სად გაქრა „ჯოკონდა“, რომელთანაც წალკელები ლოცულობდნენ – სკანდალური ფოტოს დეტალები (ფოტოკოლაჟი)
ლეონარდო და ვინჩის „ჯოკონდა“, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, წალკელებმა „ხატად აქციეს“, ტაძარში აღარ არის. სკანდალური ფოტოს დეტალებით „კვირა“ დაინტერესდა და ფოტოს ავტორს მიაკვლია.
ფოტო თავდაპირველად, 26 ნოემბერს საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციამ ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა, რასაც უამრავი კომენტარი მოჰყვა. როგორც „კვირამ“ გაარკვია, სკანდალური ფოტო ერთი წლის წინ, ეკოტურიზმის ასოციაციის ერთ-ერთმა წევრმა ილია ოქრომელიძემ წალკის რაიონის სოფელ ყიზილქილისას წმ. სოფიოს ეკლესიაში გადაიღო. თუმცა, რატომღაც წელს, 26 ნოემბერს გამოაქვეყნა.
ილია ოქრომელიძის ინფორმაციით, შარშან ეკოტურიზმის ასოციაციის წევრებმა ქვემო ქართლის ტერიტორიაზე არსებული ტაძრების ინვენტარიზაციის შესახებ კვლევა ჩაატარეს. მისი თქმით, კვლევა ტურისტულად საინტერესო ობიექტებს ითვალისწინებდა.
ილია ოქრომელიძე აცხადებს, რომ ამავე ტაძარში, სადაც ფოტო გადაიღო, სანთელი თავადაც დაანთო. როგორც ოქრომელიძე ამბობს, მათ ადგილობრივი მოსახლეობისადმი რაიმე სახით ცინიზმი არ გამოუხატავთ. მისი თქმით, მხოლოდ ფაქტი დააფიქსირეს.
„ერთ-ერთი კვლევის დროს წალკის რაიონის სოფელ ყიზილქილისას წმინდა სოფიოს სახელობის პატარა საყდარში აღმოვაჩინეთ ეს ფოტო. ასეთ ტაძრებში ხშირია შემთხვევა, როდესაც მოსახლეობას თვითნებურად რაღაც ნივთები თავად შეაქვს. იმ ადგილას, ქვებზე, სადაც „მონა ლიზას“ ფოტო აღმოვაჩინეთ, კიდევ სხვა ნივთებიც იდო. თუმცა, წმინდანების ხატები იქ არ შემიმჩნევია. ამ სოფელში მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკურად არაქართველია. ტაძარი მოქმედი არ არის. ეს ფოტო ჩვენს გვერდზე იმიტომ გამოვაქვეყნეთ, რომ ვინმე დაინტერესებულიყო. უარყოფით კონტექსტი არ მიგვიცია. ჩვენ, უბრალოდ ფაქტი აღვნიშნეთ. მარტო ეს არ არის პრობლემა. ხშირად ხდება, რომ ადამიანებს ტაძრის მიმდებარე ტერიტორია საკუთარ ეზოდ აქვთ გადაქცეული და იქ ჩალას ინახავენ. გაურკვეველი და უცნობია, ვინ შეიტანა სურათი ტაძარში. შეიძლება ვინმემ ბოროტი განზრახვით დადო, ჩვენ გამოვაქვეყნეთ ეს ფოტო სწორედ იმიტომ, რომ ვინმე დაინტერსებულიყო“, – აცხადებს „კვირასთან“ ილია ოქრომელიძე.
„კვირა“ წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელსაც დაუკავშირდა. ილია საბაძე სოფელ ყიზილქილისას წმ. სოფიოს ეკლესიაში თავად მივიდა და დაათვალიერა, თუმცა, მან ტაძარში ლეონარდო და ვინჩის მიერ შექმნილი პორტრეტი – „ჯოკონდა“ ვეღარ აღმოაჩინა.
როგორც „კვირას“ ილია საბაძემ განუცხადა, ფაქტის შესახებ მან ფოტოს ნახვის შემდეგ შეიტყო. მისი თქმით, სოფელ ყიზილქილისაში, ძირითადად, ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა ცხოვრობს, რომლებიც მართლმადიდებელები არიან.
„სოფელში ავედი. ადგილზე დავათვალიერე ყველაფერი და სურათებიც გადავიღე, მაგრამ ასეთი რამ, რაც სოციალურ ქსელით გავრცელდა, მე არ მინახავს. მოსახლეობასაც გავესაუბრე. არცერთი მათგანი არ ადასტურებს, რომ ტაძარში როდესმე „მონა ლიზას“ სურათი ყოფილიყო. ამ სოფელში, ძირითადად, სომეხი მოსახლეობა ცხოვრობს. ისინი მართლმადიდებლები არიან, მორწმუნე ხალხია, იმიტომაც გამიკვირდა, ნუთუ ერთი წლის განმავლობაში ეს სურათი ვერავინ შეამჩნია? სწორედ ამიტომ ავედი და ადგილზე დავათვალიერე ყველაფერი. წალკაში სასულიერო პირებსაც გავესაუბრე. მამა დავითსაც ვკითხე, მსგავსი რამ არც მას უნახავს.
მე ვვარაუდობ, რომ აღნიშნული ფოტო პატარა სამლოცველოშია გადაღებული, რომელიც წმინდა სოფიოს სახელობის ეკლესიასთან მდებარეობს. სურათზე აღბეჭდილი ნასანთლარი ქვები ამ სამლოცველოს ქვებს ძალიან ჰგავს“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ილია საბაძემ.
წმ. სოფიოს სახელობის ეკლესია ქვემო ქართლში, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილქისაში მდებარეობს. ტაძარი სოფლიდან ხუთი კილომეტრით არის დაშორებული და სამხრეთ დასავლეთით მდებარეობს. იგი განვითარებული შუა საუკუნეებით თარიღდება.
იზა შაქარაშვილი