ნანა კაკაბაძე: არც ერთ ოპოზიციონერსა თუ „ენჯეოშნიკს“ არ დაუსვამს კითხვა დასავლეთისთვის, როგორ აპირებენ აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნების საქმეში დახმარებას – მათი მონობისკენ მისწრაფება სხვა არაფერია, თუ არა „ფულის უღლის“ ტარების ჟინი
ყიჟინა აქვთ ატეხილი, ქუჩაში ახალი ეროვნული მოძრაობა დაიბადაო და არ იციან, რომ ჩვენი ეროვნული მოძრაობა ებრძოდა სწორედ იმათ, ვინც ჩვენს ტრადიციებსა და ენას პატივს არ სცემდა. ესენი კი თვითონ აგინებენ ენას, ტრადიციებს, ქართულ სუფრულ სიმღერებს კნავილს ეძახიან და სხვა ვისგან ან რისგან იცავენ ქართულს? თვითონვე ანგრევენ ყველა იმ ღირებულებას, რომლის დაცვასაც იჩემებენ, – წერს სოციალურ ქსელში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით.
მისი განცხადებით, ოპოზიცია ყველას, ვისაც ლოგიკური კითხვები უჩნდება, რუსების მონებს ეძახის. კაკაბაძის თქმით, როდესაც ხედავ, რომ დასავლეთის მფარველობამ ვერ დაიცვა საქართველოზე ბევრად დიდი უკრაინა, მაშინ ან „ტვინგამორეცხილი ზომბი ხარ, ან ხელისუფლებაში მოსვლით აღტყინებული, მონობისკენ მიდრეკილი ნამუსგარეცხილი ნაძირალა“, რომელიც საკუთარი მიზნების მისაღწევად საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ნებისმიერ ქმედებაზე აცხადებს თანხმობას.
„მონობა 26 ოქტომბრის არჩევნებში დამარცხებულმა ოპოზიციის ნაწილმა, თავისუფლებისათვის მებრძოლი მებაირახტრეები დაირქვეს, ხოლო გამარჯვებული ხელისუფლების მომხრეებს მონები შეარქვეს. მოდით ვნახოთ, რაში გამოიხატება რომელიმე პირისა თუ მხარის „თავისუფლება“, „მონობა“ და რამდენად შეესაბამება მათი აზროვნების წესი ამ ორ სიტყვას.
ხელისუფლება და მისი მხარდამჭერები აცხადებენ, რომ პიროვნული და სახელმწიფოებრივი თავისუფლება მდგომარეობს შემდეგში:
არ უნდა დაემონო არც ერთი ქვეყნის დიქტატს. ნებისმიერი ქვეყნიდან მომდინარე დირექტივები თუ ბრძანებები უნდა შეაფასო კრიტიკულად. არ მიიღო და არ გაიზიარო ისინი უპირობოდ, მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე უნდა დაეთანხმო ან უარყო. ხელისუფლების მხარდამჭერთა ამ პოზიციას ოპოზიცია უწოდებს მონობას და აცხადებს, რომ თავისუფლებაა მხოლოდ ის, როდესაც არ მოგწონს რუსული ჩექმა.
თავისუფლებაა თუ უპირობოდ იღებ და იზიარებ დასავლეთიდან (აშშ, ევროპა) მიღებულ ყველა მითითებას, ვინაიდან ფიქრობ, რომ ოკუპანტის წინააღმდეგ თავდაცვის ერთადერთი საშუალება დასავლეთია, დასავლეთი კი ყველაფერს გააკეთებს რუსეთის დასამარცხებლად ან დასასუსტებლად, რაც ავტომატურად შედის საქართველოს ინტერესებში.
უნდა გავხდეთ დასავლეთის მონა, რომ ვიყოთ რუსეთისგან თავისუფლები.
ასეთად წარმოაჩენს ოპოზიცია მონობასა და თავისუფლებას. სწორედ ეს მიდგომა უდევს საფუძვლად ოპოზიციის ზეპირად გამოთქმულ მოსაზრებებს და პრაქტიკულ ქმედებებს. ამის მაგალითები უამრავია:
1. გამჭვირვალობის კანონი „რუსულია“ და ამას დამტკიცება არ სჭირდება. რატომ? იმიტომ! ვინაიდან „რუსულად“ შეაფასა ამერიკის საელჩომ!
2. საქართველომ უნდა დაუწესოს რუსეთს სანქციები. რატომ? იმიტომ, ვინაიდან ასე წერია ევროსაბჭოს რეზოლუციაში.
მართალია, ასეთი რეზოლუციის მიღებამდე ოპოზიცია თვითონვე ამტკიცებდა, რომ საქართველოს მხრიდან რუსეთისთვის ინდივიდუალური სანქციების დაწესება საქართველოს ეკონომიკას დიდ ზიანს მოუტანსო, მაგრამ მერე რა, „იქიდან“ მოვიდა დირექტივა და ჩვენ ხომ უნდა გავიზიაროთ?!
3. ბიძინა ივანიშვილს და სხვებს აშშ-მა სანქციები დაუწესა პრორუსული პოლიტიკის გატარებისთვის, თუმცა, როდესაც რუსეთისათვის სასარგებლო და ჩვენი ქვეყნის საზიანო ერთი მაგალითის დასახელებას მაინც სთხოვ, გეუბნებიან -ამას ბაიდენის ამერიკა ამბობს და ამიტომ არავითარი მტკიცებულებები საჭირო არ არისო.
4. ამტკიცებენ, 26 ოქტომბრის არჩევნები ტოტალურად გაყალბდაო, რადგან მასობრივად ხორციელდებოდა საჯარო მოხელეებზე ზეწოლაო, მოსახლეობის მოსყიდვა-დაშინებაო, ერთი ამომრჩევლის მიერ 17-ჯერ (თუ 30-ჯერ) ხმის მიცემა, საარჩევნო ბიულეტენების „გაჟონვის“ გამო არჩევნების ფარულობის ტოტალური დარღვევა, ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების შეზღუდვაო და ა. შ. როდესაც ეკითხები, სად არის იმ საჯარო მოხელეების და მოქალაქეების აღიარება, რომლებზეც მასობრივი ზეწოლა ხდებოდა, ან ისინი, ვინც 17-ჯერ (თუ 30-ჯერ) აძლევდნენ ხმას, ან ეს მასობრივი „გაჟონვა“ და ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლებების შეზღუდვა რატომ არ აისახა ეუთო-ოდირის დასკვნაშიო, გეუბნებიან, ხომ ხედავთ, ამერიკა-ევროპა არ ულოცავს ხელისუფლებას და ე. ი. გაყალბდა, აბა, იმათ თავისი ინტერესები ხომ არ ექნებათ საქართველოში?! მხოლოდ ჩვენზე ზრუნავენო. როდესაც შეახსენებ, წინა საპარლამენტო არჩევნებში თითქმის 10-ჯერ უფრო ნაკლებმა ემიგრანტმა მიიღო მონაწილეობა და მაშინ რატომ არ ყვიროდა პრეზიდენტი სალომე ემიგრანტების შელახულ უფლებებზეო, ან ეს „დაშინებული“ საჯარო მოხელეები როგორ ბედავენ საპროტესტო აქციებში ღიად მონაწილეობასო, ვერაფერს გპასუხობენ, უფრო სწორად, გეუბნებიან, რუსების მონები ხართ ვისაც ლოგიკური კითხვები გიჩნდებათო.
5. მხარედ ქცეული ტელევიზიით დაზომბირებულნი და დამონებულნი გამოდიან ქუჩაში, არ აინტერესებთ არა თუ პასუხები, არამედ კითხვის დასმაც კი და ეს მიაჩნიათ თავისუფალ აზროვნებად. ყიჟინა აქვთ ატეხილი, ქუჩაში ახალი ეროვნული მოძრაობა დაიბადაო და არ იციან, რომ ჩვენი ეროვნული მოძრაობა ებრძოდა სწორედ იმათ, ვინც ჩვენს ტრადიციებსა და ენას პატივს არ სცემდა. ესენი კი თვითონ აგინებენ ენას, ტრადიციებს, ქართულ სუფრულ სიმღერებს კნავილს ეძახიან და სხვა ვისგან ან რისგან იცავენ ქართულს? თვითონვე ანგრევენ ყველა იმ ღირებულებას, რომლის დაცვასაც იჩემებენ.
6. საქართველოს ხელისუფლებისგან მეორე ფრონტის გახსნას ევროპა-ამერიკა არ ითხოვდაო, მერე რა, რომ მეორე ფრონტი მათ სასიცოცხლო ინტერესებში შედიოდა, ისინი ამას არ ადასტურებენ და აბა, ჩვენი ბატონები ტყუილს ხომ არ იკადრებენო? სამაგიეროდ, იარლიყებს გვაწებებენ ჩვენ, თქვენ ხარ რუსები ვინაიდან მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნის გჯერათო.
7. ყოველ საღამოს „თავისუფლების სადარაჯოზე“ ამაყად მდგომები რეალურად ებრძვიან დასავლურ ღირებულებებს, თავისუფლებას, ტრადიციებს, რწმენას, საჯაროდ წვავენ ქრისტეს გამოსახულებიან კუბოს, შეექცევიან კუბოს ფორმის ტორტებს, ებრძვიან პატრიარქს, სიხარულით ამცნობენ თავის მრევლს, თურმე „აღმოაჩინეს“, რომ პატრიარქი ისე დაუძლურდა, ვეღარც საუბრობს და ამიტომ შარშანდელი საახალწლო მილოცვა დღევანდლად გაასაღესო, ებრძვიან ჰაგიოგრაფიას, ებრძვიან საამაყო ქართველ ჩემპიონებს, ვინაიდან ისინი მონობის მხარეზე არ დგანან. ერთი სიტყვით, თვითონ ანგრევენ ყველა იმ ღირებულებას, რომლის დაცვასაც იჩემებენ.
8. კულტურის ზოგიერთი წარმომადგენლები უკულტურობის ზენიტში არიან და ამას თვლიან თავისუფლებად. უზრდელი და ვერ შემდგარი მსახიობები ტელეეთერიდან საზოგადოებას მოურიდებლად ასმენინებენ უშვერი სიტყვებით გინებას.
გინებით გამორჩეული ქართველი ქალის სახის ჩვენება ჰგონიათ ვინმეზე ან რამეზე გამარჯვება.
როდესაც, ვითომ კულტურისა თუ ხელოვნების წარმომადგენელი ქალი, პუტინს მიმართავს – „პუწინ, იდი ნა …, და ჰგონია, ამით ამტკიცებს თავის უშიშრობას და პატრიოტობას, ეს მოვლენა არის არა მხოლოდ მისი, არამედ ქვეყნის ტრაგედიაც.
9. ეს კასტა ამტკიცებს, რომ ჩვენს ქვეყანაში დიქტატურაა, უცხოელ ბატონებს სთხოვენ, როგორმე დაანგრიეთ საქართველოს ეკონომიკა, რომ ხალხი გამწარდეს და დაამხოს „დიქტატორი“ ხელისუფლება, რომელიც ძალადობს „მშვიდობიან“ მომიტინგეებზეო. როდესაც ეკითხები, რომელი დიქტატურა დაუშვებს ამ ოდენობის ოპოზიციური ტელეარხების არსებობას, ასეთი მასობრივი თავყრილობების ჩატარებას? ხოლო აგერ, ევროპის ქვეყნებში ჩვენი მსგავსი „მშვიდობიანი“ მომიტინგეები ასეულობით დააპატიმრესო, გეუბნებიან, მონები ხართ, როგორ ბედავთ დასავლეთზე რაიმე კრიტიკულის თქმას თუნდაც ეს უტყუარი ფაქტი იყოსო.
10. მოკლედ, აქამდე ჩვენ ვიცოდით, რომ მონობა იყო არსებობის იძულებითი ფორმა. 21-ე საუკუნის საქართველოში კი ჩვენი ოპოზიციისგან ვიხილეთ მონობის ყველაზე კნინობითი და სულწამხდარი ფორმა – ნებაყოფლობითი მონობა.
შეიძლება ისიც თქვან, დიახ, სამშობლოს სიყვარულისთვის თუნდაც დასავლეთის მონობაზეც თანახმა ვართ, რადგან სწორედ ეს დასავლეთია რუსეთისგან ჩვენი ერთადერთი მხსნელიო („დავბადებულვარ, რომ ვიყო მონა, და საქართველოს მედგას უღელი!“), მაგრამ როდესაც ხედავ, რომ სწორედ დასავლეთის ზრუნვამ და მფარველობამ ვერ დაიცვა შენზე 10-ჯერ დიდი უკრაინა, მაშინ ან ტვინგამორეცხილი ზომბი ხარ, ან ხელისუფლებაში მოსვლით აღტყინებული, მონობისკენ მიდრეკილი ნამუსგარეცხილი ნაძირალა, რომელიც შენი მიზნების მისაღწევად სწორედ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ნებისმიერ ქმედებაზე აცხადებ თანხმობას. სხვა შემთხვევაში, უნდა აგვიხსნან, რამდენად წაადგება დასავლეთისადმი უპირობო მონობა ჩვენი ქვეყნის გამთლიანების საქმეს, ან ის მაინც უნდა დაგვანახვონ, რომ დასავლეთი ეფექტურად იზრუნებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის, ან ასეთი მონობის შედეგად რუსეთისადმი უკიდურესად ხისტი დამოკიდებულება უახლოეს მომავალში რუსეთს ისე დაასუსტებს, რომ შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას. ამის ნაცვლად, ჩვენ ვხედავთ, რომ არც ერთ ოპოზიციონერს თუ ენჯეოშნიკს ერთხელაც არ დაუსვამს კონკრეტული კითხვა დასავლეთის რომელიმე წარმომადგენლისთვის, თუ როგორ აპირებენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების საქმეში ჩვენს დახმარებას. პირიქით, ამ თემაზე, რუსეთთან ხელისუფლების დიალოგსაც კი ღალატის კვალიფიკაციას ანიჭებენ. ამიტომაც აშკარაა, რომ მათი მონობისკენ მისწრაფება სხვა არაფერია, თუ არა „ფულის უღლისა“ ტარების ჟინი, მიუხედავად მათი მხრიდან ისე წარმოჩენის მცდელობისა, რომ თითქოს მხოლოდ „საქართველოს უღლის“ ზიდვისაკენ მიისწრაფვიან“, – წერს ნანა კაკაბაძე.