კაპიტანი გელა უნაფქოშვილი –პატარძეულიდან ჭოგრიტით დანახული სამყარო
ბავშვობაში ვის არ წაგიკითხავთ “კაპიტან გრანტის შვილები”, “ოთხმოცი ათასი კილომეტრი წყალქვეშ”, “კუნძული ტამბუქტუ”, “ჰავაის ბულბული” და კიდევ ბევრი სხვა სათავგადასავლო ლიტერატურა, სადაც საყვარელ გმირს წიგნის დასასრულს ძლივს შელევიხართ, თვალზე ერთი ორი კურცხალიც ჩამოგსვლიათ, როცა უეცრად ფურცლები ხელში შემოგლევიათ. ბევრი ბიჭისთვის სანატრელი პროფესია, გემის კაპიტნობა, ბავშვობის ტკბილ მოგონებად დარჩა. ბევრს ალბათ ახლაც გაგახსენდათ ოცნებაში სანატრელი ხომალდის მართვა და სასიამოვნო ღიმილი მოგერიათ.
ჩვენი გმირის შემთხვევაში ეს ასე არ მომხდარა. საგარეჯოს რაიონის ერთ პატარა სოფელ პატარძეულში დაიბადა. ბევრი ონავარი გამოუზრდია ამ პატარა სოფელს თავის კალთაში, დიდობაში სახელი რომ გაუთქვამთ და დიდებულ ადამიანებად წოდებულან. მარტო გოგლა ლეონიძე კმარა მაგალითის მოსაყვანად. სწორედ ასეთი ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება კაპიტანი გელა უნაფქოშვილი.
მოუსვენარი ბიჭი იყო. ბევრ სათავგადასავლო წიგნს კითხულობდა, სკოლაში სხვა საგნების სწავლისთვის ნაკლები დრო რჩებოდა, მაგრამ სანატრელი ოცნების ასახდენად სერიოზულად ემზადებოდა. ყველაფერი სწორედ აქედან დაიწყო.
– პირველად ზღვა როდის ნახეთ?
– პატარძეულის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, როდესაც ბათუმში წავედი, მანამდე არ ვიცოდი, როგორი იყო. ჩემს სახლთან ახლოს, სამას მეტრში იყო კამეჩების გუბურა. რომ დაცხებოდა, კამეჩები ცურავდნენ შიგ… ერთი სული მქონდა, როდის ამოვიდოდნენ, რომ ის გუბე ჩემი ყოფილიყო. ტალახიან წყალში ჩავეშვებოდი და ზღვაში ვიყავი. ფეხსაცმელებს ხშირად ვკარგავდი გუბეში. მეზობლის ქალი დედაჩემს ეუბნებოდა, დიდი ბაყაყები არიან, არ შეჭამონ ბავშვიო. აქედან დაიწყო ჩემი მეზღვაურობა. მაშინ ასე 5–6 წლის ვიქნებოდი. სამი წლის ასაკში გადავიღე ფოტო, სადაც მეზღვაურის ქუდი მახურავს.
– რისკიანი ბავშვი იყავით?
– რისკიანი ბავშვობიდან ვიყავი. აქვე მეზობელი სოფელია, წყაროსთავს ეძახიან, სადაც დედაჩემის დედ–მამა ცხოვრობდა. ერთხელ იქ რთველში ვიყავით. ბებიამ მითხრა, პირი უნდა დაგბანოო. პირის დაბანა არ მიყვარდა. გამოვიპარე. იქიდან სამი კილომეტრი იყო ჩემს სახლამდე, მაგრად წვიმდა. აღელვებულმა ხეობა გადმოვიარე და სახლში ამოვედი. იქ რთველს თავი დაანებეს და ორი სოფელი მეძებდა. საღამოს ბებია მიმხვდარა, უთქვამს, ნეტავ, სახლში ხომ არ იქნებაო და ასე მიპოვეს. დედაჩემი ისეთი გამწარებული იყო, ამბობდა თურმე, სამშობიაროში რომ ვიყავი, ჯობდა, იქ მომკვდომოდაო. ცელქი, უშიშარი და რისკიანი ვიყავი პატარობიდანვე. შეწუხებული მყავდა მძღოლები. გაქანებული მანქანიდან ვხტებოდი. მაგრამ მერე, როცა საზღვაო სასწავლებელში მოვხვდი, სულ სხვა რაღაცები დამიხვდა წინ: დისციპლინა, წესდებები, კანონები.
– კაპიტანი, რომლის ცხოვრებამაც დიდი გავლენა მოახდინა თქვენზე.
– ჩემი სოფლიდან, პატარძეულიდან იყო კონტრადმირალი მიხეილ ჭინჭარაძე. სამამულო ომის დროს მეორე რანგის კაპიტანი და კაპიტნის თანაშემწე იყო პოლიტიკის დარგში. 1941 წელს, სევასტოპოლის ბრძოლების დროს სამხედრო გემზე იბრძოდა. მასზე დაწერილი მოთხრობა 11 წლის ასაკში წავიკითხე. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მაშინ ჩავიფიქრე, რომ მეც მეზღვაური უნდა გავმხდარიყავი.
– რომელ სათავგადასავლო წიგნებს კითხულობდა მომავალი მეზღვაური?
– დიახ, სათავგადასავლო წიგნებმაც მოახდინეს ასევე დიდი გავლენა. ეს იყო „ოთხმოცი ათასი კილომეტრი წყალქვეშ“, „საიდუმლო კუნძული“, „კაპიტან გრანტის შვილები“, „ტომ სოიერისა და ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“ და კიდევ სხვა. ბევრს ვკითხულობდი და ამის გამო სკოლაში კარგად ვერ ვსწავლობდი. მეცადინეობისთვის დრო აღარ მრჩებოდა.
– როგორი იყო პირველი ნაბიჯები…
– მამა გვერდში დამიდგა. გავიგეთ, სად რომელი სასწავლებელი იყო, რა კონკურსი, რა გამოცდები ბარდებოდა და დავიწყე წინასწარ მომზადება ბათუმის საზღვაო სანაოსნო სასწავლებელში ჩასაბარებლად. მაგრამ ერთი დიდი პრობლემა არსებობდა: რუსული ენა. რუსულ ენაში ბარდებოდა კარნახი და, მოგეხსენებათ, თავად რუსებიც ვერ აბარებდნენ. მე კიდევ ქართველი და სოფლის სკოლადამთავრებული რუსულს როგორ ჩავაბარებდი?! მე და მამაჩემმა გადავწყვიტეთ დახმარებისთვის სწორედ ჩემი სოფლელი კონტრადმირალისთვის, მიხელ ჭინჭარაძისთვის მიგვემართა, რომელიც მაშინ ერთ-ერთი სამხედრო საიდუმლო განყოფილების უფროსი იყო. ასეც მოვიქეცით. მან მე და მამაჩემს გაგვატანა წერილი სანაოსნო სასწავლებლის უფროსთან, თხოვნით, რომ დაგვხმარებოდა. მას ძალიან გაუხარდა ამ წერილის მიღება და დაუძახა ოფიცრებს, რომ ეთქვა კონტრადმირალისგან მიღებული წერილის შესახებ. წერილი ძალიან მოკლე იყო. მასში ეწერა: „ეს ბიჭი არის ჩემი სოფლიდან, უმკაცრესად შეამოწმეთ, თუ ვერ აღმოაჩენთ სათანადო ცოდნას, არცერთ შემთხვევაში არ დაუშვათ სასწავლებელში.“
ეს იყო კახური დახმარება. ცოტა არ იყოს, განაწყენებული დავრჩი. მახსოვს, ერთი რუსი მოვიდა ჩემთან და მითხრა, მე ვერ ჩავაბარე რუსული და შენ რა გწყინსო. რა უნდა მეკეთებინა. მამაჩემი წყალთა სამმართველოს სადგურის უფროსი იყო და მითხრა, ჩემთან წამოდიო. წყალთან გექნება შეხებაო. სოფელში ვერაფრით დავბრუნდებოდი, ყველა იმ იმედით დავტოვე, რომ ცნობილი საზღვაო კაპიტანი გავხდებოდი. სირცხვილი იყო უკან დაბრუნება. შემდეგ გავიგე, რომ ბათუმში არსებობდა დაწყებითი საზღვაო მომზადების სკოლა“. გამოცდა არ სჭირდებოდა. ცოტა რთული აღმოჩნდა იქ სწავლა, მაგრამ შევძელი. ხუთებზე დავამთავრე, 2 წელი ვისწავლე, პრაქტიკაზეც ვიყავი 6 თვე, ზღვები და ოკეანეები გადავლახე, პატარა გამოცდილებაც მივიღე და მერე ჩავაბარე „საზღვაო სასწავლებელში“. ამ დროისათვის რუსულიც კარგად ვიცოდი. 4 წელი ვისწავლე და გამოვედი შორეული ნაოსნობის შტურმანი. მე 1969 წელს წავედი საზღვაო საქმის შესასწავლად. აღმოსავლეთ საქართველოდან გემის კაპიტანი პრაქტიკულად არ იყო.
– მალე მუშაობაც დაიწყეთ.
– დიახ, დავიწყე მუშაობა ნოვოროსიისკის საზღვაო სანაოსნოში, 4 წელი ვიმუშავე, სადაც მინდოდა, იქ წავიდოდი, წითელი დიპლომი მქონდა.
– საქართველოში მალე დაგაბრუნეს..
– ასე იყო, მაშინ ყველაფერი შუქდებოდა პრესით, ტელევიზიით. ოთხჯერ ვიყავი საბჭოთა კავშირის საუკეთესო შტურმანი. ბათუმში ჩემზე გაიგეს და მიმიწვიეს, – ჩვენი კადრი ჩვენ თვითონ გვჭირდებაო, და დავიწყე მუშაობა საქართველოს საზღვაო სანაოსნოში, სადაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კიდევ 2 წელი ვმსახურობდი. ამის შემდეგ ჩვენი ფლოტის ნაწილი უცხოეთის სანაოსნო კომპანიებში გადავიდა. მეც გადავყევი. იქაც, ხომ იცით, შრომა ჩანს და მალე დამაწინაურეს. მას შემდეგ ვმუშაობდი როგორც სანაოსნო კომპანიების მენეჯმენტში სუპერინტენდანტად, ასევე – გემებზე კაპიტნად. 9 წელი კვიპროსზეც სუპერინტენდანტი ვიყავი, 14 გემი მებარა, მაგრამ სახლში ვერ ვხვდებოდი. გადავწყვიტე, ზღვაში დავბრუნებულიყავი და 7 წლის წინ დავბრუნდი გემის კაპიტნის თანამდებობაზე. დღესაც აქ ვმუშაობ. ახლა შვებულებაში ვიმყოფები და სადღაც ერთ თვეში ისევ დავუბრუნდები ჩემს გემს. ჩემი ხომალდი 170 ათასი ტონა ნავთობით შეიძლება დაიტვირთოს. ძალიან დიდი გემია. ტანკერი. თქვენ შეგიძლიათ ინტერნეტის საშუალებით თვალყური ადევნოთ მის მოძრაობას.
– პირველ შიშზე მოგვიყევით…
– შიში საერთოდ არ მქონია. არ დაგიმალავთ, ერთადერთი რამის მეშინოდა, ჩემს საზღვაო საქმიანობას არ დავშორებულიყავი. დღესაც იგივე მაშინებს. სხვათა შორის, არის ასეთი ტერმინი – „რისკ მენეჯმენტი“. ჩემთვის ეს ახალი არ ყოფილა, პაპაჩემი ბავშვობიდან მაჩვევდა სიფრთხილეს. მასწავლიდა, სანამ ნაბიჯს გადადგამ, როგორ უნდა მოზომო, როგორ მოიფიქრო. ქართველებს გამოთქმა გვაქვს: „ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“. ეს ყველაფერი მე აქ ვისწავლე. ზღვაში ფრთხილი უნდა იყო ძალიან, ყველაფერი უნდა მოზომო. ძალიან ფრთხილი ვარ. ავარია არცერთხელ არ მომსვლია. მაქვს 10, 15, 25 წლის უავარიოდ მუშაობის გამოცდილება.
– რა ბერკეტს ფლობთ გემის მართვისას? როგორ ახერხებთ ექსტრემალური სიტუაციებიდან სწრაფად გამოსვლას?
– მაგალითად, მე თუ ვმუშაობ კარგად, მაგრამ მაინც რაღაც არ გამომდის, ამას უცებ ვარეგულირებ. სიტუაცია თავად გკარნახობს, რომ რაღაც უნდა შეცვალო. ამისათვის საჭიროა: პროფესიონალიზმი, ძალისხმევა, უშეღავათო შრომა. ჩემმა მასწავლებლებმა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მასწავლეს, ეს არის ექსტრემალური სიტუაციიდან გამოსვლა. ზოგჯერ არსებობს ათასობით გზა, ზოგჯერ მხოლოდ ერთი, და ყველაზე ძნელია იმ ერთს მიაგნო. სხვათა შორის, ამ ბოლო დროს პოლიტიკოსები ძალიან ხშირად იშველიებენ მაგალითებს გემზე და გემის კაპიტნებზე და – არასწორადაც. ნეტა რომელიმე მათგანი მოიყვანა და აჩვენა, რომ გემზე გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს. არსებობს კარგი კაპიტანი, და თუ არ არის, გემი იძირება. ქვეყანაც ასეა: მას ძლიერი ლიდერი და პიროვნება სჭირდება. საერთოდ, პიროვნებებს ძალიან დასცილდა ეს ქვეყანა და სხვა ქვეყნებიც. არ ვიცი, ადრე არსებულმა „პიროვნების კულტმა“ ეტყობა, ძალიან უარყოფითად იმუშავა. თქვენ იცით, რასაც ვგულისხმობ, სტალინის „პიროვნების კულტს“. ერთხელ შოლოხოვს ჰკითხეს, მართლა იყო „პიროვნების კულტიო“? და მან უპასუხა – კულტის რა მოგახსენოთ, მაგრამ პიროვნება კი იყოო. პიროვნება თუ არ არის, ის არც ლიდერია, არც კაპიტანია და ადამიანების ის ეკიპაჟი ან ჯგუფი, რომელიც მას ემორჩილება, ვეღარ ახერხებს მოძრაობას. დღეს კი რატომღაც პიროვნებებს ებრძვიან.
– მეზღვაურებს თქვენ თავად ირჩევთ? რა თვისებების მიხედვით?
– ჩემს გემზე კადრებს საზღვაო მენეჯმენტთან ერთად ვარჩევ. ჩვენს სფეროში აუცილებელია ადამიანის ფსიქოლოგიის შეცნობის უნარი. აი, ჩვენთან ფსიქოლოგები რომ არიან და იმათ მიმართავენ, იქ ასე არ არის, კაპიტანია ყველაფერი.
– ვინ არიან თქვენთვის გამორჩეული პედაგოგები. შუა ზღვაში ვისი სიტყვები გახსენდებათ ხშირად?
– მე ძალიან გამიმართლა მასწავლებლებში. საბჭოთა კავშირის საუკეთესო კაპიტნებთან ვმუშაობდი. ქართველებიც იყვნენ და რუსებიც. დავიწყებ თეიმურაზ გაიდამაშვილიდან, შემდეგ იყვნენ: კონსტანტინე ცვიგუნი, ვილენ პავლოვი, ვილენ კაზიარი, ყველას ახლა ვერ ჩამოვთვლი, ჩამოწერილი მაქვს. ყველას წიგნის ავტორია საზღვაო სფეროში.
ერთ–ერთი უძლიერესი გემის კაპიტნის თეიმურაზ გაიდამაშვილის სიტყვები გემზე ყოფნისას ხშირად მეხმარება. აგრეთვე – ჩემი პირველი პედაგოგის, შორეული ნაოსნობის კაპიტნის გურამ კონცელიძის რჩევა – დარიგებები. მიხარია, რომ ბატონი გურამი დღეს ჩემს შვილიშვილს ასწავლის საზღვაო აკადემიაში.
– რა გასწავლეს ამ ადამიანებმა?
– ის, რაც ზღვას სჭირდება. ლტოლვა დიდი პროფესიონალიზმისადმი. თვითდაჯერებულობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი შემოწმებულია. თეორიის ღრმა ცოდნა, რომელიც პრაქტიკას ეხმარება. ნებისყოფა, გემისადმი და ნაოსნობისადმი უდიდესი სიყვარული. ერთგულება. პირიანი სიტყვა ეკიპაჟთან და კარგი ურთიერთობა.
სხვებმაც ბევრი მასწავლეს. ძალიან წესიერი ხალხი შემხვდა ჩემს საზღვაო პრაქტიკაში.
– რა პრიორიტეტი აქვს ზღვაოსნობას?
– ზღვაოსნობას ბევრი პრიორიტეტი აქვს. მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისითაც. თუმცა როდესაც რომელიმე კაპიტალისტური ქვეყნის გემზე მუშაობ, კარგ გასამრჯელოსაც იღებ. შეიძლება ვერასოდეს გამდიდრდე, მაგრამ საშუალო დონეზე მაინც ხარ, თუმცა მე ფინანსურ მხარეს წინ არ ვაყენებ.
– გასამრჯელოს გარეშეც გიმუშავიათ?
– მთავარი საზღვაო საქმისადმი სიყვარული და თავდადებაა, დანარჩენი ყველაფერი მოგვარდება. სხვათა შორის, საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში ხელფასების მიღება ფერხდებოდა. ჩვენი გემიც გამონაკლისი არ იყო. ხან თვეების განმავლობაში ხელფასს ვერ ვღებულობდით, მაგრამ მთელი ეკიპაჟის სიყვარული საქმისადმი იმდენად დიდი იყო, რომ ეს სამუშაო პროცესზე არ ასახულა. არ ვიცი, როგორ მივაღწიე, მაგრამ გემზე საუკეთესო პირობები მქონდა ყოველთვის. საქართველოში სამოქალაქო ომის დროს ბათუმში რომ შემოვედით, ომის ხელი ყველაფერს ემჩნეოდა. ნავსადგურში შესულ ჩვენს გემზე „აკაკი წერეთელი“, იდეალური წესრიგი იყო. ყველას გაუკვირდა, თითქოს რაღაც ახალი მოხდა. არაფერი, ჩვეულებრივია, ეს ხომ ჩვენი საქმე იყო.
– პატარძეულის მუზეუმი – კავშირი მსოფლიოსთან…
– აქედან მთელ მსოფლიოს ვუკავშირდები. როდესაც აქ ვარ, გემისგან შორს არ ვიმყოფები… სადაც მინდა, იქ მაქვს კავშირი. გემზეც ეს გადამცემები გვაქვს. როგორც გემზე, ისე ვგრძნობ თავს, არადა, კახეთში ვარ. ყველაფერია იმისთვის, რომ გემთან კავშირი არ დაკარგო.
– მუზეუმის შექმნის იდეა… პირველი ნივთი…
– პირველი ნივთი ორმოცდაოთხი წლის წინ ჩამოვიტანე. ეს არის იალქნიანი გემი. ოდესაში ვიყავი. იქაური მუზეუმი დავათვალიერე და მეც გამიჩნდა სურვილი, საქართველოშიც მქონოდა ასეთი მუზეუმი. იქვე პატარა ჯიხური იყო. იალქნიანი გემი მომეწონა. ძვირი არ ღირდა. ვიყიდე და დავიწყე საზღვაო ნივთების მოგროვება. ახლა უკვე ბევრი ნივთი და ექსპონატი მაქვს, რომლებსაც უადგილობის გამო აქ ვერც კი ვფენ… მას მერე იალქნიან გემზეც ვყოფილვარ და წყალქვეშა გემზეც.
– ბევრი ნივთი ნაჩუქარია…
– უცხოეთში, სადაც იგებენ, რომ მუზეუმი მაქვს სახლში, პატარ-პატარა საზღვაო სუვენირებით მამარაგებენ. ხორვატიაში ორი გემიდან მოხსნილი ნივთი მაჩუქეს. ჩემთვის ძვირფასი იყო, თორემ ზოგისთვის ჯართია. ეს უკვე ანტიკვარული ნივთია, „ლაგი“ ჰქვია, რომელიც გემის სიჩქარეს აჩვენებდა საუკუნეების მანძილზე. ქვეყანა გემს ჰგავს. თუ ქვეყანა სწორად იმართება, ყველაფერი მოგვარებულია.
– გემის მონათვლა…
– გემს ყოველთვის ქალი ნათლავს. შამპანურის ბოთლს ურტყამს გემს და შემდეგ, ბოთლის ზედა ნაწილი ყოველთვის ინახება გემზე თავისი წარწერით. ჩემს მუზეუმსაც ამშვენებს არაერთი ასეთი „ექსპონატი“. ეს არის ჩემი მონათვლის დიპლომი – 1970 წელს, ტანკერ „კლაიპედოზე“ მომცეს. იქ მოვინათლე. დასავლეთ აფრიკის სანაპიროებთან ეკვატორი გადავლახეთ. თევზსაჭერ გემებს ვაძლევდით საწვავს.
– რამდენიმე ზარი გაქვთ თქვენს მუზეუმში.
– როდესაც იგებდნენ, რომ ახალ გემს ვღებულობდი, ყველა მჩუქნიდა ზარს. სწორედ ეს ზარებია გამოფენილი ჩემს მუზეუმში.
– ხშირად რამდენიმე თვე ოჯახთან კავშირის გარეშეც ყოფილხართ.
– ახლა, როცა გემზე ვარ, ჩემი ოჯახის წევრებს თავისუფლად შეუძლიათ იქ დამიკავშირდნენ. დღეში სამჯერ ვრეკავ სახლში. სამხედრო გემებს რომ ვემსახურებოდი (საწვავს ვაწვდიდით), მხოლოდ ერთხელ გვქონდა დეპეშის გამოგზავნის უფლება. ტელეფონით დარეკვაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო. ჩემებისთვისაც პრობლემა იყო დეპეშის გამოგზავნა. ვინც ბათუმში ცხოვრობდა, ისინი შედარებით ადვილად ახერხებდნენ: მიიტანდნენ რადიოცენტრში დეპეშას და გაგზავნიდნენ. ჩემს შემთხვევაში უფრო რთულად იყო საქმე: ჩემი უნდა მიეტანათ: ჯერ პატარძეულის ფოსტაში, პატარძეულიდან საგარეჯოს ფოსტაში, საგარეჯოდან – თბილისში, თბილისიდან – ბათუმში და ბათუმიდან – გემზე. რომელ დეპეშაზეა ლაპარაკი?! იმდენი დრო სჭირდებოდა. ხშირად გზაში იკარგებოდა, ხან სამი თვე გადიოდა, სახლში არ იცოდნენ, სად ვიყავი. აი ასეთი გზა გავიარე.
– დღეს გამარტივებულია ეს ყველაფერი?
– დღეს უკვე შეცვლილია: ახლა შემიძლია თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით დავუკავშირდე გემს და უმოკლეს დროში მივიღო პასუხი. შეიძლება საოცრებად მიიჩნიოთ, მაგრამ ახლა შემიძლია გავხსნა საზღვაო მენეჯმენტის ოფისი კახეთის ერთ-ერთ სოფელში და იქიდან ვიმუშაო. მენეჯმენტის ერთ-ერთი პრინციპია, აეროდრომის სიახლოვე, რადგან თითოეული გემი უნდა მოინახულოს მენეჯმენტის თანამშრომელმა. თუ აეროპორტი შორს არის, ეს ცოტა რთულია. აქედან აეროპორტში კი დაახლოებით ოც წუთში ჩავდივარ. ასე რომ, ჩვენ ეს აუცილებელი პირობაც გვაქვს.
– რა არის კაპიტნის ოცნება…
– ახალგაზრდობაში ჩემი ოცნება ყოველთვის იყო, საფრანგეთში გემით კახური ღვინის გადაზიდვა. სხვათა შორის, ალექსანდრე ჭავჭავაძეს ქართული ღვინო სწორედ საფრანგეთში გაჰქონდა. ასევე ოცნებად მაქვს საქართველოში ისეთი მეზღვაური ბიზნესმენი გამოჩნდეს, რომელიც საკუთარ ქართულ ფლოტს შექმნის. მეზღვაურ ბიზნესმენს იმიტომ ვამბობ, რომ მასსავით არავინ იცის, რა არის ზღვაოსნობა.
– რით განსხვავდებიან ქართველი და უცხოელი ბიზნესმენები ერთმანეთისგან.
– უცხოეთში ნამდვილი ბიზნესი საგვარეულო საქმეა. მამის დაწყებულ საქმეს შვილი აგრძელებს და აგროვებს კაპიტალს. ჩვენთან კი სულ სხვაგვარადაა. ბიზნესს სათავეში უდგანან ადამიანები, რომლებმაც უცებ დიდი თანხა იშოვეს გაურკვეველი გზით და მოახდინეს ამ ფულის კაპიტალდაბანდება. ზოგიერთი მათგანი მართლა დიდ საქმეს აკეთებს და პატივისცემას იმსახურებს, მაგრამ ბევრია ისეთი, რომელიც ქვეყნაზე არ ზრუნავს.
– და თუკი მთავრობა გახდება ფლოტის მფლობელი?
– ის კორუფციის ბუდედ გადაიქცევა. ჩემი გემი ასოცი მილიონი დოლარი ღირს. ჩემი ფირმის მფლობელი 200 გემს აკონტროლებს. მართალია, ყველა მისი არ არის, მაგრამ მისი წლიური მოგება საქართველოს ბიუჯეტზე ნაკლები არ არის.
– თუკი სახელმწიფოს მოგებას მოუტანს, რატომ არ შეიძლება შეიქმნას სახელმწიფო ფლოტი?!
– მოგებას მოუტანს იმ შემთხვევაში, თუ სწორი მენეჯმენტი ჩამოყალიბდება და დაკომპლექტდება პროფესიონალი კადრებით.
– სადაა გამოსავალი?
– როგორც მოგახსენეთ, პროფესიონალი კადრების აღზრდაში და მათ დაახლოებაში საერთაშორისო საზღვაო სტანდარტებთან.
– საოცნებო ქვეყანა… გამორჩეული სახელმწიფო.
– თითქმის ყველა ქვეყანაში ვარ ნამყოფი… მე რომ საზღვაო გემების სუპერინტენდანტი, ხომალდების დამკვირვებელი ვიყავი, იმ ქვეყნებშიც კი მომიწია მუშაობა, რომლებსაც ზღვა არ აქვს. გამორჩეული საზღვაო სახელმწიფო არის ინგლისი. ეს ის ქვეყანაა, სადაც შეხვალ საზღვაო მუზეუმში და ზღვის სუნს იგრძნობ. ბევრი რამ, რასაც ჩემს მუზეუმში ხედავთ, ინგლისიდან ჩამოვიტანე. ჩემი საოცნებო ქვეყანა ჩემი საქარათველოა. შემეძლო ნებისმიერ ქვეყანაში მეცხოვრა, მაგრამ ჩემი ადგილი აქ არის. არავის არ ვუსურვებ, რომ სამუდამოდ დატოვოს სამშობლო.
– ნოსტალგია…
– ორმხრივი ნოსტალგია მაწუხებს: ზღვის და ხმელეთის. როდესაც ზღვაზე ვარ, მენატრება სამშობლო, ოჯახი და ახლობლები. როდესაც ხმელეთზე ვარ, ზღვის ნოსტალგია მეწყება.
– განსხვავებული ადამიანები…
– ყველანაირი ადამიანი შემხვედრია, როგორც მაღალ ცივილიზებული, ასევე განვითარების დაბალ საფეხურზე მდგომი. შევხვედრივარ რამდენიმე ტომის ბელადსაც აფრიკის ქვეყნებში. 70-იანი წლებიდან სულ ნაოსნობაში ვიმყოფები. გარეგნობით და წეს-ჩვეულებებით ჩვენთან საკმაოდ ახლოს დგანან ესპანელები, იტალიელები და სამხრეთ საფრანგეთში მცხოვრები ხალხები.
ერთხელ ესპანეთის პორტ – ტარაგონაში დგომის დროს, გემზე ჩემთან მოვიდა შემოწმებაზე ბასკი ქალბატონი, სახელად ოდოია, რომელმაც იცოდა ქართველებისა და ბასკების ნათესაობის შესახებ, რამაც ძალიან გამახარა.
– ყველაზე რთული პროფესია გემზე…
– გემზე ყველა პროფესია რთულია. ყველა ერთ ხომალდში ვართ, და თუ რაღაც საფრთხეა, ეს ყველასთვის ერთია. კაპიტნის პროფესია განსხვავებული იმით არის, რომ არა მარტო გემზე აგებს პასუხს, არამედ – ეკიპაჟის თითოეულ წევრზე. აგებს პასუხს ნებისმიერი სახელმწიფოს წყლებზე, სადაც გადის გემი. გემი კი გადის ყველგან. უმეტეს შემთხვევაში, გემი დატვირთულია სახიფათო ტვირთით. ხანდახან რამდენიმე დღე გადაბმულად არ მიძინია. მიზეზი იყო დატვირთული მუშაობა. მაშინ კაპიტნის თანაშემწე ვიყავი, ტვირთი მებარა. ყველა სანაპიროზე სეირნობდა. მინდოდა მეც, მაგრამ ტვირთს ვერ ვტოვებდი. დიდი პასუხისმგებლობაა. კაპიტანი პიროვნულდ უნდა იყოს ძლიერი. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას უნდა უთავსებდეს ერთმანეთს, ექსტრემალურ სიტუაციაში გამოსავლის პოვნის უნარი უნდა ჰქონდეს, ეკიპაჟის წევრებთან მეგობრული და პროფესიონალური ურთიერთობის, მათი აზრის მოსმენის და გაზიარების უნარი უნდა გააჩნდეს. ის პირად მაგალითს უნდა აძლევდეს ეკიპაჟის წევრებს.
ორი წლის წინ ექვსთვიანი კონტრაქტი მქონდა. ექვსი თვის მანძილზე ხუთი თვე სულ შტორმი იყო. შტორმში ვერ დაიძინებ. მე გავუძელი, მაგრამ ერთი მეზღვაური მყავდა, მოვიდა ერთ დღეს და მითხრა: ვეღარ ვუძლებ, მიშველე რამე, სახლში გამიშვიო. დაველაპარაკე და ვუთხარი: მოიცადე ცოტაც და რამე გვეშველება- მეთქი. მართლაც, მალე გვეშველა და ცოტა ხანში თავისი ამბავი სულ აღარ ახსოვდა. მერე მითხრა, კიდევ კარგი, დამელაპარაკეო. ბევრი ვერ უძლებს ნერვულ სტრესს. ყოფილა შემთხვევა, თავის მოკვლაც უცდიათ. მიზეზი სხვადასხვაა. ერთი 14 თვე იყო შემცვლელის გარეშე. კაპიტანს უთხრა, გამიშვიო, მაგრამ შემცვლელი ვერ მოიძებნა. ბევრი ადამიანი გადამირჩენია. ზოგს ზღვის ავადმყოფობა ემართებოდა, ზოგს – სიგიჟე. მათთან საუბარს, თანადგომას დიდი როლი უთამაშია. მიდგომასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როცა იმდენ ხანს გაგრძელებულა ჩემი მუშაობა, რომ რეისიდან დაბრუნებული ჩემს მცირეწლოვან შვილებს ვეღარ ვუცვნივარ.
– ნამდვილ მეზღვაურს ზღვის გარეშე ცხოვრება შეუძლია?
– ზღვა, იცით, რა არის? ბედია. ზღვაში რომ მოხვდებით, იქ ყველაფერი კარგი არ არის. ძალიან ძნელია და მოცილებული ხარ ყველაფერს. მაგრამ შენს თავს უნდა დაუსვა კითხვა, რისთვის ხარ. იქ უნდა იყო თუ აქ. და უნდა გასცე პასუხი: „იქ“. თუ ასეთი პასუხი ვერ გაეცი, მაშინ არასოდეს იქნები მეზღვაური. აქ ვარ ახლა მე, როგორც ტურისტი, შემთხვევით ჩამოსული. ჩემი ადგილი იქ არის. აი, ეს არის ზღვა. ეს ძალიან რთულია. სახლშიც კი ვერ იგებენ ამას. ეს რომ გაიგო, იმდენი წელი უნდა იყო ზღვაში, რამდენიც მე ვარ. ეს არის ჩემი სამყარო. ამ მუზეუმის აზრიც სწორედ ეგ არის. ეს რომ არ იყოს, ალბათ მე ვერ გავძლებდი. ამოვდივარ აქ და თითოეული ექსპონატი გემს მაგონებს. ექსპონატების გარდა, მე მაქვს ძალიან ბევრი ჩანაწერი. ხშირად გადავხედავ ხოლმე და ამ დროს პრაქტიკულად იქ, ზღვაში ვარ.
– წყალქვეშ თუ ყოფილხართ?
– წყალქვეშაც ვყოფილვარ, დამიყვინთავს კიდეც. ერთი ფანატიკოსი მეგობარი ვალერი ბოჩოიძე, თბილისელი ბიჭი მყავდა. სამწუხაროდ, აღარ არის ცოცხალი. მაგრად ყვინთავდა. ვალერის სამი წუთი შეეძლო წყალში გაძლება. ერთხელ, რომ აღარ ამოდიოდა, გემის კორპუსს დავუწყე ცემა. ამოვიდა და გაკვირვებულმა მკითხა, რა ხდებაო? ნიჟარებს ვეძებდით. ის ნიჟარები მუზეუმშიც გამოვფინე.
– დასამახსოვრებელი ადამიანები…
– ვაშინგტონში ჯონ მალხაზ შალიკაშვილთან მისაუბრია, ფოტოც გადავიღეთ. ლონდონში საქართველოს ელჩთან ერთად შევხვდი „მსოფლიოს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის“ მდივანს – ბატონ ო’ნილს. მეორე დღეს ჩვენზე ჟურნალშიც დაიწერა. ემიგრანტ გივი ზალდასტანიშვილს, ასევე, ჩემს გემთმფლობელს – გენრიხ შოლერს და კიდევ ძალიან ბევრ ცნობილ პიროვნებას შევხვედრივარ, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.
– როგორია გემთფლობელთა დამოკიდებულება საკუთარ კაპიტნებთან?
– მათ ძალიან კარგი დამოკიდებულება გამოარჩევთ საკუთარ თანამშრომლებთან და გემის კაპიტნებთან. მე მალე პენსია მიწევს. ჩემი გემის მფლობელი მეუბნება, რომ თუ შევძლებ, შემიძლია თუნდაც ოთხმოც წლამდე გავაგრძელო მუშაობა. ეს დიდი პატივია. ძალიან უბრალო ადამიანია. კვიპროსზე შესვენება რომ გვქონდა, ისიც ისეთ „სენდვიჩს“ ყიდულობდა, როგორსაც მე.
– რამდენჯერ ყოფილხართ სიკვდილ–სიცოცხლის ზღვარზე?
– 45- ჯერ შევბრძოლებივარ სიკვდილს. ეს რისი ჩანაწერებიც მაქვს. ამის შემდეგ მივხვდი, აზრი აღარ აქვს, დავამატო კიდევ რამდენი იყო. ერთ შემთხვევას მოგიყვებით. ჩავფრინდი ამერიკაში. ერთ–ერთ გემზე უნდა ავსულიყავი შესამოწმებლად. ძალიან ცუდი ამინდი იყო. კანადისა და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვარზე არის ასეთი ნავსადგური, „პორტლანდი“. ავდივარ გემზე და ტრაპი ამოტრიალდა. როგორც ჩანს, დამაგრებული არ იყო. გემსა და ნავსაყუდელს შორის ოცდახუთი მეტრის სიმაღლიდან ყინულებში ჩავვარდი. მანამდე გამოშვერილ კონსტრუქციებს სასწაულებრივად ავცდი, თორემ დავიშლებოდი. ეკიპაჟის წევრებმა ვერ დამინახეს. ფსკერზე დავეშვი. მახსოვს, გონს ვკარგავდი. არ ვიცი, როგორ მოვახერხე ძალების მობილიზება და ზედაპირზე ამოვცურე. სწორედ ამ დროს შემამჩნია ერთმა ამერიკელმა ტერმინალის დამკვირვებელმა. მაშველი რგოლი გადმომიგდო, მაგრამ ძველი აღმოჩნდა და ჩაიძირა. შემდეგ მიხვდა, ახალი გადმოეგდო. მივცურდი გემთან, მაგრამ გემს არ ჰქონდა ტრაპი. ეკიპაჟის სხვა წევრები მომეხმარნენ და გადავრჩი. სასწაული ის იყო, რომ წყალში არ გავიყინე. წყლის ტემპერატურა პლიუს 3-4 გრადუსი იყო. ამ ტემპერატურაზე ადამიანს მხოლოდ 7-8 წუთი შეუძლია წყალში გაჩერება. მერე ჰიპოთერმია ეწყება და იღუპება, მე ოცდახუთი წუთი ვიცურე და მერე კი, როდესაც თოკის კიბე დაამაგრეს, გემის ბორტზე ჩემი ძალებით ავედი.
– როგორ იცავთ გემის უსაფრთხოებას?
– ბოლო პერიოდში გახშირდა მეკობრეების თავდასხმები გემებზე. ჩვენს შემთხვევაშიც იყო რამდენიმე ასეთი ინციდენტი და სროლით მოვიგერიეთ. შეიარაღებული რაზმი გვყავს ხოლმე და ამ შეიარაღებული რაზმით გავდივარ, ძირითადად, სარისკო ზონებში. დაცული სხვანაირად არ ხარ. გემი თუ წაგართვეს და ეკიპაჟი ტყვედ აიყვანეს, იწყება ურთულესი პრობლემები. ჩვენ, სამოქალაქო პირებს იარაღის ქონის უფლება არ გვაქვს გემზე. თუ პრესტიჟული საზღვაო კომპანიაა, ის ტყვეობაში მყოფ თავის გემსა და მეზღვაურებს არ ტოვებს და, რა თქმა უნდა, გამოსასყიდს იხდის.
– გულისტკივილი…
– საქართველო არის საზღვაო სახელმწიფო. მინდა, რომ ამ საქმეს დიდი რეკლამირება ჰქონდეს, შედეგი იყოს სახეზე და არ ებადებოდეთ კითხვა, კახელს ზღვაში რა უნდაო.
– მიზანი?
– მიზნის გარეშე ადამიანი ალბათ ადამიანი აღარ არის. მიზანი ის არის, რომ უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა და სათანადო დონეზე დავაყენოთ ყველამ ერთად. ჩვენ იმხელა პოტენციალი გვაქვს, რომ თუ მოვინდომეთ, სხვა ქვეყანასაც გადავარჩენთ. ისტორიულად ქართველებს ეს უკვე გაუკეთებიათ. ეს ნიჭი ჩაძინებულია. მჯერა, რომ გაიღვიძებს, და გარკვეულწილად გაღვიძებულიც არის.
–ასეთი დიდი ინტერესი ზღვისადმი თქვენს შვილიშვილებს თუ აქვთ?
– მე მინდა, რომ ჰქონდეთ. ჩემი ერთ-ერთი შვილიშვილი საზღვაო აკადემიაში, მეორე კურსზე სწავლობს. მინდა ღიად გითხრათ, მე რომ მქონდა, მას ისეთი დაინტერესება არა აქვს. ფიქრობს, რომ ვერ შეძლებს იმას მიაღწიოს, რაც მე შევძელი, მე ვეუბნები, შენ უფრო წინ უნდა წახვიდე – მეთქი, როგორც ჩვენში იტყვიან: „ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასაო“, – ყველაფერი მაინც მასზეა დამოკიდებული. დანარჩენი შვილიშვილები ჯერ პატარები არიან. მომდევნოს, ჰენრის რომ ჰკითხეს, ზღვაში თუ წახვალო, მეტი გზა არა მაქვსო, უპასუხა.
– რას ურჩევდით ახლანდელ ახალგაზრდებს?
– უფრო მეტ პასუხისმგებლობას ქვეყნისა და ოჯახის წინაშე, კარგ სწავლას ნაკლები დროის დათმობას გართობაზე…
– ყველაზე ღირებული, რაც შეგიქმნიათ?
– ოჯახი – შვილები და შვილიშვილები.
–ახლიდან რომ იწყებდეთ…
– მე თვითონ ვუსვამ ჩემს თავს ხშირად შეკითხვას, რა იქნებოდა, ახლიდან რომ ვიწყებდე? აუცილებლად იგივე გზას ავირჩევდი. ზღვის გარეშე შეუძლებელია ჩემი ცხოვრება. ეს მუზეუმიც იმიტომ გავაკეთე. თბილისში ვერ ვჩერდები. პატარძეულში რომ ვარ, თავი გემზე მგონია. ყველაფერი ისე მაქვს მოწყობილი, როგორც გემზე. ხომ გითხარით, აქედანაც შემიძლია კონტაქტი მქონდეს გემთან. თბილისში როცა ვარ, ღამე მეღვიძება, ვერ ვიძინებ და აქეთ გამოვრბივარ. აქ, პატარძეულში, ჩემი სამყარო მაქვს.
ირმა მირზაშვილი