დავით მათიკაშვილი: BBC-ის მიერ გავრცელებულ სრულ აბსურდზე ყველა კითხვას პასუხი გაეცა

,,BBC-ის მიერ გავრცელებულ სრული აბსურდის თაობაზე აბსოლუტურად ყველა კითხვას გაეცა პასუხი”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რაიმე ფორმით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა საფუძველს მოკლებულია.

„BBC-ის მიერ გავრცელებულ სრული აბსურდის თაობაზე აბსოლუტურად ყველა კითხვას გაეცა პასუხი. ყველა კითხვის ნიშანი გაქრა იმ ტყუილში, იმ აბსურდში, იმ ძალმომრეობაში, რომელიც ჩვენ ვიხილეთ BBC-ის მხრიდან ქართველ საზოგადოებაზე, ამიტომ აქ მეტი კითხვა არ არსებობს. ჩვენ იმიტომ ვახსენებდით სუს-ის გამოძიებას, რომ გამოძიების შემდეგ თუ დარჩებოდა რაიმე სახის კითხვის ნიშანი, იმაზე უნდა გაცემულიყო პასუხი. არანაირი კითხვის ნიშანი იმაზე, რომ ჩვენზე მოხდა ასეთი სისაძაგლის დაბრალება, პრაქტიკულად, აღარ არსებობს. საქართველოს არც არასდროს შეუძენია მსგავსი ნივთიერება და მას ვერასდროს გამოიყენებდა. ბუნებრივია, საფუძველს მოკლებულია რაიმე ფორმით კომისიის შექმნა და შექმნის მცდელობა, იმიტომ რომ ამ კუთხით განსახილველი ნამდვილად არაფერია,“ – განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები