საგანგაშო სტატისტიკა ქვეწარმავლების მომრავლების შესახებ – რა უნდა მოიმოქმედოს ადამიანმა, თუ გველმა დაკბინა
ზაფხულის დადგომასთან ერთად, თბილისის სხვადასხვა უბანში ქვეწარმავლები მომრავლდნენ. გაზაფხულთან შედარებით, ზაფხულში ქვეწარმავლების შესახებ შეტყობინებები 311 ერთეულით გაიზარდა.
„თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში აპრილში ქვეწარმავლების შესახებ სულ 5 გამოძახება იყო. მაისში გველებზე გამოძახება თითქმის 100 ერთეულით გაიზარდა. კერძოდ, მაისში გველებზე 104 შეტყობინება შემოვიდა. ზაფხულის დადგომასთან ერთად, გველების შესახებ ინფორმაციებს თბილისის თითქმის ყველა უბნიდან გვაწვდიან. განსაკუთრებით თბილისის გარეუბნებშია შესამჩნევად მომატებული. ზაფხულში, ივნისსა და ივლისში უწყებაში ქვეწარმავლების შესახებ 416 შეტყობინება შემოვიდა. ივნისში – 364 შეტყობინება დაფიქსირდა, ხოლო 1 ივლისიდან დღემდე – 52. უმრავლესობა დაჭერილია და ლიკვიდირებულია“, – აცხადებენ თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის პრესსამსახურში.
მათივე ინფორმაციით, სპეციალისტებს შხამიანი გველები ჯერჯერობით არ დაუფიქსირებიათ.
როგორც „კვირას“ თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში განუცხადეს, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს გველდამჭერთა ჯგუფი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველა გამოძახებაზე რეაგირება ხდება.
უწყება მოსახლეობას მოუწოდებს, ქვეწარმავლის შენიშვნის შემთხვევაში დაუყოვნელივ დაუკავშირდნენ 112-ს და თვითქმედებებს მოერიდნონ. ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე გველმა დაკბინა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ჭრილობის გაჭრა ან დამუშავება.
„იმ შემთხვევაში, თუ გველმა დაგკბინათ, უნდა მიიღოთ, რაც შეიძლება მეტი სითხე და ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დაწვეთ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიჭრას გველის ნაკბენი და არ უნდა შემოიჭიროთ ნაკბენზე ლახტი. აუცილებელია, რომ მიმართოთ უახლოეს ანტირაბიულ დაწესებულებას“, – აცხადებენ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში.
იზა შაქარაშვილი