ანტონიო გუტერეში იემენსა და ისრაელს შორის ესკალაციას გმობს
გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ჰუსიტ მეამბოხეებსა და ისრაელს შორის საომარი მოქმედებების ესკალაციას გმობს.
„გენერალური მდივანი გმობს იემენსა და ისრაელს შორის ესკალაციას. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ისრაელის საჰაერო თავდასხმები სანას საერთაშორისო აეროპორტზე, წითელი ზღვის პორტებსა და იემენის ელექტროსადგურებზე. დღევანდელი საჰაერო თავდასხმები მოჰყვა ჰუსიტების ესკალაციის გამომწვევ, დაახლოებით, ერთი წლიან ქმედებებს წითელ ზღვასა და რეგიონში, რაც საფრთხეს უქმნის მშვიდობიან მოსახლეობას, რეგიონულ სტაბილურობას და საზღვაო ნავიგაციის თავისუფლებას“, – აღნიშნულია ანტონიო გუტერეშის პრესსპიკერის განცხადებაში.
გაერო-ს გენერალური მდივნის გამოხმაურება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა გუშინ განაცხადა, რომ იემენში, ჰუსიტების მიერ დაკავებული გაერო-ს თანამშრომლების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებების წარმოებისა და ადგილზე არსებული ჰუმანიტარული სიტუაციის შესაფასებლად ყოფნის დროს, იემენის დედაქალაქ სანას აეროპორტში, თვითმფრინავში ასვლისას, საჰაერო თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრი დაშავდა და აეროპორტში, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა.