იაშვილის კლინიკაში კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა – რა გახდა 4 წლის გოგონას სიკვდილის მიზეზი
პაციენტის გარდაცვალების მორიგი ფაქტი იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. „კვირას“ ინფორმაციით, კლინიკაში 4 წლის გოგონა მწვავე ვირუსული ინფექციით – ჩუტყვავილით გარდაიცვალა. ბავშვი იაშვილის სახელობის საავადმყოფოში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ბავშვთა ინფექციურმა საავადმყოფომ პატარის მიღებაზე უარი განაცხადა.
„კვირა“ მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა ინფორმაციის გადამოწმებას, თუმცა საავადმყოფოში კომენტარს არავინ აკეთებდა. იაშვილის სახელობის კლინიკის დირექტორმა შოთა ჯოგლიძემ და სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „კვირას“ შეკითხვებს არ უპასუხეს და პრესსამსახურის ხელმძღვანელთან – თამარ ჩეჩელაშვილთან გადაგვამისამართეს, რომელიც მთელი დღის განმავლობაში სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა.
პაციენტის გარდაცვალების ფაქტი ჩეჩელაშვილმა მხოლოდ დღის ბოლოს დაადასტურა. მისი ინფორმაციით, 4 წლის გოგონა საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს. ჩეჩელაშვილი არ აკონკრეტებს, რა გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი.
შეგახსენებთ, რომ ჩუტყვავილა მწვავე ვირუსული ინფექციაა, რომელიც მიმდინარეობს სუსტად გამოხატული ინტოქსიკაციით, ტემპერატურის ზომიერი მომატებით, კანსა და ლორწოვან გარსებზე თანამიმდევრული, ტიპური ლაქოვან-ბუშტუკოვანი გამონაყარით.
ჩუტყვავილას ახასიათებს სეზონურობა, უფრო ხშირია იგი შემოდგომა-ზამთრის პერიოდში. ბავშვთა კოლექტივებში ხშირია ეპიდემიური აფეთქება. გადატანილი დაავადება ტოვებს მყარ იმუნიტეტს – განმეორებით დაავადება პრაქტიკულად არ ხდება.
იზა შაქარაშვილი