რაში უხდის აშშ-ის საელჩო მიხეილ მაჭავარიანს 27 ათას დოლარს
პარლამენტის უმცირესობის წევრს – მიხეილ მაჭავარიანს, რომელიც თბილისში რამდენიმე საცხოვრებელ სახლს ფლობს, ერთ-ერთი აშშ-ის საელჩოზე აქვს მიქირავებული. ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ბინა 153 კვ, მ. ფართობისაა.
როგორც „კვირამ“ მიხეილ მაჭავარიანის ქონებრივი დეკლარაციიდან გაარკვია, პარლამენტის დეპუტატმა აშშ-ის საელჩოსთან ხელშეკრულება 2011 წელს გააფორმა და მისი ვადა 2020 წელს იწურება.
დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გაქირავებული ბინიდან მიხეილ მაჭავარიანი შემოსავლის სახით წელიწადში 27 ათას აშშ დოლარს იღებს (თვეში 2250 აშშ დოლარი).
პარლამენტის უმცირესობის ლიდერის სახელზეა რეგისტრირებული თბილისში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. კერძოდ, თბილისში – რუსთაველის გამზირზე და ჭავჭავაძის გამზირზე. მიხელ მაჭავარიანს ეკუთვნის საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილაში მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი.
დეპუტატის მეუღლის სახელზეა გაფორმებული მიწის ნაკვეთი თბილისთან ახლოს, ტაბახმელაში. მიხეილ მაჭავარიანის შვილის, 14 წლის ვარდენ მაჭავარიანზეა რეგისტრირებული თბილისში, ალ.ყაზბეგის გამზირზე არასაცხოვრებელი ფართი. ხოლო დეპუტატის – დედის მარინე მდინარაძეზეა გაფორმებული 600 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი – თბილისთან ახლოს ნაფეტვრებში.
უკვე რამდენიმე მოწვევის პარლამენტის დეპუტატის მეუღლის, სოფიო ჟღენტის სახელზეა რეგისტრირებული 2014 წლის გამოშვებული მსუბუქი ავტომანქანა Wolkswagen-Tiguan.
როგორც ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, მიხეილ მაჭავარიანმა მეუღლეს ავტომანქანა 2014 წელს, შპს „იაბერია ავტოში“ შეუძინა, რაშიც 32 700 აშშ დოლარი გადაიხადა.
მაჭავარიანის მეუღლე – სოფიო ჟღენტი დღემდე თბილისის მერიაში – ქალაქგაფორმებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის მთავარ სპეციალისტად მუშაობს. დეპუტატის მეუღლეს, რომელიც თბილისის მერიაში უკვე რამდენიმე წელია დასაქმებულია, დღემდე ქონებრივი დეკლარაცია არ შეუვსია. მისი ყოველწლიური შემოსავალი 24 115 ლარია, ხოლო მიხეილ მაჭავარიანმა ერთი წლის განმავლობაში პარლამენტიდან 62 445 ლარი მიიღო.
მაჭავარიანს ორი შვილი ჰყავს – 14 წლის ვარდენი და 11 წლის ბარბარე. ორივე მათგანს პირადი საბანკო ანგარიშები აქვთ.
დეკლარაციიდან ასევე ირკვევა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო დეპუტატს 2014 წელს „თი-ბი-სი“ ბანკიდან იპოთეკური სესხი – 100 ათასი აშშ დოლარი აქვს აღებული, რომელიც 2019 წელს უნდა დაფაროს. ამ ეტაპზე მიხეილ მაჭავარიანს უკვე დაფარული აქვს 62 221 აშშ დოლარი. მიხეილ მაჭავარიანს კიდევ ერთი სესხი აქვს აღებული, რომელიც 30 000 აშშ დოლარს უტოლდება.
„კვირა“ მიხეილ მაჭავარიანს დაუკავშირდა:
„მე არ ვიცი, ვინ ცხოვრობს ჩემს ბინაში, ეს ჩემი საქმე არ არის. ამერიკის საელჩოს ხელშეკრულება გავუფორმე და თვითონ წყვეტენ, იქ ვინ იცხოვრებს. დედაჩემზე არის გაფორმებული რუსთაველის გამზირზე მდებარე ბინა. ეს საცხოვრებელი სახლი ჯერ კიდევ ბაბუაჩემს 1939 წლიდან ეკუთვნოდა. ამ ბინაში დავიბადე, გავიზარდე და ჩემი ოჯახით ვცხოვრობ. სხვათა შორის, ეს სახლი ოდესაღაც გენერალ სარაჯიშვილის იყო. რაც შეეხება ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ სახლს, ის ჩემი და ჩემი მეუღლის საკუთრებაა. იპოთეკით მაქვს დატვირთული. „თი-ბი-სი“ ბანკის კრედიტი მაქვს, თავის დროზე 100 ათასი დოლარი ავიღე. ახლა ნაწილი უკვე დავფარე.
სოფელ დიღომში მიწის ნაკვეთი მქონდა, შარშან გავყიდე და ამ თანხით იპოთეკის ნაწილი დავფარე, მგონი 37 ათასი აშშ დოლარი დამრჩა კიდევ გადასახდელი. დიღომში მიწის ნაკვეთი ჯერ ადრე მქონდა, როცა სასოფლო-სამეურნეო ინსტიუტუტში (აგრარულ უნივერსიტეტში) ვმუშაობდი, მიწის ნაკვეთები რომ დარიგდა, მაშინ შემხვდა. ჩემს ქონებრივ დეკლარაციაში შემოსავლებიც წერია, ყველაფერი შევიძინე ჩემი ხელფასით და კრედიტებით. კრედიტებს ვიხდი იმ შემოსავლებით, რაც მაქვს გაფორმებული“, – განუცხადა „კვირას“ მიხეილ მაჭავარიანმა.
მიხეილ მაჭავარიანი 1995 წელს საქართველოს პარლამენტის წევრად აირჩიეს. 1996 წლის ივნისიდან 1999 წლის დეკემბრამდე იყო „მოქალაქეთა კავშირის“ გენერალური მდივანი. 1999 წელს კვლავ გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი. თუმცა პარლამენტი დატოვა 1999 წლის დეკემბერში, როცა დანიშნეს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრად. ამ თანამდებობიდან გადადგა 2001 წლის აგვისტოში. 2001-2002 წლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი გახდა. 2003 წლის 2 ნოემბერს მაჭავარიანი აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად, როგორც სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი. 2004 წლის 23 აპრილს ის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გახდა.
2008 წელს მაჭავარიანი კვლავ გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი „ნაციონალური მოძრაობის“ სიით და დღემდე პარლამენტის დეპუტატის იმუნიტეტით სარგებლობს.