როგორ დაემშვიდობა ავსტრიაში ტრაგედიამდე სოფო თათას – “ჩვენ აწი ერთმანეთს ვეღარ შევხვდებით”…
„ჩვენ აწი ერთმანეთს ვეღარ შევხვდებით“, – ასე დაემშვიდობა სოფიკო ლოლაშვილი თათას, რომელსაც შემთხვევით ავსტრიის დედაქალაქ ვენაში შეხვდა.
ამ შეხვედრიდან ოთხი-ხუთი დღის შემდეგ, უკვე 29 აპრილს სოციალურ ქსელში ავსტრიაში მყოფ ქართველის სოფიკო ლოლაშვილის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია სწრაფად გავრცელდა.
ინტერნეტის ქართველი მომხმარებელი სოფიკო ლალაშვილის სურათს აქტიურად აზიარებდა. თათას 29 აპრილს გაახსენდა, რომ გოგონას, რომელსაც ეძებდნენ, ვენაში მე-19 რაიონში შემთხვევით შეხვდა.
„სკვერში ბავშვთან ერთად, სკამზე იჯდა. შორიახლოს მეც სკამზე ჩამოვჯექი. თვითონ მომიახლოვდა და მითხრა – ქართველი ხარ?“ – ორივეს გაგვიხარდა, ერთმანეთი რომ ვიპოვეთ.
სულ რაღაც 15 წუთი. ძალიან ლამაზი და სევდიანი იყო. ცრემლიანი თვალები ჰქონდა. ნამტირალევი იყო. თვალები ისეთი ცრემლიანი ჰქონდა, მიზეზი ვკითხე, მაგრამ არაფერი მიპასუხა. ისევ გერმანიაში წასვლას აპირებდა. მითხრა, რომ ავსტრიაში 7 თვის წინ გერმანიიდან ჩამოვიდა. ვენაში ოპერად მუშაობდა. მისგან გავიგე, რომ ვენაში, მე-19 რაიონში სტუმრად იყო და ამიტომ შევხვდით იმ ბაღში. ის სხვა რაიონში ცხოვრობდა და ოჯახში ოპერად მუშაობდა. ვენიდან მოშორებით, სხვა ქალაქში ენის კურსებზე დადიოდა. მითხრა, რომ საქართველოში, თბილისში ცხოვრობდა.
სულ რაღაც 15 წუთი ვიყავით ერთად. ამის შემდეგ, ქალმა მოაკითხა. ბავშვს ხელი მოჰკიდა და წავიდა. დამშვიდობებისას, მე წარმატებები ვუსურვე და ტელეფონის ნომერი ვთხოვე, მაგრამ არ მომცა. „ჩვენ აწი ერთმანეთს ვეღარ შევხვდებით“, – მითხრა და დამშორდა, მაგრამ ამ ცრემლიანი თვალებით დიდხანს მიყურებდა, სანამ თვალთახედვის არეს მოშორდებოდა“, – ამბობს „კვირასთან“ საუბრისას თათა, რომელიც ამჟამად ვენაში იმყოფება.
მისი თქმით, სოფიკო ლოლაშვილი სახლიდან 29 აპრილს, დილით გავიდა და ენის კურსებზე წავიდა, თუმცა, იქ არ გამოცხადებულა. 29 აპრილს სოფიკო ლოლაშვილის ვინაობა ენის შემსწავლელ სასწავლო დაწესებულებაში არ დაფიქსირებულა.
როგორც თათა ამბობს, ვენაში ქართველები მომხდარით შეშფოთებულები არიან და გამოძიების დასასრულს ელოდებიან. ვენის პოლიციამ რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ სოფიკო ლოლაშვილის ცხედარი მდინარე დუნაიში დამხრჩვალი იპოვა. ამის შესახებ ქართულ მედიაში ინფორმაცია 12 მაისს გახდა ცნობილი. ავსტრიის მედიის ცნობით, სოფიკო ლოლაშვილის ცხედარს გარეგნული დათვალიერების შედეგად ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება, თუმცა უფრო ზუსტი ინფორმაცია, იყო თუ არა ეს მკვლელობა თუ თვითმკვლელობა, გაკვეთის შემდეგ გახდება ცნობილი.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიაში საქართველოს მოქალაქის დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა და ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სოფიკო ლოლაშვილის საქართველოში ჩამოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.
„კვირა“ ამ თემაზე მუშაობას აგრძელებს და მკითხველს დამატებით დეტალებს მოგვიანებით შესთავაზებს.
იზა შაქარაშვილი