პროექტი „საქართველო IV“ გრძელდება
გორის რაონის სოფელ სკრაში მიმდინარე ნატოს ნდობის ფონდის პროექტის, „საქართველო IV”-ის მიმდინარეობას ნატოს უზრუნველყოფის სააგენტოს (NSPA), ნატოს სამეკავშირეო ოფისის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები გაეცნენ.
პროექტის განხორციელება, რომელიც 2008 წლის ომის დროს აფეთქებული შეიარაღების საცავის ნარჩენი საბრძოლო მასალებისგან გაწმენდას ითვალისწინებს, ნატოს უზრუნველყოფის სააგენტომ შარშან ზაფხულში დაიწყო. მისი წამყვანი ქვეყნები ლიტვის და ჩეხეთის რესპუბლიკები არიან. მათ გარდა, პროექტის ბიუჯეტში წვლილი ნატოს წევრმა და პარტნიორმა თორმეტმა ქვეყანამ შეიტანა.
ნატოს უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლის დევიდ თაუნდროუს და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის უილიამ ლაჰიუს გარდა, სკრას ჩეხეთის რესპუბლის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ტომაშ პერნიცკი, ლიტვის რესპუბლის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი იურატე რამოშიენე, ასევე ნატოს წევრი ქვეყნების სამხედროს ატაშეები ესტუმრნენ. მათ პროექტის მიმდინარეობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია პროექტის უშუალო შემსრულებლის – სსიპ სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტასა“ და საინჟინრო ბრიგადის EOD ასეულის წარმომადგენლებისგან მიიღეს.
სტუმრები ტექნიკურ მეთოდებსაც გაეცნენ, რომელსაც EOD ასეული და დელტა საცავის აფეთქების შედეგად გაბნეული საბრძოლო მასალების მოძიების, გამოტანის, დახარისხების, საფრთხის შემცველი ნაწილების უტილიზაციის და განადგურებისას იყენებენ.
„საქართველო IV”-ის განხორციელების შედეგად, სოფლის სკრის მაცხოვრებლებს მიმდებარე ტერიტორიის უსაფრთხოდ გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ. პროექტის ბიუჯეტი 1,6 მილიონ ევროს შეადგენს და ორ წელზეა გათვლილი. მისი ერთ-ერთი კომპონენტი საინჟინრო ბრიგადის EOD ასეულისთვის ტრენინგების ჩატარებას და აღჭურვილობის მიწოდებასაც ითვალისწინებს, რაც სკრის გაწმენდის პარალელურად, წარმატებით მიმდინარეობს. „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ნდობის ფონდის ეგიდით განხორციელებული პროგრამების ფარგლებში, საქართველომ ნატოს უზრუნველყოფის სააგენტოსთან თანამშრომლობა 2002 წლის ივნისში დაიწყო. სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში წარმატებით განხორციელდა პარტინიორობა მშვიდობისათვის ნდობის ფონდის სამი პროექტი – ”საქართველო I”, ”საქართველო II” და “საქართველო III”.