აქამდე უცნობი დეტალები თემურ ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის შესახებ

   სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშვილი გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ბიძის, თემურ ალასანიას მიერ ირაღით ვაჭრობის შესახებ აქამდე უცნობ გარემოებებზე საუბრობს. წითელაშვილი მის ხელთ არსებულ მასალებს პროკურატურაშიც წარადგენს.
როგორც სამხედრო ექსპერტი აცხადებს, ალასანია-სააკაშვილს მარნეულში ჰქონდათ გასაყიდი იარაღის სამალავი, რომლის მოწყობაზეც თითქმის 6 თვის განმავლობაში მუშაობდნენ, ხოლო იარაღს ქურთ მემბოხეებზე ყიდდნენ.
“მიხეილ სააკაშვილი და მისი ბიძა თემურ ალასანია იარაღს მარტო სირიაში არ ყიდდნენ. 2006 წელს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისა და ტყვიამფრქვევების დიდ პარტიებს ყიდდნენ ქურთ მეამბოხეებზე. ისინი მოქმედებდნენ ერაყის ტერიტორიაზე ამერიკული ქვედანაყოფების წინააღმდეგ. მათ მარნეულში ჰქონდათ გასაყიდი იარაღის სამალავი. ეს საკმაოდ დიდი საცავი იყო და მის მოწყობაზე თითქმის 6 თვის განმავლობაში მუშაობდნენ. მარნეულიდან გადადიოდა იარაღი თურქეთში. იქ ხვდებოდა ქურთების ხელში, რომლებიც მოქმედებდნენ ერაყის ტერიტორიაზე. როდესაც იარაღის გარკვეული რაოდენობის რეალიზაცია მოხდა, კვალის დაფარვის მიზნით, ეს საცავი დაწვეს. ამის შესახებ ინფორმაცია გავიდა კიდეც, რომ მარნეულში იარაღის საწყობი დაიწვა”, – ამბობს ტრისტან წითელაშვილი და იქვე დასძენს, რომ ეს ინფორმაცია 2006 წელს გახმაურდა.
სამხედრო ექსპერტი ხელისუფლების მიერ 2008 წლის ომამდე ამერიკისგან დიდი ოდენობით იარაღის შესყიდვასა და შემდეგ მისი, როგორც ომის დანაკარგად აღრიცხვის შესახებაც საუბრობს. მისი თქმით, 2007 წელს თავდაცვის სამინისტრომ ამერიკიდან შეისყიდა 40 ათასი ცალი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი „M-4“. ამ იარაღის მცირე ნაწილი, დაახლოებით 5000 ცალი დაურიგდა ჯარს. დანარჩენი 2008 წლის მაისში წაიღეს გორში. 2008 წლის 9 აგვისტოს, როდესაც საბრძოლო მოქმედებები უკვე მიმდინარეობდა, გორის საცავებს მიადგა რამდენიმე სატვირთო ავტომანქანა და ეს ავტომატები ჩაიტვირთა. მანქანები ტერმინალში “საჰაერო კარიბჭე” შევიდა. როგორც წითელაშვილი აღნიშნავს, ეს ის ტერმინალია, რომლის ძველი მეპატრონე დაიჭირეს, რის შემდეგაც ტერმინალი დავით კეზერაშვილმა მიისაკუთრა.
“საქართველოში დატოვეს მხოლოდ 4000 ცალი ავტომატი. დანარჩენი გაიტანეს ვენესუელის მიმართულებით. ჩვენთვის ცნობილია, ვინ ხელმძღვანელობდა ამ იარაღის ჯერ გორიდან თბილისის მიმართულებით წამოღებას და შემდეგ საქართველოდან გატანას. ომი საუკეთესო საშუალება იყო მათთვის, რომ გაყიდული იარაღი ჩამოწერილებად, ომის დანაკარგად აღრიცხულიყო. რუსებმა კონფლიქტის რეგიონიდან გაიტანეს ეს ავტომატები, მაგრამ ჩვენთვის ცნობილია, რა რაოდენობა მოხვდა მათ ხელში რეალურად. შესაბამისად, ადვილად დასადგენია, რა რაოდენობა გავიდა საჰაერო ტერმინალიდან. ასე რომ, ეს ყველაფერი დაფიქსირდა საბრძოლო დანაკარგად და მათი რაოდენობა 4000-ის ნაცვლად 35 ათასი დაიწერა. ეს მხოლოდ ავტომატებზე მოხდა, თორემ სხვა ტიპის შეიარაღებაც გასამმაგებულად არის აღრიცხული დანაკარგში”, – ჰყვება წითელაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები