ზურაბ ქადაგიძე: ლუსტრაციის კანონს ითხოვდა მთელი საქართველო, რომ დეკლარირებულად გარკვეულიყო ვინ იყო ქვეყნის მტერი, ახლა მთელი ჯაშუშთა ქსელი მონოპოლისტი ჯაშუშის წოდებისთვის იბრძვის
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციური პარტიების – „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველოს“ მიერ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პია კაუმასთვის გაგზავნილ წერილს ეხმაურება.
„ვირთხების რბოლა, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობს, ხან გვარამიას „სმარტ“ ნაცები, ხან გოიმი ორთოდოქსი მიშისტები, ხან თაღლითი ნაცები, ხან მელიას „ხურდა“ – გახარია ლიდერობს ხოლმე და ხანაც „კოლექტიურად“ ასპარეზობენ ჯაშუშთა სპრინტში!
ამჯერად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს სთხოვენ, თუ არ გმობთ 26 ოქტომბრის არჩევნებს, ჩამოსვლისაგან მაინც შეიკავეთ თავი, თორემ თავზე გვემხობა „ნარატივი“ და ვეღარ „ვაპრავებთ“ არჩევნების არალეგიტიმურობასო…
ისე, რა დრო მოვიდა – ლუსტრაციის კანონს ითხოვდა მთელი საქართველო, რომ დეკლარირებულად გარკვეულიყო ვინ იყო ქვეყნის მტერი და საქართველოს სუვერენიტეტის ხელმყოფი კულისებში და ახლა, მთელი ჯაშუშთა ქსელი, არა მანიპულაციურ, ჩრდილში მყოფ პოლიტიკას, არამედ ღიად პირველი შპიონისა და მონოპოლისტი ჯაშუშის წოდებისთვის იბრძვის!“, – წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.
ცნობისთვის, სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ პია კაუმას წერილით მიმართა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ვიზიტის გადადება იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება, ვიდრე რეჟიმი არ აიღებს ვალდებულებას არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიმართ“.
ასევე, პია კაუმას წერილით მიმართა გიორგი გახარიამ, რომლის მიხედვითაც, გახარია მოუწოდებს პია კაუმას, გადახედოს თბილისში ვიზიტის მიზანსა და დროს.