ჭაბუა ამირეჯიბის შვილთაშვილთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, 130-ე სკოლას განათლების სამინისტრო ამოწმებს
თბილისის 130 -ე საჯარო სკოლაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური და მონიტორინგის ჯგუფი შევიდა.
საქმე ეხება ჭაბუა ამირეჯიბის შვილიშვილის, მწერალ რუსა ამირეჯიბის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ პოსტს.
რუსა ამირეჯიბი 130-ე სკოლის დირექტორსა და მასწავლებლებს მისი შვილის რასობრივ დისკრიმინაციაში ადანაშაულებს.
ამირეჯიბი ამბობს, რომ მის შვილს მიმის, კანის ფერის გამო თანაკლასელებმა შეურაცხყოფა მიაყენეს. სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა კი ნაცვლად იმისა, რომ ბავშვების საქციელი დაეგმოთ და ბოდიში მოეხადათ, შეურაცხყოფა კვლავ მის შვილს მიაყენეს და აატირეს.
რუსა ამირეჯიბის თქმით, მის შვილს სამი სკოლის გამოცვლა მოუწია, მიზეზი ყველა შემთხვევაში თანატოლების მხრიდან კანის ფერთან დაკავშირებული შეურაცხყოფა იყო.
როგორც “კვირას“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, თუ დადასტურდა, რომ 130-ე სკოლის ადმინისტრაციისა და პედაგოგების მხრიდან დისკრიმინაციის ფაქტს, მართლაც, ჰქონდა ადგილი, უწყება შესაბამის მკაცრ ზომებს მიიღებს.
“გუშინ გავრცელდა თუ არა აღნიშნული ინფორმაცია, ჩვენ გვქონდა მყისიერი რეაქცია, დღეს დილიდან სკოლაში სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური და მონიტორინგის ჯგუფია შესული. თუ დადასტურდა, რომ სკოლის ადმინისტრაციის ან პედაგოგების მხრიდან, მართლაც, ჰქონდა მოსწავლის მიმართ დისკრიმინაციას ადგილი, სამინისტროს მხრიდან შესაბამისი მკაცრი ზომები იქნება მიღებული“,-განუცხადეს “კვირას“ უწყებაში.
“კვირას“ ინფორმაციით, შიდა აუდიტის სამსახურის წარმომადგენლება უკვე დაჰკითხეს 130-ე საჯარო სკოლის დირექტორი.
მარიამ ზედგინიძე