გოგი თოფაძის დისშვილი პარლამენტის დეპუტატობაზე უარს ამბობს
ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ წევრის გოგი თოფაძის დისშვილი ზაზა ჭილაძე პარლამენტის დეპუტატის მანდატზე უარს ამბობს. როგორც „კვირას“ ზაზა ჭილაძემ ექსკლუზიურად განუცხადა, მას დეპუტატობა არ სურს და თავის ადგილს პარლამენტში „მრეწველების“ სიის შემდგომ კანდიდატს უთმობს.
„2012 წელს, როდესაც „მრეწველების“ სია ყალიბდებოდა, ჩემი პოზიცია მქონდა. მაშინ არსებული ხელისუფლების მიმართ ჩემი დამოკიდებულება გამაჩნდა და სწორედ ამიტომ ჩავეწერე სიაში.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში რომ „ქართულ ოცნებას“ არ გაემარჯვა, ვიფიქრებდი, რომ ოპონირება გამეწია და პოლიტიკაში ყოფნას ვამჯობინებდი.
დღეს შეიძლება კიდევ მეფიქრა პოლიტიკაში ჩართულობაზე, მაგრამ მგონია, რომ პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის და უარს ვამბობ პარლამენტის დეპუტატობაზე. ჩემს ადგილს კი ვუთმობ სიის შემდგომ ნომერს.
პარლამენტში ჩემს ადგილს ვერ ვხედავ. პარლამენტში უნდა იყოს ისეთი პირი, ვინც კანონშემოქმედი ადამიანია. მე ჩემი საქმე მაქვს და, ვფიქრობ, ყველამ თავის საკუთარ საქმეს უნდა მიხედოს. ასე რომ, მე უარს ვამბობ პარლამენტის დეპუტატობაზე“, – განუცხადა „კვირას“ ზაზა ჭილაძემ.
ზაზა ჭილაძის გადაწყვეტილების შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ მდივანმა ზურაბ ტყემალაძემ „კვირასგან“ შეიტყო.
„რას ამბობთ, რას ჰქვია უარს ამბობს?! რატომ? აღარ მახსოვს, სიის შემდგომი ნომერი ვინ არის“, – აღნიშნა ზურაბ ტყემალაძემ.
გუშინ, 6 ნოემბერს, საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება – მრეწველების” თავმჯდომარემ გოგი თოფაძემ სადეპუტატო მანდატის დატოვებასა და პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ განცხადება გააკეთა. ამასთან, როგორც თოფაძემ აღნიშნა, გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, როდესაც პარლამენტი მის მიერ მომზადებული კანონპროექტს მიიღებს. გუშინვე, პარლამენტში, გოგი თოფაძის შემცვლელად, ფრაქცია „მრეწველებმა“ თოფაძის დისშვილი ზაზა ჭილაძე დაასახელეს.
ზაზა ჭილაძე მწერალ ოთარ ჭილაძის შვილია. ის პროფესიით მთარგმნელია და ძირითადად, ინგლისურიდან ქართულად თარგმნის. მის სახელს უკავშირდება უილიამ ფოლკნერის რომანების – „დროშები მტვერში“, „აგვისტოს ნათელი“ და „გვამის შემგინებელი“ თარგმანები.
იზა შაქარაშვილი