„მინდა უფრო განვვითარდე, დავიხვეწო და საზოგადოებას გამორჩეული, განსხვავებული სამკაულები შევთავაზო“…
„როგორც კი წამოვიზარდე, ვხედავდი, ვუყურებდი, აღვიქვამდი, მუდმივად საღებავების ირგვლივ, ფუნჯების გარემოში ვიყავი. სხვა რაღაცებთან ერთად ყველაზე კარგი გასართობი ჩემთვის ხატვა, საღებავები და ფერები იყო. სამი წლიდან ვხატავ და მაინცდამაინც ადამიანებს კაბებით. არ ყოფილა შემთხვევა, რომ პეიზაჟი ან პორტრეტი დამეხატა. მახსოვს, იყო შემთხვევები, როცა დედა სამზარეულოში კერძს ამზადებდა, მაშინვე ჩნდებოდა ჩემი ჩანახატი კოსტიუმის, ან გოგონა კაბით. ვხატავდი ყველგან, სადაც ფურცელს ვნახავდი. მამაც ძალიან მიწყობდა ხელს, მამარაგებდა საღებავებით, ფურცლებით თუ სხვადასხვა საშუალებით…“ – დიზაინერი სალომე გომელაური.
– დაამთავრე სამხატვრო აკადემია…
– იცით, თავიდან მხოლოდ ჩემი ფანტაზიით ვხატავდი. ცოტა რომ წამოვიზარდე, დავიწყე ჟურნალების თვალიერება, ინტერესი გაიზარდა და სურვილი გამიჩნდა, უფრო ღრმად ჩავძიებოდი ამ ყველაფერს. გარდა ამისა, პროფესიის არჩევის დრო რომ დადგა, ოჯახიდან გამომდინარე, სხვა არც არაფერზე მიფიქრია, ყველა შემთხვევაში ხელოვნების მიმართულებით უნდა გამეგრძელებინა გზა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან თეატრთან ხშირი ურთიერთობა მქონდა, დავდიოდი სპექტაკლებზე, შეხვედრები რეჟისორებთან, მსახიობებთან, მაინც ჩემი ბავშვობის ინტერესი უფრო ძლიერი აღმოჩნდა და დავამთავრე სამხატვრო აკადემიის მოდის დიზაინის ფაკულტეტი.
– თუმცა სანამ ჩააბარებდი სამხატვრო აკადემიაში, უკვე მუშაობდი…
– დიახ, ვმუშაობდი კოსტიუმებზე და მე თვითონ ვკერავდი. მაგრამ სრული კოლექცია არ მქონდა. პირველი სრული კოლექცია დიპლომის დაცვის დროს შევქმენი. ამ კოლექციის შექმნის შემდეგ, გაიმართა ფოტოსესია, რომელზეც ფოტოგრაფმა გურამ წიბახაშვილმა იმუშავა და ძალიან საინტერესო იყო მასთან ურთიერთობა. ამ კოლექციით მივიღე მონაწილეობა თბილისის მოდის კვირეულზეც, სადაც მაკიაჟი გოგონებს ნინელი ჭანკვეტაძემ გაუკეთა და მასთან მუშაობაც საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის. მოდის კვირეულმა კი, უპირველეს ყოვლისა, გამოცდილება მომიტანა. საინტერესო იყო სხვა მონაწილეებთან ერთად მუშაობაც.
მაგრამ ძალიან ვნერვიულობდი, რადგან თვითონ სამოსი რთული შესასრულებელი იყო და გოგოებს ფრთხილად უნდა ეტარებინათ, რადგან ქსოვილი მთლიანად ტიხრული მინანქრით მქონდა გაფორმებული. თანამედროვე დიზაინზე ძველებური ვერცხლის ნაქარგები გადმოვიტანე ქსოვილზე. გარდა ამისა, ქსოვილზე, პერანგზე, ფეხსაცმელზე ტიხრული მინანქრის დეტალები იყო. რა თქმა უნდა, სამკაულებიც ტიხრული მინანქრით იყო შესრულებული. რაც შეეხება, უშუალოდ ფეხსაცმელს, მე გამოვიგონე. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი იყო, რომელსაც პლატფორმაში უჯრა ჰქონდა, რომელიც „საქპატენტში“ დავაპატენტე (ფეხსაცმელი უჯრით), საავტორო უფლებით გავაკეთე. ჩვენებამ წარმატებით ჩაიარა. ამ კოლექციის ნაწილი უცხოელმა ქალბატონმა შეიძინა, ნაწილი – რამდენიმე ქართველმა.
– გამოფენები…
– ესკიზების სამი პერსონალური გამოფენა მქონდა. 12 წლის ვიყავი, პირველი პერსონალური გამოფენა რომ გავაკეთე. გამოფენაზე კოსტიუმების ჩანახატები, ესკიზები წარმოვადგინე. წარმატებით ჩაიარა და მახსოვს, ძალიან მიხაროდა, როცა უფროსი თაობის ადამიანები აფასებდნენ და მოსწონდათ. მაშინ, ჯერ კიდევ არ იყო გადაწყვეტილი, რომ ისინი საბოლოოდ ქსოვილში გადმოინაცვლებდნენ. ცოტა მოგვიანებით, სამხატვრო აკადემიაში სწავლის დროს, საკურსო ნამუშევრებს რომ ვქმნიდი, თანდათან მოვიდა სურვილიც და გამოცდილება. ვთვლი, რომ ეს გამოფენები ჩემთვის ერთგვარი წინსვლა და სტიმული იყო. გამოფენის შემდეგ, ვფიქრობდი, ახალ თემაზე მემუშავა, უფრო კარგი და განსხვავებული რამ შემექმნა.
– ახლა მუშაობ სამკაულებზე…
– ეს თავისთავად მოხდა. ტანასცმელს რომ ვქმნიდი, მათთან ერთად სამკაულებსაც ვაკეთებდი. მაგრამ ტიხრულ მინანქარზე არ ვმუშაობდი. ამ მიმართულებით ჩემი ნათლია მუშაობს, მეც დავინტერესდი და ვისწავლე. იმდენად მიმიზიდა, რომ დღესდღეობით, დროებით დავანებე თავი ტანსაცმლის დიზაინს და მხოლოდ სამკაულებით ვარ დაკავებული. ძალიან გამიტაცა სამკაულებმა და მინდა უფრო განვვითარდე, დავიხვეწო და საზოგადოებას საინტერესო ნივთები შევთავაზო. თუმცა ძველი ესკიზები დღემდე მეხმარება და ვცდილობ, განახლებული ფორმით გამოვიყენო. ხანდახან უბრალოდ, ბავშობისდროინდელ განწყობას ვიბრუნებ.
– მუშაობ სახელოსნოში…
– დიახ, მე და მამა ერთად ვმუშაობთ, მაგრამ არ ვუშლით ერთმანეთს ხელს, პირიქით, ვცდილობთ ერთმანეთს დავეხმაროთ. მე განსაკუთრებით მეხმარება მისი შემოქმდება და შთაგონება. გარდა იმისა, რომ მუზა შეიძლება წაკითხული წიგნიდან, ბუნებიდან მოვიდეს, ჩემთვის ძალიან საინტერესოა მისი აზრიც და ნამუშევრებიდან დეტალების გადმოღება. მით უმეტეს, რომ მის შემოქმედებაში მაქვს გამორჩეული ნამუშევრები. მაგალითად, მისი ცნობილი თემა „მატარებელი“. ამ ნამუშევრის მიხედვით, მეც გავაკეთე ყელსაბამი და ბეჭედი. იცით, მას ნაივური ნამუშევრები აქვს, ქართული თემა, სიცოცხლის, ნაყოფიერების, მუდმივი მოძრაობის სიმბოლოები, რაც ჩემთვის დადებითი თემებია. ვცდილობ, სწორედ ეს პოზიტივი გამოვიყენო. ერთი გამოფენა, მე და მამამ ერთად გავაკეთეთ. გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებში შევეცადე, მისი შემოქმედების მიხედვით, ტონალობა, ფერთა გამა შემენარჩუნებინა.
– საკუთარ შემოქმედებაში თუ გაქვს გამორჩეული ნამუშევრები?
– რა თქმა უნდა, მაქვს რამდენიმე სამკაული, რომლებიც თილისმასავით არის, არასდროს არ გავაჩუქებ და არ გავყიდი. რომ მთხოვონ, არც გავიმეორებ. ვერ გავიმეტებ, მაგალითად, სასახლის თემაზე გაკეთებული ყელსაბამი, რომელიც ალბათ, ჩემი ოცნების სასახლეა. მიუხედავად იმისა, რომ მიყვარს გასხვისება და ძალიან მიხარია, როცა ჩემი გაკეთებული სამკაულები უკეთიათ. მაგალითად, ნინო ქაჯაიას გადაცემაში „ცხოვრება მშვენიერია“ ხშირად ეკეთა ჩემი სამკაულები და ძალიან მიხაროდა. მათ მხოლოდ გამოფენაზე გამოვიტან, რომელიც ძალიან მინდა გავაკეთო. უბრალოდ, ჯერ ვერ მოვახერხე, რადგან არიან ადამაინები, რომლებსაც ძალიან მოსწონთ ჩემი სამკაულები და მუდმივად იყიდება. გარდა ამისა, ამ თემას ცოტა ვუფრთხილდები. დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და მინდა განსხვავებული რამ გავაკეთო. სურვილი მაქვს, საზოგადოების უფრო ფართო მასამ გაიცნოს ჩემი შემოქმედება.
– როგორ გარემოში მოგწონს მუშაობა…
– არ ვარ პრეტენზიული, რომ მაინცდამაინც სიმშვიდე და კარგი მუსიკა უნდა იყოს. არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია მქონდეს დრო და არსად მეჩქარებოდეს.
მზევინარ ხუციშვილი