ტარაკანა „მილკო ფუდის“ მაწონში – რას აცხადებენ კომპანიაში
რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანია “მილკო ფუდის” პროდუქტში ტარაკანა აღმოჩნდა. ფაქტის ამსახველი ფოტომასალა ერთ-ერთმა მომხმარებელმა ფეისბუქის გვერდზე განათავსა.
როგორც მან „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, „მილკოს“ მიერ წარმოებული მაწონი რამდენიმე დღის წინ ნუცუბიძის პლატოზე, სუპერმარკეტ „ზღაპარში“ შეიძინა, გახსნისას კი პროდუქტში ტარაკანა იპოვა. მომხმარებელი ამბობს, რომ მაწონი მარკეტისთვის არ დაუბრუნებია, რადგან პროდუქტი ქარხნულად იყო შეფუთული. მან კომპანია „მილკო ფუდს“ ფაქტის შესახებ მაშინვე აცნობა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
„კვირა“ დაინტერესდა, თუ როგორ აღმოჩნდა რძის პროდუქტში ტარაკანა და რამდენად არის დაცული სანიტარული ნორმები „მილკო ფუდში“. კომპანიის ხარისხის მართვის მენეჯერი თამაზ მახარაშვილი კომპანიაში სანიტარული ნორმების დარღვევას გამორიცხავს. მისი განცხადებით, „მილკოს“ პოლიეთილენის ქილებით კომპანია „თეგე“ ამარაგებს და დიდი ალბათობით, ქილაში მწერი იქამდე იყო, სანამ მაწონი ჩამოისხმებოდა. ამის მიუხედავად, მახარაშვილი აცხადებს, რომ პასუხისმგებლობა კომპანია „მილკო ფუდსაც“ ეკისრება.
„ჩვენთან სანიტარული ნორმები უმაღლეს დონეზეა დაცული. გამორიცხულია, პროდუქტში მოხვედრილიყო ამხელა ზომის ტარაკანა, რადგან სანამ მაწონი ქილებში მოთავსდება, უამრავ შემოწმებას გადის. ფილტრაცია უმაღლეს დონეზე ხდება. დიდი ალბათობით, ტარაკანა ქილებში იყო, რომელიც დაფასოებულია და აქამდე არ მოწმდებოდა. ვფიქრობთ, რომ კომპანიასთან თანამშრომლობაზე ამ და სხვა დარღვევების გამო, უარი ვთქვათ. თუმცა პასუხისმგებლობას ჩვენს თავზეც ვიღებთ, რადგან ჩვენც უნდა შეგვემოწმებინა“, – განაცხადა მახარაშვილმა.
ხარისხის მართვის მენეჯერის ინფორმაციით, დღეიდან „მილკო ფუდის“ ადმინისტრაციამ ქილების მკაცრად გაკონტროლების გადაწყვეტილება მიიღო.