პოლიტიკა ხელოვნებაში – გამართავს, თუ არა "ერისიონი" რუსეთში 17 კონცერტს?

“ერისიონის” პროდიუსერი “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურ წნეხზე პირველად “კვირასთან” საუბრობს

„ერისიონმა“ 16 აპრილს დაგეგმილ კონცერტზე კრემლს უარი უკვე უთხრა ჩაშლილი კონცერტისთვის, შესაბამისად, სოლიდური საჯარიმო სანქციაც დაეკისრა, თუმცა ანსამბლი რუსეთის 17 ქალაქში დაგეგმილ გასტროლებზე შესაძლოა, მაინც წავიდეს. შარშან შედგენილი განრიგის მიხედვით, ხალხური სიმღერისა და ცეკვის დასის ახალი საგასტროლო ტურნე 26 მარტს დაიწყება და 13 აპრილს დასრულდება. ანსამბლის პროდიუსერის განმარტებით, მათ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
ალექსანდრე ლორთქიფანიძემ პორტალ „კვირას“ინტერვიუში განუცხადა, რომ ეს თემა განხილვის ეტაპზეა. მისი თქმით, თუკი ანსამბლი “ერისიონი” ერთი წლის წინ რუსეთში დაგეგმილ გასტროლებზე უარს იტყვის, მის კომპანიას კიდევ ერთი სოლიდური ჯარიმა დაეკისრება. ამის მიზეზი კი ის ხელშეკრულებაა, რომელზეც ხელს თავად აწერს.
„ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე პასუხს მე ვაგებ. საპროდიუსერო კომპანია “ერისიონის” სახლის და ანსამბლ “ერისიონის” ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებითა და შეთანხმებით, უკრაინაში ცნობილი მოვლენების გამო პროტესტის ნიშნად მოსკოვში 16 აპრილს კრემლის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში დანიშნული კონცერტი უკვე მოიხსნა, რისთვისაც მოსალოდნელია სოლიდური საჯარიმო სანქციები. როგორც მოგახსენეთ, მოსკოვის კონცერტი პროტესტის ნიშნად მოვხსენით, მაგრამ რა ვუყოთ 17 ქალაქში დაგეგმილ კონცერტებს? ამაზე ახლაც სერიოზული დავა გრძელდება. არის აზრის სხვადასხვაობა. გაყიდულია თითქმის ყველა ბილეთი, ბედის უკუღმართობის გამო საქართველოდან გადახვეწილი უამრავი ჩვენი თანამემამულე სულმოუთქმელად გველოდება… ხარჯი კი დღითი დღე მატულობს“, – აცხადებს ანსაბლის პროდიუსერი.
როგორც “კვირას” ალექსანდრე ლორთქიფანიძემ განუცხადა, 2014 წლის მარტი-აპრილის თვეში რუსეთის ფედერაციაში დაგეგმილია მსოფლიოში ცნობილი უკრაინის სახელმწიფო აკადემიური ანსაბლის “ხორვირიოვკისა” და “ვირსკის” გასტროლები.
maxresdefault (1)„მე პირადად კულტურის პოლიტიზება სწორად არ მიმაჩნია. უკრაინული “ხორვირიოვკისა” და “ვირსკის” გარდა, დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ქართული ანსამბლი “სამაია” ბრენდით – „ქართული ლეგენდა“ კონცერტებს ამჟამად რუსეთის სხვადასხვა ქალაქში მართავს. მახსოვს, “ერისიონი” 2013 წლებში გამართული კონცერტებით რუსეთში სერიოზული კრიტიკის ობიექტი გახდა. ამ დროს კი 2013-2014 წლებში, ჩვენი ქვეყნის საუკეთესო სახელმწიფო ანსაბლები და თეატრები, ასევე ესტრადის საუკეთესო შემსრულებლები, რუსეთის სხვადასხვა ქალაქში კონცერტებს მართავენ, რაშიც მე პირადად ცუდს ვერაფერს ვხედავ. მე ვსვამ ლოგიკურ კითხვას, ისინი შვეიცარიის ქალაქებში გამოდიოდნენ? ჩვენ კი რუსეთში? ან რატომ არავინ გააპროტესტა? ისინი ყველანი მოღალატეები არიან? თუ პირიქით, ისინი გმირები არიან და ჩვენ მოღალატეები? ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, გულწრფელად გეტყვით – ისინი პროფესიონალები არიან და აკეთებენ იმას, რასაც უნდა აკეთებდნენ. მე მივესალმები ასეთ ფაქტებს, ზუსტად ხელოვანებმა უნდა გაათბონ ურთიერთობები ამ ორ ერს შორის. ასევე მაინტერესებს 2008 წლის ომის შემდეგ რომელმა უკრაინულმა ანსამბლმა ან შემსრულებლებმა ჩაშალა გასტროლი რუსეთში პროტესტის ნიშნად, ნუთუ ჩვენს ქვეყანას ნაკლები უბედურება დაატყდა თავს?“, – აცხადებს ალექსანდრე ლორთქიფანიძე.
მისივე თქმით, ანსაბლი “ერისიონი” უკვე რამდენიმე წელია პოლიტიკური წნეხის ქვეშ იმყოფება. ამის მიზეზად ანსამბლის პროდიუსერი წინა ხელისუფლებისდროინდელ პოლიტიკურ დაკვეთებს ასახელებს. მისივე ინფორმაციით, ანსამბლ “ერისიონის” სამხატვრო ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკუასელმა “ნაციონალური მოძრაობის ” ხელისუფლების პოლიტიკურ დაკვეთაზე უარი არაერთხელ განაცხადა.
383170_118051211644378_2003644216_n„ბატონი ჯემალი პოლიტიკურ დაკვეთებში არ ჩაება. მან არ შეასრულა წინა ხელისუფლების დავალებები. მაგალითად, იყო სურვილი, რომ 26 მაისს ანსაბლი “ერისიონი” რუსთაველის გამზირზე სახელმწიფოს დროშით გამოსულიყო და ეცეკვათ, რაზეც უარი მიიღეს. ვის უნდა დაეჭირა დროშა? ან იმ სისხლიან მიწაზე ვის უნდა ეცეკვა? სწორედ აქ გაჩნდა საბოლოო ბზარი და აზრი, რომ “ერისიონი” არის ოპოზიციური ანსაბლი“, – აცხადებს ალექსანდრე ლორთქიფანიძე. ამის დასადასტურებლად კი ანსაბლის მთავარ პროდიუსერს ფაქტები მოჰყავს:
ფაქტი 1– 2011 წელს, აჭარაში ბათუმის ახლად აშენებული მუსიკალური ცენტრი “ერისიონის” კონცერტით უნდა გახსნილიყო. თუმცა პირველად გახმაურებული სპექტაკლით – “ქეთო და კოტე” გახსნეს. ამის შემდეგ დანიშნულმა ორმა კონცერტმა დიდი წარმატებით და სრული ანშლაგით ჩაიარა. უამრავი მაყურებელი იმის გამო, რომ ბილეთები აღარ იყო, გარეთ წვიმაში იდგა, რაზეც მე ვთხოვე იმდროინდელი მუსიკალური ცენტრის დირექტორს, ბატონ თენგიზ ჯაფარიძეს, რომ გარეთ დარჩენილი მაყურებელი კონცერტზე შემოეშვა. აჭარელმა მაყურებელმა დიდი სიყვარულით მიიღო “ერისიონი”.
ფაქტი 2 – 2012 წელს ბათუმში, მუსიკალურ ცენტრში ერთი კონცერტი დაინიშნა, ასევე ხულოში დაგეგმილი იყო საქველმოქმედო კონცერტი. აჭარის მთელ ტერიტორიაზე გავაკარით 2500 ცალი აფიშა. ბილბორდების გაკვრაზე და სატელევიზიო მხარდაჭერაზე სასტიკი უარი მივიღე. მეორე დღეს ჩვენ მიერ გაკრულ აფიშებზე გადაკრული და გადაწებებული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ აპლიკაციები ნომრით – 5. “ერისიონის” აფიშა კი საერთოდ არ ჩანდა.
ასევე მქონდა ინფორმაცია სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე ადამიანებიდან, რომ მათ და მათ ნათესავებს არ უნდა აეღოთ “ერისიონის“ ბილეთი და არ უნდა დასწრებოდნენ კონცერტს. ამის ნათელი დამადასტურებელი ფაქტია ის, რომ დარბაზი თითქმის ცარიელი იყო.
ფაქტი 3 – 2012 წელს ქუთაისის მერის დავალებით ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ფასადზე გაკრული “ერისიონის“ ბანერი რამდენჯერმე ჩამოხსნეს. კონცერტი დაგეგმილი იყო სწორედ იმ დღეს, როდესაც საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქი ილია მეორე ბაგრატის ტაძარს აკურთხებდა. მე იმ დილით დაჟინებით ვთხოვე ქუთაისში კონცერტის ორგანიზატორ ქალბატონს მაია პაქსაშვილს, კიდევ ერთხელ მოესინჯა და გაეკრა “ერისიონის” სარეკლამო ბანერი. მან ჩემი თხოვნა შეასრულა, მე და ბატონი ჯემალი თეატრის მსახიობთა შესასვლელთან ვიდექით, უცებ მოვარდა რამდენიმე პიროვნება და გვითხრა, სასწრაფოდ ჩამოხსენით ბანერი… მიშა მოდისო….ვკითხე, ნუთუ ასეთი სამარცხვინოა ანსაბლი “ერისიონი”? მერე კი ბოდიშებს გვიხდიდნენ….რა ვქნათ, მოგვხსნიან სამსახურიდანო…ბანერი კი ჩამოხსნეს, არ დამავიწყდება ჯემალ ჭკუასელის სახე. გაშრა, გათეთრდა კაცი“, – აცხადებს „ერისიონის“ პროდიუსერი.
ალექსანდრე ლორთქიფანიძე “კვირასთან” 2013 წლის რუსეთის სხვდასხვა ქალაქში და 9-10 მარტს კრემლის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში გამართულ კონცერტებსაც იხსენებს.  195a43bf7521387bf779c0ddd664552c„სწორედ მას შემდეგ, რაც ახლად მოსულმა ხელისუფლებამ შეცვალა რიტორიკა რუსეთთან მიმართებაში, დაიწყო ნორმალური, ცივილური და დიპლომატიური ენით საუბარი ჩვენს მეზობელ ქვეყანასთან. სწორედ ხელისუფლების მესიჯი იყო კულტურული ურთიერთობების, სპორტის, ვაჭრობის… აღდგენა, ამიტომაც “ერისიონმა” გადადგა პირველი ნაბიჯი, რუსეთში გასტროლებით გასულიყო, და რომელსაც არანაირად არ ვნანობ. დარბაზი მაყურებლით იყო გადაჭედილი. ქართველები რომ ამაყები იყვნენ, ამაზე აღარ ვისაუბრებ.. მაგრამ უნდა გენახათ თვალცრემლიანი რუსები, დარბაზში ტაში არ ჩერდებოდა.. აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ, მხოლოდ ერთ სიტყვას ყვიროდნენ: “მალადცი”, – ამბობდნენ, რომ ქართველები და რუსები ძმები ვართო … აგინებდნენ და ლანძღავდნენ როგორც თავიანთ პრეზიდენტს, ასევე ჩვენს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. ესენი იყვნენ არა პოლიტიკოსები, არამედ ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანები. ეს იყო ამ ორ ერს შორის გულთბილი დამოკიდებულება…კონცერტის შემდეგ 20-25 წუთის განმავლობაში დარბაზი არ ჩერდებოდა და ტაში გუგუნებდა, სცენაზე „მრავალჟამიერის“ ფონზე ფრიალებდა ქართული სახელმწიფოს დროშა, ამ ყველაფერს კი თბილისში პროტესტი მოჰყვა. ალბად თქვენთვის ნათელია, თუ რომელი ძალების მიერ იყო მართული ეს ყველაფერი, ვინც ანსაბლ “ერისიონს” წლების წინ დაუპირისპირდა“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბარში ალექსანდრე ლორთქიფანიძემ.
„ერისიონის“ პროდიუსერი ხელისუფლებას და საზოგადოებას „კვირას“ მეშვეობით მიმართავს და აღნიშნავს: „მინდა მივმართო პეტიციის ავტორსა და მის მომხრეებს, რომლებიც ითხოვენ, მოეხსნას 130 წლის ანსამბლს (რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ არის) სახელმწიფო სტატუსი და დაფინანსება. ამ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, არ უნდა გავიდეს ქართული ღვინო რუსეთის ბაზარზე, არ უნდა გავიდეს მინერალური წყლები, არ უნდა გავიდეს არანაირი ქართული პროდუქტი რუსეთის ბაზარზე. არც ერთი ხელოვანი არ უნდა გავიდეს რუსეთში, არ უნდა დათბეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები, არ უნდა გაიმართოს რუსეთ-საქართველოს სპორტული ღონისძიებები, არ შემოვიდეს საქართველოში არანაირი რუსული პროდუქცია, არ ჩამოვიდნენ ჩვენთან რუსი მსახიობები, არ ჩამოვიდნენ საქართველოში რუსი ტურისტები, დაიკეტოს რუსული ბანკები და მილიონმა გადახვეწილმა ქართველმა თავის ოჯახებს რუსული ფული არ გამოუგზავნონ და, საერთოდ, ჩაიკეტოს რუსეთ-საქართველოს საზღვარი“, – აცხადებს ალექსანდრე ლორთქიფანიძე პორტალ „კვირასთან“.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები