ლევან იოსელიანი: თავისი მნიშვნელობით, უფრო დიდი გამოწვევა, ვიდრე ტერიტორიების ოკუპაციაა, საქართველოს არ აქვს და ბუნებრივია, ვერ ექნება, დიდი გამოწვევაა ოკუპაციის თანმდევი პრობლემები
თავისი მნიშვნელობით, უფრო დიდი გამოწვევა, ვიდრე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაა, საქართველოს არ აქვს და ბუნებრივია, ვერ ექნება, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
„დიდი გამოწვევაა ამ ოკუპაციის თანმდევი პრობლემები, რომლებიც ყველასთვის ცნობილია, დაწყებული უკანონო დაკავებებით და დამთავრებული ჩვენი მოქალაქეებისთვის მშობლიურ ენაზე სწავლის უფლების პრაქტიკულად, ჩამორთმევით. ამავე დროს, მათი გადაადგილების მთელი რიგი შეზღუდვების დაწესებით. ამას ძალიან მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ჩვენს ანგარიშში და ყოველ ჯერზე, როცა პარლამენტში გამოვდივარ, განსაკუთრებით ხაზს ვუსვამ მნიშვნელობას იმ 83 სოფლის, დასახლებული პუნქტის, რომელიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარეობს, იქ არსებულ მდგომარეობას და იმ აუცილებლობას, რომ იქ ადამიანებმა ცხოვრება გააგრძელონ, ახალგაზრდებს ჰქონდეთ მოტივაცია, რომ თავიანთ სახლ-კარში განაგრძონ ცხოვრება, საქმიანობა და არ დატოვონ ეს ადგილები“, – აღნიშნა იოსელიანმა.