ირაკლი ღარიბაშვილი: ალასანიამ მთხოვა, მთავარ პროკურორთან შეხვედრის ორგანიზებაში დამეხმარე, იქნებ „დავლაგდეთო“
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაზეთ “ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში იხსენებს, თუ როგორ სთხოვა ირაკლი ალასანიამ თავდაცვის მინისტრობის პერიოდში თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმესთან დაკავშირებით მთავარ პროკურორთან შეხვედრის ორგანიზება.
„ხელისუფლებაში რომ მოვედით და ალასანია თავდაცვის მინისტრად დაინიშნა, მან პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. ვინაიდან თქვა, რომ ის არის საქართველოს თავდაცვის მინისტრი და არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ლიდერი, რაც, მისი მხრიდან, სწორი საქციელი იყო. მაგრამ როდესაც ალასანიამ შეიტყო, რომ პროკურატურას გამოძიება ჰქონდა დაწყებული, იგი ჩემთან მოვიდა და მითხრა, პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნებას ვაპირებო. წარმოიდგინეთ, ამას მეუბნება თავდაცვის მინისტრი, რაც ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო. რამდენიმე კვირის შემდეგ ალასანია კვლავ მოვიდა ჩემთან და მითხრა, ინფორმაცია მაქვს, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების მიმართ პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობსო. მთხოვა, მთავარ პროკურორთან შეხვედრის ორგანზიებაში დამეხმარე, იქნებ „დავლაგდეთო“. მე მას ვუთხარი, რომ ასეთ საკითხებში პრინციპულად არ ჩავერეოდი და ჩემი ოჯახის წევრებსაც რომ ეხებოდეს საქმე, გამოძიების პროცესში ვერ ჩავიხედავდი. მთავარ პროკურორთან შეხვედრის ორგანიზებაზე უარი ვუთხარი, „დასალაგებელი“ არაფერია, თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, უნდა დაისაჯოს და თუ არაფერი ჩაუდენიათ, რატომ ნერვიულობ-მეთქი?! ამის შემდეგ ყველამ ვნახეთ, რა რეაქციაც ჰქონდა ალასანიას და ძალიან სამწუხარო იყო ის, რაც მან მოიმოქმედა“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის განმარტებით, აბსოლუტურად სწორი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ალასანია თანამდებობიდან გაათავისუფლა. მისივე შეფასებით, არც ერთი ნორმალური მთავრობა და მთავრობის მეთაური არ მიიღებდა იმას, რაც ალასანიამ ჩაიდინა – თავდაცვის მინისტრის რანგში პარტიის ოფისში პრესკონფერენცია ჩაატარა და პოლიტიკური განცხადებები გააკეთა. პრემიერის მტკიცებით, ეს იყო თავდაცვის სამინისტროსა და ჯარის პოლიტიზების პირდაპირი მცდელობა.
„შესაბამისად, მე გავაკეთე ის, რაც უნდა გამეკეთებინა. აბსოლუტურად სწორი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მივიღე, როდესაც ალასანია თანამდებობიდან გავათავისუფლე. ის დემაგოგია, რასაც დღეს ალასანია ეწევა, აბსოლუტურად მიუღებელია“,- დასძინა პრემიერმა და აქვე განაცხადა, რომ ალასანია ყოფილ თანაგუნდელებს – „ნაციონალურ მოძრაობას“ ბაძავს. „სამწუხაროდ, იგი ბაძავს თავის ყოფილ თანაგუნდელებს – „ნაციონალებს“, რომლებთან ერთადაც წლების განმავლობაში იმყოფებოდა. რატომ უნდა ყოფილიყო ივანიშვილი დაინტერესებული ამა თუ იმ ადამიანის ციხეში ჩასმით? რა მოტივაცია უნდა ჰქონოდა ამისთვის? ეს არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება და აბსოლუტური სიცრუეა, რასაც საზოგადოება არასოდეს მიიღებს“,- აღნიშნა პრემიერმა. მისივე თქმით, ალასანიას მცდელობა, რომ ე.წ კაბელების საქმე პოლიტიკურად მოტივირებულად წარმოაჩინოს, აბსოლუტურად უსაფუძვლო და ხელოვნურია.