ვისი მიზეზით დაიღუპა სენაკის ბაზაზე 7 სამხედრო და დაიჭრა 156 ჯარისკაცი? (ვიდეო)

სენაკის მეორე სარეზერვო ბაზის შტაბის ყოფილი უფროსი აგვისტოს ომის შეცდომებს იხსენებს

პორტალ “კვირას“ ყოფილი ხელისუფლების დროს საქართველოს შეიარაღებული ჯარებიდან უკანონოდ დათხოვილი კიდევ ერთი ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ესაუბრა. სენაკის მეორე სარეზერვო ბაზის შტაბის უფროსის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი სოსო ხუნძაყიშვილი აცხადებს, რომ ის სამხედრო სამსახურიდან მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლეს, რომ 2008 წლის ომის შემდეგ სენაკის ბაზის ოფიცრები უკანონო ქმედებებში ამხილა.
“18 წელი ვიმსახურე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, აფხაზეთის ომის ვეტერანი ვარ, თუმცა ეს ფაქტორი სულ არ ყოფილა ხელისშემშლელი მათთვის, ვინც ჩემი უკანონოდ გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. 2008 წლის ომის პერიოდში სენაკის ბაზის კადრების უფროსი ვიყავი. ხუთას რეზერვისტთან ერთად წავედი ბრძოლის ველზე, თუმცა გვიბრძანეს, რომ შროშასთან ღამის 10:00 საათზე გავჩერებულიყავით, 11:00 საათზე კი სენაკის ბაზა დაიბომბა. როდესაც ომი დამთავრდა, ბაზის ხელმძღვანელობა შეიცვალა, მე სენაკის სარეზერვო ბაზის შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დამნიშნეს და დამევალა მოკვლევის ჩატარება, უნდა გამერკვია, თუ რა ხდებოდა სენაკის ბაზაზე ომის პერიოდში – 7 აგვისტოდან 19-აგვისტომდე. მე მოკვლევა ვაწარმოე, იურისტთან ერთად შევისწავლე ყველაფერი, 5-8 ტომამდე გამოვიდა, რის შედეგადაც trdyშემდეგი რამ გამოიკვეთა: როდესაც მე ხუთას რეზერვისტთან ერთად გორისკენ წავედი, ჩვენი წასვლის შემდეგ რეზერვისტთა კიდევ ერთი ნაკადი, სხვადასხვა რაიონიდან სენაკის ბაზაზე ავტობუსებით ჩაიყვანეს. რეზერვისტებს, წესით და რიგით, ტანისამოსი ბაზაზე უნდა გამოეცვალათ და შემდგომ ისინი დისლოკაციის ადგილებზე გაეშვათ, მაგრამ რეზერვისტები ავტობუსებით სენაკის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე წაიყვანეს, რომელიც ბაზიდან შვიდი კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ავტობუსებმა უპრობლემოდ გაიარეს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შენობა და რეზერვისტები ანგარში ტანისამოსის გამოსაცვლელად შეიყვანეს. და აქ მოხდა ყველაზე სულელური რამ – ავტობუსის ფარები მიანათეს იმ სანგარს, სადაც ჯარისკაცები იცვლიდნენ. სწორედ ამ დროს ჩამოიყარა ჭურვები – ფაქტობრივად ეს იყო მინიშნება – პილოტს დასაბომბი ობიექტი განათებული დახვდა. რეაქტიულმა ტალღამ ძველი ანგარი დაანგრია, ბეტონის ნარჩენებმა ჯარისკაცები დააზიანეს, შვიდი მათგანი დაიღუპა, 156 კი მძიმედ დაიჭრა. ამ ყველაფრის შემდეგ ერთ-ერთი დაღუპულის, ხურცილავას მშობელი იძიებდა შვილის დაღუპვის ფაქტს. რამდენიმეს მშობელმა უარი თქვა მედლებსა და ფულად კომპენსაციაზე. ეს არის ძალიან დიდი შეცდომა და უვიცობა. საკვირველია, ასეთი დიდი შეცდომა როგორ უნდა დაუშვა, რა დონის უვიცი უნდა იყო, რომ ისეთ სტრატეგიულ წერტილში, როგორიც აეროპორტია, ჯერ ჯარისკაცები წაიყვანო და შემდეგ შუქი მიანათო და დააბომბინო. ჩემს მოკვლევებში გამოიკვეთა, თუ რამდენი სტრატეგიული შეცდომა დაუშვეს ოფიცრებმა, მასალები და მტკიცებულებები მოვიპოვე, თუ როგორ ყიდდნენ ინდივიდუალურად მაშინდელი სამხედრო მაღალჩინოსნები იარაღს და აცხადებდნენ, რომ ეს იარაღი რუსის ჯარმა წაიღო. რუსის ჯარს ეს იარაღი არ წაუღია, მათ ახალთახალი ჯავშანტრანსპორტიორები და სხვა ახალი საბრძოლო ტექნიკა წაიღეს. მასალებში ასევე მეწერა იმ ოფიცრების გვარები, რომლებმაც ბრძოლის ველი მიატოვეს. რა თქმა უნდა, ეს რომ გამოაშკარავებულიყო, დიდი სკანდალი მოჰყვებოდა, ამიტომ რეორგანიზაცია გამოაცხადეს და ის ხალხი, ვინც მათ შეცდომებს არ “გააპრავებდა“, შეიარაღებული ძალებიდან დაგვითხოვეს“,- განუცხადა კვირას იოსებ ყუნძაყიშვილმა.
0სენაკის მეორე სარეზერვო ბაზის შტაბის უფროსის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი აცხადებს, რომ ყოველივე ამის შესახებ ახალი ხელისუფლების სათავეში მოსვლისთანავე სხვადასხვა დროს წერილობით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას და სამხედრო სამსახურში აღდგენა მოითხოვა, თუმცა მისი წერილები უპასუხოდ დარჩა. “პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ სამი წერილი მივწერე ბატონ თავდაცვის მინისტრს, თუმცა ყველა მათგანი უპასუხოდ დარჩა. ბოლოს თავად მივედი თავდაცვის სამინისტროში და კატეგორიულად მოვითხოვე, რომ პასუხი გაეცათ, წინააღმდეგ შემთხვევაში სამინისტროს წინ კარვის გაშლით ვიმუქრებოდი. მერე წერილი ჩამომიტანეს, რომელიც ვითომდა პასუხი იყო. კონვერტზე ჩემი საცხოვრებლის მისამართი და პირადობის მოწმობა შეცდომით ეწერა, რომ პასუხს ჩემამდე არ მოეღწია, ანუ ვიღაცა ხელოვნურად უშლიდა ხელს კომუნიკაციას. მაგრამ არც იმ წერილში არ ეწერა დამაიმედებელი არაფერი. შემდეგ ვეტერანის 22 -ლარიანი პენსიაც მომიხსნეს. ამის მიზეზად ის დაასახელეს, რომ თურმე მე ამ დარიცხული თანხით გარკვეული პერიოდით არ ვსარგებლობდი. ეს იმიტომ, რომ თბილისში არ ვიყავი და რაიონში ფიზიკურად ვმუშაობდი, რომ ოჯახი მერჩინა. ესაა სამართალი, თუ წლოვანების გამო (52 წლის ვარ) სამხედრო სამსახურში ვეღარ აღმადგენენ, საექიმო კომისია მაინც გამატარონ, ომის დროს ხერხემალი დამიზიანდა, გორის ჰოსპიტალში ვმკურნალობდი… ამაზე მომწერეს პასუხი, რომ ვიდრე დაგითხოვდნენ, იქამდე უნდა მიგემართათ აღნიშნული მოთხოვნითო. უკვე არ ვიცი, რა გზას მივმართო“, – აცხადებს ხუნძაყიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები