცა არის ფილმები, რომლებიც დიდ მელოდიას არ მოითხოვს, ზოგიერთი ცალკეულ მონაკვეთებს მოიცავს, ზოგიც მარტო მელოდიაა და იმ კინოდან არაფერი გახსოვს, გარდა მუსიკისა.
– რატომ გადაწყვიტე კინოს კომპოზიტორი იყო?
– არ ვიცი. ჯერ სიმღერებს ვწერდი. ბოლო 3 წელია სერიოზულად გავაკეთე საფორტეპიანო პიესები, მაისში კონცერტიც მქონდა კონსერვატორიაში. ბოლო პერიოდი კი უკავშირდება კინომუსიკას. ალბათ პატარაობიდან მიყვარს. სულ ვამბობდი, ისიც უნდა დავწერო და იმასაც დავუკრავ. აი, კინოდან რომ მესმის, ისიც მომწონს… მერე ალბათ დაილექა და ასე მივედი კინომუსიკამდე…
– კლასიკური მუსიკის კომპოზიტორი…
– სულ მიყვარდა ბეთჰოვენი. ახლაც ვთვლი, რომ ყველაზე დიდი კომპოზიტორია თავისი მუსიკით, ჰარმონიით, მელოდიით და ისეთი მასშტაბური ხაზი აქვს. მასთან ერთად, აუცილებლად ბახი და მოცარტი უნდა ვთქვა. მაგრამ ბეთჰოვენი სულ იყო ჩემთვის, ხშირად ვუკრავდი და ვთვლი, რომ ძალიან განსხვავებულია კომპოზიტორებში.
– ამერიკაში სწავლის პერიოდში…
– ყველაზე ახლო კონტაქტი სტივი ვანდერთან იყო, ასევე – არეტა ფრანკლინთან და ჯორჯ ბენსონთან. ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ ჩვეულებრივი თბილი ადამიანები არიან და არ ანიჭებენ მნიშვნელობას, ვის ელაპარაკებიან, რაც ცოტა განსხვავდება თანამედროვე პოპმუსიკოსებისგან. მათთანაც მქონია შეხება და საოცრად განსხვავებულები არიან. საოცრად უხარიათ, როცა იგებენ, რომ, მაგალითად, მე, საქართველოდან მთელი ცხოვრება ვუსმენ და რეპერტუარი ზეპირად ვიცი. უხარიათ ისე, როგორც საკუთარი შვილები ან ნათესავები ეუბნებიან. სხვანაირი ხალხია…
– ყველა მუსიკოსი ვერ აღწევს…
– ვფიქრობ, როცა შენი საქმე გიყვარს და ბოლომდე მიჰყვებ,ი წარმატებას მიაღწევ. ვიცოდი, რომ საქართველოში პოპმუსიკას ვერ ვისწავლიდი, ამიტომ უნდა ისწავლო იქ, სადაც არის. შესაძლებელია ისწავლო წიგნებით, თანამედროვე ცხოვრებაში ონლაინ ყველაფერი არის, მაგრამ ეს ურთიერთობა სულ სხვაა. იქ, სხვანაირად უკრავ, სხვანაირი სტიმული გაქვს. რადგან შენს გვერდით ისეთები უკრავენ, თავი უნდა მოიკლა, რომ მიხვდნენ, მათიანი ხარ და მათ დონეზე ხარ. წარმატებას რაც შეეხება, წარმატება მილიონნაირია. შეიძლება ზეგ სულ სხვანაირ წარმატებას მიაღწიო. თბილისის მასშტაბს რაც შეეხება, ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ წარუმატებელი ვარ. შტატებში რომ ასეთ დონეზე ვიყო, რა თქმა უნდა, გაცილებით წარმატებული ვიქნებოდი, ვიდრე აქ…
– მუსიკის გარდა კიდევ რა არის საჭირო?
– ყოველდღიური კონტაქტები. ძალიან კომუნიკაბელური უნდა იყო, ჩაკეტილი არ უნდა იყო. საჭიროა ბევრ ხალხთან ტრიალი, მათ მოსდევს კონცერტი, იდეა. თუ მოწყდები – მოგწყვეტენ. სხვა დროა, კონკურენციაა, ინტერნეტია და სულ უნდა იყო ყურადღების ცენტრში. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვარ… საზღვარგარეთაც ასეა, რაც უფრო მეტი ურთიერთობა გაქვს ხალხთან და მუსიკოსებთან, მით უფრო მეტი კონცერტი აქვს ადამიანს და მით უფრო მეტი აგენტი გემსახურება. საზღვარგარეთ გამორიცხულია, რაც უნდა მაგარი იყო, მარტო შენით, აგენტის გარეშე ვერაფერს მიაღწევ. კინოაკადემიაც, მსახიობები დამოკიდებულები არიან შუამავალებზე, აგენტებზე. ამიტომაა რთული…
– ახლა რაზე მუშაობ?
– პირველი ეტაპი ისაა, რომ ჩემი ნაწარმოები ნოტებში უნდა გამოვცე, შემდეგ ეს უნდა გაორკესტრდეს. ჩემი მუსიკა ხელში უნდა მეჭიროს, რომ მერე გავაგზავნო. ის კურსი და სწავლება არ არის იმდენად, რამდენადაც საჭიროა იტრიალო უკვე შენი მუსიკით იქ. სექტემბერ-ოქტომბრამდე დაიბეჭდება ნოტები, მოხდება რამდენიმე კომპოზიციის სრული არანჟირება, რომ მერე პრეტენზია მქონდეს. პროფესიულად ასე ხდება…
– როგორი მუსიკის შექმნა უნდა გიგი პიანომენს?
– მუსიკალურად ერთადერთი სურვილი მაქვს. ხშირად მოუწერიათ კონსერვატორიის პირველი კურსის სტუდენტებს – შენი ნაწარმოების ნოტები არ გაქვს? დავუკრავთო. მინდა ისეთი მუსიკა შევქმნა, დარჩეს. ვიღაცამ დაუკრას, ვიღაცამ გააორკესტროს, ვიღაცამ იმღეროს. ხალხი თუ შეიყვარებს და ამას დაუკრავს, ალბათ ეს უნდა ყველა კომპოზიტორს… ჯილდო და ფული, ჩემთვის მეორეხარისხოვანი. რასაც ვაკვირდები, ეს სიყვარული თუ იქნება სხვა დანარჩენი, თავისით მოდის…
ნინო ჯაჯანიძე