სამყარო “სულის სარკმლის მიღმა", ანუ სამი მუზის ერთგულება
14 წლის პოეტი, მხატვარი და პიანისტი ყველაზე პატარა პერსონაა, ვინც კი ამ რუბრიკაში გვყოლია. იგი ერთდროულად სამ სასწავლებელში: ნიჭიერთა მუსიკალურ ათწლედში, ამერიკულ სკოლასა და რესპუბლიკურ სამხატვრო სასწავლებელში სწავლობს. საქართველოში უკვე გაიმართა მისი ხელოვნების საღამო, ხვალიდან კი იტალიაში ეწყება შემოქმედებითი ტურნე. იცნობდეთ,- ლიზი ბუდაღაშვილი.
– ლიზი, შენ ყველაზე ახალგაზრდა ,,პერსონა“ ხარ მათ შორის, ვინც ამ რუბრიკაში ჩამიწერია... როგორ ფიქრობ, საჭიროა, დრო და წლები , რომ ადამიანი პერსონად, ანუ პიროვნებად ჩამოყალიბდეს, თუ შენ გამონაკლისი ხარ?
– მადლობელი ვარ, რომ თქვენი რუბრიკის სტუმარი ვარ… ჩემი აზრით, ყოველი ადამიანი თავისთავად პერსონა, ანუ პიროვნებაა… ინდივიდუალურობა ადამიანს დაბადებიდან დაჰყვება, საკუთარი უნარ–ჩვევები მეტნაკლებად პატარა ბავშვებსაც ხომ ანსხვავებს ერთმანეთისგან… შემდეგ კი ზრდის პროცესში, დროის დინებისას მასზე მოქმედებს სოციალური გარემო, ოჯახი და უამრავი სხვა ფაქტორი და მათი გავლენით ადამიანები თავიანთ პიროვნებას უფრო გამოკვეთავენ. ოღონდ გაააჩნია,- ვინ რა მიმართულებით, კარგისკენ თუ ცუდისკენ. უფრო მეტად წარმოაჩენენ საკუთარ პერსონას. კარგ, საინტერესო, მე ვიტყოდი, უფრო მისაღებ პერსონად გადაქცევას, რასაკვირველია, წლები და გამოცდილება ნამდვილად სჭირდება… პიროვნება ჩემთვის ასოცირდება ადამიანთან, რომელსაც კარგად აქვს გათავისებული საკუთარი ადამიანური როლი, რომელიც სხვებს არ ჰგავს, რაღაცით გამორჩეულია და არასდროს ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ, ანუ- ვინც არის ის,- ვინც არის…
– ლიზი, 14 წელი ცხოვრების შესაცნობად არც ისე დიდი დროა…
– დიახ, და მიუხედავად ამ მცირე დროისა, არ მახსენდება ერთი შემთხვევაც კი, რომ ჩემს გამონაკლისობას ხაზი გასმოდა. პირიქით, ერთი ჩეულებრივზე ჩვეულებრივი პიროვნება ვარ და თუკი ვინმეს მაინც მიაჩნია, რომ განსხვავებული ვარ, ეს უბრალოდ სასიამოვნოდ მოსასმენია და იმის სტიმულს მაძლევს, რომ არჩეული ცხოვრების გზა გავაგრძელო.
მახსოვს, 10 წლის ვიყავი, როცა დავწერე: “ცხოვრებას ჩვენ ვირჩევთ. ვირჩევთ ან თეთრს, ქათქათას ან კუპრივით შავსა და საშინელს, ან ფერადი პეპლებითა და ბაფთებით აჭრელებულს, ან მაქმანებით მორთულს ან ჯამბაზივით გამოწყობილს ან მუსიკალურად დამათრობელს, ან კიდევ მაღალი ტონით უხეშად ნამღერს…მე როგორი მინდა? წინ დიდი გზაა… ფართო, ეკლიანიც, ქვიანიც, ყვავილიანიც…როგორ გავივლი ამ გზაზე? გაბედულად, იმედიანად, სიყვარულით, შრომით, ვალმოხდილად? ისე როგორც ღვთის შვილს შეეფერება? მე მოვინდომებ, შევეცდები, ვიცხოვრებ ისე, რომ ჩემი ყოველი დღე უკანასკნელს ჰგავდეს; რადგან მჯერა, რომ თუ ასე ვივლი, ეს გზა არ დამთავრდება და ისევ ქათქათა ღრუბლიანი, სხივმოფენილი ცა გამოჩნდება, ისევ ლამაზი ჰანგები იფარფატებენ და ჩემი ცხოვრების გზა… და ეს მრავალწერტილი უკვე მარადისობას შეუერთდება.‘’
– შენში შემოქმედებითი ნიჭი რამდენიმე მიმართულებით განვითარდა: ხატავ, წერ, უკრავ… რომელში რეალიზდება 14 წლის ლიზიკო ყველაზე სრულად?
– სულ ვამბობ, რომ ვერ გამოვარჩევ პოეზიას, მხატვრობას და მუსიკას ერთმანეთისგან. ერთ–ერთ საღამოზე ვთქვი: უფალი ხომ ამ სამყაროს შემოქმედია, თითოეული ჩვენგანი კი თავისთავად პატარა შემოქმედები ვართ, რომელნიც უფლის მიერ შექმნილ სამყაროს ფერებზე ჩვენებურად ვუსვამთ ხაზს: ფუნჯით, კალმით თუ ნოტით… მადლობა უფალს, რომ მე ეს სამივე შემიძლია.. თუმცა, ჩემი პიროვნება უფრო პოეზიაში რეალიზდება… როცა ლექსში ჩავიცლები ხოლმე, ტილოზე გადავდივარ, მერე ამ დახატული ტილოდან მელოდია მესმის და ახლა უკვე იმას ვინიშნავ.. რა ვიცი, ზუსტად როგორ ავხსნა…დინებას მივყვები ხოლმე…
– ლიზი, ნიჭიერთა მუსიკალურ ათწლედში, ამერიკულ სკოლასა და რესპუბლიკურ სამხატვრო სასწავლებელში სწავლობ, თავს განსაკუთრებულ მოსწავლედ გრძნობ?
– მე რომ სამ სკოლაში ერთდროულად ვსწავლობ, ამის გამო თავი არ შეიძლება განსაკუთრებულად ჩავთვალო, დაბალ კლასში სწავლებისას გავაპროტესტე სკოლაში სიარული, ამის მიზეზს ვერ ვხსნიდი და რაღაცებს ვიგონებდი, მაგალითად მეძინება – მეთქი.. მერე გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ მე იმ მასალას თურმე უკვე ვფლობდი, რასაც მაწვდიდნენ და ხელახლა მისი გავლა კი მომაბეზრებელი იყო.. ასე აღმოვჩნდი ჩემზე მოზრდილების კლასში. ადრე კი ჯერ კიდევ ბაღში ყოფნისას ანბანითა და მათემატიკით დავინტერესდი, ეს უბრალოდ ჩემი არჩევანი იყო…
– ლიზი, საკუთარი თავის პირისპირ დარჩენილი ბევრს ფიქრობ?
– საკუთარ თავთან დარჩენა პირისპირ იოლი ნამდვილად არ არის…ძირითადად, თვითკრიტიკული ვარ და მგონი – ზედმეტადაც. ეს ბოლო პერიოდია, საკუთარ თავთან დარჩენილი ვცდილობ, რომ არაფერზე ვიფიქრო.. მაგრამ მანამდე ფიქრებში ყველაფერს ვედებოდი, ყველაფერი ერთმანეთში იხლართებოდა და ათასი პრობლემა იბადებოდა… ცხოვრება ბევრად უფრო რთული მეჩვენებოდა, ეს კი თითქოს სტიმულს მიკარგავდა. მე არ ვამბობ, რომ ფიქრის შეწყვეტაა საჭირო ან ანალიზი არ უნდა გაუკეთდეს ქმედებებს, მაგრამ ყველაფერზე დაფიქრებაც ქაოსს იწვევს…
– გალერეა ,,ვანდაში” ნახატების გამოფენა– კონკურსში შენი ორი ნამუშევარი ნომინაციაში ,,საუკეთესო ტექნიკა“დაჯილდოვდა.
– დიახ, ამ ცოტა ხნის წინ დაჯილდოვდა ჩემი ორი ფერწერული ნამუშევარი ,,ზამთარი” და ,,წვიმა სახურავებზე” . ისინი,,საუკეთესო ტექნიკის” მქონე ნამუშვრებად გამოარჩიეს. რასაკვირველია, გამარჯვება სასიამოვნოა… რომ შენი შექმნილი, რაშიც შენს სულს დებ, თურმე სხვებსაც მოსწონთ…
– მუზა ხშირად გაკითხავს და შენც ხშირად წერ ხოლმე მასზე...
– რაც შეეხება მუზას, მისი სტუმრობა, მართლაც, ძალიან მოულოდელია. სხვათა შორის, ზუსტად ამაზე ლექსი დავწერე: ,,წვიმას მოყოლილი მუზა“ და ჩანახატი ,,როგორ დავკარგე მუზა”, სადაც ხაზგასმული მაქვს, რომ მუზა შეიძლება წვიმას, თოვლს, ქარს მოჰყვეს, ან შეიძლება ნაირფერებში გამოწყობილი თუნდაც კაფეში დაგვადგეს თავს… მუზას გაფრთხილება და პატრონობა სჭირდება, თორემ ვაითუ, ეწყინოს და მიგვატოვოს კიდეც.. მე ყოველთვის იმედიანად ვარ, რადგან ვიცი, რომ მას ჩემთან ყოფნა ნამდვილად მოსწონს… რაც შეეხება ნახატებს, ძირითადად, იმაზე ვხატავ, რაზეც ვოცნებობ… ნახატებში დეტალების დაკონკრეტება არ მიყვარს, მაგალითად, როგორიც სახეებია… ვფიქრობ, მნახველი არ უნდა მოაქციო ჩარჩოებში, არ უნდა მიუთითო, რომ ეს ჩემი დახატული გინდა თუ არა შენც ჩემნაირად უნდა დაინახოო. დაე, მან თავად ამოიკითხოს ნახატში შენი ოცნებები და ამ ოცნებებით ისიამოვნოს… ჩემი დამოკიდებულება მხატვრობაზე პატარა ჩანახატში ჩავდე და იქიდან პატარა მონაკვეთს გაგაცნობთ:
,, – გინდა გამოგცადო, ხარ თუ არა ნამდვილი მხატვარი? –კარგი, კარგი გამომცადე.. – მომკალი, მაგრამ ხელით არა, ფერით მომკალი; – მანახე, ოღონდ თითით არა, ფერით მანახე; – მაგრძნობინე, ოღონდ სიტყვით არა, ფერით მაგრძნობინე; -შემაყვარე, მაგრამ აღწერით არა, ფერით შემაყვარე; – მაოცნებე, ოღონდ ბრძანებით არა, ფერით მაოცნებე; – მთხოვე, ოღონდ დაჩოქვით არა, ფერით მთხოვე; – შემისრულე, ოღონდ საქმით არა, ფერით შემისრულე; – მამოგზაურე, მაგრამ ტრანსპორტით არა, ფერით მამოგზაურე…
– შეგიძლია? – ეს ყველაფერი როგორ? შეუძლებელია! – მხატვრის ხელით ყველაფერი შესაძლებელია… შენ არ ყოფილხარ ნამდვილი მხატვარი“.
– ლიზი, საუბრობ დედამიწაზე არსებულ სულთა კავშირზე. მინდა, გკითხო, ყველაზე მოულოდნელად მონათესავე სული სად ,,აღმოგიჩენია“?
– დიახ, დედამიწაზე ნამდვილად არიან მონათესავე სულები, რომელთა ნაცნობობას სულ არ სჭირდება დიდი ხნის ხორციელი ნაცნობობა… დაინახავ თუ არა, ხვდები, რომ შენნაიარია, იგრძნობ, რომ ალბათ ერთ დროს ერთად იყავით, მერე დაშორდით და ახლა ისევ აქ შეხვდით, მიხვდები, რომ ეს ის სულია, რომელიც გაგრძნობინებს, რომ უმისოდ ცხოვრება ძალიან გაგიჭირდებოდა, ის გათბობს და განათებს. სულს ასაკი არ აქვს, არც კვდება და არც ბერდება. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ დიდები და პატარები ზოგჯერ საოცრად უგებენ ერთმანეთს. სწორედ იმ მსგავსი, არცთუ ისე ბევრი სულის დამსახურებაა, რომ ძალიან გამთბარმა იარო ამ მიწაზე. ვისურვებდი, რომ მათი რიცხვი გაზრდილიყოს. ისინი ზოგი დიდია, ზოგი საშუალო ასაკის, ზოგიც პატარა, მაგრამ ჩემთვის ყველა ერთნაირად უთბილესია და უსაყვარლესი, უთქმელადაც, თვალებით რომ წაგაკითხებს სულს…
– ალბათ ამ შენი “თეორიის“ თანახმად დაარქვი საკუთარ შემოქმედებით საღამოს “სულის სარკმლის მიღმა“? ყველაზე უკეთ ვინ იხედება ხოლმე მის მიღმა?
– დიახ. შემოქმედებით საღამოს, რომელიც ცოტა ხნის წინ მქონდა, “სულის სარკმლის მიღმა” დავარქვი… ხშირად ვფიქრობ სათაურებზე… ვფიქრობ, რომ ყველაფერი თავდაპირველად სულს გადის… ჯერ შენ აგაფორიაქებს, გაიძულებს რაღაცის შექმნას, მერე ასეთი სახით გადადის მნახველსა და მსმენელზე… რასაკვირველია, ყველა ერთნაირად ვერ აღიქვამს შენს სულგამოვლილ ნაწარმოებს. ჩემი სულის სარკმელში ყველაზე უკეთ იხედება ის, ვისაც შეცნობა სწადია, ვინც, მართლაც, მონათესავე სულია და ვისთანაც მე თვითონ ვიხედები….
– ლიზი, დედის დამსახურებაა, რომ ასეთი ხარ?
– დღეს რომ ის ვარ, რაც ვარ, – ეს დედაჩემის აღზრდაა, ჩემი შეხედულებების ჩამოყალიბებაში მისი მონაწილეობაა, უფლის სიყვარულის სწავლა და მისი გამუდმებით გვერდში დგომაა ყველაფრის ლამაზად დანახვისა და სიკეთის დანახვის და ქმნის უნარია, უამრავი რამაა, რისი მარცვლებიც დედამ დათესა…დღემდე ყოველი წუთი, ყოველი წამი და ყოველი საათი მხოლოდ და მხოლოდ სულის წვრთნაზე, მის საკვებზე ზრუნვაა…ეს გარედან სხვისთვის შუმჩნეველია, და დედაშვილობაა…
– ერთხელ ბლიცინტერვიუც აიღე საკუთარი თავისგან. ყველაზე მეტად რა კითხვაზე გაგიჭირდა პასუხი?
– ჩემი ბლიცინტერვიუს კითხვებიდან ყველაზე მეტ ხანს ვიფიქრე კითხვაზე: ,,ვუსმენ”…ამის გაგრძელება გამიჭირდა… ბევრ რამეს ვუსმენ, ბევრ ვინმეს ვუსმენ, დუმილის მოსმენა უფრო სასარგებლო და სასიამოვნოცაა…მაგრამ მეტწილად მაინც მუსიკას ვუსმენ, ამიტომაც დავწერე ,, ვუსმენ განწყობის მუსიკას- მეთქი”.
,, ვუსმენ სამყაროში ბუნების მუსიკასაც, რომელიც შეიძლება ნოტებად ჩაიწეროს… ასე დავწერე ჩემი მუსიკალური ნაწარმოებები…
– მოდი, ფანტაზიას მოუხმე: როგორი იქნები 20 წლის შემდეგ?
– ოცი წლის შემდეგ 34 წლის რომ ვიქნები?… ეს მეც მაინტერესებს? რა ვიცი, ალბათ გარეგნულად ცოტა შევიცვლები, შინაგანად კი – ისევ ბავშვური. ასე უფრო ადვილი იქნება ცხოვრება… ირგვლივ ალბათ მეყოლებიან: ჩემი საყვარელი ახლობლები, მეგობრები, ვინც ცხოვრებას მიფერადებენ. ალბათ რომელიმე დარგის სპეციალისტი ვიქნები (წინასწარ ვერაფერს ვიტყვი).ის კი ვიცი, რომ მთელი ცხოვრება მუზებთან მექნება საქმე: დავხატავ, დავწერ ლექსებად, ზღაპრებად, მოთხრობებად, მუსიკად… თუ ღმერთმა ინება და ხალხს მოეწონა, ამაზე მეტი რა უნდა ინატრო.. ალბათ მაგ დროს ოჯახი მეყოლება, მეუღლე და ბავშვები… როგორები? ისინიც ალბათ ჩემნაირები, სიცოცხლით სავსეები და ცელქები იქნებიან, ოღონდ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და საყვარელი ადამიანები… მერე ალბათ ერთად დავხატავთ და ცხოვრებას უფრო ლამაზად დავინახავთ… ეს უბრალო ოცნებაა, თორემ სინამდვილეში უფალმა იცის..
– 14 წლის გოგონასთვის რა არის მთავარი ცხოვრებაში?
-14 წლის გოგონასთვის რა არის მთავარი? ჯერ ამ ასაკზე ვიტყვი.. სანამ აქამდე მოვიდოდი, ირგვლივ სულ მესმოდა: გარდატეხის ასაკი რთული პერიოდიაო… ვერ ვიგებდი, რას ნიშნავდა… ჰოდა, მოვიდა ჩემი გარდატეხვაც და, მართლაც, რთული ყოფილა. არ ვიცი, რისი ბრალია, მაგრამ საკუთარი აზრები ერთმანეთში ბრძოლას იწყებენ, ღირებულებების გადაფასება ხდება, უაზრო ნოსტალგია, უაზრო მელანქოლია გიპყრობს და მიუხედავად ამ ასაკობრივი ბრძოლებისა, მაინც ვცდილობ, ძირითადი ხაზის შენარჩუნებას: ვიყო ისეთი, როგორიც ვარ, არ მივბაძო სხვას, მიყვარდეს სიყვარული, სიკეთე, სილამაზე, შემეძლოს მიყვარდეს ადამიანი ისეთი, როგორიც არის!.
– როგორც ვიცი, 21 მარტს იტალიაში მიემგზავრები...
– 21- ში მივემგზავრები და ათ დღეში დავბრუნდები. იქ რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი. პირველ რიგში მივდივარ ქალაქ ტრიესტში, სადაც კასტელოდიდუინოს პოეზიისა და ლიტერატურის კონკურსზე ჩემმა ნოველამ ,, მოხუცი თეთრი მეფე ” გაიმარჯვა. გაიმართება დაჯილდოების ღონისძიება, რომელსაც დავესწრები.. 3 დღეს მოიცავს. ტრიესტში ჩატარდება ღონისძიებები, პოეზიის საღამოები და ორგანიზატორების თხოვნით მათ მუსიკალურად გავაფორმებ. აქ უკვე მესამედ გაიმარჯვა ჩემმა ნაწარმოებებმა. ამის მერე, 26 მარტს დაგეგმილია ჩემი პერსონალური შემოქმედებითი საღამო ქალაქ ადრიასტან ახლოს, მდინარე პოს ნაპირზე განლაგებულ კა–ძენში. ეს ის ადგილი და სასახლეა, სადაც ერთ დროს ბაირონი ლექსებს წერდა.. მე ზუსტად ამ ვილაში მომიწევს ცხოვრებაც და საღამოს გამართვაც.. აქ იქნება წარმოდგენილი ჩემი ნაწერები, რომელიც იტალიურ ენაზეა ნათარგმნი, აგრეთვე გაიჟღერებს ჩემი მუსიკა და გაიმართება ნახატების გამოფენა რეპროდუქციების სახით. დიდი ხნის წინ არიან უკვე მოწვეული: მხატვრები, პოეტები, მუსიკოსები, კომპოზიტორები… 27 მარტიდან კი გადავინაცვლებ ქალაქ ტრევიზოში პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე მონაწილეობის მისაღებად…იმედია, ყველაფერი კარგად ჩაივლის…
თეონა გოგნიაშვილი