„ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ცხედრების ამონაჭრები განადგურებულია“
ექიმი ნოდარ ურუშაძე, რომელიც შავი ტრასპლანტაციისა და ზურაბ ჟვანიას უეცარი გარდაცვალების საკითხებზე მუშაობს, გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ სკანდალურ ინფორმაციას ახმაურებს. ნოდარ ურუშაძის განცხადებით, ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ცხედრების შინაგანი ორგანოების ამონაჭრები 2007 წლის თებერვალში განადგურდა.
„ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის საქმეზე არსებული შინაგანი ორგანოების ამონაჭრების განადგურება-დამარხვა 2007 წლის თებერვალში განხორციელდა. სავარაუდოდ, ლევან ჩაჩუას გააჩნია ინფორმაცია ამონაჭრების განადგურების შესახებ, ამიტომ დარწმუნებულია, რომ მის მიერ აპრიორულად შედგენილი დასკვნის სიყალბეს ვერავინ და ვერაფერი გამოაშკარავებს. ამერიკელმა ჟურნალისტმაც დაადასტურა, დანამდვილებით ვიცი, რომ მტკიცებულებები ჟვანიასთან დაკავშირებით FBI-მ გაანადგურაო. თბილისის ლაბორატორიაში ამონაჭრები, მართლაც, თუ არ აღმოჩნდა, ეს უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია, რადგან საქმე დახურული არ არის – აცხადებს ექიმი.
მისივე თქმით, ჩაჩუამ პასუხი უნდა აგოს ჟვანიას ოჯახის, ერისა და საქართველოს წინაშე.
„როგორ, სამი ათეული წლის სტაჟის მქონე ლევან ჩაჩუამ არ იცის, რომ დასკვნის ერთი პირი გარდაცვლილის ოჯახის წევრებისთვის უნდა გადაეცა? რატომ არ გადასცა ეს დასკვნა ზურაბ ჟვანიას ოჯახს? ჩაჩუამ პასუხი უნდა აგოს ოჯახის, ერისა და საქართველოს წინაშე. ის ფაქტებიც კი, რაც ჩაჩუამ დასკვნაში ჩაწერა, არ ასახავს პრემიერის სიკვდილის ნამდვილ მიზეზს“,- ამბობს ნოდარ ურუშაძე.